ძველი ბრიტანული ქალაქის ჯერ კიდევ რომისდროინდელ ნაშთებს ვათვალიერებდი, როდესაც ერთი პროფესორისგან ისეთი რამ გავიგონე, პროფესორობაზე სატირად რომ აღიქმება. იქნებ იხუმრა – არ ვიცი, თუმცა რკინისებურ სერიოზულობას ინარჩუნებდა და ალბათ ვერ ხვდებოდა, რომ ამასხრებს იმას, რასაც ახლა შედარებით რელიგიათმცოდნეობას ეძახიან. ჩემი ყურადღება თავის ქანდაკებამ მიიქცია, სხივების ჩვეულებრივი შარავანდით, რომლის დისკოდან აპოლონის ყმაწვილური სახის ნაცვლად ნეპტუნის თუ იუპიტერის მსგავსი წვეროსანი გვიცქერდა. „დიახ,“ ბრძანა მან ხაზგასმული სიზუსტით, „ეს, სავარაუდოდ, სულ - ადგილობრივი მზის ღმერთი უნდა იყოს. საუკეთესო ავტორიტეტები მას მინერვას უკავშირებენ, მაგრამ როგორც ჩანს, ეს იდენტიფიცირება სრული არაა.“
აი ეს მესმის! თანამედროვე მსოფლიო იმაზე უფრო შეშლილია, ვიდრე ნებისმიერი სატირა ხატავს. დიდი ხნის წინ ბელოკმა ათქმევინა ერთ თავის პერსონაჟს: არიადნას ბიუსტი თანამედროვე შესწავლისას სილენუსის აღმოჩნდაო. ეს ახლოსაც ვერ მივა მინერვას ბარნუმის წვეროსან მადილოსნად წარმოჩენასთან, თუმცა ორივე ძალიან ჰგავს შედარებითი რელიგიათმცოდნეობის „საუკეთესო ავტორიტეტების“ მიერ ჩატარებულ იდენტიფიცირებებს; ამიტომ, როდესაც კათოლიკურ რწმენას ველურ მითებთან ათანაბრებენ, არც ვიცინი და არც ვილანძღები, უბრალოდ საზეიმოდ ვიმეორებ, რომ ეს იდენტიფიცირება სრული არაა.
ჩემს სიყმაწვილეში კაცობრიობის რელიგიას კომტიზმს ეძახდნენ – რამდენიმე რაციონალისტის მიერ შექმილ თეორიას, რომლებიც კაცობრიობას, როგორც შედგენილ, უზენაეს არსებას ეთაყვანებოდნენ. მაშინაც უცნაურად მეჩვენებოდა, როგორ შეიძლება, რომ სამების დოქტრინას უარყოფდე და გეზიზღებოდეს, როგორც მისტიკური და მანიაკალური წინააღმდეგობა და თან ითხოვდე, რომ თაყვანი ვცეთ ერთ ღვთაებას, რომელიც ას მილიონ ცალკეულ, ერთმანეთთან დაუკავშირებელ პიროვნებას მოიცავს.
თუმცა სხვა ერთეულიც არსებობს, რომელიც კაცობრიობის ამ მრავალთავა, საზარელ კერპზე უფრო მეტად ექვემდებარება განმარტებას და ბევრად უფრო იოლი წარმოსადგენია. რაც მთავარია, მას ბევრად უფრო მეტი უფლება აქვს კაცობრიობის რელიგიად იწოდებოდეს. ადამიანი მართლაც არაა კერპი, თუმც კი თითქმის ყველგან კერპთაყვანისმცემელია და კერპთაყვანისმცემლობის ამ აურაცხელ ნაირსახეობებში ბევრი რამ უფრო ადამიანური და თანაგრძნობის აღმძვრელია, ვიდრე თანამედროვე მეტაფიზიკურ აბსტრაქციებში. სამთავიანი და შვიდმკლავიანი აზიური ღვთაება ამოუცნობი ძალის შენივთების იდეას მაინც ატარებს, რომელმაც ის უნდა მოგვიახლოვოს და არა დაგვაშოროს. მაგრამ თუ ჩვენი მეგობრები ბრაუნი, ჯონსი და რობინსონი საკვირაო გასეირნებისას ჩვენს თვალწინ აზიურ კერპად გაერთიანდებიან, ეს მათ ნამდვილად დაგვაშორებს. თუ ბრაუნის მკლავები და რობინსონის ფეხები ერთ, შედგენილ სხეულს გამოებმება, მათი მოძრაობა ერთი სევდიანი დამშვიდობების ნიშანი იქნება. თუ სამი ვაჟბატონის თავი ერთი კისრიდან გაგვიღიმებს, წესიერად იმასაც კი ვერ მოვიფიქრებთ, თუ როგორ მივმართოთ ამ ახალ და არანორმალურ მეგობარს. მრავალთავიან და მრავალხელიან აღმოსავლურ კერპს იდუმალებაში ნაწილობრივი წვდომის განცდა მაინც ახლავს, ბუნების უფორმო ძალები თითქოს ბუნდოვან, მაგრამ მაგრამ მაინც მატერიალურ ფორმას იძენენ. თუმცა ის, რაც სამართლიანია მრავალსახა ღვთაებისათვის, არაა სამართლიანი მრავალსახა ადამიანისთვის. არასაკმარისად განცალკევებული, შეიძლება ითქვას, არასაკმარისად მარტოსული ადამიანები არასაკმარისად ადამიანურები ხდებიან. არასაკმარისად დაშორებული ადამიანების გაგებაც გაძნელებულია. ამ რელიგიის საგალობლების წიგნი გულდასმითაა შედგენილი ყველაფერი ადამიანურის შენარჩუნებისა და ყველაფერი ღვთაებრივის ჩამოცილების პრინციპით. ეს ყველაფერი მეტროს გვირაბში გაჭედილი მატარებლის მგზავრის შეგრძნებას მაგონებს: საოცარია, რაოდენ დაშორებულია ადამიანთა სულები, როდესაც მათი სხეულები ესოდენ ახლოა.
ადამიანთა ერთიანობა, რომელსაც აქ განვიხილავ, არ უნდა აგვერიოს თანამედროვე ინდუსტრიულ ერთფეროვნებასა და ჯოგურ ყოფაში, რომელიც ჭყლეტა უფროა, ვიდრე სიახლოვე. ეს ისაა, რისკენაც მიდრეკილია ადამიანთა ჯგუფი და ცალკეული ადამიანებიც კი, როდესაც ნებაზე არიან მიშვებულნი. როგორც ყველაფერი ჯანსაღად ადამიანური, ეს ჭეშმარიტად ადამიანური ინსტინქტი ზოგად ფარგლებში საკმაოდ ცვალებადობს, რადგან ის თავისუფლების იმ უძველესი ქვეყნის კუთვნილებაა, რომელიც წინ უსწრებს და გარს აკრავს მონური სულისკვეთების იდუსტრიულ ქალაქს. ინდუსტრიალიზმი იკვეხნის, რომ მისი ნაწარმი მთლიანად ერთი ყაიდისაა; რომ იაპონიასა და იამაიკაზე ერთნაირ ბოთლს ხსნიან და ერთნაირად უხარისხო ვისკის სვამენ, რომ ჩრდილოეთ პოლუსზეც და სამხრეთ პოლუსზეც საეჭვო ხარისხის კონსერვირებულ თევზს ერთი და იმავე ოპტიმისტური იარლიყით ამოიცნობთ. თუმცა ღვინო, ეს ღმერთების საჩუქარი, ყველა ხეობაში და ყველა ვენახში განსხვავებულია, ასეულ სხვადასხვა ღვინოდ იქცევა ისე, რომ არცერთი ვისკის არ დაემსგავსება. ყველიც ასეა, სოფლიდან სოფლამდე იცვლება და მუდამ ახსოვს, რომ ცარცად არ უნდა იქცეს. ამას რომ ვამბობ, მხედველობაში მაქვს ცვალებადი და განსხვავებული, თუმც მაინც არსებითად ერთი რამ. სწორედ აქაა თანამედროვე უხერხულობათა სათავე – იმის გაუგებრობაში, რომ ეს ერთი რამაა. ვიდრე რელიგიათა შედარებით და ცალკეული რელიგიების დამაარსებლებით დავკავდებით, უმნიშვნელოვანესია იმის აღიარება, რომ ეს ერთიანი, თითქმის ბუნებრივი და ნორმალური რამაა იმ დიდი ერთობისათვის, კაცობრიობას რომ ვეძახით. ეს წარმართობაა და ვეცდები ვაჩვენო, რომ მხოლოდ ისაა ქრისტეს ეკლესიის ერთადერთი რეალური მეტოქე.
