"ერთ
შორეულ თანავარსკვლავედში
არსებობს მცირე ზომის ვარსკვლავი,
რომელსაც ასტრონომები ალბათ
ოდესმე აღმოაჩენენ. ყოველ
შემთხვევაში, ასტრონომებისთვის
ან სხვა მეცნიერებისათვის
არასდროს შემიმჩნევია, რომ
უკვე
აღმოაჩინეს, თუმცა სინამდვილეში
მასზე არხეინად დააბიჯებენ.
ეს ვარსკვლავი ძალიან უცნაურ
მცენარეებს და ცხოველებს
წარმოშობს, თუმცა ყველაზე
უფრო უცნაური მაინც მეცნიერია."
ასე
დავიწყებდი მსოფლიოს ისტორიას,
ასტრონომიული სამყაროს
მიმოხილვით
დაწყების მეცნიერულ ტრადიციას
რომ გავყოლოდი. ვეცდებოდი,
დედამიწისთვისაც
კი
გარედან
შემეხედა,
ოღონდ
არა მზის მიმართ მისი გადაღეჭილი
განლაგების გამეორებით,
არამედ წარმოსახვის
ისეთი დაძაბვით, რომელიც მის
დაშორებულ მდებარეობას
დეჰუმანიზებული
დამკვირვებელის
თვალით
დამანახებდა.
თუმცა არ მჯერა, რომ
კაცობრიობის
შესასწავლად დეჰუმანიზაციაა
აუცილებელი.
არც იმ
მანძილებზე
ვაპირებ
მსჯელობას,
მსოფლიო
ჯუჯად
რომ
უნდა
მოგაჩვენოს;
არის რაღაც ვულგარული სულის
ზომით დამცირების ამ იდეაში.
დედამიწის
უცნაურ პლანეტად წარმოჩენის
იდეა მისი
მნიშვნელობის გასაზრდელად
გამოუსადეგარია;
პატარა პლანეტად გადაქცევით
მისი
მნიშვნელობის დაკნინება
და
თავის
დამცირებაც
არ ვარგა.
საერთოდ
ვიცით კი, რომ პლანეტაა?
სამაგიეროდ
ვიცით, რომ ადგილია, და თანაც
ძალიან გამორჩეული. ესა ის
განწყობა,
რომელიც თავიდანვე მინდა რომ
ვიგრძნოთ,
და
არა
ასტრონომიული,
არამედ
ჩვეულებრივი
თვალსაზრისით.
ჩემი
ერთ-ერთი
პირველი ჟურნალისტური
თავგადასავალი გრანტ ალენს
უკავშირდება, რომელმაც დაწერა
წიგნი „ღმერთის იდეის ევოლუცია.“
ბევრად უფრო საინტერესო
იქნებოდა, ღმერთს რომ დაეწერა
წიგნი გრანტ
ალენის იდეის ევოლუციაზე-მეთქი,
შევნიშნე.
რედაქტორმა
ჩემი შენიშვნა მკრეხელობად
ჩათვალა.
ამან
ძალიან
გამამხიარულა: მას
აზრადაც
არ მოსვლია, რომ ნამდვილი
მკრეხელობა სწორედ წიგნის
სათაური იყო. ის
რომ ნორმალურ
ენაზე გადმოგვეთარგმნა,
მივიღებდით: „მე თქვენ გაჩვენებთ,
როგორ მოიკიდა ადამიანებს
შორის ფეხი უაზრო იდეამ, თითქოს
ღმერთი არსებობს.“ ამასთან
შედარებით ჩემი
შენიშვნა მკაცრად ღვთისმოსავი
აღიარება იყო ღვთაებრივი
ნებისა, თუნდაც
ასეთ
ბუნდოვან და ერთი შეხედვით,
უაზრო გამოვლინებაშიც კი.
მაშინ ბევრ რამეს მივხვდი.
მაგალითად იმას, რომ აგნოსტიკური
სახის ასეთ პატივისცემაში
არის წმინდად აკუსტიკური
ელემენტი.
რედაქტორმა
ეს ვერ დაინახა,
რადგან სათაური გრძელი სიტყვით
იწყებოდა და მოკლეთი მთავრდებოდა,
ჩემს შენიშვნაში კი მოკლე
სიტყვა თავში მოექცა
და
ამიტომაც
იმოქმედა შოკისმომგვრელად.
საკმარისია წინადადება
ევოლუციისმაგვარი
გრძელი სიტყვით დაიწყო,
ყველაფერი შეუმჩნევლად
ჩაივლის. იქნებ რედაქტორს
სათაური ბოლომდეც კი არ
წაუკითხავს: ის ხომ ძალიან
დაკავებული კაცი იყო, სათაური
კი - ძალიან გრძელი.
ეს ამბავი
გონებაში სამუდამოდ, იგავივით
აღმებეჭდა. კაცობრიობის
ისტორიის თანამედროვე ნაშრომები
სიტყვა ევოლუციით იწყება,
თვით ევოლუციის მრავალსიტყვიანი
წარმოდგენით და მიზეზი კი
იგივეა, როგორც ჩვენს შემთხვევაში.
არის რაღაც აუჩქარებელი, გლუვი
და სიმშვიდის მომგვრელი
სიტყვაშიც და თვით იდეაშიც,
მიუხედავად იმისა, რომ აქ ვერც
დიდ პრაქტკულ მნიშვნელობას
და ვერც სარფიანობას იპოვით.
ვერავინ წარმოიდგენს, რომ
არაფერი რამედ გადაიქცეს.
ბევრად უფრო ლოგიკურია, თუ
იტყვი: „დასაწყისში ღმერთმა
შექმნა ცა და დედამიწა,“ თუნდაც
მხოლოდ იმას გულისხმობდე,
რომ „დასაწყისში რაღაც
წარმოუდგენელმა ძალამ
წარმოუდგენელი პროცესი
დაიწყო.“ ღმერთი ხომ არსებითად
იდუმალების სახელია და არავის
უფიქრია, რომ ადამიანისთვის
სამყაროს შექმნის წარმოდგენა
უფრო ადვილია, ვიდრე თავად
შექმნა. აი ევოლუცია კი ახსნაში
ერევათ. ძალიან ბევრს ეუფლება
ილუზია, რომ ყველაფერი ესმის
და ეს ევოლუციის მომაკვდინებელი
თვისებაა, ზუსტად ისევე, ბევრს
რომ ჰგონია, რომ მართლა „სახეობათა
წარმოშობა“ წაიკითხა.
მდორეს
და გლუვის შეგრძნება ამ ილუზიის
უმნიშვნელოვანესი ელემენტია,
რაც სრულიად მოკლებულია
ლოგიკას, რადგან არაფერი
ესაქმება საქმის არსთან.
მოვლენის განვითარების
სისწრაფე წვდომასთან კავშირში
არ არის. ადამიანს თუ სასაწაულის
არ სჯერა, არც სწრაფს ირწმუნებს
და არც ნელს. ბერძენი გრძნეული
მეზღვაურს ღორად თითქოს ჯოხის
ერთი დაკვრით აქცევდა. განა
შვებისმომგვრელი იქნება, თუ
ნაცნობ ზღვაოსან ჯენტლმენს
ღორთან მსგავსება თანდათან
განუვითარდება და აპრეხილი
კუდით და ღრუტუნით დაგვირგვინდება?
