პრეისტორიულ
ამბებში
მეცნიერება მოიკოჭლებს, თან
ამას ძნელად
თუ ვინმე ამჩნევს. მეცნიერება,
რომლის თანამედროვე მარგალიტებს
ყველანი ვაფასებთ, წარმატებას
მონაცემთა
დაგროვებით აღწევს. ყველა
პრაქტიკული გამოგონება,
აღმოჩენების
უმრავლესობა
ცდისეული
მასალების დაგროვებას ეფუძნება.
ადამიანის
შექმნაში კი
ცდას ვერ
ჩაატარებ და იმასაც კი
ვერ დააკვირდები,
თუ რას ქმნიდა პირველი ადამიანი.
გამომგონებელმა
აეროპლანის კონსტრუქცია
შეიძლება თავისი
სახლის უკანა ეზოში, ჯოხებისა
და ჯართის გამოყენებით,
ნაბიჯ-ნაბიჯ დახვეწოს,
მაგრამ ევოლუციის დაკარგულ
რგოლს ეზოში
ხომ ვერ დააკვირდები?
გაანგარიშებაში
გაპარულ
შეცდომას
აეროპლანი მიწაზე დანარცხებით
შეასწორებს,
მაგრამ თუ წინაპრის არბორეალურ
საბინადრო გარემოსთან
დაკავშირებით შევცდით,
არბორეალური წინაპრის ხიდან
ჩამოვარდნას ვერ დავინახავთ.
პირველყოფილ ადამიანს კატასავით
ეზოში ვერ დაამწყვდევ
და ვერ დააკვირდები,
მისდევს თუ
არა კანიბალიზმს
და იტაცებს
თუ არა
წყვილს შეუღლებისთვის, ან
რამდენად
მოქმედებს მასზე
ჯოგური ინსტინქტი. ურთიერთობა
წარსულთან,
რომელიც თითქმის მთლიანად
განადგურდა, მხოლოდ საბუთს
შეიძლება
დაეყრდნოს და არა
ცდის შედეგს. საბუთები კი
ძალზე მწირია. ამრიგად, ყველა
მეცნიერება გარკვეული
ტრაექტორიით მოძრაობს, რომლის
მიმართულებას ახალ-ახალი
შედეგები განსაზღვრავს, ეს
კი სწორ ხაზზე გადაადგილდება,
რადგან
არაფერი არ ასწორებს. თუმცა
დასკვნების
გამოტანის ჩვევა, რომელიც
სხვა, უფრო შედეგიან დარგებში
ჩამოყალიბდა,
მასშიც
არანაკლებადაა გამჯდარი.
ეს ჩვევა
ძვლის ერთი
ფრაგმენტის მიხედვით ისეთ
ვარაუდებს
წარმოქმნის, თითქოს
ახალგაკეთებულ
აეროპლანზე
იყოს საუბარი.
შესანიშნავი აეროპლანით
კონსტრუქტორი
ასობით
შეცდომის გამოსწორების
შემდეგ
ტკბება.
პრეისტორიის შემსწავლელს
კი პირველივე საკუთარი
შეცდომით
შეუძლია
დატკბეს. ჩვენ
დამსახურებულად ვაფასებთ
მეცნიერულ
მოთმინებას, მაგრამ
აქ სჯობს
მეცნიერულ
მოუთმენლობაზე ვილაპარაკოთ.
ამ
სიძნელეთა
გამო თეორეტიკოსები ზედმეტ
აჩქარებას იჩენენ. ჰიპოთეზათა
მთელი წყება ხშირად
იმდენად
ნაუცბადევია,
რომ ფანტაზიებს
უფრო ჰგავს და ვერანაირად
ფაქტებით ვერ მყარდება. ყველაზე
უფრო ემპირიული ანთროპოლოგი
ანტიკვარივითაა შეზღუდული:
წარსულის ნატეხს
ეჭიდება და
მომავალში ვერ გადაჰყავს,
ეჭიდება
ისევე, როგორც პირველყოფილი
ადამიანი კაჟის ნატეხს და
ხშირად ზუსტად ისევე ექცევა.
ეს მისი იარაღია, თან ერთადერთი
იარაღი: იქნევს, და თან ისეთი
გამეტებით, რომელიც გაუგონარია
მეცნიერთათვის, რომლებსაც
მეტ ფაქტებსა და ცდისეული
შედეგების
მოგროვებზე
მიუწვდებათ
ხელი. დროდადრო
ძვლიანი პროფესორი ძვლიანი
ძაღლზე
საშიში ხდება. ძაღლს თავის
ძვლისგან
თეორია მაინც არ გამოჰყავს,
თითქოს ადამიანი ძაღლისკენ
ვითარდება ან პირიქით – რომ
მისგან წარმოიქმნა.
მაიმუნს
ვერ დაამწყვდევ, რომ დააკვირდე,
ადამიანად გარდაიქმნება თუ
არა. მიუხედავად ასეთი ევოლუციის
ექსპერიმენტალური დაკვირვების
შეუძლებლობისა, პროფესორს
არ ყოფნის
იმის თქმა
(როგორც ბევრი ჩვენგანი იტყოდა),
რომ ეს
უბრალოდ
შესაძლებელია.
პატარა ძვლის ნატეხსა
თუ ნატეხების პატარა კოლექციაზე
დაყრდნობით
შესანიშნავ დასკვნებს აკეთებს.
იავაზე თავის ქალის ნატეხი
იპოვა,
რომელიც მოხაზულობით ადამიანისაზე
მცირე ზომისაა,
სადღაც იქვე – ბარძაყის ძვალი
და კბილები, რომლებიც ადამიანის
არაა. ეს ფრაგმენტები ერთ
არსებას რომ ეკუთვნოდეს კიდეც,
რაც საეჭვოა, ჩვენი წარმოდგენა
მასზე მაინც არასრული
იქნებოდა.
მიუხედავად ამისა, პოპულარულმა
მეცნიერებამ სრული
და რთული ფიგურა წარმოგვიდგინა,
თმითა და უკანასკნელ დეტალებამდე
დახვეწილი ჩვევებით.
მას სახელიც კი დაარქვეს,
თითქოს ჩვეულებრივ ისტორიულ
პერსონაჟთან გვქონდეს საქმე.
ხალხი პითეკანთროპზე ისე
ლაპარაკობს, როგორც პიტზე,
ფოქსზე და ნაპოლეონზე; პოპულარული
ისტორიის წიგნებში მის
პორტრეტებს აქვეყნებენ, ჩარლზ
პირველის თუ გეორგ მეხუთის
მსგავსად. ნახატი დეტალურია,
შუქჩრდილიანი, თმის
ღერები – სათითაოდ გამოხატული.
