თანამედროვე
ადამიანი, რომელიც უძველეს
საწყისებს აკვირდება, თითქოს
უცხო მხარეში გარიჟრაჟს
შეესწრო და ელოდება, რომ შიშველ
ზეგანს, ან განცალკევებულ
მწვერვალებს დაინახავს, მაგრამ
აისი დიდი ქალაქების წყებას
ანათებს, დიდი ხნის წინ აგებულს
და ჩვენთვის დროის წყვდიადში
ჩაკარგულს; კოლოსალურ ქალაქებს,
თითქოს გოლიათებისთვის
აშენებული სახლებით, სადაც
ცხოველთა მოჩუქურთმებული
გამოსახულებები პალმებზე
უფრო მაღალია, ადმიანის პორტრეტი
კი ადამიანის ზომას შეიძლება
თორმეტჯერ აღემატებოდეს;
სადაც ვარსკვლავებისკენ
მიმათული სამარხები მთის
სიმაღლისაა და უზარმაზარი,
წვეროსანი და ფრთოსანი ხარები
ტაძრების შესასვლელ კარიბჭესთან
უძრავად გაშტერებულან, თითქოს
ერთი გადაბიჯებით სამყაროს
შეზანზარება შეუძლიათ. ისტორიის
რიჟრაჟი უკვე ცივილიზებულ
კაცობრიობას ჰფენს ნათელს.
თან ეს ცივილიზაცია, როგორც
ჩანს, უკვე ძველია. სხვა
მნიშვნელოვან ამბებთან ერთად,
ეს იმ განზოგადოებათა უმრავლესობის
უსაფუძვლობასაც აჩენს, მის
წინარე, უცნობ, ახალგაზრდობის
პერიოდთან დაკავშირებით რომ
კეთდება. ადამიანთა პირველი
ორი საზოგადოება, რომლის
შესახებაც დაწვრილებითი
მონაცემები არსებობს, ეგვიპტე
და ბაბილონია. უძველესთა
გენიის ეს ორი უზარმაზარი და
ბრწყინვალე მიღწევა ჩვენი
თანამედროვე კულტურის ორ
ყველაზე გავრცელებულ და უხეშ
შეცდომას ააშკარავებს. ეგვიპტედ
და ბაბილონად ცნობილ ორ მყარ
და გასაოცარ ფაქტზე ყურადღებით
დაკვირვება საშუალებას
მოგვცემს მომთაბარეებზე,
გამოქვაბულისა და ტყის კაცზე
დაგროვილი სისულელეების
ნახევარზე მეტი უკუვაგდოთ.
პირველყოფილი
ადამიანის ირგვლივ სპეკულაციების
უმრავლესობა უდაოდ თანამედროვე
ველურებს გულისხმობს. ევოლუციის
პროგრესულობას იმით ასაბუთებენ,
რომ ადამიანთა მოდგმის დიდი
ნაწილი არც პროგრესირებს და
არც ევოლუციონირებს – საერთოდ
არ იცვლება. მე არ ვეთანხმები
ცვლილების მათ თეორიას, არც
უცვლელობის დოგმას ვიზიარებ.
ეჭვი
მეპარება იმაში, რომ ცივილიზებულმა
ადამიანმა ასეთი სწრაფი
ბოლოდროინდელი პროგრესი
განიცადა. რაც შეეხება იმას,
რომ არაცივილიზებული ადამიანი
ესოდენ მისტიკურად უკვდავი
და უცვლელია, ჩემთვის სრულიად
დაუჯერებელია. თანამედროვე
ველური არ არის უძველესი,
რადგან თანამედროვეა. მათ
მოდგმას, ისევე როგორც ჩვენსას,
დედამიწაზე
ათასობით წლის არსებობის და
გაძლების პირობებში რაღაც
შეემთხვა.
სხვადასხვაგვარმა გამოცდილებამ
მათზე ზეგავლენა მოახდინა,
ისევე, როგორც ჩვენზე. ისინი
ცხოვრობდნენ გარემოში –
ცვალებად გარემოში და სავარაუდოდ,
თუ არ სარგებლობდნენ ამ
ცვლილებებით, ეგუებოდნენ
მაინც, ევლუციური თეორიის
წესისა და რიგის მიხედვით.
ეს
იქნებ ასეც იყოს, თუ გამოცდილება
მწირია და გარემო მოსაბეზრებელი,
რადგან შედეგს დრო სჭირდება.
თუმცა ბევრ გონიერ და მცოდნე
ადამიანს
მიაჩნია,
რომ გაველურება
ცივილიზაციის
დაცემის, მისგან
დაშორების შედეგადაც შეიძლება
მოხდეს. ამ თვალსაზრისის
მოწინააღმდეგეთა უმრავლესობას
ნათლად ვერ წარმოუდგენია,
რას ნიშნავს ცივილიზაციის
დაკნინება. ღმერთი შეეწიოთ,
ალბათ თავად მალე მიხვდებიან.
მათ აკმაყოფილებთ, რომ
გამოქვაბულის ადამიანს და
კუნძულელ
კანიბალებს ზოგი პრაქტიკული
რამ საერთო აქვთ. თუმცა ნათელია,
რომ ყველას, ვისაც ამა თუ იმ
მიზეზით ცხოვრების პრიმიტიულ
პირობებში
მოაქცევ, ბევრი საერთო რამ
გაუჩნდება. თუ ცეცხლსასროლ
იარაღს დავკარგავთ, ცხადია,
რომ მშვილდს და ისრებს
დავამზადებთ. მაგრამ ამის
გამო სრულად არ დავემსგავსებით
პირველ ადამიანს, ვინც მშვილდი
დაამზადა. ამბობენ, რუსები,
მათი დიდი უკან დახევისას
იმდენად შეუიარაღებელნი
დარჩნენ, რომ კომბლებით
იბრძოდნენ. ამის გამო მომავლის
პროფესორმა არ უნდა დაასკვნას,
რომ 1916 წლის რუსული არმია ტყიდან
გამოვარდნილი შიშველი სკვითების
ბრბოა. ეს იმ გამოთქმასავითაა
– ადამიანი მეორე ბავშვობა
პირველს იმეორებსო. ბავშვი
მოხუცივით მელოტია, მაგრამ
ბავშვობის უცოდინარობას
ნიშნავს
იმის ვარაუდი, რომ ბავშვს
გრძელი თეთრი წვერი აქვს.
ორივეს
უჭირს
სიარული, მაგრამ მოხუცისგან
ზურგზე წამოგორების და ფეხების
მხიარულ სავსავის მოლოდინი
გაწბილებისთვისაა განწირული.
ამიტომაა
უაზრო კაცობრიობის პირველ
გზამკვლევთა გაიგივება მის
უკანასკნელ და უძრაობაში
ჩარჩენილ წარმომადგენლებთან.
გარკვეული რამ - არა, სავარაუდოდ,
ბევრი რამ იქნება ისეთი, რაც
მათ განასხვავებს, ხშირად -
დიამეტრალურადაც. ამ განსხვავებათა
მოქმედების მაგალითი, რომელიც
ჩვენი არგუმენტაციისთვის
არსებითია, მმართველობის
ბუნებასა და წარმომავლობას
ეხება, რაზეც უკვე მივანიშნე,
ბ-ნი უელსის
კარგად ნაცნობი „ბებერი“
როცა ვახსენე. თუ
პრეისტორიული ტომის
ბელადის ამ პორტრეტს ფაქტების
სინათლეზე
განვიხილავთ, მხოლოდ იმით თუ
გავამართლებთ, რომ მის ბრწყინვალე
და მრავალმხრივ ავტორს უბრალოდ
დაავიწყდა, რომ ისტორიას წერდა
და არა ერთ-ერთ საკუთარ, მდიდარი
წარმოსახვით სავსე შენანიშნავ
რომანს. ვერ წარმომდგენია,
როგორ გაიგო, რას ეძახდნენ
პრეისტორიულ მმართველს ან
რატომაა ასე დარწმუნებული
იმაში, რომ “არავის ჰქონდა
ნება მის შუბს შეხებოდა ან
მის ადგილზე დამჯდრიყო.“
ძნელად დავიჯერებ, თითქოს
ვინმემ პრეისტორიული შუბი
ამოთხარა, მასზე მიკრული
პრეისტორიული წარწერით:
„მნახველებს ეკრძალებათ
შეხება,“ ან რომ
ტახტი
იპოვეს,
რომელზეც აბრაა: „მხოლოდ
ბებრისათვის.“ მოდი ჩავთვალოთ,
რომ მწერალმა, რომელიც მხოლოდ
საკუთარ ფანტაზიას არ უნდა
დაყრდნობოდა, პრეისტორიულსა
და დეცივილიზებულ ადამიანს
შორის გავლებული ძალზე საეჭვო
პარალელი უპირობოდ მიიღო.
ზოგიერთ ველურ ტომში იქნებ
მართლაც ეძახიან ბელადს
ბებერს, ეკრძალებათ მისი
შუბისთვის ხელის ხლება და
მის სკამზე დაჯდომა. შესაძლოა,
ამ შემთხვევებში ის ცრურწმენებით
და გადმოცემათა
საშინელებებით გარემოცული
დესპოტი და ტირანია. მაგრამ
მისხალი მტკიცებულებაც კი
არ არსებობს იმისა, რომ
პირველყოფილი მმართველობა
დესპოტური და ტირანული იყო.
რა თქმა უნდა შეიძლება, რომ
ასეთი ყოფილიყო, რადგან
ყველანაირი შეიძლება ყოფილიყო,
არანაირის ჩათვლით – შეიძლება
საერთოდაც არ არსებობდა. მეოცე
საუკუნის ზოგიერთ გადაგვარებულ
ტომში დამკვიდრებული დესპოტია
სულაც
არ ამტკიცებს, რომ პირველ
ადამიანებს დესპოტურად
მართავდნენ. ეს ვარაუდიც კი
არაა. თუ
რამ ვიცით ისტორიიდან, სწორედ
იმას ამტკიცებს, რომ დესპოტია
განვითარებაა, ხშირად გვიანდელი
განვითარება, კიდევ უფრო
ხშირად კი დასასრული საზოგადოებისა,
რომელიც დემოკრატიის მაღალი
ხარისხით ხასიათდებოდა. თუ
საზოგადოებას დაღლილობა
ეუფლება, მოქალაქენი ნაკლებ
სიფხიზლეს იჩენენ, რომელსაც
თავისუფლების ფასი ტყუილად
კი
არ
უწოდეს; ისინი ამჯობინებენ,
ერთი დარაჯი შეაიარაღონ და
ქალაქი ანდონ, თავად კი
იძინონ.
ისიც
მართალია, რომ ზოგჯერ ის სწრაფი
სამხედრო ქმედებისა თუ
გარდაქმნისთვის სჭირდებათ;
ასევე მართალია, რომ ზოგჯერ
ეს ძლიერი, შეიარაღებული
ადამიანია, უპირატესობით რომ
სარგებლობს, აღმოსავლეთის
ზოგიერთი სულთანივით. უბრალოდ
ვერ ვხდები, ისტორიაში სულთანი
მრავალ სხვა, განსხვავებულ
ფიგურაზე უფრო ადრე რატომ
უნდა გამოჩენილიყო. პირიქით,
შეიარაღებული ძლიერი ადამიანი
თავისი აღჭურვილობის ხარისხზეა
დამოკიდებული, ხარისხი კი
განვითარებულ ცივილიზაციას
მოსდევს. ტყვიამფრქვევით
შეიარაღებული ადამიანი ოც
კაცს მოკლავს, კაჟის ნატეხით
ამის გაკეთება კი შეუძლებელია.