ეს ხომ უფრო თავზარდამცემი
და და ზებუნებრივია. შუა
საუკუნეების ჯადოქარი იქნებ
კოშკებს შორის დაფრინავდა.
და თუ მოხუცი ჯენტლმენი ჰაერში
ტაატით გაისეირნებს, არა
მგონია ამის გამო ახსნის
აუცილებლობა გაქრეს. მიუხედავად
ყველაფერი ამისა, ისტორიასთან
რაციონალისტურ მიდგომას მთელ
სიგრძეზე გასდევს ეს კურიოზული
და დამაბნეველი იდეა, თითქოს
დროში გადადება-გაჭიმვა და
პროცესების განზავება იდუმალებას
აქრობს ან სიძნელეებს ხსნის.
კონკრეტულ მაგალითებს
მოგვიანებით მრავლად მოვიყვან;
აქ კი უნდა ითქვას, რომ საქმე
ეხება მცდარ განწყობას, რომ
ის რაც ნელია – კომფორტულია.
გეგონება მოხუც ქალზე ვზრუნავდეთ,
ავტომობილით სწრაფი მგზავრობა
რომ ანერვიულებს.
ბ-მა უელსმა
აღიარა, რომ წინასწარმეტყველია
და ამ საკითხში, სამწუხაროდ,
საკუთარი თავისთვის საზიანო.
საინტერესო ისაა, რომ მისი
პირველი ზღაპარი მის უკანასკნელ
ისტორიის წიგნს პასუხობს.
„დროის მანქანამ“ წინასწარ
გაანადგურა დროის უბრალო
ფარდობითობაზე დაფუძნებული
ყველა კომფორტული დასკვნა.
იმ ამაღლებულ კოშმარში გმირი
ხედავს, როგორ იჭრება ცაში
ხე მწვანე რაკეტასავით, როგორ
ვრცელდება მცენარეული საფარი
მწვანე ხანძარივით, როგორ
დაქრის ცაზე მზე მეტეორივით,
და მაინც, მის წარმოდგენაში
სწრაფი მიმდინარეობისას ეს
ყველაფერი არ კარგავს
ბუნებრივობას; ჩვენს წარმოდგენაში
კი ნელი მიმდინარეობაც არ
აკარგვინებს მათ ზებუნებრივობას.
მთავარი ისაა, რატომ ხდება
ეს ყველაფერი საერთოდ. ვისაც
ამ კითხვის არსი ესმის, იცის,
რომ მას ყოველთვის ჰქონდა და
ექნება რელიგიური, უარეს
შემთხვევაში – ფილოსოფიური
ან მეტაფიზიკური ხასიათი.
საეჭვოა, რომ ასეთმა ადამიანმა
სწრაფი ცვლილების თანდათანობითით
ჩანაცვლება ამ კითხვაზე
გაცემულ პასუხად ჩათვალოს.
მოკლედ, ერთსა და იმავე ამბავს
კინოაპარატის სახელურით
ააჩქარებ თუ შეანელებ, არსებითად
არაფერი იცვლება.
პირველადი
არსებობის პრობლემების აღქმას
პირველადი, პრიმიტიული განწყობა
სჭირდება. მინდა მკითხველი
ასეთ გაუბრალოებაზე დავითანხმო.
უბრალოებაში ვგულისხმობ არა
სიბრიყვეს, არამედ სიცხადეს,
რომელიც აღიქვამს იმას, რაც
პირველადია - მაგალითად,
ცხოვრებას და არა ისეთ სიტყვებს,
როგორიცაა ევოლუცია. ამ მიზნით
მართლაც კარგი იქნებოდა დროის
მანქანის სახელურის სწრაფი
დატრიალება, რათა დავინახოთ
ბალახის ზრდა და ხეების ცაში
აჭრა, თუ ეს ყველაფერი შეიკუმშება,
კონცენტრირდება და გაცოცხლდება.
რაც ვიცით, ისაა, რომ ბალახი
და ხეები იზრდება და ბევრი
სხვა უცნაურობაც ხდება: უცნაური
არსებები ჰაერში თავს იმაგრებენ
ფანტასტიკური ფორმის მარაოების
ქნევით; სხვები წყლის უზარმაზარი
სისქის ქვეშ ძლებენ, სხვა
უცნაური არსებები ოთხ ფეხზე
დადიან, ყველაზე საოცარი კი
ორზე დასეირნობს. ეს ისტორიის
საქმეა და არა ფილოსოფიის.
მხოლოდ იმის თქმა თუა საჭირო,
რომ არცერთი ფოლოსოფოსი არ
უარყოფს იმ იდუმალებას, რომელიც
ჯერაც უკავშირდება ამ ორ
უდიდეს გარდატეხას: სამყაროს
წარმოქმნას და თავად სიცოცხლის
პრინციპის წარმომქნას. მესამე
ხიდი მესამე უფსკრულზე გაიდო,
როდესაც სამყაროში გაჩნდა
ის, რასაც გონსა და ნებას
ვეძახით. ადამიანი უბრალო
ევოლუცია კი არა, გადატრიალებაა.
ის, რომ ფრინველთა და თევზთა
მსგავსად ხერხემალი აქვს,
უტყუარი ფაქტია, რასაც არ უნდა
ნიშნავდეს ეს ფაქტი. მაგრამ
თუ ვეცდებით იმის წარმოდგენას,
როგორც ხდება ხოლმე, რომ ეს
უკანა ფეხებზე დამდგარი
ოთხფეხაა, უფრო ფანტასტიკურ
და დამანგრეველ შედეგს მივიღებთ,
ვიდრე თავზე რომ დაგვეყენებინა.
ადამიანის
ამბის შესავლად ერთ მაგალითს
გამოვიყენებ. ის გვიჩვენებს,
თუ რას ვგულისხმობ, როცა ვამბობ,
რომ სამყაროს სიყმაწვილის
დასანახად გარკვეული ყმაწვილური
პირდაპირობა გვმართებს. ის
გვიჩვენებს, თუ რას ვგულისხმობ, როცა
ვამტკიცებ, რომ პოპულარული
მეცნიერებისა და ჟურნალისტური
ჟარგონის ნაზავმა გამოიწვია
ფაქტების ისეთი აღრევა, რომ
ვეღარ ვარჩევთ, რომელია მათგან
პირველადი. ერთადერთი მოხერხებული
ილუსტრაციაა საკმარისი
იმისთვის, თუ რას ვგულიხმობ
მკვეთრ განსხვავებათა დანახვაში,
ისტორიის ფორმირება რომ
მოახდინეს, ნაცვლად იმისა,
რომ თანდათანობითის და მსგავსის
გაუთავებელ განზოგადოებათა
ზღვაში ჩავიძიროთ. მართლაც,
ბ-ნი უელსის ფრაზის არ იყოს,
ისტორიის მონახაზი მართლაც
ძალიან გვჭირდება. ევოლუციურ
ისტორიას კი ბ-ნი მანტალინისა
არ იყოს, მონახაზი არ გააჩნია,
ან ეშმაკმა იცის, როგორი
მონახაზი აქვს. ყველაფერთან
ერთად, ეს მაგალითი იმასაც
გვიჩვენებს, რას ვგულისხმობ,
როცა ვამბობ, რომ რაც უფრო
მეტად ვუყურებთ ადამიანს,
როგორც ცხოველს, მით უფრო
ნაკლებად ვხედავთ მსგავსებას.