შედარებითი რელიგიათმცოდნეობა მართლაც ძალიან შედარებითი რამაა, რადგან შეუდარებელს ადარებას. იმდენჯერ გვინახავს ცხრილის პარალელურ სვეტებში მოთავსებული დიდი მსოფლიო რელიგიები, რომ საბოლოოდ წარმოვიდგინეთ, თითქოს მათში მართლაც არის პარალელიზმი. დაჩვეულნი ვართ დიდი რელიგიების დამაარსებლების სახელთა ერთ მწკრივში ნახვას: ქრისტე; მუჰამედი; ბუდა; კონფუცი. სინამდვილეში ეს მხოლოდ ხრიკია, ერთი იმ ოპტიკურ ილუზიათაგანი, რომლითაც საგნებს შორის ნებისმიერ მიმართებას მიაღწევ ხედვის კუთხის სათანადო შერჩევით. ეს რელიგიები და მათი დამაარსებლები, ან უფრო სწორად ის, რასაც ამას ვუწოდებთ და ერთ გროვაში ვათავსებთ, ხასიათის არანაირ მსგავსებას არ ამჟღავნებენ. ამ ილუზიას ნაწილობრივ ისლამი ქმნის, რომელიც uშუალოდ ქრისტიანობას მოსდევს ამ ჩამონათვალში. ისლამი მართლაც მოსდევს ქრისტიანობას და დიდწილად მისი იმიტაციაა, მაგრამ სხვა აღმოსავლური რელიგიები ან ის, რასაც რელიგიებს ვუწოდებთ, არა მართო ეკლესიას, არამედ ერთმანეთსაც არ ჰგავს. როდესაც ჩამონათვალის ბოლოში კონფუციანელობას მივადგებით, სრულიად განსხვავებული აზროვნების სამყაროში ვხვდებით. ქრისტიანობის და კონფუციანელობის შედარება ჰგავს თეისტისა და ინგლისელი სკვაირის შედარებას, ან კითხვას, სწამს თუ არა ადამიანს უკვდავების, თუ ასპროცენტიანი ამერიკელია. კონფუციანელობა იქნებ ცივილიზაციაა, მაგრამ არა რელიგია.
ეკლესია იმდენად განუმეორებელია, რომ უჭირს საკუთარი თვითმყოფადობის დამტკიცება. მტკიცების ყველაზე იოლი ხერხი პარალელის მოშველიებაა, აქ კი პარალელი არ არსებობს. ამიტომაცაა ძნელი ამ ყალბი კლასიფიკაციის მხილება, რომელიც განუმეორებელის ჩასათრევადაა შექმნილი. რადგან ვერსად ნახავთ მსგავს ფაქტს, მსგავსი სიყალბეც არ შეგხვდებათ. ამიტომ ვეცდები, რომ ამ განცალკევებული სოციალური მოვლენის უახლოესი რამ ავიღო, რომელიც ასევეა ჩათრეული და ასიმილირებული. უმრავლესობა ალბათ დამეთანხმება, რომ ებრაელთა მდგომარეობა უჩვეულო და განუმეორებელია. ვერაფერს ნახავთ ისეთს, რასაც იმავე თვალსაზრისით შეიძლება საერთაშორისო ერი ვუწოდოთ; უძველესი კულტურა, მრავალ ქვეყანაში გაფანტული, მაგრამ მიუხედავად ამისა, გამორჩეული და ურღვევი. ახლა წარმოვიდგინოთ, რომ ებრაელთა ამ უცნაური მარტოობის შესარბილებლად მომთაბარე ერების ჩამონათვალს ადგენენ, სადაც პირველ ადგილზე გამართლებულ დაშვებას ათავსებენ, შემდეგ კი სიის მისაღებად სრულიად განსხვავებულ რასმე მოაყოლებენ. ცხადია, რომ მოხეტიალე ერების სიაში მეორე ადგილზე ბოშები აღმოჩნდებიან: მართლაც მოხეტიალე, თუმცა არც თუ მთლად ერი. ამის შემდეგ შედარებითი მომთაბარეობის ახალი მეცნიერების პროფესორს თავისუფლად შეუძლია სრულიად განსხვავებული საგნებით დაკავდეს. შეუძლია ინგლისელების დაუდგრომელი ხასიათი გაიხსენოს, თავისი კოლონიები მთელ მსოფლიოს რომ მოსდეს და მათ მომთაბარეები დაარქვას. მართლაც, მრავალი ინგლისელი უცნაურ მოუსვენრობას გრძნობს ინგლისში. ისიც მართალია, რომ ყველას წასვლა ქვეყნისთვის სასიკეთო არ გამოდგა. როგორც კი მოხეტიალე ინგლისელების იმპერიას ვახსენებთ, ირლანდიელ დევნილთა უცნაური იმპერიაც უნდა მოვაყოლოთ. სხვათა შორის ავღნიშნოთ, რომ ჩვენი იმპერიული ლიტერატურა ერთსა და იმავე მოუსვენრობას ინგლისელისთვის შემართების და გამარჯვების, ირლანდიელისთვის კი ამაოებისა და წარუმატებლობის ნიშნებად ხედავს. მოკლედ, ნომადიზმის პროფესორს ახლა უკვე შეუძლია არემარეს ჭკვიანური მზერა მოავლოს და გაიხსენოს ბოლოდროინდელი საუბრები იმის შესახებ, რომ გერმანელი მიმტანები, დალაქები და კლერკები სხვა გერმანელებთან ერთად მასიურ ნატურალიზაციას გადიან ინგლისში, ამერიკასა და სამხრეთ-ამერიკულ რესპუბლიკებში. გერმანელები მეხუთე მომთაბარე ერის პოზიციას დაიმკვიდრებენ. აქ სიტყვები Wanderlust და Folk-Wandering ძალიან გამოადგება. ხომ ახსნა ზოგიერთმა ისტორიკოსმა ჯვაროსნული ლაშქრობები გერმანელების პალესტინაში მაწანწალობით (ამ სიტყვის პოლიციური მნიშვნელობით). საქმე თითქმის დასრულებულია. პროფესორს ისღა დარჩენია, რომ უკანასკნელი, თავგანწირული ნახტომი გააკეთოს და გაიხსენოს: ფრანგულ არმიას თითქმის ყველა ევროპული დედაქალაქი აუღია და უამრავი ქვეყანა დაულაშქრავს შარლემანისა თუ ნაპოლეონის სარდლობით. ესეც თქვენ wanderlust და მომთაბარეობის ნიშანი. ასე მივიღებთ ექვსი მოხეტიალე ერის კომპაქტურ და დასრულებულ სიას და ვიგრძნობთ, რომ ებრაელობა არანაირ იდუმალ და მითუმეტეს, მისტიკურ გამონაკლისს არ წარმოადგენს. თუმცა საღად მოაზროვნე ადამიანი მიხვდება, რომ პროფესორმა მხოლოდ ნომადიზმის ცნება გააფართოვა და თანაც იმდენად, რომ ყოველგვარი აზრი დააკარგვინა. სრული სიმართლეა, რომ ფრანგ ჯარისკაცს სამხედრო ისტორიის რამდენიმე საუკეთესო ლაშქრობა ჩაუტარებია, თუმცა ზუსტად ასეთივე სიმართლეა და თან ბევრად უფრო იოლად დასანახი ფრანგი გლეხის ფესვგადგმულობა. თუ ეს ასე არაა, მაშინ ფესვგადგმულობა საერთოდ არ არსებობს. თუ ის მომთაბარეა, მაშინ ყველა სხვაც მომთაბარე ყოფილა.