თანამედროვე
საუბრები უძლიერესის მიერ
ძალით და შიშით მართვაზე ძიძას
ზღაპარია ასხელა გოლიათზე.
ოცი
კაცი უძლიერეს ადამიანს
ნებისმიერ საზოგადოებაში
შებოჭავს, ახლანდელსა თუ
უძველესში. უძლიერესის
პატივისცემას
შეიძლება
რომანტიკული თუ პოეტური
საფუველი
ჰქონდეს,
რაც
სულ
სხვა საქმეა - ისეთივე
ზნეობრივი და მისტიკურიც კი,
როგორიც
უწმინდესის ან უჭკვიანესის
პატივისცემა.
მაგრამ განწყობა, რომელიც
დესპოტის ახირებას და სისასტიკეს
ეგუება,
ძველი და გახევებული საზოგადოების
განწყობა უფროა, ვიდრე ახლის.
სახელიც ასეთია: „ბებერი“
დაბერებული საზოგადოების
მმართველია.
უფრო
სარწმუნოა, პირველყოფილი
საზოგადოება წმინდა დემოკრატია
რომ ყოფილიყო. დღემდე ასეთია
მიწათმოქმედთა მცირე თემი.
დემოკრატიას
ყოველთვის ცივილიზაციის
გართულება
ანგრევს. თუ
გნებავთ, შეგიძლიათ ჩათვალოთ,
რომ ცივილიზაცია დემოკრატიის
მტერია. თუმცა უნდა გახსოვდეთ,
რომ თუ არჩევაზე მიდგება
საქმე, ბევრი ჩვენგანი დემოკრატიას
ამჯობინებს ცივილიზაციის
სირთულეს. ჭეშმარიტ თვითმართველობას
ის გლეხები ახორციელებენ,
რომლებიც საკუთარი მიწის
ნაგლეჯებს ამუშავებენ და
გადაწყვეტილებებს სოფლის
ხის ქვეშ, პირდაპირი კენჭისყრით
იღებენ.
იქნებ
ეს მარტივი იდეა იყო
ის,
რაც მარტივ ადამიანს ჭკუაში
დაუჯდა? დესპოტური ხედვა
აშკარად გადაჭარბებულია
მაშინაც კი, თუ ადამიანს
ადამიანადაც არ ვთვლით.
უკიდურესად მატერიალისტური
სახის ევოლუციური ვარაუდიც
კი
ვერ ახსნის, რატომ უნდა ჰქონოდათ
ადამიანებს ვირთხებზე ან
ჭილყვავებზე
ნაკლები სოლიდარობა. რაღაც
სახის წინამძღოლი უეჭველად
ეყოლებოდათ, როგორც ჯოგურ
ცხოველებს ჰყავთ, მაგრამ
წინამძღოლობა არანაირად არ
გულისხმობს ყურმოჭრილ
მორჩილებას, რომელსაც „ბებრის“
ცრუმორწმუნე ქვეშევრდომები
იჩენენ. უეჭველია,
რომ იყო ვიღაც, ვინც ტენისონის
გამოთქმისა არ იყოს,
მარავალზამთარგამოვლილ
ყვავს
ჰგავდა,
თავის ხმაურიან გუნდს შინისაკენ
რომ
მიუძღვის.
თუმცა ვფიქრობ,
ძველი, დაკნინებული აზიის
ზოგიერთი სულთანივით რომ
ემოქმედა, პატივცემულ ფრინველს
ხმაურიანი გუნდელები ბევრი
ზამთრის ნახვას აღარ აღირსებდნენ.
ამასთან დაკავშირებით
შეიძლება ავღნიშნოთ, რომ
თვით ცხოველებშიც წარმმართველი
უხეში ძალმომრეობა კი არაა,
არამედ იმის მსგავსი რამ,
რასაც ადამიანები ტრადიციას
და გამოცდილებას უწოდებენ.
არ ვიცი, მისდევენ
თუ არა ყვავები
უხუცესს,
მაგრამ თუ
ასეა, ის უძლიერესი
ნამდვილად
არაა. იქნებ ველურები უფროსობის
რომელიმე რიტუალით
პატივს
მიაგებენ
უხუცეს; ყოველ შემთხვევაში
ძლიერის ჩვენნაირი, მონური
თაყვანისცემისგან
მაინც არიან თავისუფალნი.
შეიძლება
ითქვას, რომ პირველყოფილი
მთავრობა, ისევე როგორც
ხელოვნება და რელიგია, როგორც
ყველაფერი პირველყოფილი,
ცუდად არის შესწავლილი და
ვარაუდების
საგანი უფროა. ვარაუდი,
რომ ეს
მთავრობა ბალკანური
ან პირენეული სოფლის
მმართველობასავით
სახალხოა,
ისეთივე მისაღებია,
როგორც ის, რომელიც
მას
თურქული დივანივით საიდუმლოდ
და ცვალებადად
ხედავს.
მთის დემოკრატია და აღმოსავლური
სასახლე ორივე თანამედროვეა
– ორივე კვლავ არსებობს. ორივე
ისტორიული ზრდის
შედეგია.
თუმცა ამ ორიდან სასახლეს
დაგროვებისა
და კორუფციის
იერი უფრო დაჰკრავს, სოფელს
კი უცვლელობისა და პირველყოფილების.
თუმცა ამჯერად მე მხოლოდ ეჭვს
გამოვთქვამ მიმდინარე
ვარაუდის გამო. საინტერესოა,
მაგალითად, ის,
თუ როგორ მიადევნებენ ხოლმე
თვალს თანამედროვენი ლიბერალურ
ინსტიტუტებს უკან, ველურ თუ
განუვითარებელ სახელმწიფოებში,
როდესაც ეს რომელიმე რასის,
ერის თუ ფილოსოფიის გასამაგრებლად
სჭირდებათ. სოციალისტები,
მაგალითად, ქადაგებენ, რომ
მათი იდეალი – საზოგადო
საკუთრება უძველესი
დროიდან არსებობს;
ებრაელები ამაყობენ მიტევების
წელიწადით, რომელიც მათი
უძველესი კანონით საკუთრების
სამართლიან გადანაწილებას
ახდენს;
ტევტონისტები
ტრაბახობენ ჩრდილოურ
გერმანულ
ტომებში პარლამენტისა და
სხვადასხვა სახალხო სტრუქტურების
კვალით; კელტოფილებიც და
ირლანდიის არაკეთილმოსურნენიც
ერთნაირად ამტკიცებენ კლანური
სისტემის მეტ სამართლიანობას.
ყველა ეს ცალკეული სკოლა
გარკვეული თანამედროვე თეზისის
გამაგრებისთვის იღწვის, თუმცა
ყველა ერთად აღებული უფრო
ძველსა და ზოგად ჭეშმარირტებას
ვარაუდობს: პრეისტორიულ საბჭოში
იყო რაღაც მეტი, ვიდრე სისასტიკე
და შიშია. ყველა
ეს
ცალკეული თეორეტიკოსი
საკუთარი ნაჯახს
ლესავს,
მაგრამ ქვის ნაჯახის გამოყენება
სურს და ვარაუდობს, რომ ეს
ნაჯახი
ისეთივე
რესპუბლიკური იყო, როგორც
გილიოტინა.
სიმართლე
ის გახლავთ, რომ ფარდის აწევისას
წარმოდგენა დიდი ხნის დაწყებულია.
ერთის მხრივ, პარადოქსია, რომ
ისტორია ისტორიამდეც არსებობდა,
მაგრამ
ის არაა ირაციონალური და
პრეისტორიულ ისტორიას კი არ
გულისხმობს, არამედ ისტორიას,
რომელიც არ ვიცით. ადვილად
შესაძლებელია, რომ ეს ძირითადად
ისეთივე ისტორიაა, რომელიც
ვიცით, ერთადერთი განსხვავებით
– ჩვენ ის არ ვიცით. ამ თვალსაზრისით
ის სრულიად საპირისპიროა იმ
პრეტენზიული პრეისტორიისა,
რომელიც იჩემებს, რომ ზუსტად
შეუძლია გაადევნოს თვალი
გზას ამებიდან ანთროპოიდამდე
და ანთროპოიდიდან აგნოსტიკოსამდე.
ეს უცნაური, ჩვენგან სრულიად
განსხვავებული არსებანი
მაღალი ალბათობით ჩვენნაირი
ხალხი იყო, რომელზეც არაფერი
ვიცით, უბრალოდ
უძველესი ცნობები იმ დრომდე
აღწევს, როდესაც
ადამიანები დიდი ხნის
გაადამიანურებულები და უფრო
მეტიც, გაცივილიზებულები
იყვნენ. უძველესი ცნობები
არა მარტო ახსენებენ, არამედ
დაბეჯითებით გვიყვებიან
მეფეებზე, ქურუმებზე და
თავყრილობებზე; აღწერენ
საზოგადოებას, რომელიც ჩვენსას
მოგვაგონებს. ზოგიერთი
დესპოტურია, მაგრამ ვერ ვიტყვით,
რომ ყოველთვის ასეთი იყო;
ზოგიერთი უკვე დეკადენტურია
და თითქმის
ყველა ნახსენები – ძალიან
ძველი. მართლა არაფერი ვიცით
იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა
ამ
ცნობებამდე,
მაგრამ ის მცირე რამ, რაც
ვიცით,
საკმარისია იმისათვის,
რომ არ გავოცდეთ, თუ გავიგებთ,
რომ ხდებოდა
ძალიან მსგავსი რამ იმისა,
რაც თანამედროვე მსოფლიოში
ხდება. არაფერი იქნება
წინააღმდეგობრივი ან დამაბნეველი
იმაში, თუ აღმოვაჩენთ, რომ ის
უცნობი პერიოდი სავსეა მონარქიის
მიერ განადგურებული და კვლავ
აღზევებული რესპუბლიკებით,
გაფართოებული იმპერიებით,
მოპოვებული და დაკარგული
კოლონიებით, მსოფლიო სახელმწიფოდ
ჩამოყალიბებული სამეფოებით
და კვლავ მცირე, ეროვნულ
ერთეულებად დაშლილი ქვეყნებით,
მონობაში თვითგაყიდული ფენებით
და კვლავ მოპოვებული თავისუფლებით;
კაცობრიობის ყველანაირი
მონაპოვარით, რომელსაც პროგრესი
შეიძლება დაარქვა და შეიძლება
არც დაარქვა, მაგრამ ყველა
შემთხვევაში რომანია. და
ამ რომანიდან პირველი თავები
ამოგლეჯილია – მათ ვერასდროს
წავიკითხავთ.
