V წარმართობისგან თავის დაღწევა


თანამედროვე მისიონერი, თავის პალმის ფოთლების ქუდითა და ქოლგით დაცინვის სამიზნედ იქცა. ერისკაცებს ამხიარულებთ ის, რომ კანიბალებს მისი შეჭმა არად უღირთ, აცინებთ მისი გონებაშეზღუდულობაც, რომელიც მას აფიქრებინებს, რომ მისი კულტურა კანებალებისაზე უფრო აღმატებულია. ყველაზე სასაცილო კი ალბათ ისაა, რომ ხუმარა ვერ ხვდება, საკუთარ თავს რომ ამასხარავებს. განა სასაცილო არაა, საგანგებოდ რელიგიური დღესასწაულისთვის ქოთანში მოსახარშად და შესაჭმელად გამზადებულ ადამიანს უსაყვედურო, ყველა რელიგიას ერთნაირად კეთილგანწყობილად და ძმურად რომ არ მიიჩნევს? არსებობს უფრო დახვეწილი კრიტიკაც, რომელიც ძველი ყაიდის მისიონერობას უტევს – თითქოს ის წარმართობას ზედმეტად განაზოგადებს და ნაკლებ ყურადღებას უთმობს მუჰამედსა და მამბო-ჯამბოს შორის არსებულ განსხვავებას. ამ საყვედურში ალბათ სიმართლეც არის, განსაკუთრებით წარსულთან მიმართებით, მაგრამ ახლა გადაჭარბება სრულიად საპირისპირო მხარეს ხდება: პროფესორებს დაეუფლათ ნებისმიერი მითის თეოლოგიად მონათვლის ცდუნება; ინტელექტუალები გადაჭარბებული სერიოზულობით აღიქვამენ აზიური უპასუხისმგებლო მეტაფიზიკის უმნიშვნელო ნიუანსებს. ბოლოსდაბოლოს მათ არ სურთ აქვინელის contra gentiles და ათანასეს contra mundum იდეათა ჭეშმარიტების დანახვა.
როცა მისიონერი ამბობს, რომ მისი ქრისტიანობა გამორჩეულია, ყველა სხვა რელიგია კი წარმართულია, ის აბსოლუტურად მართალია. მან ეს შეიძლება არასწორი განწყობით წარმოთქვას, რაც მის განწყობას გაამტყუნებს, მაგრამ ფილოსოფიისა ისტორიის მიუკერძოებელ შუქზე ეს მის აზრობრივ სიმართლეს ვერ დაჩრდილავს. ის შეიძლება არასწორადაა განწყობილი, მაგრამ სიმართლეს ამბობს, იქნებ უმართებულოდაც, მაგრამ მაინც მართალია. გარე სამყარო, რომელშიც მას საკუთარი მრწამსი მიაქვს, ექვემდებარება ასეთ განზოგადებას მთელი თავისი მრავალფეროვნებით, რადგან არაა მისი მრწამსის მსგავსთა კრებული. იქნებ ამპარტავნების და ფარისევლობის გამოვლინებაა ყველაფერ ამის წარმართობად შერაცხვა. იქნებ სჯობდეს კიდეც, ამას უბრალოდ ადამიანობა დავარქვათ. მაგრამ მაინც არსებობს ფართო მახასიათებლები იმისა, რასაც ადამიანობა დავარქვით, ვიდრე ის რჩება იმაში, რასაც წარმართობას ვუწოდებთ. ეს მახასიათებლები არაა მაინცდამაინც ცუდი; ზოგი მათგანი საქრისტიანოს პატივისცემის ღირსია; ზოგი მათგანი ქრისტიანობამ შეითვისა და ფერი უცვალა. მაგრამ ისინი ქრისტიანობამდე არსებობდნენ და ახლაც არსებობენ ქრისტიანობის გარეთ, ისევე ცხადად, როგორც ზღვა არსებობდა ხომალდამდე და არსებობს ხომალდის ირგვლივ. მათი სურნელი ზღვის სურნელივით მძაფრი, საყოველთაო და უტყუარია.