ზუსტად ეს ხრიკი იმალება შედარებითი რელიგიების და მათ დამაარსებელთა სიის უკან. ეს იესოს კლასიფიცირების მცდელობაა. ამისთვის ახალი კლასს იგონებენ და სიცარიელეებს საცობებით და მეორეხარისხოვანი ასლებით ავსებენ. არ ვთვლი, რომ ეს დანარჩენი არაა დიდი და შესანიშნავი საკუთარი ხასიათისა და კლასის ფარგლებში. კონფუციანიზმი და ბუდიზმი შესანიშნავი და დიდი რამაა, მაგრამ არასწორია, რომ ეკლესია ვუწოდოთ; ინგლისელები და ფრანგები დიდი ერებია, მაგრამ მათი მომთაბარეებად მონათვლა უაზრობაა. ქრისტიანობასა და მის იმიტაციას – ისლამს შორის არსებობს გარკვეული მსგავსება; ასეთივე მსგავსებაა ებრაელებსა და ბოშებს შორის. თუმცა ამის იქით სიებში ისაა, რაც ხელში პირველად მოხვდათ და სიასთან არაფერი ესაქმება.
ზუსტად ეს ხრიკი იმალება შედარებითი რელიგიების და მათ დამაარსებელთა სიის უკან. ეს იესოს კლასიფიცირების მცდელობაა. ამისთვის ახალი კლასს იგონებენ და სიცარიელეებს საცობებით და მეორეხარისხოვანი ასლებით ავსებენ. არ ვთვლი, რომ ეს დანარჩენი არაა დიდი და შესანიშნავი საკუთარი ხასიათისა და კლასის ფარგლებში. კონფუციანიზმი და ბუდიზმი შესანიშნავი და დიდი რამაა, მაგრამ არასწორია, რომ ეკლესია ვუწოდოთ; ინგლისელები და ფრანგები დიდი ერებია, მაგრამ მათი მომთაბარეებად მონათვლა უაზრობაა. ქრისტიანობასა და მის იმიტაციას – ისლამს შორის არსებობს გარკვეული მსგავსება; ასეთივე მსგავსებაა ებრაელებსა და ბოშებს შორის. თუმცა ამის იქით სიებში ისაა, რაც ხელში პირველად მოხვდათ და სიასთან არაფერი ესაქმება.
რელიგიის ისტორიის ამ მონახაზში, ჩემზე უფრო განსწავლულთა მიმართ ჯეროვანი პატივისცემის მიუხედავად, ვაპირებ კლასიფიკაციის ამ თანამედროვე მეთოდის უკუგდებას, რომელმაც, დარწმუნებული ვარ, გააყალბა ისტორიული ფაქტები. ვეცდები რელიგიის ან რელიგიების ალტერნატიული კლასიფიკაცია მოვიყვანო, რომელიც ყველა ფაქტსაც ახსნის და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ყველა ფანტაზიასაც. ქრისტიანობად, ისლამად, ბრაჰმანიზმად, ბუდიზმად და ა.შ. გეოგრაფული და ვერტიკალური დაყოფის ნაცვლად მე მათ ფსიქოლოგიურად და გარკვეული თვალსაზრისით, ჰორიზონტალურად დავყოფ - ფსიქოლოგიური ელემენტების და გავლენების სტრატებად, რომლებიც ხშირად ერთსა და იმავე ქვეყანაში და ადამიანშიც კი გვერდიგვერდ გვხვდება. მოდი ეკლესია დროებით გვერდზე გადავდოთ, კაცობრიობის ბუნებრივი რელიგია კი ასეთი სათაურების ქვეშ დავანაწილოთ: ღმერთი; ღვთაებანი; დემონები; ფილოსოფოსები. ვფიქრობ, ასეთნაირი კლასიფიკაცია მეტად დაგვეხმარება ადამიანთა სულიერი გამოცდილების დახარისხებაში, ვიდრე რელიგიათა შედარების გავრცელებული პრაქტიკა და რომ ბევრი გამოჩენილი ფიგურა ბუნებრივად დაიკავებს კუთვნილ ადგილს ნაცვლად ნაძალადევად მიჩენილისა. ვინაიდან ამ სათაურებისა თუ წოდებების გამოყენებას ერთზე მეტად ვაპირებ, აქვე განვმარტავ, თუ რას ვგულისხმობ თითოეულში. ამ თავში პირველით, უმარტივესითა და უზენაესით დავიწყებ.
წარმართი კაცობრიობის ელემენტების განხილვა აღუწერელის აღწერის მცდელობით უნდა დავიწყოთ. ხშირად ამ სიძნელის დაძლევას მისი უარყოფით ან სულ მცირე, უგულველყოფით ცდილობენ. მაგრამ საქმეც ისაა, რომ ეს არასდროს ქრება – მაშინაც კი, როცა უგულებელყოფილია. ევოლუციური მონომანიით შეპყრობილნი იმეორებენ, რომ ყველაფერი დიდი თესლისგან, ანუ თავისზე უფრო მცირესგან აღმოცენდება. აციწყდებათ, რომ ყველა თესლი ხიდან, ანუ თავისზე უფრო დიდიდან მოდის. ეს საშუალებას გვაძლევს საფუძვლიანად ვივარაუდოთ, რომ რელიგია რაღაც მცირე დეტალისგან კი არ მომდინარეობს, რომელიც სიმცირის გამო დავიწყებას მიეცა; პირიქით, საწყისი იდეა იმდენად დიდი იყო, რომ მასზე ხელი აიღეს, რადგან ვერაფერი მოუხერხეს. სავარაუდოდ, ადამიანებმა სწორედ ერთი, ყოვლის გამრიგე ღმერთის მარტივი და თავზარდამცემი იდეით დაიწყეს, შემდეგ კი ფარული გადაგვარების შედეგად დემონების თაყვანისცემამდე დაეშვნენ. ველურთა რწმენის შესწავლაც, ასე რომ უყვართ ფოლკლორისტებს, ამას მიგვანიშნებს. ყველა ანტროპოლოგიური თვალსაზრისით პრიმიტიული ავსტრალიელი აბორიგენები, მაგალითად, მაღალი ზნეობრივი დატვირთვის მონოთეიზმს მისდევენ. მისიონერმა პოლთეისტების ველურ ტომს მათგან მოსმენილი პოლითეისტური მოთხრობების სანაცვლოდ ერთი ღმერთი უქადაგა, რომელიც სულია და ადამიანებს სულიერი საზომის მიხედვით განსჯის. ამას ველურებს შორის ისეთი ჩოჩქოლი მოყვა, თითქოს ვინმემ საიდუმლო გაამხილა: „ათაჰოკანი! ათაჰოკანზე ლაპარაკობს!“ უყვიროდნენ ერთმანეთს გამოცოცხლებულნი.