ასეთივე
მდგომარეობაა სოციალური
ევოლუციის კიდევ უფრო უცნაურ
ფანტაზიაში. რეალური ცნობების
მიხედვით ველურობა და ცივილიზაცია
მსოფლიო პროგრესის თანმიმდევრული
ეტაპები არაა. ესაა მდგომარეობები,
რომლებიც გვერდიგვერდ არსებობდა
და არსებობს დღემდე. არსებობდა
ცივილიზაციები და არსებობს
დღესაც, არსებობდნენ ველურები
და არსებობენ დღესაც. ვარაუდობენ,
რომ ყველა ადამიანმა გაიარა
მომთაბარეობის სტადია, თუმცა
ნათელია, რომ არსებობენ ისეთები,
რომლებიც ამ სტადიიდან ვერ
გამოვიდნენ; მაშ რატომაა
შეუძლებელი ისეთების არსებობა,
რომლებიც მასში არასდროს
შესულან? სავსებით შესაძლებელია,
რომ პირველყოფილი წიაღიდან
მოყოლებული მკვიდრი მიწათმოქმედი
და მოხეტიალე მწყემსი ადამიანის
ორი განსხვავებული ტიპია.
მათი ქრონოლოგიური გადაწყობა
პროგრესის მანიის ნიშანს
ატარებს, ისტორიას ესოდენ
რომ ამახინჯებს. ვარაუდობენ,
რომ არსებობდა კომუნისტური
ეტაპი, როდესაც კერძო საკუთრება
არავინ იცოდა და კაცობრიობა
საკუთრების საყოველთაო
უარყოფაში ცხოვრობდა. თუმცა
ამ უარყოფის მტკიცებულება
თავად უარყოფითია. საკუთრების
გადანაწილება და აგრარული
კანონები ცვალებადი ფორმებით
და შუალედებით გვევლინება,
მაგრამ ის, რომ კაცობრიობამ
კომუნისტური ეტაპი აუცილებლად
გაიარა, ისეთივე საეჭვო
განცხადებაა, როგორც მისი
პარალელური ფორმა – რომ მას
აუცილებლად დაუბრუნდება. აქ
უფრო საინტერესო ისაა, რომ
მომავლის გაბედული გეგმები
წარსულით ავტორიტეტულ გამაგრებას
ითხოვს. ამის გამო თვით
რევოლუციონერიც კი თანხმდება
იმას, რომ რეაქციონერი გახდეს.
ძალიან გასართობი პარალელური
შემთხვევაა ფემინიზმი. მოტაცებით
და კომბლის ტრიალით ქორწინებაზე
მთელი ამ ფსევდომეცნიერული
ყბედობის მიუხედავად, როგორც
კი ფემინიზმი მოდის კივილად
იქცა, იმ წუთიდან ცივილიზაციის
პირველ სტადიად მატრიარქატი
გამოაცხადეს. გამოდის, რომ
კომბალსაც გამოქვაბულის ქალი
იქნევდა. მთელი ეს იდეები
მხოლოდ ვარაუდებია, რომლებიც
თანამედროვე თეორიების და
გატაცებების ბედს იზიარებენ.
ყოველ შემთხვევაში ეს არაა
ისტორია ცნობების თვალსაზრისით,
ცნობები კი ადასტურებს, რომ
ველურობა და ცივილიზიაცია
ყოველთვის გვერდიგვერდ
არსებობდა. დროდადრო ცივილიზაცია
შთანთქავდა ველურებს, დროდადრო
ცივილიზაცია კნინდებოდა
ველურობამდე და თითქმის
ყოველთვის ფლობდა უფრო
დასრულებული სახით გარკვეულ
იდეებს და ინსტიტუტებს,
რომლებსაც ველურობა უფრო
უხეში და ნედლი სახით შეიცავდა.
ესაა მმართველობა და საზოგადოებრივი
ავტორიტეტი, ესაა ხელოვნება
– განსაკუთრებით დეკორატიული,
ესაა სხვადასხვა სახის
საიდუმლოებანი და ტაბუ,
განსაკუთრებით სქესთან
დაკავშირებულ საკითხებში
და კიდევ ამა თუ იმ ფორმის
ძირეული რამ, რაც ამ ნაშრომის
ძირითად ინტერესს შეადგენს
და რასაც რელიგიას ვუწოდებთ.
ეგვიპტე
და ბაბილონი, ეს ორი პირველადი
ურჩხული, ამ საქმეში საგანგებო
მოდელებად გამოდგება. მათ
სამუშაო მოდელებად გამოვიყენებთ
იმის დასამტკიცებლად, თუ
რაოდენ უსარგებლოა თანამედროვე
თეორიები. ორი დიდი ჭეშმარიტება,
რომელიც ამ ორი დიდი კულტურის
შესახებ ვიცით, ფატალურად
შეუთავსებელია იმ ორ სიყალბესთან,
რომლებსაც ვიხილავდით. ეგვიპტისა
და ბაბილონის ამბები თითქოს
საგანგებოდაა გამოგონილი.
ეგვიპტის - იმის საილუსტრაციოდ,
რომ
ადამიანი დესპოტიზმით კი
არ იწყებს, რადგან
ველურია, არამედ დესპოტიზმისკენ
ეშვება,
რადგან ცივილიზებულია; ის
პოულობს მას, რადგან გამოცდილია,
ან ძალაგამოცლილია, რაც ხშირად
ერთი და იგივეა; ბაბილონის
ამბავი კი იმის
საილუსტრაციოდ,
რომ არაა
აუცილებელი,
ადამიანი
მომთაბარე
ან კომუნისტი იყოს იმისთვის,
რომ
გლეხი ან მოქალაქე გახდეს,
და
რომ ეს კულტურები აუცილებლად
მიდევრობით კი არა, ერთდროულადაც
შეიძლება
არსებობდნენ.
შეხება
ამ დიდ ცივილიზაციებთან,
რომლებითაც დაწერილი ისტორია
იწყება, მიამიტობის ან ზედმეტი
თავდაჯერებულობის ცდუნებას
აჩენს. ბაბილონის
აგურების კითხვა
სრულიად განსხვავებულია
თასიანი
და რგოლებიანი ქვების
აზრის ამოცნობისაგან, ისიც
ვიცით, თუ რას ნიშნავს ცხოველი
ეგვიპტურ იეროგლიფებში,
განსხვავებით ნეოლითური
გამოქვაბულის ცხოველების
გამოსახულებისაგან. თუმცა
აქაც,
შესანიშნავი არქეოლოგები,
რომლებმაც კილომეტრობით
წარწერა
გაშიფრეს,
ბწკარებს
შორის ზედმეტის ამოკითხვის
ცდუნებას
უნდა გაუმკლავდნენ.
ბაბილონის რეალურმა მცოდნემაც
კი შეიძლება დაივიწყოს, რამდენად
ფრაგმენტარულია ეს ძნელად
მოპოვებული ცოდნა, დაივიწყოს,
რომ ბაბილონმა სულ რაღაც ერთი
აგურის ნატეხი ესროლა. თუმცა
ზოგიერთი ჭეშმარიტება, ისტორიული
და არა პრეისტორიული, დოგმატური
და არა ევოლუციური, ფაქტი და
არა ფანტაზია გამოსჭვივის
ეგვიპტედან და ბაბილონიდან,
მათ შორის – ეს ორი:
ეგვიპტე
მდინარეს
გაყოლებული მწვანე ლენტია,
უდაბნოს წითელ უსასოობას
რომ ებჯინება. უძველესი გამოთქმა
ამბობს,
რომ ის ნილოსის იდუმალმა
ნაყოფიერებამ და ლამის
დამღუპველმა
კეთილგანწყობამ
შექმნა. ეგვიპტელები,
რომლებზეც
პირველ ცნობებს ვფლობთ,
ნილოსის
გაყოლებით მდებარე მდინარისპირა
სოფლებში,
პატარ-პატარა,
განცალკევებულ,
მაგრამ მოთანამშრომლე თემებში
ცხოვრობენ. იქ, სადაც მდინარე
განტოტდება და ფართო დელტას
ქმნის, შედარებით განსხვავებული
მდგომარეობაა, მაგრამ ამან
არ უნდა გაგვირთულოს მთავარი
ჭეშმარიტების
დანახვა: ეს მეტნაკლებად
დამოუკიდებელი და ურთიერთდამოკიდებული
თემები
უკვე საგრძნობლად ცივილიზებულია.
აქვთ გარკვეული სახის ჰერალდიკა,
ანუ დეკორატიულ ხელოვნებას
სიმბოლური და სოციალური
მიზნებით იყენებენ. ნილოსზე
ყველა თავის ნიშნით დაცურავს,
რომელიც ამა თუ იმ ცხოველს
თუ ფრინველს წარმოადგენს.
ჰერალდიკა ნორმალური
ადამიანებისთვის ორ უმნიშვნელოვანეს
რასმე შეიცავს: ორის
გაერთიანებას, თანამშრომლობა
რომ ჰქვია, რასაც მთელი გლეხობა
და თავისუფალი ხალხები
ეყრდნობიან. ჰერაკლდიკის
ხელოვნება დამოუკიდებლობის
მომასწავებელია: წარმოსახვის
საშუალებით არჩეული გამოსახულება
ინდივიდუალობის გამომხატველია,
ჰერალდიკის მეცნიერება კი
სხვადასხვა
გამოსახულებების ცნობის
მზაობაა,
რაც
ურთიერთდამოკიდებულების
ნიშანია.
ამრიგად ვხედავთ, რომ
თავისუფალი ოჯახები და ჯგუფები
თანამშრომლობენ,
რაც ცხოვრების ყველაზე უფრო
ბუნებრივი წესია და განსაკუთრებით
ცხადად ჩანს, როდესაც ადამიანები
საკუთარ
მიწას ფლობენ
და მასზე ბინადრობენ. ცხოველისა
თუ ფრინველის გამოსახულების
გაგონებისას მითოლოგიის
შემსწავლელი სტუდენტი
ძილშიც
კი
ჩაიბუტბუტებს:
„ტოტემი.“ თუმცა
მე სწორედ ძილ-ღვიძილში
ლაპარაკის ეს ჩვევა მაფიქრებს.
დასაწყისიდანვე გამუდმებით
ვცდილობ, შიგნიდან შევხედოთ
საგნებს და ვეცადო ფიქრით
მივწვდეთ მათ და არა ტერმინოლოგიით.
ტოტემებზე ლაპარაკი სრულიად
უსაგებლოა, როცა არ გაგვაჩნია
რეალური შეგრძნება იმისა, თუ
რას ნიშნავს, ფლობდე ტოტემს.
ცხადია,
ჩვენ არ გვაქვს, მათ კი ჰქონათ
ტოტემი. რას ნიშნავს, ეს –
ცხოველების მეტ შიშს თუ უკეთეს
ცნობას? მგლის ტოტემიანი თავს
მაქციად გრძნობდა თუ მაქციასგან
გაქცეულად? ძმობილი მგლის
მიმართ ძია რიმუსის განწყობა
ჰქონდა, მაუგლის თუ წმ. ფრანცისკის?
ტოტემს
ბრიტანული
ლომი ჰგავს თუ ბრიტანული
ბულდოგი? ფოლკლორის ვერცერთ,
რაგინდ ჭკვიანურ
წიგნში ეს ვერ ამოვიკითხე,
არადა მგონია, რომ უმნიშვნელოვანესი
კითხვაა. ამიტომ უბრალოდ
გავიმეორებ, რომ ადრეული
ეგვიპტურ თემებს ჰქონდათ
ერთიანი გაგება იმისა, თუ რა
გამოსახულებების ქვეშაა
მოქცეული ცალკეული მათგანი
და ურთიერთობის ეს დონე
პრეისტორიულია, რადგან ისტორიის
დასაწყისშივე
გვხვდება.
ურიერთობის მოთხოვნილებას
ერთიანი მმართველობის
მოთხოვნილება მოსდევს, სიდიდის
ზრდა და მეფის აჩრდილი. მეფის
გარდა და სავარაუდოდ, მეფეზე
უფრო ძველი შემაკავშირებელი
ფაქტორი ქურუმობაა. კიდევ
უფრო მეტად ქურუმები ამ რიტუალურ
სიმბოლოებთან და ნიშნებთან
არიან დაკავშირებულნი, რომლებსაც
ადამიანები ურთიერთობისთვის
იყენებდნენ. და სავარაუდოდ
აქ, ეგვიპტეში, აღმოაჩინეს
ის, რასაც ისტორიას ვუმადლით
და რამაც ის პრეისტორიისგან
ძირეულად განასხვავა - არქეტიპული
დამწერლობა, წერის ხელოვნება.
პირველყოფილი
იმპერიების პოპულარული
სურათები
ერთიორად
უფრო
პოპულარული იქნებოდა,
გადაჭარბებულად პირქუში რომ
არ იყოს. ეს იმ იდუმალი
პესიმიზმის
ნაწილია, რომელიც წარმართი
ადამიანის ნორმალურ და შეიძლება
ითქვას, ჯანსაღ სევდას
უკიდურესად ამუქებს და
პირველყოფილ
ადამიანს მხოხავ არსებად
ხატავს, რომლის სხეული ჭუჭყია,
სული კი – შიში. როცა
ადამიანებს ურწმუნობა
ამოძრავებს,
მათთვის
ყველაფერი პირველყოფილი და
ელემენტარული ბოროტია.
საინტერესო შედეგი
ისაა, რომ პირველყოფილის
აღმწერი
რომანების თავაშვებული
ექსპერიმენტების ნიაღვარში
ერთსაც ვერ ნახავთ, რომელიც
პირველყოფილების რეალურ
რომანტიკას შეიცავს. ქვის
ხანის ადამიანები
ისე დააბიჯებენ, თითქოს ქვისგან
იყვნენ გათლილები; ასირიელები
და ეგვიპტელები ისეთივე
გაშეშებულები არიან, როგორც
მათ უძველეს
პრიმიტიულ კედლის მხატვრობაში.
წარმოსახვის
ამ
ნაყოფთა
არცერთ
ავტორს არ უცდია, რომ წარმოედგინა,
რას ნიშნავდა
ახლად დანახვა იმისა, რაც
ჩვენთვის
ძველი
და
ჩვეულია.
არავის
შეუდარებია ცეცხლის აღმოჩენის
სიხარული ფოიერვერკის აღმოჩენის
ბავშვურ სიხარულთან; არავინ
წარმოიდგინა,
როგორ ერთობა ადამიანი
არაჩველებრივი გამოგონებით,
ბორბალი რომ ჰქვია. ყმაწვილური
სულისკვეთებით არავის
გაუმსჭვალავს
სამყაროს სიყნაწვილის
აღწერა. პრეისტორიულ ფანტაზიებში
ვერსად შეხვდებით ხუმრობას.
არადა
იეროგლიფებში ძალიან სერიოზული
ნიშნებია იმისა, რომ წერის
უმაღლესი ხელოვნება სწორედ
ხუმრობის წყალობით დაიწყო.
ბევრს
გააწბილებდა იმის გაგება,
რომ თურმე
ყველაფრერი
სიტყვათა თამაშით
დაწყებულა:
ვთქვათ
მეფემ, ან ქურუმმა, რომელსაც
ამ მოუხერხებლად გრძელი და
ვიწრო ლენტის გასწვრივ
შეტყობინების გაგზავნა
დასჭირდა და
მოიფიქრა,
ამისთვის ნახატები გამოეყენებინა.
ვისაც ეს სალაღობოდ გაუკეთებია,
იცის, რომ ყველა სიტყვას ნახატს
ვერ მოარგებ. თუმცა თუ
გადასახადის
და ღორის აღმნიშვნელი სიტყვები
მსგავსად ჟღერს, ის
გაბედულად ხატავს ღორს და ამ
ცუდ კალამბურს ამკვიდრებს.
ასეთი
გზავნილების შედგენაც და
გაგებაც კარგი გასართობი
იქნებოდა, როცა
წერა და კითხვა ახალი ხილი
იყო. და თუ ყველაფრის მიუხედავად
ადამიანებმა მაინც უნდა წერონ
რომანები ეგვიპტეზე (ისეთი
პირი უჩანს, რომ ამას ვერც
ლოცვა, ვერც ცრემლი და ვერც
წყევლა ვერ შეაჩერებს), იქნებ
მსგავსმა სცენებმა მაინც
შეგვახსენოს, რომ ძველი
ეგვიპტელებიც ადამიანები
იყვნენ. იქნებ ვინმემ აღწეროს,
როგორ ხარხარებენ ფარაონი
და მისი გარემომცველი ქურუმები
დიდი მონარქის ხუმრობებზე,
ან როგორ ცდილობენ ასეთი
დაშიფრული რებუსის გახსნას
დეტექტიური ამბის თანმხლები
მთელი დაძაბულობით.
ასე უნდა იწერებოდეს პირველყოფილი
ისტორიაც და რომანიც. როგორიც
არ უნდა ყოფილიყო რელიგიური
და ზნეობრივი ცხოვრების
ხარისხი იმ შორეულ დროში –
ალბათ ბევრად უფრო ადამიანური,
ვიდრე ჩვეულებრივად წარმოუდგენიათ
ხოლმე – მეცნიერული ინტერესი
ძალიან გამძაფრებული იქნებოდა,
სიტყვები უმავთული ტელეგრაფზე
უფრო საოცარი, ჩვეულებრივი
საგნებით ჩატარებული ცდები
კი შოკის მომგვრელი. პირველყოფილი
ცხოვრების ცოცხალი აღწერა
ჯერ კიდევ ელოდება თავის
ავტორს - ეს
ისე, ცნობისთვის. რაც შეეხება
მეცნიერების პირველ, ზღაპრულ
შედეგებს, ისინი
ზოგად
პოლიტიკურ განვითარებას
ერთი, გარკვეული ინსტიტუტის
მოქმედებით
უკავშირდება.
აღიარებულია,
რომ ამ მეცნიერებას დიდწილად
ქურუმებს უნდა ვუმადლოდეთ.
თანამედროვე მწერლებს,
მაგალითად, ბ-ნ უელსს ვერ
დააბრალებ რელიგიური იერარქიის
მიმართ სიმპათიას,
თუმცა ისინიც კი აღიარებენ
წარმართული ქურუმობის მეცნიერულ
ღვაწლს. განათლებულთა უფრო
უვიცი ნაწილი შეთანხმებულივით
იმეორებს,
რომ ღვთისმსახურები პროგრესს
ყველა ეპოქაში
ამუხრუჭებდნენ. ერთმა პოლიტიკოსმა
მითხრა, თითქოს ისევე
ვეწინააღმდეგები თანამედროვე
რეფორმებს, როგორც უძველესი
ქურუმები – ბორბლის აღმოჩენას.
ვუპასუხე, რომ მაღალი ალბათობით
სწორედ ქურუმის აღმოჩენილია
ბორბალიც და წერის ხელოვნებაც.
ეს თვით იეროგლიფის და იერარქიის
სიტყვათა მსგავსებაშიც
ვლინდება. ამ ქურუმების რელიგია
ალბათ ჩახლართული პოლითეიზმი
იყო, რომელიც ფართოდაა აღწერილი.
მათ
გაიარეს
მეფესთან თანამშრომლობის
ეპოქა, მომდევნოში დროებით
დამარცხდნენ
მეფესთან,
რომელსაც საკუთარი, პირადი
თეიზმი ჰქონდა, ხოლო მესამე
პერიოდში თავად დაამარცხეს
მეფე და მისი სახელით მართავდნენ.
თუმცა მათ
უნდა ვუმადლოდეთ იმ ჩვეულებრივის
და აუცილებელის დიდ ნაწილს,
რაც გვაქვს. ჩვეულებრივის ამ
შემქნელთა ადგილი კაცობრიობის
გმირებს შორისაა. ქრისტიანობასთან
მოუსვენარი და ირაციონალური
წინააღმდეგობის ნაცვლად
ჭეშმარიტ წარმართობაში რომ
უძრავად ვიმყოფებოდეთ, წარმართულ
პატივს მივაგებდით კაცობრიობის
ამ უსახელო შემოქმედებს. ალბათ
შევამკობდით ცეცხლის და
ნავის გამომგონებლის, ცხენის
მომთვინიერებლის ქანდაკებებს.
ამაში ბევრად უფრო მეტი აზრი
იქნებოდა, ვიდრე ჩვენი ქალაქების
პოლიტიკოსთა და ფილანტროპთა
უგემოვნო ძეგლებით
დამახინჯებაში.
თუმცა ქრისტიანობის სიძლიერის
ერთი უცნაური ნიშანი ისიცაა,
რომ მისი მოსვლის შემდეგ ჩვენს
ცივილიზაციაში
ვერცერთმა წარმართმა ადამიანურობა
ვერ შეინარჩუნა.
უკვე
ვთქვით, რომ ეგვიპტური
მმართველობა, სასულიერო თუ
საერო, კავშირის დამყარების
სულ უფრო მეტ აუცილებლობას
გრძნობდა, კავშირს კი მუდამ
თან სდევს იძულების ელემენტი.
ცივილიზაციას
რომ დესპოტიზმი მოსდევს,
თავისთავად ცხადი არაა, ისიც
საკამათოა, რომ ცივილიზაციის
განვითარებას დესპოტიზმი
სჭირდება – ეს ყველა ეპოქის
ავტოკრატიის არგუმენტია.
ნამდვილად არასწორი კი ის
არის, რომ
უადრეს სტადიაზე გამეფებულ
დესპოტიზმი შემდგომში რბილდება;
პრაქტიკული ისტორიული პროცესი
ზუსტად საპირისპიროდ ვითარდებოდა.
ტყუილია, თითქოს ტომი
ბელადის
ტერორით
იწყება. სავსებით
შესაძლებელია - ყოველ შემთხვევაში,
ეგვიპტეში – რომ ავადსახსენებელი
„ბებერი“ მოგვიანებით გამოჩნდა,
მისი შუბი თანდათან დაგრძელდა,
ტახტი კი ამაღლდა ეგვიპტური
ცივილიზაციის გართულების
და სრულყოფის კვალკვალ.
ამას ვგულისხმობ, როცა ვამბობ,
რომ ეგვიპტური ტერიტორიის
ისტორია დედამიწის ისტორიაა;
ის პირდაპირ უარყოფს ვულგარულ
ვარაუდს, თითქოს ტერორიზმი
ყოველთვის
თავშია
და არა ბოლოში. ჩვენ
არ ვიცით ზუსტად, რას წარმოადგენდა
მიწათმფლობელთა, გლეხთა და
მონათა მეტნაკლებად ფეოდალური
ამალგამა
ნილოსის
გაყოლებაზე ჩამწკრივებულ
მცირე თემებში; სამაგიეროდ
დანამდვილებით ვიცით, რომ
გამოცდილებისა და ცოდნის
დაგროვების კვალდაკვალ ამ
პატარა თემების თავისუფლება
დაიკარგა; რომ აბსოლუტური
სუვერენობა არა უძველესი,
არამედ შედარებით უფრო ახალი
რამაა; რომ პროგრესად წოდებული
გზის ბოლოს ადამიანი მეფეს
მიუბრუნდა.