ამ გულდასმით
შესრულებული სახის და ჩაფიქრებული
თვალების შემხედვარე ვერავინ
წარმოიდგენს, რომ ეს ბარძაყის
ძვლის, ან
თავის ქალის ნატეხის
პორტრეტია. ასეთივე
დაჯერებულობით ლაპარაკობენ
მის გავლენასა
და ხასიათზე,
თითქოს ამის შესახებ რამე
ვიცოდეთ. ახლახან ერთ ჟურნალში
წავიკითხე, რომ
კუნძულ იავას თანამედროვე
თეთრი მოსახლეობა ცუდად იქცევა
და ამაში საწყალი ბებერი
პითეკანთროპის გავლენა
იგრძნობა. მოსახლეობა რომ
მართებულად ვერ იქცევა, ამის
დაჯერება
არ გამჭირვებია, უბრალოდ
ის ვერ წარმოვიდგინე,
საეჭვო წარმოშობის ძვლის
ნატეხების წაქეზება რაში
დასჭირდა. ასეა
თუ ისე, ეს საეჭვო ძვლები
სრულიად
არასაკმარისია იმ სიცარიელის
შესავსებად, რომელიც
ადამიანს და მის ცხოველურ
წინაპრებს
შორისაა,
თუკი ასეთები
არსებობენ.
ამ ევოლუციური კავშირის
ვარაუდი (რომლის უარყოფასაც
არ ვაპირებ), მართლაც იქცევს
ყურადღებას კავშირის
დამადასტურებელი ნამარხების
არარსებობით.
დარვინმა
ეს გულწრფელად
აღიარა. სწორედ
ასე დაიწყო ტერმინ „დაკარგული
რგოლის“ გამოყენება. თუმცა
დარვინისტთა დოგმატიზმი
დარვინისეული აგნოსტიციზმისთვისაც
კი დაუძლეველი აღმოჩნდა; მათ
სრულიად უგუნურად დაიწყეს
ამ არსებითად ნეგატიური
ტერმინის დადებითი აზრით
დატვირთვა; საუბრობენ დაკარგული
რგოლის საბინადრო გარემოსა
და ჩვევებზე, გეგონება შესაძლებელი
იყოს ამბის წყვეტასთან ან
მსჯელობაში
არსებულ სიცარიელესთან
მეგობრული დამოკდებულება
თუ საუბარი.
გარკვეულ
რელიგიურ თუ ისტორიულ პრობლემებთან
ადამიანის
დამოკიდებულების ამ ჩანახატში
მეტ ადგილს აღარ დავუთმობ
სპეკულაციებს იმაზე, თუ რა
იყო ადამიანი, ვიდრე ადამიანი
გახდებოდა. მისი სხეული
შეიძლება ცხოველური
წარმოშობისაა.
მაგრამ სულის მსგავსი
გარდასახვის შესახებ უმცირესი
ინფორმაციაც კი არ არსებობს.
სამწუხაროდ,
მწერალთა იგივე სკოლა აგრძელებს
მსგავსი ხასიათის მსჯელობას,
როდესაც პირველი ადამიანის
არსებობის დამადასტურებელ
საბუთებს ეხებიან. მკაცრად
უნდა ითქვას, რომ პრეისტორიულ
ადამიანზე არაფერი ვიცით იმ
მარტივი
მიზეზის გამო, რომ ის პრეისტორიულია.
პრეისტორიული ისტორია პირდაპირი
ლოგიკური შეუსაბამობის
მაგალითია. ესაა
უაზრობა, რომლის უფლებასაც
თავს მხოლოდ რაციონალისტი
თუ მისცემს. მღვდელმა რომ
წარღვნამდელი
წარღვნა ახსენოს, ლოგიკას
დაუწუნებენ. ეპისკოპოსმა რომ
ადამზე თქვას პრეადამიტი
იყოო, ცოტა უცნაურად მოგვეჩვენება.
მსგავს შეუსაბამობას ვერ
ვამჩნევთ, როცა სკეპტიკოსი
ისტორიკოსი ისტორიის იმ
ნაწილზე ლაპარაკობს, რომელიც
პრეისტორიულია. საქმე ისაა,
რომ ორივე ამ ტერმინს ცხადი
შემოწმებისა და დეფინიციის
გარეშე იყენებენ, გულისხმობენ
კი იმას, რომ ადამიანის ცხოვრების
კვალი ადამიანურ ამბებზე
უფრო ადრე იწყება და
ამ თვალსაზრისით ვხვდებით,
რომ კაცობრიობა ისტორიას წინ
უსწრებს.
ადამიანური
ცივილიზაცია ადამიანურ
ჩანაწერებზე უფრო
ძველია.
ასეთია გააზრებული დამოკიდებულება
ამ დაშორებულ მოვლენებთან.
ადამიანმა წერის ხელოვნების
ნიმუშებზე უფრო ადრეული, სხვა
ხელოვნების ნიმუშები დატოვა.
თუმცა ნათელია, რომ პირველადი
ხელოვნება ხელოვნებაა, და
სავარაუდოა, რომ პირველადი
ცივილიზაციებიც ყველანაირად
ცივილიზაციები იყო. ადამიანმა
დატოვა ირმის ნახატი, მაგრამ
არ დაუტოვებია მონათხრობი
მასზე ნადირობის შესახებ.
ამიტომაა ის, რასაც მასზე
ვამბობთ, ჰიპოთეზა და არა
ისტორია. თუმცა
მისი ხელოვნება ძალიან
არტისტულია, ნახატი სავსებით
გონიერია და მისი მონათხრობიც,
სავარაუდოდ, გააზრებული
იქნებოდა, უბრალოდ არ ვიცით,
არსებობს თუ არა. მოკლედ,
პრეისტორიული არ ნიშნავს
ველურ და პირუტყვულ პერიოდს,
რომელიც ცივილიზაციას,
ხელოვნებას და ხელობებს
უსწრებს. ის
აღნიშნავს პერიოდს, რომელსაც
არ უკავშირდება ისეთი მონათხრობი,
წაკითხვა რომ შეგვიძლია.