ათაჰოკანზე დუმილი ზრდილობის ან სულაც წესიერების საკითხი თუ იყო იმ პოლითეისტებისთვის. სახელი ალბათ არც ისე მორგებულია უშუალო და ამაღლებული რელიგიური მიმართვისათვის, როგორც ჩვენი რამდენიმე, თუმცა ბევრი სხვა სოციალური ძალაც ფარავს და ართულებს ესოდენ მარტივ იდეას. იქნებ ძველი ღმერთი ძველ ზნეობას იცავდა, რომელიც გარკვეულ ახალ სიტუაციებში აბეზარი გახდა. იქნებ დემონებთან ურთიერთობა უფრო მოდური გახდა მოწინავე ხალხში, ახლანდელი სპირიტიზმის მზგავსად. ასეა თუ ისე, მსგავსი მაგალითები მრავლადაა და ყველა მეტყველებს ნაფიქრსა და ნალაპარაკებს შორის არსებული განსხვავების ფსიქოლოგიაზე. განსაკუთრებულად შთამბეჭდავია კალიფორნიელი ინდიელის სიყვასიტყვით ჩაწერილი მონათხრობი, რომელიც ლეგენდარული და გულითადი საკაზმით იწყება: „მზე ცის მამა და მმართველია. ის დიდი ბელადია. მთვარე მისი ცოლი, ვარსკვლავები კი შვილებია.“ ასე გრძელდება ეს გულწრფელი და ჩახლართული ამბავი, ვიდრე შუაში ერთ ჩართვას არ გადავაწყდებით, რომელიც გვიხსნის, რომ მზე და მთვარე რამეს უნდა აკეთებდნენ, რადგან „ასე აქვს ნაბრძანები დიად სულს, რომელიც ყველას სამყოფელზე უფრო მაღლა ცხოვრობს.“ ზუსტად ესაა წარმართობის უდიდესი ნაწილის დამოკიდებულება ღმერთის მიმართ. ის იგულისხმება, მივიწყებულია და შემთხვევის წყალობით გახსენებული – ჩვეულება, რომელიც მხოლოდ წარმართთათვის არ უნდა იყოს დამახასიათებელი. ზოგჯერ უმაღლესი ღვთაება იდუმალია და მხოლოდ უმაღლეს ზნეობრივ დონეებზე იხსენებენ. თუმცა ველური ყოველთვის ენაწყლიანია მითების შესახებ და დუმს რელიგიაზე. ავსტრალიელი ველური ერთი შეხედვით ისეთ დომხალს ავლენს, ლამის ანტიპოდებზე ძველების წარმოდგენას რომ ამართლებს. მას არაფრად უღირს, გულღიად ილაპარაკოს მზესა და მთვარეზე, როგორც ორად გაკვეთილი ჩვილის ნაწილებზე, ან უზარმაზარ კოსმოსურ ძროხაზე, რომლის მოწველაც წვიმას მოიყვანს. ყველაფერ ამის შემდეგ კი ის საიდუმლო გამოქვაბულში განმარტოვდება, სადაც ქალს და თეთრკანიანს არ მიესვლება და სადაც საზარელი ინიციაციის თანმხლები გამაყრუებელი ბრაგუნისა და შესაწირი სისხლის წვეთვის თანხლებით ქურუმისაგან ჩურჩულით უკანასკნელ საიდუმლოს გაიგებს, ხელდასხმულთათვის რომაა მხოლოდ ხელმისაწვდომი: რომ პატიოსნება საუკეთესო პოლიტიკაა, რომ მცირეოდენი სიკეთე არავის აზარალებს, რომ ყველა ადამიანი ძმაა და არსებობს ერთი ღმერთი, ყოვლისშემძლე მამა, შემოქმედი ყოველთა ხილულთა და არახილულთა.
საინტერესოა, რატომ იწონებს ველური თავს საკუთარი რწმენის ყველაზე უფრო დაუჯერებელი და უსიამოვნო მხარით, სარწმუნოს და ბრძნულს კი მალავს. საქმეც ისაა, რომ ეს არაა მისი რწმენის ნაწილები, ან სულ მცირე, ერთი და იმავე რწმენის ნაწილები. მითები უბრალოდ ზღაპრებია, მათზე შეიძლება იყბედო კიდეც. მისტერიები კი ჭეშმარიტი ამბებია და სერიოზულად აღქმისათვის იდუმალებას მოითხოვს. მართლაც ადვილია დაივიწყო, რაოდენ შემაძრწუნებელია თეიზმი. რომანი, რომელშიც რამდენიმე განსხვავებული მოქმედი პირი ბოლოს ერთი და იგივე აღმოჩნდება, შთამბეჭდავი იქნებოდა. ასეთივეა იდეა იმის შესახებ, რომ მზე, ხე და მდინარე ერთსა და იმავე ღვთაებას მალავს და არა რამდენიმეს. თუმცა ათაჰოკანის იდეაც დასაჯერებლად, სამწუხაროდ, ზედმეტად მარტივად გვეჩვენება. მაგრამ მიუხედავად იმისა, გაცვეთილ ჭეშმარიტებად იქცევა თუ შემაძრწუნებელ საიდუმლოდ დარჩება, ცხადია, რომ ის ან ძველი ტრუიზმია, ან ძველი ტრადიცია. არაფერი ამტკიცებს, თითქოს ის მითის გაუმჯობესებითაა მიღებული და ყველაფერი ამტკიცებს, რომ ის მითს წინ უძღოდა. მას თაყვანს სცემენ უმარტივესი ტომები, ყოველგვარი სულებისა და მსხვერპლშეწირვის, ან კიდევ რაიმე გართულებების გარეშე, რომლებშიც ჰერბერტ სპენსერი და გრანტ ალენი ყველა იდეათაგან უმარტივესის წარმომავლობას ეძებენ. რა რა და ევოლუცია ღმერთის იდეას ნამდვილად არ განუცდია. განუცდია დამალვა, თავის არიდება, მივიწყება და თვით უარყოფაც კი, მაგრამ ევოლუცია – არასდროს.
ასეთი ცვლილება არაერთგან გვხვდება. პოლითეიზმი ხშირად რამდენიმე მონოთეიზმის შეხამებას გვაგონებს. ოლიმპოზე გადაბარგებული ღვთაება მხოლოდ დაბალ სკამს იძენს მაშინ, როცა საკუთარ, პატარა ხეობაში მიწის, ცისა და ვარსკვლავების უცილობელი მფლობელი იყო. დიდ იმპერიაში გათქვეფილი მრავალი მცირე ერის მსგავსად, ის შეზღუდულ უნივერსალურობას უნივერსალურ შეზღუდულობაში ცვლის. პანის თვით სახელი გვეუბნება, რომ ტყის მეფე მაშინ გახდა, როდესაც მსოფლიოს მეფე იყო. იუპიტერის სახელიც სიტყვების:„მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა“ ლამის წარმართული თარგმანია. რამდენადაცაა ცა დიდი მამის სიმბოლო, იმდენადვეა მიწა დიდი დედის სიმბოლო, რომელსაც დედამიწას ვუწოდებთ. დემეტრა, ცერერა და კიბელე თითქოს მზად არიან, მთელი ღვთაებრივი საქმიანობა მართო იტვირთონ ისე, რომ ადამიანს სხვა ღვთაებები აღარ დასჭირდეს. სავსებით შესაძლებელია, რომ მრავალი ადამიანი ერთი ამ ღვთაებათაგანით იფარგლებოდა და თაყვანს სცემდა მას, როგორც ყველაფრის შემოქმედს.