ეგვიპტე,
უძველეს საწყისებზე
არსებული
თავისი მწირი ცნობებით,
თავისუფლებისა და ცივილიზაციის
ურთიერთდამოკიდებულების
პირველადი პრობლემის ილუსტრაციაა.
ფაქტია, რომ ადამიანებმა
მრავალფეროვნება სირთულეს
გადააყოლეს. ეს ამოცანა უკეთესად
არც ჩვენ ამოგვიხსნია და
იმის ვარაუდი, რომ ტირანიას
საფუძვლად მხოლოდ ტომობრივი
ტერორი უდევს, ამ პრობლემის
ადამიანურ ღირსებასთან
დაკავშირებული ასპექტის
დაუშვებელი გამარტივებაა.
ბაბილონის
მაგალითი ზუსტად ისევე ამხელს
ველურობასა და ცივილიზაციასთან
დაკავშირებულ სიყალბეებს,
როგორც ეგვიპტის მაგალითი
- დესპოტიზმსა და ცივილიზაციას
შორის არსებული კავშირის ცრუ
გაგებას. ბაბილონის შესახებაც
მაშინ ვიგებთ, როდესაც ის უკვე
ცივილიზებულია – იმავე მარტივი
მიზეზის გამო, რომ ვერაფერს
გავიგონებდით, ვიდრე ლაპარაკს
არ ისწავლიდა. ის
ლურსმულით გველაპარაკება –
ამ უცნაური და მოუქნელი სამკუთხა
სიმბოლიზმით, რომელიც ხატოვანი
ეგვიპტური დამწერლობისგან
სრულიად განსხვავებულია.
რამდენადაც მოუქნელად არ
უნდა გვეჩვენებოდეს ეგვიპტური
ხელოვნება, ის ძალიან შორსაა
ბაბილონური სულისკვეთებისგან,
რომლის სიმყიფე ხელოვნებასთან
საერთოდ
შეუთავსებელია. ლოტოსის
ხაზების ცოცხალ მოხდენილობაში,
ისრებისა და ფრინველების
მოძრაობის მოუქნელობანარევ
სისწრაფეში არის მდინარის
კონტურის სიცოცხლეც და
შეზღუდულობაც, რის გამოც
ნილოსს დაკლაკნილ გველად
წარმოვიდგენთ ხოლმე. ბაბილონი
დიაგრამების ცივილიზაცია
და არა ნახატების. იეიტსი,
რომლის
ისტორიული წარმოსახვა მისსავე
მითოლოგიურს
უტოლდება (უკანასკნელი კი
წარმოუდგენელია პირველის
გარეშე), წერს ადამიანებზე,
ვარსკვლავებს
თავისი
„პედანტური ბაბილონიდან რომ
აკვირდებიან.“ ლურსმულს
აგურებზე გამოსახავდნენ,
რომლებითაც
შემოიფარგლებოდა მთელი
ხუროთმოძღვრება. აგური
გამომწვარი ტალახია და იქნებ
თვით
მასალის ბუნება აფერხებდა
ფორმის შეგრძნების გაღვიძებას
და ქანდაკებისა თუ რელიეფის
განვითარებას. ეს უძრავი,
მაგრამ მეცნიერული ცივილიზაციაა,
ძალიან
დაწინაურებული სასიცოცხლო
მექანიზმით და მრავალი
თვალსაზრისით - თითქმის
თანამედროვე. ამბობენ,
რომ შინაბერობის თანამედროვე
კულტი მათთვის
უცხო არ იყო
და
დამოუკიდებელ მშრომელ ქალებს
საზოგადოების ოფიციალურ
ფენად აღიარებდნენ. გამყარებული
ტალახის ამ
მძლავრ სიმაგრეში არის რაღაც,
რაც უზარმაზარი სკის პრაქტიკულ
ცხოვრებას მოგაგონებს, რომელიც
ზომის მიუხედავად, ადამიანურია.
აქ ვხედავთ ეგვიპტის და
თანამედროვე ინგლისის მსგავს
სოციალურ პრობლემებს და
სიავეთა მიუხედავად, ის
ადამიანის
ერთი ყველაზე
უფრო ადრეული
შედევრია.
ლეგენდარული
ტიგროსისა და ევფრატის
წარმოქმნილ სამკუთხედში
აღმართული
მისი
ქალაქები
მაღალგანვითარებულ
მიწათმოქმედებაზეა დამოკიდებული,
მეცნიერულად დაგეგმილ არხების
სიტემას რომ ეფუძნება.
მაღალინტელექტუალური ცხოვრება
არტისტულზე უფრო მეტად
ფილოსოფიური ხასიათის
მატარებელია. და
ყველაფერ
ამას მართავდნენ აბრაამის
მასწავლებლები, ვარსკვლავური
ცოდნის მფლობელი ქალდეველები.
ამ
მყარ საზოგადოებას, ამ უზარმაზარ
აგურის კედელს უხსოვარი
დროიდან შეუჩერებლად ეხლება
მომთაბარეთა უსახელო არმიები.
ისინი უდაბნოდან მოდიან, სადაც
მომთაბარეობას მისდევდნენ
და მისდევენ ახლაც. ამ ცხოვრების
ხასიათს ზეტმეტი
დაფიქრებაც კი არ სჭირდება.
ერთდროულად გასაგებიცაა და
ადვილიც, რომ ჯოგს მისდიო,
რომელიც თავად პოულობს საძოვარს
და მის მიერ მოცემულ ხორცზე
და რძეზე იცხოვრო. არც
ისაა საეჭვო, რომ ასეთი ცხოვრების
წესი ადამიანს ყველაფრით
უზრუნველყოფს, გარდა სახლისა.
ეს
მწყემსები
და მეჯოგეები უძველესი დროში
უკვე საუბრობდნენ იობის წიგნის
ჭეშმარიტებებსა და საიდუმლოებებზე.
ამათგან არიან აბრაამი
და მისი შვილები, ვინც მსოფლიოს
ამოუხსნელ
გამოცანად
დაუტოვა თითქმის მონომანიური
ებრაული მონოთეიზმი. თუმცა
ესენი ველური ხალხი იყო,
რომელთათვის რთული საზოგადოებღივი
წყობა მიუწვდომელია. ქარივით
მქროლავი სულისკვეთება მათ
გაუთავებლად ომისკენ უბიძგებდა.
ბაბილონის ისტორია დიდწილად
უდაბნოს ურდოებისგან თავდაცვის
ისტორიაა, რომელიც
ერთი-ორი საუკუნის ინტერვალებით
მეორდება. ამბობენ,
რომ მომთაბარეთა მინარევმა
წარმოქმნა ნინევიაში ასურელთა
გოროზი სამეფო, საკუთარ ტაძრებს
ნაკვეთი ურჩხულებით – ქერუბიმის
მსგავსფრთებიანი,
წვეროსანი ხარებით რომ ამკობდნენ.
ასურეთმა
ბევრი დამპყრობელი წარმოშვა,
რომლებმაც მსოფლიო თითქოს
ამ უზარმაზარი ფლოქვებით
გადათელეს. ასურეთი იმპერიული,
მაგრამ მაინც ინტერლუდია
იყო, მთავარი ამბავი კი მოხეტიალე
ხალხებს და ჭეშმარიტად უძრავ
სახელმწიფოს შორის ბრძოლაა.
პრეისტორიულ დროში
სავარაუდოდ,
ისტორიულში კი ნამდვილად ეს
მოხეტიალენი დასავლეთისკენ
მოძრაობდნენ და გზად ყველაფერს
ანადგურებდნენ. უკანასკნელად
როდესაც დაბრუნდნენ, ბაბილონი
გამქრალი დახვდათ,
თუმცა ეს ისტორიულ დროში მოხდა
და მომხდურთა ბელადი მუჰამედი
იყო.
აქ
ალბათ ღირს შეყოვნება, რადგან
როგორც ვთქვით, ეს ამბავი
პირდაპირ ეწინააღმდეგება
დღემდე მოარულ მოსაზრებას,
თითქოს მომთაბარეობა
პრეისტორიულია,
საზოგადოებრივი მოწყობა კი
შედარებით უფრო ახალი რამაა.
არაფერი მიუთითებს იმაზე,
რომ
ბაბილონელები ოდესღაც
მომთაბარეობდნენ;
მცირეა
იმის მტკიცებულებანიც, რომ
უდაბნოს მომთაბარეები ოდესმე
დამკვიდრებულან.
შესაძლებელია, რომ ეს აზრი,
თითქოს მკვიდრ სტადიას წინ
მომთაბარე უძღვის,
უკვე უკუაგდეს ჭეშმარიტმა
და გულწრფელმა მკვლევარებმა,
რომელთა შრომით ესოდენ
დავალებულნი ვართ ყველანი.
თუმცა ამ წიგნში გულწრფელ და
ჭეშმარიტ მკვლევარებს კი არ
ვეკამათები, არამედ ნაუცბათევ
დასკვნებზე დამყარებულ და
ბუნდოვან
საზოგადოებრივ აზრს, რომელმაც
კაცობრიობის მთელი ისტორია
მოდურ სიყალბედ აქცია. ეს
სიყალბე კი ისაა, რომ
მაიმუნი
ადამიანად გარდაიქმნა, და
ზუსტად ასევე, ველური ადამიანი
–
ცივილიზებულად
და
ამრიგად,
ყველა ეტაპზე
უკან
ვულურობაა, წინ კი ცივილიზაცია.
სამწუხაროდ, ეს შეხედულება
ჰაერში ორმაგი თვალსაზრისითაა
გამოკიდებული. ეს უფრო ატმოსფეროა,
რომელშიც
ადამიანები ცხოვრობენ, ვიდრე
აზრი, რომელსაც იცავენ. ამ
განწყობის მქონე ადამიანებს
საგნების საშუალებით უფრო
გასცემ პასუხს, ვიდრე თეორიებით;
კარგი
იქნება, თუ ამ ვარაუდით ცდუნებული
ადამიანი წამით თვალებს
დახუჭავს და წარმოიდგენს
უზარმაზარ, ხალხით გადაჭედილ
ბაბილონის კედლის საოცრებას.
ერთი
ფაქტი თითქოს
მისი ჩრდილივით
გვეცემა.
ამ
ორი უძველესი იმპერიისთვის
თვალის გადავლება გვიჩვენებს,
რომ პირველი
შინაური ურთიერთობანი
გართულებულია ნაკლებად
ადამიანური დამოკიდებულებით,
რომელსაც ხშირად მაინც ამ
ურთიერთობის ნაწილად თვლიან.
აგურისა და ქვის უზარმაზარი
ნაგებობები მონობის ბნელი
გოლიათის მოხმობითაა აგებული.
აქაც
არ ღირს ნაჩქარევი დასკვნის
გაკეთება, თითქოს
რაც უფრო
უკანაა,
უფრო ველურია. გათავისუფლების
თვალსაზრისით ადრეული მონობა
უფრო ლიბერალური იყო, ვიდრე
გვიანდელი, იქნებ უფრო ლიბეალურიც,
ვიდრე მომავლისა
იქნება. კაცობრიობის საკვებით
უზრუნველსაყოფად მისი ნაწილის
იძულებითი
შრომის
გამოყენება
ზედმიწევნით ადამიანური
საქციელია. ამიტომაც ალბათ
კიდევ ბევრჯერ გამოიყენებენ.