ამაშია მთელი პრაქტიკული
განსხვავება დამახსოვრებასა
და მივიწყებას შორის; სავსებით
შესაძლებელია, რომ მრავალნაირი
ფორმის ცივილიზაციაა მივიწყებული,
ისევე, როგორც მრავალნაირი
ველურობა, და რომ ამ
მივიწყებული თუ ნახევრადმივიწყებული
საზოგადოებრივი ეტაპიდან
მრავალი ბევრად უფრო ცივილიზებული
და ნაკლებად ველური იყო, ვიდრე
დღეს წარმოგვიდგენია. კაცობრიობის
ამ დაუწერელი ისტორიების
შესახებ დასკვნები უკიდურესი
სიფრთხილით უნდა ვაკეთოთ.
სამწუხაროდ, ეჭვი და სიფრთხილეა
უკანასკნელი რამ, რასაც
თანამედროვე კულტურის
თავაშვებული ევოლუციონიზმი
მიმართავს. ეს კულტურა სავსეა
ცნობისმოყვარეობით; ერთადერთი,
რასაც ვერ
უძლებს, აგნოსტიციზმის აგონიაა:
პირველად
დარვინის
ეპოქაში გახდა
ეს სიტყვა
ცნობილი,
ეს
საქმე
კი შეუძლებელი.
პირდაპირ
უნდა ვთქვათ: აქ
უმეცრება უბრალოდ თავხედობითაა
შენიღბული.
განცხადებები იმდენად მარტივად
და თავდაჯერებულად კეთდება,
რომ ადამიანებს
გაბედულება არ ყოფნით, დააკვირდნენ
და დაინახონ,
რომ ისინი არაფრითა არაა გამაგრებული.
პრეისტორიული ტომის ყოფაზე
ერთი მეცნიერული ნაშრომი
გაბედულად
გვაუწყებდა, რომ „მათ ტანსაცმელი
არ ემოსათ.“ ასიდან ერთი
მკითხველი თუ დაფიქრდა, როგორ
გაიგეს, რა ემოსა ხალხს,
რომელთაგან მხოლოდ რამდენიმე
ძვლის და ქვის ნატეხიღა
შემოგვრჩა. ეტყობა ავტორებს
იმედი ჰქონდათ,
რომ ნაჯახთან ერთად ქვის
ქუდსაც იპოვიდნენ ან კლდოვან
შარვალს. ნაკლებად
ოპტიმისტური განწყობის
ადამიანისთვის ნათელია, რომ
ისინი შესაძლოა ატარებდნენ
კიდეც მარტივ სამოსს, ან იქნებ
სამაოდ მორთულსაც, რომლის
კვალი არ დარჩა. ლერწმისგან
და ბალახისგან შეიძლება
დახვეწილი რამ დაწნა, თუმცა
დახვეწილობა მუდმივობას არ
უზრუნველყოფს. ხომ შეიძლება,
რომელიმე ცივილიზაცია ასეთ
ადვილად
განადგურებად საგნებში
ყოფილიყო
დახელოვნებული და
არა, ვთქვათ, არქიტექტურასა
და ქანდაკებაში. ასეთი
სპეციალიზაციის მქონე
საზოგადოებების მაგალითი
მრავლად მოიპოვება. მომავლის
ადამიანი, რომელიც ჩვენს
საქარხნო დანადგარებს ამოთხრის,
ასეთივე გულწრფელობით დაასკვნის,
რომ რკინის გარდა არანაირ
სხვა მასალას
არ ვიცნობდით და ქარხნის
მფლობელი და მმართველი შიშვლები,
ან რკინის ქუდებში და შარვლებში
გამოწყობილები დასეირნობდნენ.
არავინ
ამტკიცებს,
რომ პირველყოფილი ადამიანი
ლერწამს წნავდა ან
შემოსილი დადიოდა. არც
ამის, და არც საპირისპიროს
არანაირი
მტკიცებულება არ გვაქვს. თუმცა
იქნებ ღირდეს,
თვალი
გადავავლოდ იმ მცირეოდენს,
რასაც დანამდვილებით ვიცით,
რომ აკეთებდნენ. ცხადია, რომ
შემოსვის და მორთვის იდეები
მათთან სრულიად
თავსებადია. ჩვენ არ ვიცით
რას რთავდნენ ისინი, არ
ვიცით, ქარგავდნენ თუ არა -
ასეც რომ ყოფილიყო, საეჭვოა,
ამის კვალი დარჩენილიყო.
მაგრამ ვიცით, რომ ხატავდნენ
და მხატვრობა შემორჩა, მასთან
ერთად კი რაღაც, რაც აბსოლუტურია
და უნიკალური, რაც ადამიანს
ეკუთვნის და არაფერს სხვას,
რაც ხარისხითაა განსხვავებული
და არა რაოდენობით. არ
ხატავს მაიმუნი ცუდად და
ადამიანი კარგად. ადამიანს
არ გაუუმჯობესებია მაიმუნის
დაწყებული ხელოვნება. მაიმუნი
ამას არ აკეთებს; მაიმუნს ამის
კეთება არც დაუწყია; მაიმუნს
ამის კეთების დაწყებაც კი არ
უცდია. პირველი, მკრთალი ხაზის
გავლებამდე გარკვეული ხაზი
გადაილახა.
ცნობილი
მწერალი ამბობს, ნეოლითის
პერიოდის გამოქვაბულის
მხატვრობას რელიგიური
დანიშნულება არ ეტყობაო. ამით
თითქმის ამტკიცებს, რომ მათ
რელიგია არ ჰქონდათ.
ვიღაცამ კლდეზე რამდენიმე
ნახატი მოხაზა – არ ვიცით, რა
მოსაზრებით, არ ვიცით, რა
მიზნით, არ ვიცით რა ტრადიციით
თუ რა პირობებში. იქნებ ირმის
დახატვა უფრო ეადვილებოდა,
ვიდრე რელიგიის, იქნებ ეს
რელიგიური სიმბოლო იყო, იქნებ
რელიგიური სიმბოლოები სხვაგან
გამოსახა, ან შეგნებულად
გაანადგურა – ამაზე
დაყრდნობით პრეისტორიული
აზროვნების რეკონსტრუქციაზე
უფრო საჩოთირო საქმე ძნელად
წარმომიდგენია. მას მილიონი
სხვადასხვა რამის გაკეთება
ან არგაკეთება შეეძლო. აქედან
იმის გამოყვანა, რომ მას არ
გააჩნდა რელიგიური სიმბოლო,
ან თუნდაც სიმბოლოების
არარსებობიდან – რელიგიის
არარსებობის მტკიცება გასაოცარი
ლოგიკური ნახტომია. ეს კერძო
შემთხვევა განსაკუთრებული
სიცხადით გვიჩვენებს ასეთი
დასკვნების დაუცველობას,
რადგან ცოტა
ხნის შემდეგ არა მარტო ცხოველთა
ნახატები, არამედ ქანდაკებებიც
აღმოაჩინეს. ზოგიერთი დაზიანებული
იყო - როგორც ამბობენ,
ნაისრალის
კვალი ეტყობოდა. დაზიანებული
გამოსახულებები ცხოველთა
ხოცვის მაგიურ რიტუალს
დაუკავშირეს, მთელი – ნაყოფიერების
მაგიას. მეცნიერული მიდგომის
ეს ორმხრივობა
ღიმილისმომგვრელია.