დღევანდელი რომანები
და გაზეთები ხშირად ახსენებენ
ხოლმე გამოქვაბულის კაცს. ის
თითქოს ნაცნობი ტიპაჟია –
არა მარტო სოციალური, არამედ
პიროვნულიც. მის ფსიქოლოგიას
სერიოზულად ითვალისწინებენ
ფსიქოლოგიურ პროზაში თუ
მედიცინაში. რამდენადაც
ვხვდები, მისი ძირითადი
საქმიანობა ცოლის ცემა-ტყეპაა
და ზოგადად, ქალებთან ისეთი
მოპყრობა, ფილმების სამყაროში
„მოძალადეს“ რომ ახასიათებს.
არ ვიცი, რომელ პირველყოფილ
დღიურებს თუ განქორწინების
პრეისტორიულ ანგარიშებს
ეფუძნება ეს იდეა; ვერც ამის
ალბათობას ვხედავ a priori. ყოველთვის
ყოველგვარი ახსნის გარეშე
გვიხატავენ სურათს, როგორ
გამუდმებით იქნევს პირველყოფილი
კაცი კომბალს, ძირს დასცემს
ქალს და მიაქანებს. თუმცა
ყველანაირი ცხოველური ანალოგიით,
გაუგებარია, საიდანაა
თავმდაბლობისა და წინააღმდეგობის
ეს ავადმყოფური ნაზავი, რომელიც
აიძულებს „ქალბატონს“
მაინცდამაინც ძირს დასცენ,
ვიდრე თანხმობას მიიღებენ
და გააქანებენ. ვიმეორებ,
გაუგებარია, როდესაც მამრი
ასეთი მოძალადე, მდედრი კი
ასეთი ნაზია. ან რაში სჭირდება
მას ეს ძალადობა, როდესაც
ჟირაფები და ჰიპოპოტამები
ყოველგვარი წინასწარი ჩხუბისა
და აყალმაყალის გარეშე
სიყვარულობენ. იქნებ გამოქვაბულის
კაცი გამოქვაბულის დათვისგან
არაფრით განსხვავდება, მაგრამ
რატომ სჩადის იმას, რასაც
დათვიც კი არ აკეთებს? მოკლედ,
გამოქვაბულის ცხოვრების ამ
დეტალებმა ძალიან დამაინტერესა,
მაგრამ მათი დამადასტურებელი
ვერანაირი საბუთი ვერ მოვიძიე.
საქმე ისაა, რომ ამ
ბედოვლათის შესახებ
ნახევრადმეცნიერული თუ
ლიტერატურული ჭორაობით
დაკავებულ ადამიანებს არ
აინტერესებთ ის ერთადერთი
რამ, რისი ცოდნა მართლაც
ღირებული იქნებოდა: რას აკეთებდა
ის გამოქვაბულში. და ეს მასალა
არსებობს - თუმც მწირი, როგორც
ყველა პრეისტორიული მასალა,
მაგრამ გამოქვაბულის რეალურ,
და არა ლიტერატურულ კომბლიან
ბინადართან დაკავშირებული.
ის, რაც გამოქვაბულშია აღმოჩენილი,
არც საშინელი კომბალია, რომელსაც
ქალის თავში ცემისაგან ნაჭდევები
დააჩნდა; არც გამოქვაბული
აღმოჩნდა სავსე ლურჯწვერას
დახოცილი ცოლების ჩონჩხებით.
მას არაფერი აკავშირებს მთელ
ამ თანამედროვე ფრაზეოლოგიასთან,
ფილოსოფიურ დასკვნებსა და
ლიტერატურულ ჭორებთან, რომლებიც
მხოლოდ დამაბნეველია. და თუ
მართლა გვინდა მზერა მივაწვდინოთ
სამყაროს გარიჟრაჟს, ბევრად
უკეთესი იქნება, თუ ამ აღმოჩენის
ამბავსაც ისევე მარტივად
მოვყვებით, როგორც გმირების
მიერ ოქროს საწმისის თუ
ჰესპერიდების ბაღის პოვნის
ამბავს ყვებიან. მხოლოდ ასე
თუ გამოვაღწევთ წინააღმდეგობრივი
თეორიების ნისლიდან ხასხასა
ფერების და მკვეთრი ხაზების
აისში. ძველი ეპოსის პოეტებმა
ამბის მოყოლა მაინც იცოდნენ
– იქნებ ცოტა გრძლად, მაგრამ
არა დაგრეხილად და დამახინჯებულად,
რათა საუკუნეების შემდეგ
გამოგონილ თეორიებსა და
ფილოსოფიებს როგორმე მორგებოდა.
რა კარგი იქნებოდა, თანამედროვე
მკვლევარებს თავიანთი
აღმოჩენების აღწერა პირველ
მოგზაურთა გაბედული თხრობის
სტილით რომ მოეხერხებინათ,
მთელი ამ გრძელი, ალუზიური
სიტყვების გარეშე, შეუსაბამო
მინიშნებებითა და ვარაუდებით
რომაა სავსე. მაშინ იქნებ
მიმხვდარიყავით, რა ვიცით და
რა არა - თუ გამოქვაბულის კაცზე
არა, გამოქვაბულზე მაინც.
ამას წინ მღვდელი და
ბიჭი ბორცვის ქვაბულში შეძვრნენ
და მიწისქვეშა გვირაბით
იდუმალ კლდოვან ლაბირინთში
შეაღწიეს. იხოხეს ნაპრალებში,
რომლებშიც თხუნელა თუ გაეტეოდა,
ვარდებოდნენ ჭის სიღრმის
ხვრელებში, შვიდჯერ ცოცხლად
დაიმარხნენ აღდგომის იმედის
გარეშე. ეს ასეთი თავგადასავლების
ჩვეულებრივი თანმდევი ამბავია,
მაგრამ არის რაღაც, რაც მას
ჩვეულებრივობას აცილებს და
პირველყოფილი სინათლით
ანათებს. მაგალითად, ის უცნაური
სიმბოლიზმი, რომლითაც ამ
ჩაძირულ სამყაროში მღვდლისა
და ბიჭის შეღწევაა აღბეჭდილი
– ისინი ხომ სამყაროს სიძველესა
და სიახლეს განასახიერებენ.
თუმცა მე ამ ამბავში ბიჭთან
დაკავშირებული სიმბოლიზმი
უფრო მაფიქრებს. ყველას, ვისაც
ბიჭობა ახსოვს, არ სჭირდება
იმის თქმა, თუ რას ნიშნავს
მისთვის პიტერ პენივით ხეთა
ფესვებქვეშ შეღწევა და უფრო
და უფრო ჩაღრმავება, ვიდრე
უილიამ მორისის თქმით, თვით
მთათა ფესვებს არ მიაღწევ.