დედამიწის ერთ უზარმაზარ და მრავალრიცხოვან რეგიონში, ჩინეთში, დიდი მამის მარტივი იდეა არც არასდროს გაურთულებიათ მოპაექრე კულტებით, თუმცა მან თავად დაკარგა კულტის ნიშნები. საუკეთესო ავტორიტეტები თვლიან, რომ თუმცა კონფუციანიზმი აგნოსტიციზმის ნაირსახეობაა, ის პირდაპირ არ ეწინააღმდეგება ძველ თეიზმს, რადგან თავადაა ბუნდოვანი თეიზმი. ეს მართლაც თეიზმია, სადაც ღმერთს ზეცას უწოდებენ, მსგავსად იმ ზრდილობიანი კაცისა, სასტუმრო ოთახში გალანძღვის სურვილი რომ დაეუფლება ხოლმე. თუმცა ზეცა, იქნებ ძალიან შორიდან, მაგრამ მაინც თავზე დაქვცქერის. ჩვენ სრულად გვეუფლება მარტივი ჭეშმარიტების განცდა, რომელიც დაგვშორდა, მაგრამ ისე, რომ ჭეშმარიტებად დარჩა. ეს ფრაზა გვაბრუნებს დასავლეთის წარმართული მითების იმავე იდეასთან. მიწისა და ცის გაყოფის შესახებ უამრავი იდუმალი და წარმოსახვით აღსავსე მითია გაჯერებული უმაღლეს ძალასთან დაშორების განწყობით. ასნაირადაა ნათქვამი ცისა და მიწის მიჯნურობისა თუ ერთად ყოფნის, შემდეგ კი რაღაც უეცარი მიზეზით, მაგალითად უსაქციელო ბავშვის გამო დაშორების ამბავი; და სამყაროს უფსკრულზე, გაყოფასა და დაცილებაზე აშენების ამბავი. ერთ ყველაზე მოცულობით ვერსიას ბერძნული ცივილიზაცია გვაძლევს ურანისა და სატურნის მითის საშუალებით, ერთ ყველაზე მომხიბვლელს კი ველური ზანგების გადმოცემა, რომელშიც წიწაკის პაწაწინა ბუჩქი იმ სიმაღლისა იზრდება, რომ ცას თავსახურივით მაღლა სწევს – შესანიშნავი პირველყოფილი ხედვა ტროპიკული დაისისა, ასე რომ უყვარს ზოგიერთ ჩვენს მხატვარს. მითებსა და მათ მართლაც მითიურ ახსნაზე, რომლებსაც თანამედროვენი მისდევენ, სხვაგან ვიტყვი, რადგან მგონია, რომ მითოლოგიის დიდი ნაწილი სხვა კიდევ უფრო ზედაპირულ სიბრტყეზეა. ამ პირველად ხედვაში, სადაც ერთიანი სამყარო ორად იხლიჩება მართლაც უმაღლესი აზრია ჩაქსოვილი. ადამიანი ამ აზრს უფრო ჩაწვდება, თუ მინდორში ზურგზე წამოგორდება და უბრალოდ ცას მიაჩერდება, ვიდრე ფოლკლორის მთელი ბიბლიოთეკის შესწავლით. ის მიხვდება, რას გულისხმობს გამონათქვამი, რომ ცა ჩვენთან უფრო ახლოს უნდა იყოს, ვიდრე ახლაა და იყო კიდეც ერთ დროს, რომ ეს არაა უცხო რამ უფსკრული, არამედ ჩვენთან განშორებულია და გვემშვიდობება. იქნებ იმ უცნაურმა აზრმაც გაუაროს გონებაში, რომ მითის შემქნელი არც იდიოტი იყო და არც სოფლის გიჟი, რომელიც ფიქრობდა, რომ ღრუბელს ყველივით დაჭრის, არამედ რაღაც ისეთის მატარებელია, რასაც ტროგლოდიტს ვერ მიაწერ; და თომას ჰუდიც არ ლაპარაკობდა ტროგლოდიტივით, როდესაც ამბობდა, რომ ხის კენწეროებით ამჩნევს, რომ უფრო შორსაა ცისგან, ვიდრე ბიჭობაში იყო. ასეა თუ ისე, დროის სულის, სატურნის მიერ ცის მბრძანებელი ურანის ტახტიდან ჩამოგდება ამ პოემის ავტორისთვის ალბათ ბევრს მოასწავებდა, მათ შორის პირველი მამობის უკუგდებას. თვით იმ წარმოდგენაში, რომ არსებობდნენ ღვთაებანი ახლანდელ ღვთაებებამდე, ერთი ღმერთის იდეა იკვეთება. ძველი წესრიგის ყველა ხსენება მეტი უბრალოების სულისკვეთებითაა გაჟღენთილი. ეს ვარაუდი ისტორიული დროის მოვლენებითაა გამაგრებული. ღვთაებები, ნახევრადღვთაებები და გმირები ჩვენს თვალწინ ქაშაყივით მრავლდებიან და თითქოს გვეუბნებიან, რომ ამ ოჯახს ერთი დამაარსებელი ჰყავს. მითები უფრო და უფრო რთულდება და თვით ეს გართულება საწყისი უბრალოების მაჩვენებელია. გარეგანი მტკიცებულებებითაც კი, მეცნიერულს რომ ეძახიან, მყარი საფუძველი არსებობს იმ ვარაუდისათვის, რომ ადამიანმა მონოთეიზმით დაიწყო, რომელიც პოლითეიზმად განვითარდა ან გადაგვარდა. თუმცა მე გარეგანზე მეტად შინაგანი სიმართლე უფრო მაინტერესებს, და როგორც უკვე ვთქვი, ის აღუწერელია. იძულებულნი ვართ ვილაპარაკოთ იმაზე, რისი მთელი აზრიც ისაა, რომ მასზე არ ლაპარაკობენ; ჩვენ უცხო ენის ან საუბრის კი არა, უცხო დუმილის თარგმნა გვიწევს.
ვფიქრობ, პოლითეიზმისა და წარმართობის მიღმა უზარმაზარი რამ იმალება და ამ ველურ რწმენებსა თუ ბერძნულ საწყისებში ამის მხოლოდ მინიშნებები გვაქვს. ეს არაა ის, რასაც ჩვეულებრივ ღმერთის ყოფნას ვეძახით, უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ ეს ღმერთის არყოფნაა. თუმცა არყოფნა არ ნიშნავს არარსებობას. როდესაც არმყოფი მეგობრების სადღეგრძელოს ვსვამთ, სულაც არ ვგულისხმობთ, რომ მეგობრები არ გვყავს. ეს სიცარიელეა და არა უარყოფა. ეს ცარიელი სკამივით იმედიანი რამაა. გადაჭარბება იქნება, თუ ვიტყვით, რომ წარმართი ოლიმპოს ზევით ცარიელ ტახტს ხედავდა. ჭეშმარიტებასთან უფრო ახლოა ძველი აღქმის გიგანტური სახე, სადაც წინასწარმეტყველი ღმერთს უკნიდან ხედავს; თითქოს განუზომელმა არსებობამ სამყაროს ზურგი შეაქცია. და აზრი კვლავ დაიკარგება, თუ წარმოვიდგენთ, რომ ეს ისეთივე შეგნებული და ცოცხალი რამ არის, როგორც მოსეს და მისი ხალხის მონოთეიზმი. სულაც არ ვგულისხმობ, რომ წარმართები რამენაირად დათრგუნა ამ იდეამ, თუმც იდეა მართლაც თრგუნავს. პირიქით, სიდიდემ შესაძლებელი გახადა მისი მსუბუქად ტარება, ისე, როგორც ჩვენ ყველა ვატარებთ ცის ტვირთს. როცა ჩიტს ან ღრუბელს ვუცქერთ, შეგვიძლია ცისფერი ფონი დავივიწოთ; შეგვიძლია ცა უგულველვყოთ - შეუმჩნეველია ზუსტად იმიტომ, რომ გამანადგურებელი ძალით მოქმედებს. ასეთი განცდა იქნებ მოუხელთებელიცაა, მაგრამ ჩემთვის - ძალიან ძლიერი წარმართულ ლიტერატურასა და რელიგიაში. ვიმეორებ, ჩვენთვის განსაკუთრებული, საკრამენტალური მნიშვნელობით აქ ღმერთის ყოფნის არარსებობაა, მაგრამ რეალურად არყოფნის არსებობა იგრძნობა. ეს წარმართული პოეზიის განუზომელ სევდაში გამოსჭვივის; ვეჭვობ, მთელ ამ შესანიშნავ ანტიკურ კაცობრიობაში ერთი ადამიანიც კი ყოფილიყო ისეთივე ბედნიერი, როგორც წმ. ფრანცისკი იყო. ეს იგრძნობა ოქროს ხანის ლეგენდაში და იმაშიც, რომ საბოლოოდ თვით ღვთაებანიც კი რაღაც სხვაზე, თუნდაც ბედისწერად გახუნებულ უცნობ ღმერთზე არიან დამოკიდებულნი. ყველაზე მეტად კი ამას იმ უკვდავ წამებში განვიცდით, როდესაც წარმართული მწერლობა ნაკლებად ცოდვილ ძველ დროს უბრუნდება და უფრო პირდაპირი ხმით ლაპარაკობს, რომელსაც ჩვენი მონოთეისტური სიტყვის გარდა ვერაფერს მიუსადაგებ. „მე მივდივარ რომ მოვკვდე, თქვენ კი რჩებით, რომ იცოცხლოთ; მხოლოდ ღმერთმა უწყის, რომელი ჩვენგანი მიდის უკეთესი გზით“- წინადადებაში, რომლითაც სოკრატე ემშვიდობება თავის მსაჯულებს, ვერცერთ სიტყვას, გარდა „ღმერთისა“ ვერ გამოიყენებ. მარკუს აურელიუსის საუკეთესო მომენტებისთვისაც ვერ გამოიყენებ სხვა სიტყვას: „განა ისინი არ ამბობენ, კეკროპთა ძვირფასი ქალაქი და განა შენ არ შეგიძლია თქვა, ღმერთის ძვირფასი ქალაქი?“ ვერც ამ უძლიერეს ტაეპში გამოიყენებ სხვა სიტყვას, ქრისტიანობამდე რომ შეჰღაღადა ჭეშმარიტად ქრისტიანული სინანულით ყველა ტანჯულს ვერგილიუსმა: „თქვენ, ვინც უარეს საშინელებას იტანთ! ღმერთი ამასაც დაუდებს ბოლოს!“
მოკლედ, იყო განცდა, რომ არსებობს რაღაც, რაც ღვთაებებზე უფრო მაღალია. მაგრამ რადგან უფრო მაღალია, უფრო დაშორებულიცაა. სხვანაირი ღვთაებრიობის გამოცანა და პარადოქსი ვერგილიუსმაც კი ვერ ამოხსნა, იმ ღვთაებრივისა, რომელიც მაღალიცაა და ახლობელიც. მათთვის ჭეშმარითად ღვთაებრივი ძალიან დაშორებულია – იმდენად, რომ აზროვნებიდანაც განდევნილია. უბრალო მითებთან ეს სულ უფრო ნაკლებად ინარჩუნებს კავშირს – ამაზე მოგვიანებით ვიტყვი. თუმც ამაშიც გამოუთქმელი აღიარებაა მისი ხელშეუხებელი სიწმინდისა. ებრაელები ამას არ შეურაცყოფდნენ გამოსახულებით, ბერძნები კი წარმოდგენითაც კი. როდესაც ღვთაება სულ უფრო ემსგავსება გარყვნილ ლაზღანდარას, ღმერთის დავიწყება მხოლოდ თაყვანისცემისა და ღვთისმოსაობის აქტია. სხვანაირად რომ ვთქვათ, დროის მთელი სულისკვეთება ისაა, რომ ადამიანმა დაბალი დონე აღიარა და თან სანახევროდ გრძნობდა კიდეც ამას. ამას სიტყვას ძნელად მოუძებნი. ამ ადამიანებმა სხვა თუ არაფერი, დაცემის შესახებ მაინც იცოდნენ; იგივე ითქმის წარმართულ კაცობრიობაზეც. სიმაღლიდან დაბლა დაცემულს ახსოვს დაცემა, ვარდნის სიმაღლეც რომ დაავიწყდეს. მთელი წარმართული სულისკვეთება მეხსიერების ამ მტანჯველი ჩავარდნითაა გამსჭვალული. არსებობს დავიწყებულის მყისიერი გახსენების უნარი. მიწისთვის თვალის გადავლებისას ადამიანთა შორის ყველაზე უბირიც კი ხვდება, რომ ზეცა დაივიწყა. მაგრამ ამ ადამიანებსაც კი შეეძლოთ, როგორც ბავშვობის მოგონებაში, სათქმელის უბრალო ენით თქმა. დროდადრო ვერგილიუსისნაირი რომაელი, ნახსენები სტრიქონის მსგავსად, ხმლის დაკვრასავით მჭრელი ამომღერებით გზას იკაფავდა მითების აბლაბუდაში, ღვთაებათა ჭრელი ბრბო უეცრად თვალს ეფარებოდა და ცაზე მხოლოდ ცის მამა რჩებოდა.
უკანასკნელი მაგალითი ერთობ მნიშვნელოვანია შემდეგი ნაბიჯის გადასადგმელად. თითქოს დაკარგული რიჟრაჟის თეთრი ნათელი კვლავ ანათებს იუპიტერს, პანს თუ ძველ აპოლონს; სავსებით შესაძლებელია, რომ როგორც უკვე ვთქვით, თითოეული ისეთივე ეული ღვთაება იყო ერთ დროს, როგორ იაღვე ან ალაჰი. მათ ეს უნივესალური მარტოობა დაკარგეს ამალგამაციის პროცესში, რომელიც ძალიან ჰგავს იმას, რასაც მოგვიანებით სინკრეტიზმი უწოდეს. წარმართულმა სამყარომ პანთეონის შენებას მიჰყო ხელი. ღვთაებებს ერთიმეორის მიყოლებით იღებდნენ, თან არა მარტო ბერძნულს, არამედ ბარბაროსულსაც; არა მხოლოდ ევროპულს, არამედ აზიურსაც და აფრიკულსაც. საქმე მხიარულად მიდიოდა, თუმც ზოგიერთი აზიური და აფრიკული ღვთაება სულაც არ განაწყობდა სამხიარულოდ. მათ საკუთართან ათანაბრებდნენ, ხშირად აიგივებდნენ კიდეც. ალბათ თვლიდნენ, რომ ეს მათ რელიგიურ ცხოვრებას ამდიდრებს, თუმცა სინამდვილეში მთლიანად ბოლო მოეღო იმას, რასაც ახლა რელიგიას ვუწოდებთ. ეს ნიშნავდა უძველესი უბრალოების ნათების, მზისდარი ერთი წყაროდან რომ მოედინება, წინააღმდეგობრივ შუქჩრდილად და ფერთა აღრევად მინავლებას. ღმერთი ღვთაებებს შესწირეს.
პოლითეიზმი მართლაც ქვაბივითაა, სადაც წარმართები თავიანთ რელიგიებს ერთად ხარშავდნენ. ეს მოსაზრება უმნიშვნელოვანესია ძველ და ახალ წინააღმდეგობებში გასარკვევად. ლიბერალობისა და განათლებულობის ნიშანია იმის აღიარება, რომ უცხო ღმერთი შენივით კეთილია; ეჭვგარეშეა, რომ წარმართებს დიდ ლიბერალობად და განათლებულობად მიაჩნდათ ქალაქის ან კერის ღვთაებად მთებიდან ჩამოსული, ველური და ფანტასტიკური დიონისეს, ან ტყიდან გამომძვრალი ბანჯგვლიანი პანის მიღება. ამ თითქოს უფრო დიდ იდეას იდეათა შორის უდიდესი შეეწირა. ესაა მამობის იდეა, რომელიც სამყაროს აერთიანებს. შებრუნებულის მტკიცებაც ჭეშმარიტებაა: ალბათ ერთი წმინდა სახელის და ქანდაკების თაყვანისმცემელთ ჩამორჩენილ და ცრუმორწმუნე ველურებად თვლიდნენ. თუმცა ამ ცრუმორწმუნე ველურებმა შეინარჩუნეს ის, რაც ბევრად უფრო ახლოსაა კოსმოსურ ძალასთან, როგორც მას ფილოსოფია, ან თუნდაც ბუნებისმეტყველება აღიქვამს. ეს პარადოქსი, რომელიც უხეშ რეაქციონერს წინასწარმეტყველ პროგრესისტად წარმოაჩენს, ძალიან ზუსტია. წმინდა ისტორიული თვალსაზრისით, ის გვიჩვენებს სინათლეს, რომლითაც ერთი პატარა, მარტოხელა ხალხია განათებული. ამ პარადოქსში, როგორც რელიგიურ გამოცანაში, რომლის პასუხი საუკუნეებით იყო დაბეჭდილი, ებრაელთა მისია და მნიშვნელობაა ჩადებული.