ყველა ჭეშმარიტი სწავლული, რომელიც ბერძნულ და რომაულ კულტურებს იკვლევდა, ერთსა და იმავეს ამტკიცებს: ანტიკურ სამყაროში რელიგია ერთი რამ იყო და ფილოსოფია სულ სხვა რამ; არანაირი ძალისხმევა ღმერთების რეალური რწმენის რაციონალიზაციისა და გააზრებისკენ არ მიმართულა. ფილოსოფოსებს შორის ასეთი რეალური რწმენა არც კი ჭაჭანებდა. თუმცა არც სხვათა დევნის სურვილი თუ შესაძლებლობა ყოფილა, გარდა რამდენიმე კერძო და განსაკუთრებული შემთხვევისა. არცერთი სკოლის ფილოსოფოსს და არცერთი ტაძრის ქურუმს აზრადაც არ გაუვლია, რომ მისი იდეა მთელ სამყაროს სწვდება და ფარავს. კალიდონში არტემიდეს ქურუმი არ იფიქრებდა, რომ ზღვის გადაღმა, ისიდას თაყვანისმცემლები მსხვერპლს მის ნაცვლად არტემიდეს შესწირავდნენ; ნეოპითაგორელთა ვეგეტარიანული წესის მიმდევარ ბრძენს არ ექნებოდა იმის მოლოდინი, რომ ეს წესი საყოველთაო გახდება და ეპიქტეტუსისა და ეპიკურეს მეთოდებს გააძევებს. თუ გნებავთ, ამას ლიბერალობა დავარქვათ – მე არ ვკამათობ, უბრალოდ განწყობებს აღვწერ. ეს ყველაფერი, ვიმეორებ, სწავლულთა მიერაა აღიარებული. თუმცა არც სწავლულს და არც უსწავლელს ალბათ ბოლომდე გააზრებული არ აქვს, რომ ეს აღწერა დღევანდელი არაქრისტიანული ცივილიზაციის ზუსტი აღწერაა - განსაკუთრებით კი აღმოსავლეთის უდიდესი ცივილიზაციის. აღმოსავლური წარმართობა ბევრად უფრო ერთგვაროვანია, ისევე როგორც ანტიკური წარმართობა იყო ბევრად უფრო ერთგვაროვანი, ვიდრე თანამედროვე კრიტიკოსები თვლიან. ერთი ჭრელი სპარსული ხალიჩაა, მეორე კი ორნამენტირებული რომაული ქვაფენილი, მაგრამ ამ ქვაფენილს ერთადერთი რეალური ბზარი ზუსტად შუაში ჯვარცმის მიწისძვრამ გაუჩინა.
აზიაში რწმენის მძებნელი თანამედროვე ევროპელი აზიას საკუთარ რწმენას მიაწერს, რადგან იქ რწმენა განსხვავებული რამაა; ის მეტიცაა და ნაკლებიც. ასეთი ადამიანი ჰგავს რუკის შემდგენელს, რომელიც ზღვას ხმელეთად აღიქვამს, ტალღებს კი მთებად და არ ესმის მისი უცნაური მარადიულობა. რა თქმა უნდა, აზიას აქვს საკუთარი ღირსება, პოეზია და უმაღლესი ცივილიზაცია; თუმცა მას არ გააჩნია ზნეობრივი მმართველობის საკუთარი, განსაზღვრული დომინიონები, სადაც ერგთულებას ზნებრივი დატვირთვა ენიჭება, როგორც ჩვენს შემთხვევაში, როდესაც ვამბობთ, რომ ირლანდია კათოლიკურია, ახალი ინგლისი კი პურიტანული. რუკა არაა რელიგიურად გაფერადებული ჩვენებური ეკლესიური გაგებით. განწყობა ბევრად უფრო მოუხელთებელი, ფარდობითი, იდუმალი და ცვალებადია გველის შეფერილობასავით.