წარმოიდგინეთ, რომ ამას
უმანკოების შეურყვნელი
რეალიზმი ამოძრავებს, უბრალოდ
ნახვის, და არა დამტვერილ
ჟურნალში შედეგების გამოქვეყნების
სურვილი. რასაც ის ბოლოს ხედავს,
ესაა დღის სინათლეს იმდენად
მოცილებული ქვაბული, რომ
შესაძლოა ლეგენდარული
დომდანიელიც
იყოს, რომელიც ზღვის ფსკერქვეშაა
მოქცეული. ამ იდუმალი,
მრავალსაუკუნოვანი წყვდიადით
მოცულმა კლდოვანმა დარბაზმა
განათებისას კედლის მხატვრობა
გამოაჩინა. კედელზე ცხოველებია
გამოსახული, და არა უბრალოდ
ადამიანის, არამედ ხელოვანის
ხელით. არქაული შეზღუდულობის
მიუხედავად, ისინი გრძელი,
ტალღოვანი ხაზების სიყვარულითაა
აღბეჭდილი, რომლებსაც ნებისმიერი
ადამიანი იცნობს, ვისაც ოდესმა
დაუხატავს ან უცდია, რომ
დაეხატა, და აქ ხელოვანი
ნებისმიერ მეცნიერს გააჩუმებს.
ამ ხაზებში ხელოვანის გაბედული
სულსკვეთება ჭვივის, რომელიც
სიძნელეს კი არ გაურბის, არამედ
ეძებს; ხარ-ირემი მოქმედებაში,
უკან მობრუნებული თავით
დაუხატავს, ნესტოებით კუდისკენ
– ცხენს ხშირად ნახავთ ასეთ
მდგომარეობაში. ბევრ თანამედროვე
ანიმალისტს გაუჭირდება ამის
გამოსახვა. ეს და ათობით სხვა
წვრილმანი გვეუბნება, რომ
ხელოვანი ცხოველებს ინტერესით
და სავარაუდოდ, სიამოვნებითაც
აკვირდებოდა. ამ თვალსაზრისით
ის არა მხოლოდ ხელოვანი, არამედ
ბუნებისმეტყველიცაა – ორონდ
ჭეშმარიტად ბუნებრივი.
უსაგნოა იმაზე მსჯელობა,
რომ ამ გამოქვაბულის განწყობას
არაფერი ესაქმება ჟურნალისტური
გამოქვაბულის ატმოსფეროსთან,
პირველყოფილი ღრიალის უსასრულო
ექოს რომ მოუცავს. წარსულის
ეს კვალი თუ რამეს გვკარნახობს
ადამიანის ხასიათის შესახებ,
ის ადამიანურია - ჰუმანურიც
კი, და ნამდვილად შორსაა იმ
არაადამიანური იდეალისგან,
პოპულარულ მეცნიერებას რომ
შეუთხზავს. როცა რომანისტები,
განმანათლებლები და ფსიქოლოგები
გამოქვაბულის ადამიანზე
გველაპარაკებიან, მას არასდროს
უკავშირებენ იმას, რაც რეალურად
არსებობს გამოქვაბულში.
როდესაც სექს-რომანის ავტორი
წერს: „დაგმარ დაბლდიკის
გონებაში წითელი ნაპერწკლები
როკავდნენ; მან იგრძნო, როგორ
იღვიძებს მასში პირველყოფილი
ადამიანის სულისკვეთება,“
მის მკითხველებს იმედი
გაუცრუვდებათ, თუ დაგმარი
ამის შემდეგ წავა და გამოქვაბულის
კედელზე ძროხას გამოსახავს.
როდესაც ფსიქოანალიტიკოსი
პაციენტს ეუბნება: „თქვენში
ჩამარხული პირველყოფილი
ინსტიქტი უდაოდ მოითხოვს
თქვენგან ძალადობრივი იმპულსის
დაკმაყოფილებას,“ ის ნამდვილად
არ გულისხმობს აკვარელით
ხატვას, ან იმის ღრმა შესწავლას,
როგორ ამოძრავებს თავს საქონელი,
როდესაც ბალახს ძოვს. ჩვენ
ვიცით, რომ პირველყოფილი
ადამიანი ნამდვილად იყო
დაკავებული ამ უწყინარი და
კეთილი საქმით, სამაგიეროდ
არანაირი წარმოდგენა არ
გვაქვს, თუ რამე საშინელებას
სჩადიოდა. სხვანაირად რომ
ვთქვათ, პირველყოფილი ადამიანი,
როგორც მას წარმოგვიდგენენ,
უბრალოდ მითია, უფრო ზუსტად
კი დომხალი, რადგან მითს
წარმოსახვითი სიმართლე მაინც
ახლავს. მთელი თანამედროვე
თხრობა კი გაუგებარი და
თავგზაამბნევია, ყოველგვარ
მეცნიერული საფუძველსაა
მოკლებული და მხოლოდ თანამედროვე
ანარქიული განწყობის გამოსახატავად
თუ გამოდგება. რომელიმე
ვაჟბატონს ქალზე ხელი თუ
ექავება, თავისუფლად შეიძლება
მუტრუკი ვუწოდოთ, პირველყოფილი
ადამიანის მოშველიების
გარეშე, რომელზეც არა ვიცით
რა, გარდა კედელზე დატოვებული
რამდენიმე უწყინარი და
სასიამოვნო ნახატისა.
საქმე
ნახატებსა თუ მათგან გამომდინარე
დასკვნაში არ გახლავთ. ეს
დასკვნა ბევრად უფრო დიდი და
მარტივია, იმდენად დიდი და
მარტივი, რომ შეიძლება ერთი
შეხედვით ბავშვურადაც კი
მოგვეჩვენოს. ის მართლაც
ბავშვურია ამ სიტყვის უზენაესი
მნიშვნელობით და
ამიტომაც ვცდილობ აქ მის
დანახვას ბავშვის თვალებით.
ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი
გამოქვაბულში ბიჭის ყოფნაა
– იმდენად დიდი, რომ მისი
დანახვაც კი ძნელდება. თუ ბიჭი
მღვდლის მრევლიდანაა, შეიძლება
ვივარაუდოთ, რომ საღი აზრის
განვითარებული შეგრძნება
აქვს – იმ საღი აზრისა, რომელიც
ხშირად ტრადიციით გადმოგვეცემა
ხოლმე. თუ ასეა, მას არ გაუჭირდებოდა
ადამიანის ნახელავის ამოცნობა,
მისი პირველყოფილებით
ყოველგვარი გაოცების გარეშე.