დაზიანებული გამოსახულება
ერთი ცრურწმენის სამსახურში
ჩააყენეს, დაუზიანებელი –
მეორის. აზრად
არავის მოსვლია, რომ ზამთარში
გამოქვაბულში გამომწყვდეულ
მონადირეს თავი შეიძლება
მიზანში სროლით შეექცია.
რელიგიასთნ დაუკავშირებლობაც
მივიწყებას მიეცა. ამიტომაა
ეს მკითხაობა უაზრო. ეს ირმის
სამიზნეში სროლაზე უფრო
ნაკლებად საინტერესოა – ჰაერში
ისრების სროლას უფრო ჰგავს.
ამ
მოაზროვნეებს ისიც ავიწყდებათ,
რომ თანამედროვე ადამიანიც
სვამს ნიშნებს გამოქვაბულში.
კარსტული
მღვიმეები
ათასგვარი
იეროგლიფებითაა აჭრელებული.
გაივლის დრო, და ეს წარწერები
წარსულის ნაწილი გახდება. და
თუ მომავლის პროფესორები
თანამედროვეთა მსგავსნი
დარჩნენ,
მეოცე საუკუნის წარწერებით
ცოცხალ და საინტერესო დასკვნებს
გააკეთებენ. თუ ამათი ჯიშის
რამე გამეგება და იმ დროისთვის
წინაპართა თვითდაჯერება არ
დაკარგეს, კლდეზე ჰარის
და ჰენრიეტას ამოკაწრული
ორი გადახლართული H-ს
საშუალებით დაასკვნიან: (1)
მეოცე საკუნე არ იცნობდა ბასრ
საკვეთ ისტრუმენტებს და
ქანდაკების ხელოვნებას,
ვინაიდან ასოები ბლაგვი ჯიბის
დანითაა ამოკაწრული. (2) ჩვენი
ცივილიზაცია
მხოლოდ
მთავრულ ასოებს იცნობდა და
გაკვრით ხელწერა ვერ განავითარა.
(3) ჩვენი ენა ადრეული სემიტური
ტიპისაა, და ხმოვან ასოებს
უგულებელყოფს. (4) ჩვენს
ცივილიზაციას არ გააჩნდა
რელიგია, რადგან ინიციალებს
რელიგიურობის არაფერი ეტყობა.
უკანასკნელი
დასკვნა ალბათ ყველაზე უფრო
ახლოა ჭეშმარიტებასთან:
რელიგიურ ცივილიზაციას წესით
ცოტა უფრო მეტი გონიერება
მოეთხოვება.
საყოველთაოდ
გავრცელებულია
აზრი,
რომ რელიგია ძალიან ნელა,
ევოლუციურად ვითარდებოდა
და ერთმა
მიზეზმა
კი არა, რამდენიმეს
თანხვედრამ
განაპირობა. ზოგადად, ამ
კომბინაციის სამი მთავარი
ელემენტია: ტომის ბელადის
შიში (რომელსაც ბ-ნი უელსი
დაუშვებელი ფამილარობით
ბებრად
მოიხსენიებს), სიზმრის ფენომენი
და მოსავალის აღების
მსხვერპლშეწირვითი ასოციაციები,
და გაღვივებული მარცვლით
სიმბოლიზებული აღდგომა.
გაკვრით ვიტყვი, რომ ძალიან
საეჭვოდ მიმაჩნია ფსიქოლოგია,
რომელიც ერთ, ცოცხალ სულისკვეთებას
სამ, უსიცოცხლო და განცალკევებულ
მიზეზს
უკავშირებს.
წარმოიდგინეთ,
რომ ბ-ნი უელსი თავის რომელიმე
ამაღელვებელ ფუტურისტულ
რომანში აღწერს ადამიანთა
შორის გავრცელებულ ახალ, ჯერ
კიდევ უსახელო განცდას,
რომელზეც
პირველი
სიყვარულივით
ოცნებობენ
და
რომლისთვისაც თავს სწირავენ,
როგორც სამშობლოსთვის. ვფიქრობ,
გაგვიკვირდება,
თუ
აგვიხსნის,
რომ ეს
განსაკუთრებული განწყობა
თამბაქოს
წევის, დაბეგვრის გაზრდისა
და სიჩქარის გადაჭარბებით
მიღებული სიამოვნების
ერთობლიობაა. შეუძლებელია
ერთი განცდა წარმოვიდგინოთ,
რომელიც ამ სამს აერთიანებს
ან მოიცავს. ვერც მარცვლეული,
სიზმრები
და შუბიანი
მოხუცი
ბელადი
წარმოქმნიდნენ
რამენაირ
ერთიან
განცდას,
თუ ასეთი
განცდა
უკვე არ არსებობს.
და
თუ არსებობს, ეს მხოლოდ რელიგიური
გრძნობა შეიძლება რომ იყოს,
ეს გრძნობები კი უკვე არსებულის
საწყისი ვერ გახდებოდა. ვფიქრობ,
საღი
აზრი ყველას უკარნახებს, რომ
ასეთი სახის მისტიკური განწყობა
უკვე არსებობდა, როცა მის
შუქზე სიზმარმაც, მეფემაც და
ყანამაც მისტიკური შეფერილობა
შეიძინა, ახლაც რომ თან ახლავს.