თუმცა ძველი მონობა ერთი
თვალსაზრისითაც არის
მნიშვნელოვანი, რადგან ის
ქრისტემდელი ანტიკურობის
ფუძემდებლურ ფაქტზე მიუთითებს:
პიროვნება არაფერია სახელმწიფოსთან
შედარებით. ეს ერთნაირად
ჭეშმარიტია ელინთა ყველაზე
უფრო დემოკრატიული ქალაქისა
და ბაბილონის ნებისმიერი
დესპოტიისათვის. ამ სულისკვეთების
ერთი ნიშანი ისაა, რომ ადამიანთა
მთელი ფენა შეიძლება უმნიშვნელო
ან სულაც უხილავი იყოს. ეს
ნორმალურად ითვლებოდა,
რადგან კეთდებოდა
იმისთვის, რასაც ახლა „საზოგადოებრივ
ინტერესს“
დაარქმევდნენ. ვიღაცის
ნათქვამი
„ადამიანი
არაფერია, საქმე – ყველაფერი,“
კარლაილის
მორიგ ბანალურობად რომ აღიქმება,
წარმართული მონური სახელმწიფოს
პირქუში დევიზი იყო. ამ
თვალსაზრისით სიმართლესთან
ახლოსაა ტრადიციული ხედვა,
თუ როგორ ჭიანჭველასავით
შრომობს და ბუზივით კვდება
უამრავი უსახელო ადამიანი,
უზარმაზარი სვეტების
და პირამიდების
აღმართვისათვის.
ბაბილონითა
და ეგვიპტით დაწყებას კიდევ
ორი მიზეზი აქვს. ორივე უძველესი
ტრადიციის
ნიშნითაა აღბეჭდილი, ისტორია
კი ტრადიციის
გარეშე
მკვდარია. ბაბილონი კვლავ
ამძიმებს საბავშვო ლექსებს,
ეგვიპტე კი (რეინკარნაციის
მომლოდინე პრინცესათა ჯარით)
უსარგებლო რომანების უსასრულო
რიგის
თემაა. თუმცა ტრდიცია
ზოგადად მართალია, თუ
საკმარისად
ხალხურია, თუნდაც ვულგარული
იყოს. სიმღერისა და რომანის
ამ ეგვიპტულ და ბაბილონურ
ელემენტებს აქვს რაღაც
მნიშვნელობა. მუდამ
დროს ჩამორჩენილმა მეგაზეთეებმაც
კი ჩააღწიეს
ტუტანჰამონამდე.
პირველი
მიზეზი პოპლარული
ლეგენდის
საღი აზრითაა სავსე: ჩვენ ხომ
ბევრად უკეთ
ვიცნობთ ტრადიციულს,
ვიდრე მის თანამედროვე სხვა
რამეს
და
ეს
ყოველთვის ასე იყო. ყველა
მოგზაური, ჰეროდოტედან ლორდ
კარნარვონამდე, ამ გზას
მიჰყვებოდა. დღევანდელი
მეცნიერული სპეკულაციები
პუნქტირებით
აღნიშნული
რასათა
ემიგრაციის და აღრევის ნაკადებით
პირველყოფილი
სამყაროს რუკას მთლიანად
სცილდება
და
იმ მხარეებს წვდება, რომელსაც
შუასაუკუნოვანი არამეცნიერი
კარტოგრაფი „ტერა ინკოგნიტას“
არქმევდა, ან სითეთრით
ცდუნებული, დრაკონს ახატავდა
მოგზაურთა
მოსალოდნელი მიღების
ხასიათის
აღსანიშნავად.
თუმცა დრაკონის ზღაპრულობა
ხშირად ამ სპეკულაციებისას
ბევრად არ აღემატება.
არის
ერთი
სიყალბეც,
რომელსაც
ყველაზე უფრო გონიერი
ადამიანებიც
კი
იოლად ეძლევიან,
განსაკუთრებით ისინი,
ვისაც
წარმოსახვა
ძლიერად აქვს
განვითარებული.
ამ
სიყალბის
არსი ისაა, რომ თუ
რომელიმე იდეა დიდია ზომის
თვალსაზრისით, ეს
არ ნიშნავს, რომ ის
დიდია საფუძვლიანობისა და
სიზუსტის თვალსაზრისითაც.
თუ ადამიანი ტიბეტის შუაგულში
ჩალის ქოხში ცხოვრობს, მას
შეიძლება უთხრან, რომ ის ჩინეთის
იმპერიაში ცხოვრობს. ჩინეთის
იმპერია კი უზარმაზარი და
შესანიშნავია. ან ნაცვლად
ამისა, უთხრან,
რომ
ბრიტანეთის იმპერიაში ცხოვრობს,
რაც მასზე სათანადო შთაბეჭდილებას
მოახდენს. საინტერესო
კი ისაა, რომ გარკვეული სულიერი
განწყობისას ის იმპერიას,
რომელიც არ უნახავს, უფრო
ცხადად აღიქვამს, ვიდრე ჩალის
ქოხს, რომელსაც მუდმივად
უყურებს. მის
თავში ისეთი ჯადოქრობა ტრიალებს,
რომ მსჯელობას
იმპერიით იწყებს
მიუხედავად იმისა, რომ მისი
გამოცდილება
ჩალის ქოხით შემოიფარგლება.
შეიძლება საერთოდ გაგიჟდეს
და დრაკონის ტახტის სამფლობელოში
ჩალის ქოხის არსებობის
შესაძლებლობაც კი უარყოს,
როგორც ასეთი
მაღალი ცივილიზაციისთვის
შეუფერებელი რამ. ეს სიგიჟე
კი გონებრივი
წაბორძიკების
შედეგია: რადგან ჩინეთი დიდი
და ყოვლისმომცველი ჰიპოთეზაა,
ამიტომ
ის უფრო მეტია, ვიდრე ჰიპოთეზა.
თანამედროვე ადამიანი სწორედ
ასე მსჯელობს და ამ მსჯელობას
შეუდარებლად უფრო
ნაკლებრეალურ საგნებზე
ავრცელებს, ვიდრე ჩინეთის
იმპერიაა. მას
ავიწყდება, მაგალითად, რომ
სამხრეთ დაუნზი უფრო
რეალურა,
ვიდრე
მზის სისტემა. მზის სიტემა
მხოლოდ
დასკვნაა
- ეჭვგარეშე სწორი, მაგრამ
იმდენად შორს მიმავალი და
ფართო, რომ დავიწყებას
ეძლევა,
ეს
რომ
დასკვნაა და არა ამოსავალი
პრინციპი. შეიძლება აღმოჩნდეს,
რომ მთელი ეს გამოანგარიშება
მცდარია, მაგრამ ვარსკვლავები,
მზე და ქუჩის ლამპიონები ამის
გამო სხვანაირად არ გამოჩნდება.
თუმცა
მას აღარ ახსოვს, რომ ეს
გამოანგარიშება იყო და მზადაა
მზის
რეალურობაც კი ეჭვქვეშ დააყენოს,
თუ ის მზის სისტემას აღარ
ერგება. და
თუ
ეს მიდგომა
მცდარია
მზის
სისტემის და ჩინეთის იმპერიის
კარგად
დაგენილი ფაქტების შემვხვევაში,
ადვილი
მისახვედრია, რაოდენ დამანგრეველი
იქნება მისი გამოყენება ისეთი
თეორიების შემთხვევაში,
რომლებიც წესიერად ჩამოყალიბებულიც
კი არაა. ასე იწყებს ხოლმე
ისტორია, განსაკუთრებით კი
პრეისტორია, რასების შესახებ
გარკვეული განზოგადოებებით.
აქ არ შევუდგები იმის აღწერას,
თუ რა არეულობა შეიტანა ამ
უკუღმართობამ
თანამედროვე პოლიტიკაში. იმ
ბუნდოვანი ვარაუდის გამო,
რომ თითქოს რასა ერს წარმოქმნის,
ადამიანებმა ჩათვალეს, რომ
ერი უფრო ბუნდოვანი რამაა,
ვიდრე რასა. ჯერ
შედეგის ასახსნელად მიზეზი
გამოიგონეს, ახლა კი მიზეზის
გასამართლებლად ლამის შედეგი
უარყონ. თავიდან კელტი აქსიომად
აქციეს, ირლანდიელი კი დასკვნად,
ახლა კი არ მოსწონთ, რომ დიდ
და მებრძოლ ირლანდიელს არ
ეპიტნავება, დასკვნასავით
რომ ექცევიან. ვერ ხვდებიან,
რომ ირლანდიელი ირლანდიელია,
მიუხედავად იმისა, არის თუ
არა კელტი და არსებობდნენ თუ
არა კელტები საერთოდ. აქაც
დამაბნეველი თეორიის
მასშტაბურობაა, შეგრძნება
იმისა, რომ ფანტაზია ფაქტზე
მეტია. დიდი, გაფანტული კელტური
რასა სავარაუდოდ, ირლანდიელებს
შეიცავს, და
რაღა
თქმა უნდა, მათი არსებობაც
მასზე უნდა იყოს დამოკიდებული.
ინგლისელები და გერმანელები
ზუსტად ასეთივე დაბნეულობამ
გააუქმა, როდესაც ორივე ტევტონურ
რასაში ჩაძირა, ზოგიერთმა კი
აქედან ის გამოიყვანა, რომ
ერთი რასის ხალხი ერთმანეთთან
ვერ იომებს. ამ მარტივ და
გადაღეჭილ მაგალითებს გაკვრით
შევეხე, როგორც ამ სიყალბის
ნაცნობ ილუსტრაციებს, მაგრამ
აქ მისი უძველესი გამოვლინებები
უფრო გვაინტერესებს. რამდენადაც
უფრო დაშორებული და შეუსწავლელი
იყო
რასათა პრობლემა, მით უფრო
თვითდაჯერებულად მსჯელობდა
მასზე ვიქტორიანული მეცნიერება.
ამ მეცნიერული ტრადიციის
მიმდევარი დღემდე იზაფრება,
თუ ეჭვქვეშ აყენებ იმას, რაც
მხოლოდ ვარაუდი იყო, მან კი
ამოსავალ პრინციპად გაიხადა.
ის ახლაც დარწმუნებულია, რომ
არიელი უფროა, ვიდრე ანგლო-საქსი,
და ანგლო საქსი უფროა, ვიდრე
ინგლისელი. რაც შეეხება
ევროპელობას, ეს არც კი
აღმოუჩენია, თუმცა დარწმუნებულია
ინდოევროპელობაში. ამ
ვიქტორიანულმა თეორიებმა
ბევრჯერ
იცვალა სახე,
თუმცა
ჰიპოთეზის თეორიად სწრაფი
ჩამოყალიბება-გამყარება
კვლავ მოდურია. ადამიანები
ვერ ელევიან ილუზიას,
რომ ისტორიის საფუძველი
მკვიდრი უნდა იყოს, პირველი
ნაბიჯები – უტყუარი, უდიდესი
განზოგადოებები – თავისთავად
ცხადი. თუმცა
ეს ჭეშმარიტების საპირისპიროა,
რამდენადაც პარადოქსულად
არ უნდა მოეჩვენოთ. სწორედ
დიდი რამ არის იდუმალი და
უხილავი, პატარა კი ცხადი და
ხილული.