ის დაინახავდა მხოლოდ იმას,
რაც არის და არა იმას, რაც
ევოლუციით
გატაცებასა და მოდურ სპეკულაციებს
მოსდევს. ასეთი რამ რომ გაეგო,
ალბათ აღიარებდა, რომ ეს
სპეკულაციები იქნებ მართალიცაა
და არაა არსებულ ფაქტებთან
შეუთავსებელი. ხელოვანის
ხასიათში, შესაძლებელია, სხვა
მხარეც ყოფილიყო, რომელიც
მას თავის ქმნილებაში არ
აღუბეჭდავს. პირველყოფილ
ადამიანს ცხოველების ხატვასთან
ერთად იქნებ ქალების ცემაც
სიამოვნებდა. ჩვენ მხოლოდ
იმის თქმა შეგვიძლია, რომ
ერთის საბუთი არსებობს, მეორის
კი არა. იქნებ პირველყოფილ
ადამიანს უყვარდა ნაკადულის
ხმაურის მოსმენა და მასთან
წყლის დასალევად მისული
ირმების თვალიერება – მას
შემდეგ, რაც საკუთარ დედას
ან ცოლს ფეხქვეშ გაიგდებდა.
ეს ყველაფერი შეუძლებელი კი
არა, შეუსაბამოა. ბავშვის საღი
აზრი ფაქტებით შემოიფარგლებოდა,
ფაქტები კი ლამის მხოლოდ
კედლის მხატვრობაა. ბავშვი
მართებულად იფიქრებდა, რომ
ადამიანმა ცხოველები იმავე
მიზეზით დახატა, რომლის გამოც
თავადაც ცდილობს მათ გამოსახვას.
მან ირემი დახატა, ბავშვი კი
ცხენს ხატავს ხოლმე – იმიტომ,
რომ ეს გასართობია. კაცმა
თავშებრუნებული ირემი დახატა,
ბავშვმა კი თვალებდახუჭული
ღორი – იმიტომ, რომ ეს ძნელია.
კაციც და ბავშვიც ადამიანები
არიან და ადამიანთა საძმოს
შეადგენენ, ადამიანთა ძმობა
კი კიდევ უფრო კეთილშობილია,
თუ არა მხოლოდ განსხვავებულ
ფენებებს შორის, არამედ ეპოქათა
შორის არსებულ უფსკრულსაც
ხიდად გადაევლება. ასეა თუ
ისე, მას ვერ დაანახებთ უმწიფარი
ევოლუციონიზმის პირველყოფილ
ადამიანს, რადგან მისი არსებობის
საბუთს ვერ ნახავთ. ვინმეს
რომ ეთქვა, რომ ყველა ეს ნახატი
წმ. ფრანცისკ ასიზელის დახატულია
და ცხოველთა წმინდა სიყვარულითაა
შთაგონებული, გამოქვაბულში
ამის საპირისპირო არგუმენტს
ვევრავინ მოიპოვებდა.
ერთმა
ქალმა ნახევრადხუმრობით
ივარაუდა, რომ ეს გამოქვაბული
ბაგაა,
სადაც ჩვილებს სათუთად
უვლიდნენ, ფერადი ცხოველები
კი კედლებზე მათ გასართობად
გამოსახეს, ახლანდელ დაწყებით
სკოლაში გამოყენებული
სპილოებისა და ჟირაფების
დიაგრამების მსგავსად. ეს
მხოლოდ ხუმრობაა, მაგრამ
ის გვიჩვენებს, თუ რა ადვილად
ვაკეთებთ უსაფუძვლო ვარაუდებს.
მხატვრობა
იმასაც კი არ ასაბუთებს, რომ
გამოქვაბულის ადამიანი
გამოქვაბულში ცხოვრობდა,
ზუსტად
ისევე, როგორც ბელამში
ღვინის სარდაფის
აღმოჩენა
(დიდი ხნის შემდეგ, რაც მას
ადამიანისა თუ ღვთის რისხვა
გაანადგურებს) არ
გამოდგება იმის საბუთად, რომ
ვიქტორიანული პერიოდის საშუალო
ფენა მიწის ქვეშ ბინადრობდა.
შესაძლოა, გამოქვაბულს, სარდაფის
მსგავსად, რამე საგანგებო
დანიშნულება ჰქონდა. იქნებ
სალოცავი, სამალავი,
ან
საიდუმლო
საზოგადოების თავშეყრის
ადგილი იყო,
ან ნებისმიერი სხვა რამ. თუმცა
მისი მორთულობა ბაგის ვარაუდს
ბევრად უფრო ესადაგება, ვიდრე
ანარქიული მძვინვარებისა
და შიშის კოშმარებისას. ადვილად
წარმოსადგენია ბავშვი,
თანამედროვე თუ დროში განუზომლად
დაშორებული, რომელიც კლდეზე
დახატულ ცხოველს ხელს გადაუსვამს.
ამ მოძრაობაში კი როგორც
მოგვიანებით დავინახავთ,
სხვა გამოქვაბულის
და სხვა ბავშვის წინასწარი
განცდა ილანდება.
ახლა
წრმოვიდგინოთ, რომ ბიჭი
მღვდლის კი არა, პროფესორის
აღზრდილია, თან ერთი იმათთაგანის,
ვისაც
ადამიანსა და ცხოველს შორის
განსხვავება უბრალო
ევოლუციურ ვარიაციამდე
დაჰყავს; რომ
ეს ბიჭი თავს ისე გრძნობს,
თითქოს მაუგლია,
რომელიც ხროვასთან ერთად
დაქრის და სხვა არსებებისგან
მხოლოდ ერთი, უკანასკნელი
ვარიაცია განასხვავებს. რა
გაკვეთილს მიიღებს ის ქვის
ამ დასურათებული, უცნაური
წიგნიდან? მართალია, მან ბევრი
თხარა, ვიდრე არ იპოვა ადამიანის
დახატული ირემი, მაგრამ რა
სიღრმეზე მოუწევს
ჩასვლა, ვიდრე ირმის დახატულ
ადამიანს იპოვის? ეს გაცვეთილ
ჭეშმარიტებად მოგეჩვენებათ,
მაგრამ მასში უზარმაზარი
სიმართლეა. ის შეიძლება
წარმოუდგენელ სიღრმეებს
ჩაწვდეს, შორეული
ვარსკვლავებივით უცნაურ,
ჩაძირულ
კონტინენტებში
ჩაიძიროს, შეაღწიოს სამყაროში,
რომელიც უფრო დაშორებულია
ჩვენგან, ვიდრე მთვარის ბნელი
მხარე; დაინახოს კოლოსალური
ქვის ტერასები თუ ცივი უფსკრულები,
ნამარხებში ბიოლოგიური
სიცოცხლის განადგურებული
დინასტიების კვალს მიაგნოს,
რომლებიც თანმიმდევრული
ქმნილების ნანგრევებს
და განსხვავებულ სამყაროებს
უფრო ჰგავს, ვიდრე ერთის
ისტორიის სტადიებს; ისეთ
ურჩხულებს მიაკვლიოს, რომლებიც
თევზებსა თუ ფრინველებზე
ჩვენი ყოველგვარი წარმოსახვის
საზღვრებს მიღმა, ბრმად
განვითარებულან და
სიცოხლეს უცნაური რქებით,
ენებითა და საცეცებით სინჯავენ
და ეჭიდებიან; მოხვდეს
ფანტასტიკურად კარიკატურული
ბრჭყალების, ფარფლების და
თითების ტყეში – მაგრამ ვერსად
იპოვოს
თითი,
რომელმაც აზრიანი ხაზი გაავლო
ქვიშაზე, ბრჭყალი,
რომელმაც ფორმას ოდნავად
მაინც მიმსგავსებული რამ
ამოკაწრა. მივიწყებულ ეპოქათა
ამ დაუსრულებელ, კოსმოსურ
ვარიაციათა შორის ეს ისევე
წარმოუდგენლად გვიჩანს, როგორც
იმ ცხოველთა და ფრინველთათვის,
გარს რომ გვახვევია. ბავშვისთვის
ეს ისევე დაუჯერებელია, როგორც
კედელზე კატის ამოჩხაპნილი
ძაღლის შურიანი კარიკატურა.