თავის
მოკატუნება, თითქოს არ ვიცნობთ
იმას, რაც კარგადაა ნაცნობი,
ხრიკია, საგნებს დაშორებულად
და დეჰუმანიზებულად რომ
წარმოაჩენს - დაახლოებით
ისეთი, რომ თქვა: პრეისტიორიულ
ადამიანს პირის რეგულარული
შუალედებით გაღების და მასში
უცნაური ნივთიერებების
ჩატენვის უცნაური ჩვევა ჰქონდა
– თითქოს ჭამის შესახებ არაფერი
გსმენია. ან კიდევ: ქვის ხანის
საშინელი ტროგლოდიტები
მონაცვლეობით სწევდნენ ფეხებს
მაღლა – თითქოს სიარულზე
არაფერი იცი. თუ ამის მიზანი
მისტიკურ გრძნობასთან შეხებაა,
რათა ჭამისა და სიარულის
სასწაული დაგვანახოს, მაშინ
ეს გამართლებული ფანტაზიაა.
მაგრამ თუ ეს, როგორც აქ,
მისტიკური გრძნობის ჩაკვლას
და რელიგიური სასწაულის მიმართ
ჩვენს დაჩლუნგებას ისახავს
მიზნად, მაშინ ირაციონალური
სიბრიყვეა,
რადგან ცდილობს, გაუგებარი
რამ მოიძიოს განცდაში, რომელიც
ყველასთვის გასაგებია. ვის
არ ესმის, რომ სიზმარი იდუმალი
რამაა და ყოფიერების
ბნელ საზღვართანაა? ან რომ
მცენარეთა სიკვდილი და
გაცოცხლება სამყაროს იდუმალების
ნაწილია? რომ რიდსა და
თანაგრძნობაში, რომლებიც
ტომის სულია, არის რაღაც წმინდა?
და
თუ
მოიძებნება ანთროპოლოგი,
რომელიც ამას ისე აღიქვამს,
როგორც რაღაც დაშორებულს და
გაუგებარს, ისღა დაგვრჩენია,
ამ მეცნიერ ვაჟბატონს ვუთხრათ,
რომ პირველყოფილი ადამიანივით
ფართო და ნათელი
აზროვნება არ გააჩნია. ჩემთვის
ცხადია, რომ მხოლოდ აქტიურ
სულიერებას შეუძლია ესოდენ
განცალკევებულისა და
განსხვავებულისათვის თავის
მოყრა. იმის თქმა, რომ რელიგია
ბელადის პატივისცემისა და
ჭირნახულის აღებისას
მსხვერპლშეწირვის
შედეგია, რთული კონსტრუქციის
ეტლის პრიმიტიული ცხენის წინ
დაყენებაა. იგივეა, რომ ამტკიცო,
თითქოს ხატვის იმპულსი კლდეზე
გამოსახული ირმების ნახვამ
აღძრა, ანუ
ხელოვნება ხელოვნებამ წარმოქმნა.
ასეთივე წარმატებით შეიძლება
ვამტკიცოთ, რომ ის, რასაც
პოეზიას ვუწოდებთ, გარკვეულმა
ჩვეულებებმა წარმოქმნა,
მაგალითად,
გაზაფხულის დადგომასთან
დაკავშირებული
ზეიმისთვის
ოფიციალური ოდის შექმნის
აუცილებლობამ,
ან, მაგალითად,
ყმაწვილი
კაცის
მიერ
გამთენიისას ტოროლას მოსმენის
შემდეგ ქაღალდზე ჩაწერილმა
ანგარიშმა.
მართალია,
ყმაწვილები გაზაფხულობით
პოეტებად იქცევიან ხოლმე;
ისიც მართალია, რომ პოეტს
ვერაფერი დაუშლის ტოროლაზე
წერას, მაგრამ ჯერ პოეტია,
მერე კი ლექსი. პოეზია პოეტური
ფორმიდან ვერ წარმოიქმნება
– იგივეა რომ ვთქვათ, რომ რაღაც
გაჩნდა, მაგრამ უკვე არსებობდა.
ასევეა რელიგიაც – ის ვერ
წარმოიქმნებოდა რელიგიური
ფორმებიდან. იმის აღსაქმელად,
რომ სიზმარსა თუ სიკვდილში
არის რაღაც იდუმალი, ისევე,
როგორც ტოროლას
გალობაში, გარკვეული
სახის გონებაა იყო
აუცილებელი.
ესაა
რაც
დღესაც არსებობს და რასაც
ადამიანის აზროვნებას ვეძახით:
მისტიკოსები დღესაც ფიქრობენ
სიკვდილისა და სიზმრების
იდუმალებაზე, პოეტები კი
დღესაც წერენ გაზაფხულსა და
ტოროლაზე. იოტისოდენა მინიშნებაც
კი არ არსებობს, რომ ეს
მისტიკური ასოციაციები რამე
სხვას უკავშირდებოდეს, გარდა
ადამიანური გონებისა. ტოროლას
მოსმენის შეუდარებელი
შესაძლებლობა ძროხას არანაირ
ლირიკულ იმპულსებს არ აღუძრავს.
უეჭველია, რომ არც ცოცხალი
ცხვარი აქცევს მკვდარს ოდესმე
წინაპართა თაყვანისცემის
დახვეწილ ჩვეულებათა საფუძვლად.
გაზაფხულზე, მართალია, ოთხფეხა
ახალგაზრდობის
ფანტაზია სიყვარულისკენ
შეიძლება მოიმართოს, მაგრამ
რამდენი გაზაფხულიც არ უნდა
დადგეს, საქმე ლიტერატურაზე
ფიქრამდე არ მივა. მართალია,
ძაღლი სიზმრებს ხედავს, მაგრამ
სხვა ოთხფეხათა უმრავლესობას
ესეც არ აქვს და დიდხანს ლოდინი
მოგვიწევს, ვიდრე ძაღლი
სიზმრებიდან დახვეწილ რელიგიურ
ცერემონიას განავითარებს.
მართლაც, უკვე იმდენ ხანია
ვიცდით, რომ ლოდინი შევწყვიტეთ.
ძაღლის სიზმრისგან საეკლესიო
კონსტრუქციიის შექმნას ისევე
ველოდებით, როგორც ფსიქოანალიზის
საფუძველზე მის კვლევას.
მოკლედ ნათელია, რომ ამა თუ
იმ მიზეზით, ეს ბუნებრივი
მოლოდინი ასდროს გასცილებია
და როგორც ჩანს, ვერასდროს
გასცდება ზღვარს, რომელიც
მათ
ხელოვნებასა
თუ რელიგიის მსგავსი შემოქმედებითი
გამოხატვისგან აცილებს. ის,
რომ ძროხამ პარასკეობით
ბალახისაგან იმარხულოს, ან
დაიჩოქოს, როგრორც საშობაო
გადმოცემაშია, ლოგიკურ
წინააღმდეგობას არ შეიცავს.