ადამიანური თვალსაზრისით სრული სიმართლეა, რომ მსოფლიო ღმერთს ებრაელებს უნდა უმადლოდეს. უმადლოდეს იმას, რასაც ებრაელებს ხშირად აბრალებენ და არც თუ უსაფუძვლოდ. ჩვენ უკვე ვთქვით, რომ ებრაელები ბაბილონი იმპერიის მომიჯნავე პასტორალურ ხალხებს შორის მომთაბარეობით გამოირჩეოდნენ და მათი უცნაურად ცვალებადი სვლაგეზი უკიდურესად ძველი ეპოქის ბნელ ტერიტორიას ცეცხლოვან კვალად ამჩნევია: აბრაამისა და მწყემსი მთავრების ადგილიდან ეგვიპტეში; უკან, პალესტინის ბორცვებისკენ, კრეტელი ფილისტიმელებისაგან მათ დასაცავად; ბაბილონის ტყვეობა და სპარსი დამპყრობლების სიონისტური პოლიტიკის წყალობით მათ მთიან ქალაქში დაბრუნება – ამ გასაოცარ და მოუსვენარ რომანტიკას ბოლო დღესაც არ უჩანს. მთელი ამ ხეტიალის განმავლობაში, განსაკუთრებით მის საწყის ეტაპზე, ისინი მართლაც მსოფლიოს ბედს ატარებდნენ იმ ხის კიდობანით, რომელიც ალბათ უსახურ სიმბოლოს და ნამდვილად უხილავ ღმერთს შეიცავდა. უნდა ითქვას, რომ უსახურობა მისი არსებითი თვისებაა. ზუსტად ისევე, როგორც ქრისტიანული კულტურის მიერ გამოცხადებული შემოქმედებით თავისუფლებას ვაფასებთ, რომელმაც ანტიკური ხელოვნებაც კი დაჩრდილა, გამოსახვის აკრძალვის ებრაული სიმტკიცის უგულებელყოფაც დაუშვებელია. ეს ტიპური მაგალითია შეზღუდვისა, რომელმაც გაფართოება შეინარჩუნა, მსგავსად კედლისა, რომელიც ფართო ღია სივრცის ირგვლივაა აშენებული. რმერთი, რომელსაც არ ჰქონდა ქანდაკება, სულად დარჩა. მის ქანდაკებას ვერ ექნებოდა იმდროინდელი ბერძნული, ან შემდგომი ქრისტიანული ქანდაკების განმაიარაღებელი მადლი და ღირსება. ის ურჩხულთა ქვეყანაში ცხოვრობდა. მოგვიანებით უფრო სრულად განვიხილავთ, რა ურჩხულებია ეს მოლოქი, დაგონი, ან ტანიტი – საშინელი ქალღმერთი. ისრაელის ღვთაებას რომ სახე ჰქონოდა, ეს ფალოსური სახე იქნებოდა. სხეულის მიცემას მისთვის მითის ყველაზე უფრო უარესი ელემენტების - პოლითეიზმის მთელი პოლიგამიის, ზეციური ჰარამხანის მინიჭება მოჰყვებოდა. ხელოვნების ეს უარყოფა შეზღუდვის პირველი მაგალითია, რომელსაც მკაცრად თავად შეზღუდული კრიტიკოსები აკრიტიკებენ. იმავე ყაიდის კრიტიკოსებს უფრო ძლიერი არგუმენტიც აქვთ: ხშირად დამცინავად ამბობენ, რომ ისრაელის ღმერთი მხოლოდ ბრძოლის ღმერთია, „ბარბაროსული უფალი ძალთა,“ სხვა ღმერთების შურიანი მოქიშპე. გაუმართლა სამყაროს, რომ ის ბრძოლის ღმერთი იყო. გაგვიმართლა ჩვენთც, რომ ყველა დანარჩენისთვის მტერი და მოქიშპე იყო! დამეგობრებას ხომ გამანადგურებელი უბედურება მოჰყვებოდა. იოლზე უფრო იოლი იქნებოდა სიყვარულისა და შერიგების ნიშნად ხელების გაშლა, ბაალთან გადახვევა და იშტარის შეთხიპნილი სახის ამბორი; ღმერთებთან დამეგობრების ნადიმით აღნიშვნა; ვარსკვლავური გვირგვინის ინდური პანთეონის სომაში, ოლიმპიურ ნექტარში ან ვალჰალას თაფლუჭში გაცვლა. მისი თაყვანისმცემლებისთვის მარტივი იქნებოდა სინკრეტიზმის განათლებულ გზაზე დადგომა და წარმართულ ტრდიციებთან შერწყმა. მართლაც, ყველა მისი მიმდევარი ამ დაღმართში ჩასრიალდებოდა, რომ არა რამდენიმე შთაგონებული დემაგოგის თითქმის დემონური ენერგია, ერთ ღმერთს რომ ქადაგებდნენ სიტყვით, რომელშიც ახლაც შთაგონებისა და ნგრევის ქარიშხალი იგრძნობა. რაც უფრო მეტად გავერკვევით უძველეს პირობებში, რომლებმაც რწმენის საბოლოო კულტურა ჩამოაყალიბა, მით უფრო უკეთ შევაფასებთ და მეტად დავაფასებთ ისრაელის წინასწარმეტყველთა სიდიადეს. ასეა თუ ისე, ვიდრე მთელი მსოფლიო მითოსის ჩახვეულ კვანძად გამოინასკვა, ეს ღვთაება, რომელსაც ვიწროს და ტომობრივს უწოდებენ, რადგან ზუსტადაც ტომობრივი და ვიწრო იყო, მსოფლიოს პირველად რელიგიას ინარჩუნებდა. ის საკმარისად ტომობრივი იყო, რათა საყოველთაოობა შეენარჩუნებინა. ის ისეთივე ვიწრო იყო, როგორც სამყაროა. არსებობდა პოპულარული წარმართული ღვთაება იუპიტერ-ამონი. არასდროს არსებულა ღვთაება იაღვე-ამონი. არც იაღვე-იუპიტერი არსებულა. ასე რომ ყოფილიყო, მაშინ იაღვე-მოლოქიც იარსებებდა. ბევრად უფრო ადრე, ვიდრე იუპიტერს მისწვდებოდნენ, განათლებული და ლიბერალი ამალგამატორები ძალთა უფალს მონოთეისტური შემქნელისა და მმართველის ყოველგვარ ნიშანს დააკარგავინებდნენ და ყველა ველურ კერპზე უარესს გახდიდნენ; ხომ შეიძლებოდა, რომ ის ტიროსის და კართაგენის ღმერთებივით ცივილიზებული ყოფილიყო? თუ რას მოასწავებდა ეს, შემდეგ თავში ვნახავთ - როგორ ბეწვზე გადაურჩა ევროპა და ჯანსაღი წარმართობა ამ დემონური ძალისაგან განადგურებას. თუმცა მსოფლიოს მომავალი კიდევ უფრო საბედისწეროდ აირეოდა, მოსეს რჯულს მონოთეიზმი რომ ვერ შეენარჩუნებინა. მომდევნო თავში ვეცდები დაგანახოთ, რომ სულაც არ ვარ ცუდად განწყობილი ჯანსაღი წარმართობის მიმართ, რომელმაც თავისი ზღაპრები და მდიდარი წარმოსახვის რელიგიური რომანტიკა შექმნა, თუმცა იმის ჩვენებასაც ვეცდები, რომ ეს ყველაფერი საბოლოოდ მარცხისთვის იყო განწირული; რომ სამყარო დაიღუპებოდა, თუ ვერ მოახერხებდა საყოველთაო ერთი საწყისის დიად და უბრალო იდეასთან დაბრუნებას. ის, რომ ამ პირველადი უბრალოებისგან რაღაც შემოგვრჩა, რომ პოეტებსა და ფილოსოფოსებს კიდევ ძალუძთ საყოველთაო ლოცვა აღავლინონ, რომ დიდ და მშვიდ მსოფლიოში ვცხოვრობთ, ცის ქვეშ, მამობრივი მზრუნველობით რომ გადაჭიმულა ყველა ხალხის თავზე, რომ სიბრძნე და ქველმოქმედება ყველა გონიერი ადამიანის რელიიგიის შემადგენელი ნაწილია – ყველაფერს ამას ერთ მოუსვენარ და გულჩათხრობილ მოხეტიალე ხალხს უნდა ვუმადლოდეთ, ადამიანებს მოშურნე ღმერთის უზენაესი და მშვიდი კურთხევა რომ უბოძა.