მებრძოლ ქრისტიანს ყველაზე უფრო მუსლიმი უახლოვდება და ამის მიზეზი დასავლური ცივილიზაციის წარმომადგენელთან სიახლოვეა. აზიის გულში მუსლიმი თითქმის ევროპის სულის განსახიერებაა და როგორც სივრცეში დგას მათსა და ევროპას შორის, ასევე დგას მათსა და ქრისტიანობას შორის დროში. ამ თვალსაზრისით ისლამი აზიაში ნესტორიანელობის მსგავსი რამაა. ისტორიული თვალსაზრისით ის აღმოსავლურ ერესებს შორის უდიდესია. მასში არის რაღაც ისრაელის სრულიად იზოლირებული და უნიკალური ინდივიდუალობისგან, თუმცა განუზომლად უფრო მეტი რამაა ბიზანტიისა და ქრისტიანობის თეოლოგიური ენთუზიაზმისგან. მასში ჯვაროსნობისგანაც კი არის რაღაც. ერთადერთი, რისაც მას არაფერი არ სცხია, აზიაა. მას არაფერი ესაქმება უძველესი და ტრადიციული აზიური სამყაროს განწყობასთან, მისი ჩახლართული ადათებითა და უძირო თუ თავგზაამბნევი ფილოსოფიებით. ერთადერთი, რაც უძველესმა და ნამდვილმა აზიამ იგრძნო ისლამის შესვლისას უცხოს, დასავლურის და საომარის განცდაა, შუბივით რომ ეძგერა.
იქაც კი, სადაც შესაძლებელია აზიურ რელიგიათა დომენების წყვეტილი ხაზებით მონიშვნა, ჩვენ მათ ალბათ მაინც საკუთარი რელიგიის დამახასიათებელ დოგმატიკურ და ზნეობრივ დატვირთვას მივაწერთ, იმ ევროპელივით, რომელიც ამერიკულ განწყობას არ იცნობს და ყველა შტატს ცალკე სუვერენულ სახელმწიფოდ წარმოიდგენს, საფრანგეთივით თუ პოლონეთივით პატრიოტულად გულანთებულს. დაახლოებით ასეთივე რამაა იანკის მშობლური ქალაქის მიმართ გულთბილი დამოკიდებულება ანტიკური რომის ან ათენის მოქალაქის განწყობას რომ შევადაროთ. როგორც ეს ევროპელი მიაწერს გარკვეული სახის ერთგულებას ამერიკას, ასევე მივაწერთ ჩვენც გარკვეული სახის ერთგულებას აზიას. იქ არსებობს სხვა სახის ერთგულება, მაგრამ არა ისეთი, რომელსაც დასავლეთში ადამიანი გულისხმობს, როდესაც მორწმუნეა, როდესაც ცდილობს იყოს ქრისტიანი, იყოს პროტესტანტი ან კათოლიკე. ინტელექტუალურ სამყაროში ეს ბევრად უფრო ბუნდოვანი, ეჭვითა და მსჯელობით დატვირთული რამაა, ზნეობის სამყაროში კი უფრო თავისუფალი და დენადი. ჩვენი ერთ-ერთი უდიდესი უნივერსიტეტის სპარსულის პროფესორმა, აღმოსავლეთის დაუოკებელი ტრფიალი ლამის დასავლეთის ზიზღში რომ გადასდის, ერთ ჩემს მეგობარს უთხრა: თქვენ ვერასდროს ჩაწვდებით აღმოსავლურ რელიგიებს, რადგან ისინი თქვენთვის მუდამ ზნეობასთან კავშირში მოიაზრება, ამათ კი ზნეობასთან არაფერი ესაქმებაო. უმეტესობა ჩვენთაგანი იცნობს უმაღლესი სიბრძნის ოსტატებს, ხელისუფლებისკენ მიმავალი ბილიკის პილიგრიმებს – ამ აღმოსავლური ეზოთერიზმის წმინდანებსა და მჭვრეტელებს ზნეობასთან მართლაც არაფერი ესაქმებათ. რაღაც განსხვავებული, დაშორებული და უპასუხისმგებლო