ასეთი
თვალსაზრისით არც ისაა
შეუძლებელი, რომ ძროხებმა
ბებერი ძროხა დაიტირონ, ან
ძაღლმა იმდენი სიზმრისეული
მასალა დააგროვოს, რომ ცერბერის
საკულტო ტაძარი ააგოს. იქნებ
მისი სიზმრები უკვე იძენს
ისეთ ფორმას, რომ ვერბალური
გამოხატვის სიახლოვესაა.
ყველაფერი ეს ლოგიკურად
წინააღმდეგობრიოვი არაა,
მაგრამ შესაძლებელის მთელი
ალღო, საღ აზრს რომ ვუწოდებთ,
დიდი ხანია გვკარნახობს, რომ
ცხოველები ამ მიმართულებით
არ ევოლუციონირებენ და
არანაირი საფუძველი არ გაგვაჩნია
ვიფიქროთ, თითქოს ცხოველური
გამოცდილება ადამიანურ
მცდელობად ყალიბდება. გაზაფხული,
სიკვდილი და სიზმმარი ხომ
ისეთივე ცხოველური გამოცდილებაა,
როგორც ადამიანური. ერთადერტი
შესაძლო
დასკვნა ისაა, რომ ეს გამოცდილება
რელიგიურის მსგავს განცდას
არსად, გარდა ადამიანის
გონებისა, არ წარმოქმნის.
ამრიგად დავუბრუნდით ფაქტს,
რომ გარკვეული სახის გონება
უკვე არსებობდა, და თანაც
ეულად. ის უნიკალური იყო და
შეეძლო რწმენის შექმნა, ისევე
როგორც მხატვრობის. მასალა
რელიგიისთვის, ისევე როგორც
ნებისმიერი სხვა რამისთვის
რა ხანია არსებობდა,
მაგრამ გონებაში რელიგიის
ძალა აღმოჩნდა.
ადამიანს
უკვე შეეძლო ყველაფერ ამაში
გამოცანის, მინიშნების და
იმედის დანახვა, ახლაც რომ
ხედავს. მას არა მართო ესიზმრება,
არამედ ოცნებობს კიდეც. ის
არა მართო მკვდარს, არამედ
სიკვდილის აჩრდილსაც ხედავს;
ის უკვე შეპყრობილია იმ იდუმალი
მისტიფიკაციით, რომელსაც
სიკვდილი ყოველთვის
დაუჯერებლად
ეჩვენებოდა.
ყველა
ეს ვარაუდი უდაოდ ადამიანს
ეხება და არა სავარაუდო ცხოველს,
რომელიც ადამიანს პირუტყვებთან
აკავშირებს. ამის მიზეზი ისაა,
რომ ეს ცხოველი კი არა, ვარაუდია.
ჩვენ
არ ვიცით, თაყვანს სცემდა თუ
არა პითეკანთროპი
რასმე, რადგან
არ ვიცით, არსებობდა თუ არა.
ეს მოჩვენება იმ უფსკრულის
ამოსავსებადაა გამოძახებული,
რომელიც უეჭველ ადამიანს
უეჭველი მაიმუნებისგან
აცალკევებს. რამდენიმე საეჭვო
ფრაგმენტი ერთად გარკვეული
ფილოსოფიის გასამაგრებლადაა
შეგროვებული; თუმცა
არავის ჰგონია, რომ ეს საკმარისია
თუნდაც ამ ფილოსოფიის შესახებ
რაიმე ფილოსოფიური დასკვნის
გასაკეთებლად. თავის ქალის
ჯავაზე ნაპოვნი ნატეხი რელიგიის
ვერც არსებობას დაადასტურებს
და ვერც არარსებობას. თუკი
ასეთი ადამიანი-მაიმუნი
არსებობდა კიდეც, მას ისეთივე
რიტუალური რელიგია შეიძლებოა
ჰქონოდა, როგორც ადამიანს,
ან ისეთივე მარტივი, როგორც
მაიმუნს. ის შეიძლება მითოლოგიც
ყოფილიყო და მითიც. შესაძლოა
საინტერესოც კი იყოს იმის
კვლევა, არსებობდა თუ არა ეს
მისტიკური თვისება მაიმუნიდან
ადამიანად გარდაქმნისას,
თუკი თავად საკვლევი გარდაქმნა
არსებობს. სხვანაირად რომ
ვთქვათ,
„დაკარგული
რგოლი“ ან
მისტიკური იქნებოდა, ან არა,
დაკარგული რომ არ იყოს. რეალური
ადამიანისგან განსხვავებით
ამ არსების შესახებ არაფერი
ვიცით – იყო თუ არა ადამიანი,
ნახევრადადამიანური არსება
ან საერთოდ არსება. უკიდურესი
ევოლუციონისტებიც კი არ
ცდილობენ რელიგიის წარმოშობა
მას დაუკავშირონ. ის მტკიცებებიც
კი, რომ რელიგია ნელა ვითარდებოდა
უხეში და ირაციონალური
წყაროებიდან, სათავეს ადამიანისგან
იღებს, როდესაც ის უკვე ადამიანია.
მაგრამ მათივე მტკიცებიდანვე
მტკიცდება, რომ ადამიანი,
რომელიც უკვე ადამიანია უკვე
მისტიკოსიცაა. ის უხეშ და
ირაციონალურ ელემენტებს ისე
იყენებს, როგორც ეს მხოლოდ
ადამიანს და მისტიკოსს შეუძლია.
და კვლავ მარტივ ჭეშმარიტებას
ვუბრუნდებით: ოდესღაც, ბევრად
უფრო ადრე, ვიდრე ამ კრიტიკოსების
მზერა წვდება, მოხდა გადასვლა,
რომელზეც ქვებით და ძვლებით
ვერ იმსჯელებ – ადამიანი
ცოცხალ
სულად იქცა.
ისინი,
ვინც რელიგიის წარმოშობას
ასეთნაირად ხსნის, ცდილობენ
ახსნას საეროდ გაექცნენ.