ბავშვური საღი აზრი ყველაზე
ევოლუციონისტ ბავშვსაც კი
დაიცავს ასეთი მოლოდინისგან.
და ყველაფერ ამასთან ერთად,
ის ხედავს ამ უნარს კაცობრიობის
უხეშ და ახალწარმოქმილ
წინაპარში. ნამდვილად გაოცდება
იმით, რომ ესოდენ დაცილებული
ადამიანი მასთან ასე ახლოა,
ესოდენ ახლო მყოფი ცხოველები
კი მისგან ასე შორს. მიუხედავად
გულუბრყვილობისა, მაინც
უცნაურად მოეჩვენება, რომ
ცხოველებში ხელოვნების
საწყისი, ჩანასახოვანი კვალიც
კი არ მოიპოვება. ესაა უმარტივესი
გაკვეთილი, რომელიც ფერადნახატებიანმა
გამოქვაბულმა უნდა გვასწავლოს.
სამწუხაროდ,
ეს გაკვეთილი იმდენად მარტივია,
რომ მისი დასწავლა შეუძლებელია.
მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ
ადამიანი პირუტყვისგან
თვისებრივად განსხვავდება.
საბუთიც
აქვეა: თქმა იმისა, რომ ყველაზე
პრიმიტიულმა ადამიანმა
მოახერხა მაიმუნის დახატვა,
ანბანური ჭეშმარიტებაა, ხოლო
იმისა, რომ ყველაზე განვითარებულმა
მაიმუნმა ადამიანი დახატა
- უკბილო ხუმრობა. აქ ჩანს
გაყოფა და დისპროპორცია,
რომელიც უნიკალურია: ხელოვნება
ადამიანის ხელმოწერაა.
ესაა
ის მარტივი ჭეშმარიტება,
რომლითაც საწყისების ამბავი
უნდა იწყებოდეს. ევოლუციონისტი
კი მიშტერებია გამოქვაბულის
მხატვრობას, რომელიც ზედმეტად
დიდია დასანახად და მარტივი
– გასაგებად. ის ცდილობს,
ათასგვარი ირიბი და საეჭვო
დასკვნა გამოიყვანოს დეტალებიდან,
რადგან მთლიანის პირველად
მნიშვნელობას ვერ ამჩნევს;
უსაფუძვლო თეორიული დასკვნები
რელიგიის არარსებობის თუ
ცრურწმენათა
არსებობის, ტომური მმართველობის,
ნადირობის,
ადამიანის მსხვერპლშეწირვის
და
ღმერთა უწყის, კიდევ
რის
შესახებ. შემდეგ
თავში უფრო დაწვრილებით
განვიხილავ
უკიდურესად საკამათო საკითხს
საკაცობრიო
იდეათა, განსაკუთრებით რელიგიური
იდეის პრეისტორიული წარმომავლობის
შესახებ. აქ გამოქვაბულის
შემთხვევა საწყისი, მარტივი
ჭეშმარიტების სიმბოლოდ
მოვიყვანე. ირმის კაცის შესახებ
მთავარი დასკვნა ისაა, რომ
ირმის კაცს შეეძლო ხატვა,
ირემს კი არა, და
თუ
ირმის
კაცი ისეთივე ცხოველი იყო,
როგორც ირემი, არაჩვეულებრივია,
რომ მას
შეეძლო ის,
რაც
სხვა ცხოველს არ შეუძლია. თუ
ის
ბიოლოგიური პროცესის ჩვეულებრივი
პროდუქტია, ნებისმიერი სხვა
ცხოველივით, მაშინ
მისი
სხვა ცხოველებისაგან
განსხვავებულობა კიდევ უფრო
არაჩვეულებრივი ხდება.
ბუნებრივი
პროდუქტის როლში ის უფრო
ზებუნებრივად გამოიყურება,
ვიდრე ზებუნებრივის.
ეს
ამბავი პლატონივით წარმოსახვითი
გამოქვაბულით იმიტომ დავიწყე,
რომ ის ყოველგვარი ევოლუციური
შესავალის მცდარობას
გვიჩვენებს.
უაზრობაა იმით დაწყება, რომ
ყველაფერი თანდათან, მდორედ
ვითარდება და საქმე უბრალოდ
განვითარების ხარისხსშია,
რადგან ისეთ
უბრალო საკითხშიც კი, როგორიც
ეს ნახატებია, განვითარებისა
და ხარისხის არანაირი კვალი
არ ჩანს. ასე იქნებოდა, ხატვა
მაიმუნს რომ დაეწყო და ადამიანს
დაემთავრებინა, ან პითეკანტროპს
ცუდად, ჰომო საპიენსს კი კარგად
დაეხატა, მაღალი განვითარების
ცხოველებს კი ხატვის ხარისხი
გაეუმჯობესებინათ – ვთქვათ,
ძაღლს რომ თავის საუკეთესო
პერიოდში უკეთესად ეხატა,
ვიდრე ტურად ყოფნისას ან
ველური ცხენი იმპრესიონისტი,
სარბოლო კი პოსტ-იმპრესიონისტი
ყოფილიყო. მხოლოდ ის შეგვიძლია
ვთქვათ, რომ გამოსახვის უნარი
ბუნებაში არსად გვხვდება,
გარდა ადამიანისა, და ამაზე
ვერც კი ვიტყვით რამეს, ვიდრე
ადამიანს ბუნებიდან არ
გამოვაცალკევებთ.
მოკლედ,
ნებისმიერი ჭკვათამყოფელი
ისტორიას
უნდა იწყებდეს ადამიანით,
რომელიც ადამიანია – ცალკე
მდგომი და განსაკუთრებული.