ამ სპეკულაციების
საგანად ყველა რასა იქცა და
საკითხის ზოგადად მოხაზვაც
კი შეუძლებელია. მხოლოდ ევროპული
რასის ისტორიამ, ან უფრო
პრეისტორიამ, ჩემი ცხოვრების
მანძილზე რამდენიმე რეტროსპექტული
გადატრიალება განიცადა. ჯერ
იყო და კავკასიურ რასას
უწოდებდნენ; ბავშვობაში
მონგოლოიდურ რასასთან მის
შეჯახებაზე წამიკითხავს ბრეტ
ჰარტთან, რომელიც კითხვით
იწყებდა: „ იქნებ კავკასიელმა
თავი ამოწურა?“ როგორც ჩანს,
მართლაც ამოწურა, რადგან
ძალიან მოკლე ვადაში ინდოევროპელად
გადაიქცა, დროდადრო კი,
სამწუხაროდ, დიდი სიამაყით
ინდოგერმანელადაც მოიხსენებდნენ
ხოლმე. ინდოელს და გერმანელს
დედის და მამის აღსანიშნავად
მსგავსი სიტყვები აქვს,
სანსკრიტსა და სხვადასხვა
დასავლურ ენებსაც აქვთ გარკვეული
მსგავსებები, რის გამოც ინდოელსა
და გერმანელს შორის ყველა
ზედაპირული განსხვავება
უეცრად გაქრა. ზოგადად ამ
შედგენილ პიროვნებას არიელს
უწოდებენ და ძალიან მნიშვნელოვანია,
რომ ის დასავლეთისკენ ინდოეთის
ზეგანიდან დაიძრა, სადაც
დღესაც პოულობენ მისი ენის
ფრაგმენტებს. ბავშვობაში ეს
რომ წავიკითხე, ვიფიქრე, რომ
სულაც არ იყო აუცილებელი
დასავლეთისკენ წამოსვლა და
ენის იქ დატოვება. ამის ნაცვლად
არიელს შეეძლო აღმოსავლეთისკენ
დაძრულიყო და ენა თან გაეყოლებინა.
ეს რომ ახლა წამეკითხა, საკუთარი
უცოდინარობის აღიარებით
დავკმაყოფილდებოდი, მაგრამ
ახლა ამის წაკითხვა ძალზე
გაძნელებულია, რადგან ამაზე
აღარ წერენ. მგონი არიელმაც
ამოწურა საკუთარი თავი. მან
არა მარტო სახელი, არამედ
მისამართიც შეიცვალა, საწყისი
ადგილიც და სვლაგეზიც. ერთი
ახალი თეორია თვლის, რომ ჩვენი
რასა აღმოსავლეთიდან კი არა,
სამხრეთიდან მოვიდა. ზოგს
მიაჩნია, რომ ევროპელი აზიიდან
კი არა, აფრიკიდან მოვიდა.
ზოგიერთებს კი გიჟური იდეები
აწუხებთ, თითქოს ევროპელები
ევროპიდან მოვიდნენ, უფრო
სწორად, არსად არ წასულან.
გარკვეული მტკიცებულებები
იმ მეტ-ნაკლებად პრეისტორიულ
წნეხზე მეტყველებენ, რომელიც
ჩრდილოეთიდან მოქმედებდა
და ბერძნები კრეტას კულტურის
მემკვიდრეებად აქცია, გალები
კი და იტალიის დაბლობებისკენ
ბორცვებზე გადმოატარა. ევროპული
ეთნოლოგიის ეს მაგალითი მხოლოდ
იმის საჩვენებლად მოვიყვანე,
თუ როგორ ცვლიან საპირისპიროზე
შეხედულებას სწვავლულები,
მე კი, რადგან მათ რიცხვს არ
ვკეუთვნი, ვერაფერს ვიტყვი
იმაზე, რაზეც დოქტორები ვერ
შეთანხმებულან. თუმცა ჩემი
საკუთარი საღი აზრი მკარნახობს,
რომ მათი უხმარობისგან რიგიანად
დაჟანგულა. საღ აზრს უნდა
შეეძლოს ღრუბლისა და მთის
ერთმანეთისგან გარჩევა. ამ
საკითხებზე კი არავის არანაირი
ცოდნა არ გააჩნია - ისეთი,
როგორც ეგვიპტის პირამიდების
არსებობაზე გვაქვს.
სიმართლე, გავიმეორებ,
ისაა, რომ რასაც ვხედავთ,
განსხვავებით იმისგან, რასაც
ვვარაუდობთ ისტორიის ამ უადრეს
ეტაპზე, წყვდიადით მოცული
დედამიწა და ხალხებია, ერთ-ორ
ადგილას კი მბჟუტავი სინათლე
კაცობრიობის ორ შემთხვევით
ნაგლეჯს – ბაბილონის მაღალ
ტერასებსა და ეგვიპტის მაღალ
პირამიდებს ანათებს. რა თქმა
უნდა, სხვა სინათლეებიც ჩანს,
რომლებიც უძველესია, ან შეიძლება
გამოვიყვანოთ, რომ უძველესია.
შორს, აღმოსავლეთით, ჩინეთის
უძველესი წარმოშობის მაღალი
ცივილიზაციაა; ცივილიზაციის
ნარჩენებია მექსიკაში, სამხრეთ
ამერიკასა და სხვა ადგილებში
- ზოგიერთი იმდენად მაღალი
განვითარების, რომ ეშმაკის
თაყვანისცემის დახვეწილ
ფორმებს მიაღწია. მაგრამ
განსხვავება ძველ ტრადიციაშია;
ამ ძველი კულტურების ტრადიცია
გაწყვეტილია, და მიუხედავად
ჩინური ტრადიის უწყვეტობისა,
ვეჭვობ, რომ მის შესახებ რამე
ვიცოდეთ. მეტიც, ადამიანი,
რომელიც ცდილობს ჩინურ
ანტიკურობას ჩაწვდეს, ჩინური
საზომი უნდა გამოიყენოს, ეს
კი სივრცისა და დროის სხვა
კანონების სამყაროში მოხვედრას
ჰგავს. დროის დინება ნელდება
და თეთრი ადამიანის მცდელობა,
ეს ყველაფერი ყვითელი ადამიანის
თვალით დაინახოს, უშედეგოდ
სრულდება. უცნაური პერსპექტივა,
რომლითაც ზეცის პირველ შვილთა
პირველყოფილი პაგოდა მოჩანს,
სამეცნიერო თვალსაზრისით
ძნელი აღსაქმელია. ის ანტიპოდებთანაა
– ქრისტიანული სამყაროს
ერთადერთ ჭეშმარიტ ალტერნატივაში
და თავდაყირა დადის. შუასაუკუნოვანი
კარტოგრაფი და მისი დრაკონები
ვახსენე, მაგრამ რომელი
იმდროინდელი მოგზაური,
ურჩხულებით უკიდურესად
დაინტერესებულიც კი, იფიქრებდა
ისეთი ქვეყნის ნახვას, სადაც
დრაკონი კეთილგანწყობილი
და საყვარელი არსებაა? ჩინურ
ტრადიციას სერიოზული კუთხით
სხვა დროს განვიხილავ, ახლა
კი მხოლოდ ტრადიციასა და
სიძველის გამოცდაზე ვსაუბრობ,
ჩინეთს კი მხოლოდ იმიტომ
შევეხე, რომ მისი სიძველე
ჩვენთვის ტრადიციის ხიდით
მიუწვდომელია, ეგვიპტისა და
ბაბილონისგან განსხვავებით.
ჰეროდოტე ჩვენთვის უფრო
ადამიანურია, ვიდრე შლაპიანი
ჩინელი, რომელიც ლონდონოს
საჩაიეში ჩვენს პირდაპირ
ზის. გვგონია, რომ ვიცით, რას
გრძნობდნენ დავითი და ესაია,
და ვერასდროს გავიგებთ რას
გრძნობდა ლი ჰუნ ჩანი. თვით
ის ცოდვა, რომელმაც ელენე და
ბერსაბე მოიტაცა, ადამიანური
სისუსტის განსახიერებად
იქცა, სიბრალულისა და მიტევების
სიმბოლოდ; ჩინური კი თითქოს
სიქველეც შემაშინებელია.
ასეთ განსხვავებას იძლევა
ერთის მხრივ, უწყვეტი ისტორიული
მემკვიდრეობითობის რღვევა
და მეორეს მხრივ უწყვეტობა,
როგორიც ეგვიპტედან ევროპამდეა.
და როდესაც ვიკითხავთ, თუ
როგორი სამყარო გვერგო
მემკვიდრეობად, რატომაა ესა
თუ ის ხალხი თუ ადგილი ამ
სამყაროს ნაწილი, ცივილიზაციის
ისტორიის ცენტრს მივადგებით.
ეს ცენტრი ხმელთაშუა
ზღვაა, რომელიც სამყარო უფროა,
ვიდრე წყლის მასივი. თუმცა
ამ სამყაროს ყოველთვის წყლის
მსგავსი თვისება ჰქონდა: აქ
სულ უფრო მეტად ერთიანდებოდა
უცნაურ და ძალიან განსხვავებულ
კულტურათა ბევრი ნაკადი.
ნილოსიც და ტიბრიც მსგავსად,
ეგვიპტური და ეტრუსკული
კულტურაც მედიტერანული
ცივილიზაციის შენაკადებია.
ზღვის ბრწყინვალება შორს,
ნაპირის სიღრმეში აღწევდა
და ერთიანობის განცდა უდაბნოში
განმარტოებულ არაბებს და
ჩრდილოეთის მთისგადაღმელ
გალებს ერთნაირად გამსჭვალავდა.
როგორც ვნახავთ, ეს დროდადრო
კარგიც იყო და ცუდიც. ამ orbis
terrarum – მიწების რკალს უკიდურესი
ბოროტება და ღვთისმოსაობა,
დაპირისპირებული მოდგმები
და კიდევ უფრო დაპირისპირებული
რელიგიები უხილავს, აზიისა
და ევროპის დაუსრულებელი
ბრძოლის ველი ყოფილა, დაწყებული
სალამინით და დამთავრებული
ლეპანტოთი. ეს იყო უმაღლესი
სულიერი ბრძოლის არენა ლათინურ
და ფინიკიურ ქალაქებში
მოკალათებულ ორი ტიპის
წარმართობას შორის; რომის
ფორუმსა და პუნიკურ ბაზარს
შორის. ეს იყო ომის და მშვიდობის,
კეთილისა და ბოროტის სამყარო,
უმნიშვნელოვანეს რამეთა
სამყარო. აცტეკებისა და
მონღოლების მიმართ პატივისცემის
მიუხედავად, მედიტერანული
ტრადიცია უფრო მნიშვნელოვანი
იყო და არის ახლაც. ხმელთაშუაზღვისპირეთსა
და შორეულ აღმოსავლეთს შორის,
რა თქმა უნდა, ბევრი საინტერესო
რამ არსებობდა და ათასნაირი
რამ მომხდარა, რაც მეტნაკლებ
კავშირშია მასთან და შესაბამისადაა
გაგებული ჩვენს მიერ. სპარსელები
შემოიჭრნენ და დაანგრიეს
ბაბილონი; ბერძნული ამბავი
გვიყვება, როგორ ისწავლეს ამ
ბარბაროსებმა მშვილდის მოღუნვა
და სიმართლის თქმა. დიდმა
ბერძენმა ალექსანდრემ თავის
მაკედონელებთან ერთად აისში
ილაშქრა და უსახელო მეფეთა
ბაღებიდან და საგანძურებიდან
უცნაური, აისივით შეფერილი
ღრუბლისნაირი ფრინველებით,
უცნაური ყვავილებით და ძვირფასი
ქვებით დაბრუნდა. ისლამმა ამ
სამყაროს აღმოსავლეთისკენ
შეუტია და ნაწილობრივ გასაგებიც
გახდა ჩვენთვის ზუსტად იმიტომ,
რომ თავად ამ რკალში დაიბადა.