ქვეცნობიერად
გრძნობენ,
რომ ეს
ყველაფერი დაკნინდება, თუ
გაწელავ და მდორე, უხილავ
პროცესად წარმოაჩენ. სინამდვილეში
ეს რეალური გამოცდილების
სრული გაყალბებაა. ესენი ორ,
სრულიად განსხვავებულ საგანს
აერთიანებენ
- ევოლუციური წარმოშობის
შემთხვევით მინიშნებებს და
კაცობრიობის თვითკმარ, მყარ
სხეულს – და
უნდათ ისე წაანაცვლონ, რომ
ერთ ხაზზე მოაქციონ. ეს ოპტიკური
ილუზიაა. ადამიანი არაა
მაიმუნთან თუ „ჯაჭვის დაკარგულ
რგოლთან“ ისეთ მიმართებაში,
როგორც ადამიანთან. შესაძლოა
აქა-იქ, ამ
უზარმაზარ ნაპრალში
არსებობდნენ კიდეც
საშუალედო
არსებები, რომლებიც
ძალიან განსვავდებოდნენ
ადამიანისგან, ან ჩვენგან
ძალიან განსხვავებული ადამიანები
იყვნენ, მაგრამ პრეისტორიული
ადამიანის, გამოქვაბულისა
და ირმის ადამიანის მიმართ
ამის თქმა არცერთი თვალსაზრისით
სწორი არაა. ეს პრეისტორიული
ადამიანი ზედმიწევნით ადამიანია
- ჩვენნაირი ადამიანი, უბრალოდ
მასზე ბევრი არაფერი ვიცით,
რადგან ჩანაწერები არ დაუტოვებია,
მაგრამ რაც ვიცით, ყველაფერი
იმაზე
მეტყველებს, რომ ისეთივე
ჩვეულებღივი ადამიანია,
რომელიც შუასაუკუნოვან მამულში
ან ბერძნულ ქალაქში ბინადრობდა.
ჩვენი,
ადამიანური გადასახედიდან
ვხდებით, რომ ეს ადამიანია.
ცხოველად რომ მიგვეჩნია,
არანორმალურადაც უნდა
ჩაგვეთვალა. ტელესკოპში მეორე
ბოლოდან რომ ჩაგვეხედა, რაც
უკვე არაერთხელ გავაკეთე,
რომ გვეცადა, ადამიანი ცხოველური
სამყაროდან გამოგვეყვანა,
უნდა გვეღიარებინა, რომ
ცხოველთაგან ერთერთი გაგიჟდა.
თუმცა სწორი მხრიდან, ან უფრო
სწორად, შიგნიდან დაკვირვებისას
ვხვდებით,
რომ ეს პირველყოფილი ადამიანი
თავის ჭკუაზეა. ჩვენ
ადამიანურობის
გამოვლინება, სადაც
არ უნდა შევამჩნიოთ
–
ველურებში, უცხოელებში
თუ ისტორიულ პერსონაჟებში
- ისე
გვახარებს, როგორც მასონებს
ერთმანეთის ნახვა.
ყველაფერი,
რასაც პირველყოფილი ლეგენდა
გვიყვება, რაც ველურთა ცხოვრებაზე
ვიცით, გარკვეულ ზნებობრივ
და მისტიკურ იდეას ამაგრებს,
რომლის უზოგადესი სიმბოლო
ტანსაცმელია
-
სამოსელი, რომელსაც ადამიანი
ღვთისმსახურივით ატარებს.
ამ თვალსაზრისით ის გამორჩეულია,
თუნდაც როგორც ცხოველი. სიშიშვლე
მისთვის ბუნებრივი არაა. ეს
არაა მისი სიცოცხლე, ეს უფრო
სიკვდილია, პირდაპირი
მნიშვნელობითაც – სიცივისაგან.
თუმცა ტანსაცმელს ატარებენ
ღირსებისთვის, ზრდილობისთვის
და
მოსართავად
მაშინაც კი, როდესაც ის გასათბობად
აუცილებელი
არაა. ასეთი
პირობითობა
ფართოდ ცვალებადობს დროისა
და ადგილის მიხედვით, ამიტომ
ბევრი ვერ უმკლავდება ამ
მოსაზრებას და საერთოდ უკუაგდებს
ყოველგვარ პირობითობას.
გულწრფელი
გაოცებით დაუღალავად
ამტკიცებენ, რომ ტანსაცმელი
განსხვავებულია ოკეანიასა
და კემდენ ტაუნში, და
ამით გაწბილებულნი ზრდილობის
იდეაზე საერთოდ ხელს იღებენ.
ასეთივე წარმატებით შეიძლება
ამტკიცო, რომ ქუდების ნაირფეროვნება
და ხშირად, ექსცენტრიული
ფორმა, მათ არსებობას ეჭვქვეშ
აყენებს. მალე ალბათ დაუმატებენ,
რომ არც
მზის
დარტყმა
არსებობს და არც სიქაჩლე.
ადამიანი ყველგან და ყოველთვის
გრძნობდა, რომ გარკვეული
ნორმები აუცილებელია პირადულის
გამოცალკევებისა
და დაცვისათვის
ზიზღისა და უხეში გაუგებრობისაგან;
რომ
ფორმის მიუხედავად, ეს ღირსებისა
და ურთიერთპატივისცემის
შენარჩუნებას ემსახურება.
ეს ნორმები მეტნაკლებად სქესთა
შორის ურთიერთობას უკავშირდება,
რაც ორი ფაქტის ილუსტარციაა,
მოდგმის
ისტორიის სათავეში რომაა
მოქცეული.
პირველი ისაა, რომ ცოდვად
დაცემა რეალურად მოხდა. არა
მხოლოდ თეოლოგიურად, არამედ
ისტორიულადაც
ის წარმომავლობაშია ფესვგადგმული.
რაც არ უნდა სწამდეს ადამიანს,
ერთში დარწმუნებულია, რომ
კაცობრიობას რაღაც დაემართა.
ცოდვის
ამ გრძნობის
გამო
სიშიშვლე არაბუნებრივი
გახდა,
ზუსტად ისევე არაბუნებრივი,
როგორიც
კანონების არქონაა. ეს
კიდევ უფრო ძლიერადაა თავმოყრილი
მეორე
ფაქტში, რომელიც
ყველა კანონის დედაც არის და
მამაც და ეფუძნება კიდეც
დედ-მამას – ის, რაც ყველა
ტახტსა და თანამეგობრობასაც
კი წინ უსწრებს.
ესაა
ოჯახი. აქ
კვლავ დაგვჭირდება ნორმალური
თანაზომიერების შენარჩუნება
და დანახვა სხავადასხვა
სახეცვლილებისა და საეჭვოს
მიღმა, მსგავსად ღრუბლებით
გარემოცული მთისა. იქნებ
იმას, რასაც ჩვენ ოჯახს ვუწოდებთ,
გზის გაკაფვა მოუხდა სხვადასხვა
სახის ანარქიასა და დამახინჯებაში,
მაგრამ მათ გადაურჩა და
სავსებით
შესაძლებელია, რომ მათზე ადრე
არსებობდა. როგორც დავინახავთ,
კომუნიზმს
და ნომადიზს
უფორმობა
უფრო ახასიათებს,
თუმცა არაფერი
არ უარყოფს
იმას,
რომ
ფორმა
უფორმობას
შეიძლება წინ უსწრებდეს.