დაჰკრავს აზიის ზნეობრივ ატმოსფეროს, თვით ისლამისასაც კი. ეს ატმოსფერო რეალისტურადაა დაჭერილი “ჰასანში” და საკმაოდ საშინლადაც წარმოგვიდგება. ასეთი თვალის შევლებისას კიდევ უფრო ცოცხლად ვგრძნობთ აზიის ნამდვილი და უძველესი კულტების განწყობას. მეტაფიზიკის სიღრმეზე უფრო ღრმად, მისტიკური მედიტაციის უფსკრულში, სულიერების მთელი სამყაროს ქვეშ, იდუმალი, ხელშეუვლები და საშინელი ქარაფშუტობაა. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რას აკეთებს. იმის გამო, რომ ეშმაკის არსებობა არ სჯერათ, თუ იმის გამო, რომ სჯერათ ბედისწერის არსებობა, ან იქნებ იმიტომ, რომ გამოცდილება აქ ყველაფერია, მარადული სიცოცხლე კი სრულიად განსხვავებული, რაღაც მიზეზით ისინი სრულიად განსხვავებულები არიან. სადღაც ამოვიკითხე, რომ სამმა დიდმა მეგობარმა შუასაუკუნოვან სპარსეთში აზროვნების ერთიანობით გაითქვა სახელი. ერთი დიდი მეფის პატივცემული და პასუხისმგებელი ვეზირი გახდა, მეორე - მგოსანი ომარი, პესიმისტი და ეპიკურეელი, მუჰამედს ღვინის სმით დასცინოდა, მესამე კი, მთის მოხუცი, საკუთარ ხალხს ჰაშიშით აგიჟებდა, სხვები რომ ხანჯლებით ეხოცათ. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რას აკეთებს.
სულთანი ჰასანში სამივე ამ ადამიანს გაუგებდა; არსებითად ის სამივე ეს ადამიანია. თუმცა ასეთ უნივერსალურ ადამიანს არ შეიძლება გააჩნდეს ის, რასაც ჩვენ ხასიათს ვუწოდებთ. ამას ქაოსს ვეძახით. მას არ შეუძლია აირჩიოს, არ შეუძლია იბრძოლოს, არ შეუძლია შეინანოს, არ შეუძლია ჰქონდეს იმედი. ის ვერ ქმნის, რადგან ქმნილება უარყოფაა. ის არ ქმნის, ჩვენი რელიგიური გაგებით, საკუთარ სულს. გადარჩენის ჩვენი დოქტრინა სინამდვილეში გულისხმობს შრომას მსგავსად მოქანდაკისა, რომელიც ცდილობს მშვენიერი ქმნილება – ფრთიანი გამარჯვება შექმნას. ამისთვის საბოლოო არჩევანია გასაკეთებელი, რაგან ქანდაკებას ვერ შექმნი, თუ ქვა არ უკუაგდე. აზიური მეტაფიზიკა მართლაც ზნეობის გარეთ დგას. მიზეზი ისაა, რომ ამ წარმოუდგენელი საუკუნეების განმავლობაში არაფერი ყოფილა ისეთი, რაც ადამიანის გონებას მძაფრი არჩევანის წინაშე დააყენებდა. გონება დიდხანს ცხოვრობდა მარადისობაში. სული ზედმეტად უკვდავი იყო იმ თვალსაზრისით, რომ ის არ ცნობს მომაკვდინებელი ცოდვის იდეას. მას ზედმეტი უკვდავება ჰქონდა, რადგან არ იცნობს სასიკვდილო საათს და განკითხვის დღეს. ის არ იცნობს გადამწყვეტს - ის არ იცნობს ჯვარს. ამას ვგულისხმობთ, როცა ვამბობთ აზიაზე, რომ ძალიან მოხუცია. თუმცა, მკაცრად თუ განვსჯით, ევროპა იგივე ასაკისაა; მართლაც, ყველა ადგილი ისეთივე ძველია, როგორც ნებისმიერი სხვა. ვგულისხმობთ იმას, რომ ევროპას არ გაუგრძელებია დაბერება, ის ხელახლა დაიბადა.