როგორ მივიდა იქამდე, ან
საერთოდ, როგორ მივიდა ყველაფერი
იქამდე,
თეოლოგების, ფილოსოფოსების
და მეცნიერების საქმეა, მაგრამ
არა ისტორიკოსების. ამ
განცალკევებისა
და საიდუმლოს საუკეთესო ტესტი
ხელოვნების იმპულსია. ეს
ქმნილება სხვა ქმნილებათაგან
სრულიად განსხვავებულია,
რადგან ქმნილებაცაა და
შემოქმედიც. ამ თვალსაზრისს
ვერცერთი სხვა ხატი ვერ ერგება,
გარდა ადამიანისა. ეს ჭეშმარიტება
იმდენად ჭეშმარიტია, რომ
რწმენაც რომ არ არსებობდეს,
ის მეტაფიზიკური
ან მორალური პრინციპის ფორმით
უნდა იქნას მიღებული. შემდეგ
თავში ვნახავთ, როგორ მიმართებაშია
ეს პრინციპი ახლანდელ ისტორიულ
ჰიპოთეზებსა და მოდურ ევოლუციურ
ეთიკასთან, ტომობრივ მმართველობასა
და მითოლოგიურ
რწმენასთან. თუმცა დასაწყებად
ყველაზე უფრო მოხერხებული
გამოქვაბულის ადამიანის
მაგალითია. რაღაც მანქანებით
გამოქვაბულის წყვდიადში
ახალი რამ – სარკის მსგავსი
გონება გამოჩნდა. ის სარკის
მსგავსია, რადგან ის ირეკლავს,
რადგან
მხოლოდ მასში ჩანს ყველა სხვა
ფორმა და რადგან ის განუმეორებელია.
სხვა საგნები შეიძლება მას,
ან ერთმანეთს ჰგავდნენ,
აღემატებოდნენ მას, ან ერთმანეთს
ამა თუ იმ ნიშნით – ავეჯის
მსგავსად: მაგიდა შეიძლება
სარკესავით მრგვალი იყოს,
კარადა კი სარკეზე უფრო დიდი,
მაგრამ სარკე ერთადერთია,
რომელიც მათ იტევს. ადამიანი
მიკროსამყაროა; ადამიანი
ყველაფრის საზომია; ადამიანი
ღმერთის ხატია – ესაა ის
ერთადერთი გაკვეთილი, რომელიც
უნდა ვისწავლოთ გამოქვაბულში,
მერე კი გზას გავუდგეთ.
ოღონდ
კარგი იქნება, თუ აქ საბოლოოდ
შევაჯამებთ, რას ვგულისხმობთ,
როცა ვამბობთ, რომ ადამიანი
ერთდროულად გამონაკლისიცაა
და
ყველაფრის საზომიც. იმისთვის,
რომ ადამიანი ისეთნაირად
დავინახოთ, როგორიც არის,
აუცილებელია ისევ
იმ
სიმარტივის შენარჩუნება,
რომელსაც შეუძლია სოფისტიკის
დაგროვილი ღრუბლები განდევნოს.
უმარტივესი სიმართლე კი
ისაა, რომ ადამიანი ძალიან
უცნაური არსებაა – თითქოს
არც კი ეკუთვნის დედამიწას.
ის
უსამართლო
უპირატესობათა
და ასევე უსამართლო ნაკლთა
კრებულია:
მას არ შეუძლია საკუთარ ტყავში
ძილი, არ შეუძლია საკუთარ
ინსტინქტებს ენდოს. სასწაულებრივი
თითებისა და ხელის პატრონი,
ერთდროულად შემოქმედიცაა
და ხეიბარიც: ხელოვნურ სახვევებში
გახვეულა, ტანსაცმელს რომ
ეძახის; ხელოვნურ ყავარჯნებს
ეყრდნობა, ავეჯი რომ ჰქვია.
მის გონებას, საეჭვო თავისუფლებასთან
ერთად, ასეთივე უცნაური
შეზღუდვებიც
ახასიათებს. ცხოველთა
შორის ერთადერთია, სიცილად
წოდებული მშვენიერი სიგიჟე
რომ
აზანზარებს, თითქოს სამყაროს
მოწყობის საიდუმლოს მოჰკრა
თვალი, თავად სამყაროსთვის
რომ დაფარულია. ცხოველთა შორის
ერთადერთს აქვს მოთხოვნილება
გადაერთოს საკუთარ ძირითად
სხეულებრივ საჭიროებათაგან,
დამალოს ისინი, თითქოს რაღაც
უზენაესის
დასწრებას გრძნობდეს, რაც
სირცხვილის საიდუმლოს
წარმოქმნის. ეს ყველაფერი
უნიკალურია, მიუხედავად იმისა,
მოვიწონებთ, როგორც ადამიანისთვის
ბუნებრივს, თუ ვაძაგებთ, როგორც
ბუნებით ხელოვნურს. ეს ყველაფერი
გასაგებია
რელიგიად წოდებულ საყოველთაო
ინსტინქტისთვის,
ვიდრე საქმეში პედანტები,
განსაკუთრებით მარტივი
ცხოვრების მოქადაგე ტვინნაღრძობი
პედანტები არ ერევიან. ყველა
სოფისტზე უფრო სოფისტი ხომ
გიმნოსოფისტია.
არაბუნებრივია,
ადამიანი ბუნებრივი განვითარების
შედეგად ჩავთვალოთ. ჩვეულებრივ
ობიექტად მისი ჩათვლა საღ
აზრს ეწინააღმდეგება. პირდაპირ
ხედვად ვერ ჩაითვლება მისი
ცხოველად დანახვა. ეს არაა
ნორმალური. ეს სინათლესთან
სცოდავს, თანაზომიერების
დღის სინათლესთან, რაც
რეალურის საფუძველია. ამის
მიღწევა მხოლოდ ხელოვნურად,
თითიდან გამოწოვილი მოსაზრებებით,
დაბალი და უმნიშვნელო
თვისებების წინ წამოწევითაა
შესაძლებელი. მზის სინათლეზე
ერთიანად, ყოველი მხრით
დანახული, ის სრულიად სხვანაირად
გამოიყურება. ეს
არაა ისეთი რამ, რაც რაღაცისგან
ბუნებრივად მომდინარეობს.
წარმოვიდგინოთ, რომ განყენებული
გონება აანალიზებს ადამიანამდელ
სამყაროს და ცდილობს,
იწინასწარმეტყველოს მისი
ევოლუციის მიმართულება
და შედეგები. ის ვერაფერს
იპოვის ისეთს, რაც ადამანისნაირ
არაბუნებრივ სიახლეზე
მიანიშნებს. ასეთი გონებისთვის
ადამიანთა მოდგმა ვერ იქნება
ასიდან ერთი ჯოგი, რომელმაც
უფრო ნოყიერ საძოვარს მიაგნო,
ან ასიდან ერთი მერცხალი,
რომელმაც გაზაფხული მოიყვანა.
ის ვერ ჩაეტევა ამ მასშტაბსა
და ამ განზომილებაში. ის საერთოდ
ვერ ჩაეტევა ამ სამყაროში.
ეს უფრო იმას ჰგავს, ასიდან
ერთი ძროხა რომ უცებ მთვარზე
შეხტეს, ან ასიდან ერთმა ღორმა
უცებ ფრთები გამოისხას და
ფრენა დაიწყოს. ეს ის
არაა, საქონელი რომ ახალ
საძოვარს პოულობს, ესაა საქონელი
რომ ფარეხს თავად იშენებს,
მერცხალმა კი ზაფხულის მოყვანის
ნაცვლად საზაფხულო სახლი
ააგოს.
ის, რომ ფრინველი ბუდეს იშენებს,
სწორედ ერთი იმ მსგავსებათაგანია,
რომელიც განსაკუთრებულად
ამძაფრებს განსხვავებულობას.