ეს უნიკალური მონაპოვარი მიუწვდომელი იყო წარმართთათვის, რადგან აგრეთვე მოშურნე ხალხის მფლობელობაში იმყოფებოდა. ებრაელებს არ სწყალობდნენ, ნაწილობრივ ამ სივიწროვის გამო, რომელიც რომაულმა სამყარომ შეამჩნია. ნაწილობრივ იქნებ იმიტომაც, რომ უკვე ჩვევად ექცათ შრომის ნაცვლად მიმოცვლით თავის გატანა. პოლითეიზმი უკვე ისეთ ჯუნგლად გადაიქცა, სადაც მარტოხელა მონოთეიზმი იოლად დაიკარგებოდა, თუმცა მაინც გასაოცარია, თუ რაოდენ მთლიანად დაიკარგა. გარდა საკამათოსი, ისრაელის ტრადიციაში არის საკითხები, რომლებიც ზოგადსაკაცობრიო კუთვნილებისაა ახლა და შეიძლებოდა ყოფილიყო მაშინაც. მასში ხომ სამყაროს ერთი კოლოსალური ქვაკუთხედი - იობის წიგნია, რომელიც ილიადას და ბერძნულ ტრაგედიებს ეპაექრება და მათზე უფრო მეტადაც კი არის პოეზიისა და ფილოსოფიის ადრეული შეხვედრა და განშორება. საზეიმო და ამღლებული სანახავია ორი მარადიული ბრიყვის, ოპტიმისტისა და პესიმისტის გაბიაბურება დროის გარიჟრაჟზე. ფილოსოფია მართლაც ხვეწს ტრაგიკულ წარმართულ ირონიას; ზუსტად იმიტომ, რომ მონოთეისტურია და ამდენად, უფრო მისტიკური. მართლაც, იობის წიგნი იდუმალებას იდუმალებით პასუხობს. იობს გამოცანებით ანუგეშებენ, და მასაც ნუგეში ეძლევა. აქ წინასწარმეტველების ავტორიტეტულად თქმის მაგალითია, რადგან როცა დაეჭვებული ამბობს „არ მესმის,“ მცოდნეს მხოლოდ შეუძლია უპასუხოს ან გაუმეოროს: „არ გესმის.“ ამ საყვედურიდან უეცარი იმედი გამოსჭვივის – შეგრძნება იმისა, რომ ღირს რაღაცის გაგება. აი ეს მძლავრად მონოთეისტური პოემა დარჩა შეუმჩნეველი ანტიკურ სამყაროს, რომელიც პოლითეისტურმა პოეზიამ აავსო. ეს ნათლად გვიჩვენებს, თუ რამდენად განკერძოებულად იდგნენ ებრაელები და რაოდენ შეურყევლად და გაუზიარებლად ინახავდნენ ტრადიციას. იობის წიგნის ანტიკური აზროვნების გარეთ შენარჩუნება დაახლოებით ისეთივე რამეა, ეგვიპტელებს თავმდაბლობით პირამიდა რომ დაემალათ. თუმცა გაუგებრობისა და ჩიხის ამ განწყობას, რომლითაც წარმართობის მთელი დასასრულია აღბეჭდილი, სხვა მიზეზებიც აქვს. ბოლოსდაბოლოს ებრაული ტრადიცია - თუ პოპულარულ პარადოქსს დავესეხებით – ჭეშმარიტების თუნდაც დიდ, მაგრამ მაინც მხოლოდ ერთ ნახევარს ფლობდა. შემდეგ თავში ვეცდები მოვხაზო ადგილობრივის და პიროვნულის ის სიყვარული რაც მითოსს გასდევს. აქ მხოლოდ ვიტყვი, რომ მასშიც არის ჭეშმარიტება, თუნდაც უფრო მსუბუქი და ნაკლებად არსებითი. იობის მწუხარება ჰექტორისას უნდა შეუერთდეს; მართალია, ერთი სამყარსეულია, მეორე კი ქალაქისაა, მაგრამ ჰექტორიც ზეცისკენაა აღმართული, როგორც წმინდა ტროის სვეტი. როდესაც ღმერთი ქარიშხლიდან ლაპარაკობს, ეს შესაძლოა უდაბნოშიც მოხდეს. თუმცა მომთაბარეთა მონოთეიზმი არ იქნებოდა საკმარისი მინდვრების და ღობეების, გალავნიანი ქალაქების და ტაძრების მრავალფეროვანი ცივილიზაციისათვის. ამას დრო დასჭირდა, რომ ორივე უფრო მწყობრ და შინაურ რელიგიად გაერთიანებულიყო. აქა-იქ, წარმართებშიც გამოერეოდა ბრძენი, რომელიც თეისტურად აზროვნებდა, მაგრამ მას არასდროს ჰქონია, ან უფიქრია, რომ აქვს საკმარისი ძალა მთელი მოსახლეობის ჩვეულებათა შესაცვლელად. თვით ასეთ ფილოსოფიებშიც კი არაა იოლი პოლითეიზმისა და თეიზმის ურთიერთმიმართება დაადგინო. იქნებ ყველაზე ახლოს ამ რთულ საკითხთან რომისგან იზოლირებულ ისრაელზე ბევრად უფრო დაშორებულმა რამემ მიგვიყვანოს. მსმენია, თითქოს ინდუიზმის ერთი გადმოცემით ღვთაებებიც და ადამიანებიც მხოლოდ ბრაჰმას სიზმრებია და მისი გამოღვიძებისას გაქრებიან. არის ამ ზმანებაში რაღაც ნაწილი აზიური სულისკვეთებისა, რომელიც ნაკლებად ჯანსაღია ქრისტიანულტან შედარებით. ჩვენ ამას უიმედობას დავარქმევდით მიუხედავად იმისა, რომ მათთვის ეს იმედია. ნიჰილიზმის ამ ნოტს მოგვიანებით, აზიისა და ევროპის შედარებისას უფრო სრულად განვიხილავ. აქ კი საკარისია ვთქვათ, რომ ღვთაებრივი გამოღვიძების ამ იდეაში მეტი გულგატეხილობა იგრძნობა, ვიდრე ჩვენთვის მითიდან რელიგიაზე გადასვლა გულისხმობს. თუმცა სიმბოლო ერთი თვალსაზრისით ძალიან დახვეწილი და ზუსტია: ის გვიჩვენებს, როგორი დისპროპორციულია მითისა და რელიგიის თვით იდეებიც კი, რა უფსკრული აშორებს ამ ორ კატეგორიას.
შედარებითი რელიგიათმცოდნეობის რღვევას ღმერთის და ღვთაებათა სრული შეუდარებლობა განაპირობებს. შეუდარებლობა ისეთივე ხარისხისაა, როგორც ადამიანსა და მის სიზმარში მოსიარულე ადამიანებს შორის. შემდეგი სათაურის ქვეშ ვეცდები აღვწერო იმ ზმანების დაისი, რომელშიც ღვთაებები ირგვლივ ადამიანებივით დააბიჯებენ. თუ ვინმე მაინც ფიქრობს, რომ მონოთეიზმს პოლითეიზმისგან ის განასხვავებს, რომ ვიღაცას ერთი ღმერთი ჰყავს, სხვას კი რამდენიმეთი მეტი, მისთვის ბევრად უფრო ახლობელი იქნება სპილოსმაგვარი ექსტრავაგანტურობის ბრაჰმანისტულ კოსმოლოგიაში გადაშვება; იქნებ შეიგრძნოს ძრწოლა, რომელიც საგანთა საფარველს, მრავალხელა შემოქმედებს, ტახტზე მჯდომ შარავანდიან ცხოველებს, ვარსკვლავების და ღამის მმართველთა გადახლართულ ქსელს შეიპყრობს, როდესაც ბრაჰმა თვალების გახელას დააპირებს.
No comments:
Post a Comment