აზია მთელი კაცობრიობაა, რომელმაც საკუთარი ადამიანური ბედი თავად განსაზღვრა. უზარმაზარი ტერიტორიითა და მრავალფროვანი მოსახლეობით, წარსულის მიღწევათა მწვერვალებით და ბნელი აზრების უფსკრულებით თავადაა მსოფლიო და გარკვეულწილად წარმოადგენს იმას, რასაც ჩვენ ვგულისხმობთ, როდესაც მსოფლიოზე ვლაპარაკობთ. ეს უფრო კოსმოსია, ვიდრე კონტინენტი. ეს ადამიანის შექმნილი სამყაროა და ადამიანის მიერ შექმნილ უამრავ შესანიშნავ რასმე შეიცავს. შესაბამისად, აზია წარმართობის ერთიანი წარმომადგენელია და ქრსტიანობის ერთადერთი მოწინააღმდეგე. ყველგან სხვაგან ამ მოკვდავი დანიშნულების გამოვლინებები ერთი და იმავე ამბის სხვვადასხვა სტადიებია მხოლოდ. ყველგან - ველურთა სამხრეთ არქიპელაგებზე, აფრიკის გულში დაბუდებულ უსახელო ფორმებით სავსე სიბნელესა თუ პრეისტორიული ამერიკის გამქრალი რასის ნარჩენებიან, გაცივებულ ვულკანში – ყველგან ერთი ამბავი ტრიალებს, ხშირად კი ამ ამბის გვიანდელი თავები. ესაა საკუთარი მითოლოგიის უღრან ტყეში დაკარგული ადამიანი, ესაა საკუთარ მეტაფიზიკაში დამხრჩვალი ადამიანი. პოლითეისტები გადაღალა დაუოკებელმა ფანტაზიამ, მონოტეისთები – გასაოცარმა ჭეშმარიტებებმა. ეშმაკის მიმდევართ იმდენად ეჯავრებათ ცა და დედამიწა, რომ ცდილობენ, თავი ჯოჯოხეთს შეაფარონ. ეს ადამიანის დაცემაა, ცოდვით დაცემა. ესაა ის, რასაც ჩვენი წინაპრები გრძნობდნენ რომის დაკნინების დასაწყისში; ჩვენც გვივლია ამ გზაზე, ამ იოლ დაღმართზე, მსოფლიოს მაღალი ცივილიზაციების დიდებულ დაღმასვლაში.
რომ არა ეკლესია, რომელმაც სამყაროში მაშინ შემოაბიჯა, ევროპაც სავარაუდოდ ახლანდელი აზიის მსგავსი იქნებოდა, მცირედი განსხვავებით, რომელსაც მოდგმა და გარემო განაპირობებდა და ახლაც განაპირობებს. მაგრამ ჩვენ უცვლელ აღმოსავლეთზე ვსაუბრობთ, რომელსაც დიდი გარდატეხა თავს არ დასტყდომია. წარმართობა უკანასკნელ ფაზაში ზუსტად ასეთი უცვლელობის ნიშნები დაეტყო. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ფილოსოფიის ახალი სკოლები თუ სექტები აღარ ჩამოყალიბდებოდა. ახალი სკოლები იქმნებოდა ანტიკურ ხანაში და იქმნება აზიაშიც. ეს არ ნიშნავს, რომ არ იქნებოდნენ ნამდვილი მისტიკოსები და მხილველები, რომლებიც ანტიკურობაშიც იყვნენ და არიან აზიაშიც, არ იქნებოდა სოციალური კოდექსები, როგორიც იყო ანტიკურობაში და როგორიც არის აზიაში. იქნებოდნენ კეთილი ადამიანები და ბედნიერი სიცოცხლეები – ღმერთმა ყველა ადამიანს მისცა სინდისი, სინდისს კი ყველა ადამიანისთვის შეუძლია სიმშვიდის მინიჭება. მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ეს თანაფარდობა, განსაკუთრებით კი კეთილსა და ბოროტს შორის თანაფარდობა ცვლილებაგანუცდელ დასავლეთში ისეთივე იქნებოდა, როგორც უცვლელ აზიაში. და კიდევ: ის, ვინც პატიოსნად და ჭეშმარიტი თანაგრძნობით უცქერს უცვლელ აღმოსავლეთს, არასდროს დაიჯერებს, რომ იქ არსებობს რწმენის გამოწვევასა და გადატრიალებას თუნდაც ოდნავ მიმსგავსებული რამ.