ბუდის აშენება, იმის
იქით კი - არაფერი. ეს ამტკიცებს,
რომ მას გონება არ გააჩნია,
და
უფრო მეტადაც ამტკიცებს, ვიდრე
არაფრის შენება რომ არ შეძლებოდა.
მაშინ იქნებ
გვეფიქრა, რომ
კვიეტიზმის
ან ბუდიზმის სკოლის ფილოსოფოსია,
ყველაფრის მიმართ გულგრილი,
გარდა შინაგანი გონისა. მაგრამ
რადგან აშენებს ისე, როგორც
აშენებს, და კმაყოფილებით
გალობს, ვგრძნობთ, რომ ჩვენ
შორის უხილავი, მინის კედელივით
ზღვარია, ფანჯრის მსგავსი,
ჩიტი რომ ამაოდ ეხეთქება
ხოლმე. მოდი წარმოვიდგინოთ,
ვითომ
ჩვენმა
განყენებულმა
დამკვირვებელმა
შეამჩნია,
რომ ერთმა ფრინველმა ადამიანივით
შენება დაიწყო; რომ
უკიდურესად შემჭიდროვებულ
დროის მონაკვეთში ბუდის ერთი
სახეობისათვის შვიდი
არქიტექტურული
სტილი განავითარა, რომ ის
გულდასმით არჩევს ორკაპ ტოტებს
და წაწვეტებულ ფოთლებს გოთიკური
ღვთისმოსავობის გამოსახატად,
ხოლო დაღვრემილობისას ფართო
ფოთლებს და
შავ
ტალახს მიმართავს
ბაალისა
და აშთაროთის მძიმე სვეტების
გამოსაყვანად და ბუდეს ბაბილონის
ერთ-ერთ
შეკიდულ ბაღად აქცევს.
წარმოვიდგინოთ, რომ ფრინველი
სხვა, წიგნიერებით თუ პოლიტიკით
სახელგანთქმულ ფრინველებს
თიხისგან ძერწავს და ბუდის
წინ ათავსებს, მოკლედ, ერთი
ჩიტი ათასიდან იწყებს იმ
ათასიდან ერთი საქმის კეთებას,
რომელსაც ადამიანი სამყაროს
გარიჟრაჟზე უკვე
აკეთებდა. დარწმუნებული ვარ,
ჩვენი დამკვირვებელი ასეთ
ფრინველს ევოლუციურ ცვლილებად
კი არა, საშიშ და ავისმომომასწავებელ
ნიშნად აღიქვამს. ეს ფრინველი
მაცნეა
არა იმისა, რომ რაღაც შეიძლება
მოხდეს, არამედ იმისა, რომ
რაღაც უკვე მოხდა. ეს
რაღაც
არის გონება სიღრმის ახალი
განზომილებით – ადამიანის
მსგავსი გონება. ღმერთის
გარდა, ამის განჭვრეტას
ვერანაირი სხვა გონი
ვერ შეძლებდა.
მოდი,
ესეც
ვთქვათ - იოტისოდენა საბუთიც
კი არ არსებობს, რომ ეს ევოლუციის
შედეგია, რომ
ეს გარდაქმნა მდორედ ან
ბუნებრივად მოხდა. მკაცრად
მეცნიერული თვალსაზრისით
წარმოდგენაც კი არ გვაქვს,
როგორ გაიზარდა, გაიზარდა თუ
არა და რა არის ეს საერთოდ.
ქვებისა და ძვლების წყვეტილი
კვალი, ასე თუ ისე, გვაძლევს
საშუალებას ადამიანის სხეულის
განვითარებას თვალი მივადევნოთ.
ადამიანის გონების განვითარების
კვალი ასეთი ბუნდოვანი სახითაც
კი არ არსებობს. აი იქ
ის არაა,
აქ კი უკვე
არის.
არ ვიცით, ეს უცებ მოხდა, თუ
უსასრულოდ დიდი დრო დასჭირდა.
რაღაც მოხდა, და
თან,
როგორც
ჩანს - დროის მიღმა. ამდენად,
ამას არაფერი ესაქმება
ისტორიასთან ჩვეულებრივი
გაგებით. ისტორიკოსმა ეს, ან
ამის მსგავსი რამ, უბრალოდ
უნდა მიიღოს.
ახსნა მისი
საქმე
არაა. მაგრამ თუ ამას ვერ
ახსნი,
როგორც
ისტორიკოსი,
მაშინ ბიოლოგის
როლშიც
უძლური იქნები.
ამაში სამარცხვინო
არაფერია: ისტორიკოსსაც და
ბოლოგსაც რეალობასთან აქვს
საქმე, ეს კი რეალობაა. ფრთიანი
ღორი ან მთვარეზე ამხტარი
ძროხა რომ ენახათ, ხომ
შეურიგდებოდნენ, რადგან
ფაქტია. ასევე უნდა მიიღონ
ადამიანის უცნაურობაც.
სამყაროში, რომელიც ასეთ
უცნაურ გაუგებრობებს წარმოქნის,
სავსებით შესაძლებელია
კომფორტულად იგრძნო თავი,
რადგან რეალობა ისეთი რამაა,
რასაც თავს ვაფარებთ, თუნდაც
გაუგებრად
გვეჩვენებოდეს.
ის არსებობს, და უმრავლესობას
ეს გვაკმაყოფილებს. და თუ
მაინცდანაინც გვინდა ჩავწვდეთ,
როგორ გაჩნდა
აქ, თუ გვინდა ის
სხვა ყველაფერთან ნამდვილად
დავაკავშიროთ, დავინახოთ,
როგორ ვითარდება ის ჩვენს
თვალწინ მისი ახლობელი და
მსგავსი გარემოცვიდან, სულ
სხვა რამ უნდა მოვიმოქმედოთ.
მოგვიწევს
უცნაური მოგონებების ქექვა
და მარტივ სიზმრებთან მიბრუნება,
თუ გვინდა,
რომ ადამიანის
ურჩხულისაგან განსხვავებული
წარმომავლობა დავინახოთ.
მოგვიწევს სრულიად განსხვავებულ
მიზეზთა ძიება,
ვიდრე მისი შექმნის მიზეზს
აღმოვაჩენთ, სხვა
ხელისუფლებისათვის
მიმართვა,
თუ გვინდა, რომ ის
გონივრულ
და საერთოდ, შესაძლებელ არსებად
ვაქციოთ. ეს გზა გადის ერთდროულად
საშინელ, ნაცნობსა და მივიწყებულზე,
თავზარდამცემი
სახეების
ტყესა
და ცეცხლოვან იარაღზე. ადამიანი
შეგვიძლია მივიღოთ, როგორც
ფაქტი, თუ აუხსნელ ფაქტს
დავჯერდებით, შეგვიძლია
ჩავთვალოთ ცხოველად, თუ
ზღაპრულ ცხოველს შევეგუებით.
მაგრამ თუ თანმიმდევრულობას
ვესწრაფით,
მაშინ უნდა
მოვემზადოთ
მოზღვავებული
სასწაულისთვის. მხოლოდ ასე ვაქცევთ ადამიანს
ჩვეულებრივად.
No comments:
Post a Comment