გადამწყვეტი
ისაა,
რომ ფორმა
უფორმობაზე უფრო მნიშვნელოვანია
და კაცობრიობად წოდებულმა
მასალამ ეს ფორმა მიიღო. სქესთან
დაკავშირებულ ჩვეულებებს
შორის განსაკუთრებით საკვირველია
ფართოდ
გავრცელებული კუვადას
სახელით ცნობილი ტრადიცია,
რომლის
მიხედვითაც ახალშობილის
მამას ისე ეპყრობიან, თითქოს
დედა იყოს. ყველა შემთხვევაში
აქ სქესთან მისტიკური
დამოკიდებულება ჩანს, თუმცა
ბევრი ამაში სიმბოლურ აქტსაც
ხედავს, რომლითაც ადამიანი
მამობის პასუხისმგებლობას
კისრულობს. ამ
შემთხვევაში ეს გროტესკული
სიძველე მართლაც რომ ამაღლებულ
ელფერს იძენს, რადგან ესაა
ყოველივე იმის საფუძველი,
რასაც ოჯახს ვუწოდებთ და რაც
ადამიანთა საზოგადოებად
ითვლება. ამ ბნელით მოცულ
საწყისებში ხელის ცეცებით
მიგნებული ზოგიერთი რამ თითქოს
მატრიარქატის სასარგებლოდ
მეტყველებს; მგონი მატრიარქატი
რომ ყოფილიყო, კაცობრიობა კი
არა ქალობრიობა ვიქნებოდით.
ზოგიერთები
თვლიან, რომ მატრიარქატი
უბრალოდ მორალური განუკითხაობაა,
რომელშიც მხოლოდ დედის დადგენა
იყო შესაძლებელი, რადგან მამა
მიმალული და უპასუხისმგებლოა.
შემდეგ დადგა დრო, როდესაც
კაცმა გადაწყვიტა,
საკუთარი
მონაგარი დაეცვა
და
წარემართა. ასე გახდა ის ოჯახის
უფროსი – როგორც პატივცემული
პიროვნება, რომელიც ცდილობს
პასუხისმგებლიანი
იყოს
და არა როგორც ქალების მცემელი
კომბლიანი სახედარი. ეს
ყველაფერი, რა თქმა უნდა,
შესაძლებელია და იქნებ პირველი
ოჯახური ქმედებაა, რომელშიც
კაცი ადამიანურად მოიქცა და
ამდენად, ნამდვილ ადამიანად
იქცა. თუმცა ასევე შესაძლებელია,
რომ მატრიარქატი, როგორც
მორალური განუკითხაობა თუ
რაც არის, მრავალთაგან ერთი
შემთხვევაა იმ საზოგადოებრივი
გახრწნის თუ ველურობისკენ
ჩაცოცების, რომლებიც სავარაუდოდ
ხანგამოშვებით ხდებოდა ხოლმე
პრეისტორიულ ხანაში და ნამდვილად
ხდებოდა ისტორიულში. კუვადას
სიმბოლო,
თუ ეს მართლა სიმბოლოა, შესაძლოა
ერესის დათრგუნვის მოგონებას
უფრო ჰგავს, ვიდრე რელიგიის
წარმოქმნისას. ამ საგნებზე
დაბეჯითებით ვერ ვიმსჯელებთ,
მხოლოდ კაცობრიობის მშენებლობაში
მათ მიერ მიღწეული დიდი შედეგები
შეიძლება დავინახოთ,
თუმცა შეგვიძლია ვთქვათ,
როგორი ყაიდისაა მათგან
უმრავლესის და საუკეთესოს
აგებულება. შეგვიძლია ვთქვათ,
რომ ოჯახი სახელმწიფოს ერთეულია,
ესაა უჯრედი, რომელიც აგებულებას
ქმნის. ოჯახის ირგვლივაა
მართლაც შემოკრებილი ის
სიწმინდენი, ადამიანს
ჭიანჭველისგან და ფუტკრისგან
რომ განასხვავებს. წესიერება
ამ კარვის ფარდაა, თავისუფლება
– ამ ქალაქის ზღუდე, საკუთრება
– ოჯახური მეურნეობა, ღირსება
კი ალამი. კაცობრიობის
ისტორია მუდმივად გვაბრუნებს
მამის, დედის და შვილის
საფუძველთან. უკვე ითქვა, რომ
ამ ამბავს დასაწყებად რელიგიური
თუ არა, სულ მცირე, გარკვეული
ზნეობრივი ან მეტაფიზიკური
წანამძღვრები სჭირდება –
სხვანაირად ადამიანის ამბავი
უაზრო გამოვა. ეს
კი ამ ალტერნატიული აუცილებლობის
ძალიან კარგი მაგალითია. თუ
ჩვენ იმათ არ განვეკუთვნებით,
ვინც ღვთაებრივი სამების
მოხმობით იწყებს, მაშინ
ადამიანური სამების მოხმობა
მოგვიწევს, რადგან ეს სამკუთხედი
სამყაროს თარგში ყველგან
მეორდება.
უზენაესი მოვლენა, რომლისკენაც
მთელი ისტორიაა მიმართული,
სხვა არაფერია, გარდა ამ
სამკუთხედის განახლების და
განმეორებისა. ან იქნებ ეს
ერთი სამკუთხედია, მეორეზე
ისეთნაირად
ზედდებული, რომ მას
კვეთს და წმინდა
ხუთკუთხედს წარმოქმნის,
რომლისაც ჭინკებს
უფრო
ეშინიათ, ვიდრე
მაგიური
პენტაგრამისა.
ძველი
სამება მამა, დედა და შვილია,
და ადამიანური ოჯახი ეწოდება.
ახალს შვილი, დედა და მამა
შეადგენენ და წმინდა ოჯახი
ეწოდება. ის სრულიად
არაა შეცვლილი
თუ
არ ჩავთვლით, რომ სრულიად
შებრუნებულია. ისევე, როგორც
გარდაქმნილი
სამყარო არ შეცვლილა, უბრალოდ
თავდაყირა
დადგა.
No comments:
Post a Comment