შუა საუკუნეებში მოგულთა
იმპერიამ განამრავლა საკუთარი
სიდიადე ისე, რომ იდუმალება
არ შეუმცირებია; თათრებმა
ისე დაიპყრეს ჩინეთი, რომ
ჩინელებმა ეს არც კი შეიმჩნიეს.
ეს ყველაფერი თავისთავადაა
საინტერესო, მაგრამ ევროპის
შუაგული ზღვიდან აზიის შუაგულში
სიმძიმის ცენტრს ვერ გადაიტანს.
მსოფლიოში რომ მხოლოდ ის
ყოფილიყო, რაც ხმელთაშუა ზღვის
გარშემო ითქვა, დაიწერა, აშენდა
და გაკეთდა, ყველაფერს
უმნიშვნელოვანესს მაინც
შევინარჩუნებდით. როდესაც
ეს სამხრეთული კულტურა
ჩრდილო-დასავლეთისკენ გავრცელდა,
ბევრი შესანიშნავი რამ შექმნა,
რომელთაგან საუკეთესო უდაოდ
თავად ჩვენ ვართ. როცა შემდგომში
ის კოლონიებსა და ახალ ქვეყნებში
გავრცელდა, იმავე კულტურად
დარჩა, თუ საერთოდ დარჩა
კულტურად. ამ პატარა ზღვის,
ვითარცა ტბის ირგვლივ, თავისთავადი
რამ რჩებოდა, ყოველგვარი
გავრცელების, ექოების და
კომენტარების მიუხედავად:
რესპუბლიკა და ეკლესია, ბიბლია
და გმირული ეპოსი, ისლამი,
ისრაელი და გამქრალი იმპერიების
ხსოვნა, არისტოტელე და ყველაფრის
საზომი. ყველაფერი კი იმის
წყალობითაა, რომ პირველი
სინათლე, რომელიც ამ სამყაროს
დაეცა მართლაც სინათლე იყო,
დღის სინათლე, რომელშიც დღესაც
დავაბიჯებთ და არა უცნაური
ვარსკვლავების საეჭვო ნათება;
სინათლე, რომელმაც პირველად
ხნელთაშუაზღვისპირეთის
აღმოსავლეთის უზარმაზარი
ქალაქები გაანათა.
ამრიგად, ბაბილონი
და ეგვიპტე ნაცნობისა და
ტრადიციულის პირველი გაცხადებაა,
რომელიც ჩვენთვისაც და ჩვენი
მამებისთვისაც შთამაგონებელ
თავსატეხებად დარჩა, თუმცა
არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ
ეს სამხრეთის ზღვის ერთადერთი
ცივილიზაციებია, რომ მთელი
ცივილიზაცია შუმერული, სემიტური
ან კოპტურია, ან კიდევ უფრო
ნაკლებად, უბრალოდ აზიური ან
აფრიკული. რეალური შესწავლა
სულ უფრო მეტად განადიდებს
იმას, რასაც დღემდე ბუნდოვნად
ბერძნულს ვუწოდებთ. ეს ასე
უნდა გვესმოდეს: ბერძნებამდეც
იყვნენ ბერძნები, ისევე, როგორც
მათ მითებში ღმერთებამდეც
იყვნენ ღმერთები. კუნძული
კრეტა ცივილიზაციის ცენტრი
იყო, ახლა რომ მინოსურს უწოდებენ,
უძველესი ლეგენდის პერსონაჟის
მიხედვით, რომლის ლაბირინთიც
კი აღმოჩენილია არქეოლოგების
მიერ. ეს განვითარებული ევროპული
საზოგადოება ყურეებით,
კანალიზაციით და სამეურნეო
მექანიზმებით, სავარაუდოდ
ჩრდილოელი მეზობლების შემოჭრისას
დაეცა, რომლებმაც ჩვენთვის
ისტორიიდან ცნობილი ელადა
შექმნეს ან მემკვიდრეობით
მიიღეს. თუმცა ამ ადრეულმა
პერიოდმა ვიდრე დასრულდებოდა,
კაცობრიობას უზარმაზარი
საჩუქრები დაუტოვა, რომელთავისაც
ეს უკანასკნელი ამაოდ ცდილობს
სამაგიეროს გადახდას, თუნდაც
პლაგიატის საშუალებით.
იონიის სანაპიროზე,
სადღაც კრეტას გასწვრივ, ერთი
ქალაქი იყო, რომელიც სოფელს
უფრო ჰგავდა – კედელშემოვლებულ
სოფელს. ქალაქს ილიონი ერქვა,
შემდეგ კი ტროა დაარქვეს და
ეს სახელი დედამიწაზე არასდროს
გაქრება. გლახაკმა და უწიგნურმა
პოეტმა, რომელიც გადმოცემით
ბრმაც იყო, ლექსად აღწერა
ბერძნების ომი ამ ქალაქთან
ქალთა შორის უმშვენიერესის
დასაბრუნებლად. მსოფლიოს
ულამაზესი ქალი რომ ამ პატარა
ქალაქში ცხოვრობს, ზღაპარივით
ჟღერს; ის კი, რომ მსოფლიოს
უმშვენიერესი პოემა იმის
დაწერილია, ვისაც ამ პატარა
ქალაქზე დიდი სიცოცხლეში
არაფერი უნახავს, ისტორიული
ფაქტია. ამბობენ, რომ პოემა
პერიოდის დასასრულს შეიქმნა,
რომ პრიმიტიულმა კულტურამ
ის დაცემის ხანაში წარმოშვა
– თუ ასეა, აღზევება რა იქნებოდა?
ასეა თუ ისე, ეს ჩვენი პირველი
პოემა თავისუფლად შეიძლება,
უკანასკნელიც ყოფილიყო.
მოკვდავის თვალით დანახული
მოკვდავის ხვედრის შესახებ
თქმული პირველი სიტყვა
უკანასკნელიც შეიძლება იყოს.
თუ მსოფლიო გაწარმართდება
და დაიღუპება, უკანასკნელი
ცოცხალი ადამიანი კარგს იზამს,
თუ სიკვდილის წინ ილიადას
წარმოთქვამს.
ანტიკურობის ამ ერთ
დიდ, ადამიანურ გამოცხადებაში
დიდი ისტორიული მნიშვნელობის
მეორე ელემენტიცაა. პოემა
ისეა ჩაფიქრებული, რომ პოეტის
თანაგრძნობა სავარაუდოდ,
მკითხველისა კი ცხადად
დამარცხებულთა მხარესაა.
ესაა განცდა, რომელიც პოეტურ
ტრადიციაში მით უფრო ძლიერდება,
რაც უფრო ვშორდებით პოემის
წარმოშობას. აქილევსი წარმართობაში
ნახევრადღმერთი იყო, მაგრამ
თითქმის გაქრა, ჰექტორი კი
დროის დინებასთან ერთად
იზრდება, მისი სახელი ჰქვია
მრგვალი მაგიდის რაინდს, მისი
ხმალი უპყრია ხელთ როლანდს,
დიდებულ აღსასრულს დამარცხებული
ჰექტორის იარაღით რომ ეგებება.
სახელი წინასწარმეტყველებს
ყველა მარცხს, რომელშიც ჩვენს
მოდგმას და რწმენას უნდა
გაევლო; იმ ასეულობით დამარცხების
გადატანას, რომელმაც მისი
ტრიუმფი შეადგინა.
ტროას დასასრულის
ამბავი დაუსრულებელია, რადგან
ის სამუდამოდ ზეაწეულია ცოცხალ
გამოძახილში, უკვდავი, როგორც
ჩვენი უიმედობა და ჩვენი
იმედი. ტროა აღმართული მცირე
იყო და საუკუნეებით შეუმჩნევლად
იდგებოდა. დაცემული, ალმოდებული
ტროა კი განადგურების უკვდავებაშია
აღბეჭდილი; მართალია, ცეცხლმა
შთანთქა, მაგრამ თვით ეს ცეცხლია
მარადიული. და რაც სამართლიანია
ქალაქისათვის, სამართლიანია
გმირისთვის; იმ არქაულ ალში
პირველი რაინდის ლანდი იკვეთება.
მის წოდებაში წინასწარმეტყველური
თანხვედრაა: ჩვენ გვითქვამს
რაინდობაზე და იმაზე, თუ როგორ
გააერთიანდა მასში ცხენი და
მხედარი. ეპოქებით ადრე ეს
უკვე ნაგრძნობია ჰომეროსის
მქუხარე ჰექსამეტრში და იმ
გრძელ, გაჭენებულ სიტყვაში,
რომლითაც ილიადა მთავრდება.
ეს ერთობაა, რომელსაც სხვა
სახელს ვერ მოვუნახავთ, გარდა
რაინდობის წმინდა კენტავრისა.
ანტიკურობის ამ გამონათებაში
წმინდა ქალაქის სახელი სხვა
მიზეზებითაც იპყრობს ყურადღებას.
ეს სიწმინდე ცეცხლის ალივით
მოედო ხმელთაშუა ზღვის
ჩრდილოეთის ნაპირებისა და
კუნძულების მცირე გამაგრებულ
ქალაქებს, რომელთათვისაც
გმირები თავს სწირავდნენ.
ქალაქის სიმცირე მოქალაქეთა
სიდიდეს წარმოშობდა. ასეულობით
ქანდაკების ელადაში ყველაზე
უფრო დიდებული მოსიარულე
ქანდაკება – თავისუფალი
ადამიანის იდეალია. ასეულობით
ქანდაკების ელადა ერთი ლეგენდა
და ლიტერატურაა; და მცირე,
გამაგრებული ერების ის
ლაბირინთი, რომელიც ტროას
გოდებას ეხმაურება.
გვიანდელი
ლეგენდა გვეუბნება, რომ ტროადან
დევნილებმა იტალიის სანაპიროზე
რესპუბლიკა შექმნეს. ეს
შემთხვევითი არაა. რესპუბლიკის
სიქველე ჭეშმარიტი ფესვიდან
აღმოცენდა.
ღირსების საიდუმლო არც
ეგვიპტურმა სიამაყემ შვა და
არც ბაბილონურმა, ის აქ ჰექტორის
ფარივით ალაპლაპდა, აზიისა
და აფრიკის განსაქიქებლად,
ვიდრე ახალი დღე არ გათენდა,
აფრენილი არწივებითა და
ახალი სახელის ქუხილით –
მსოფლიო რომმა გამოაღვიძა.
No comments:
Post a Comment