მოკლედ, კლასიკურ წარმართობას ჩვენამდე რომ მოეღწია, მასთან ერთად ბევრი ისეთი რამ შემორჩებოდა, რასაც აღმოსავლეთის რელიგიებს ვეძახით. შემორჩებოდნენ პითაგორელები, რომლებიც ინდუსებივით რეინკარნაციას იქადაგებდენ, შემორჩებოდნენ სტოიკოსები, რომლებიც კონფუციანელებივით რწმენას გონებასა და სიქველეებზე აფუძნებენ. იქნებოდნენ ნეოპლატონიკოსებიც, რომლებიც სხვებისთვის იდუმალ და მათთვისაც საკამათო ტრანსცენდენტურ ჭეშმარიტებათა შესწავლას გააგრძელებდნენ ბუდისტებივით. შემორჩებოდნენ აპოლონის გონიერი მიმდევარნი, მზე-ღმერთს რომ თაყვანს სცემენ, მაგრამ ამბობენ, რომ ეს მხოლოდ ღვთაებრივი პრინციპია, ზუსტად ისევე, როგორც შემორჩენილი გონიერი სპარსი ცეცხლთაყვანიმცემლები. დიონისეს მიმდევარნი მთაზე ისევე იცეკვებენ, როგორც დერვიშები ეკვავენ უდაბნოში, უამრავი ხალხი ღვთაებათა სახალხო დღესასწაულებზე ივლიდა წარმართ ევროპასა და აზიაში, თაყვანისსაცემი ღმერთებიც თავზე საყრელად ეყოლებოდათ. თაყვანისმცემელთა რაოდენობაც ბევრად უფრო მეტი იქნებოდა, ვიდრე მორწმუნეთა რაოდენობა. დაბოლოს, უამრავი იქნებოდა ისეთი ხალხი, რომელიც აყვანს სცემს ღმერთებს, იმიტომ რომ სწამს, სწამს კი იმიტომ, რომ დემონებია. ლევანტინები ფარულად შესწირავდნენ მოლოქს, როგორც თაგები სწირავენ ფარულად კალის. იქნებოდა ბევრი მაგია, მისი უმეტესი ნაწილი – შავი. იქნებოდა სენეკათი აღტაცება და ნერონის ბაძვა, ისევე როგორც კონფუცის აღმატებული ეპიგრამები თანაარსებობს ჩინურ წამებასთან გვერდიგვერდ. ყველა ამ რადიციის გადახლართული ტყის ტავზე გამეფდებოდა განსაკუთრებული, უსახელო განწყობის სიჩუმე, რომლის უახლოესი დასახელება არაფერია. ეს ყველაფერი, კარგიც და ცუდიც, გაუგონრად ძველი იქნებოდა იმისთვის, რომ მომკვდარიყო.
არაქრისტიანული ევროპის მომცველ ამ ყველაფერ ქრისტიანობასთან იოტისოდენა მსგავსებაც კი არ ექნებოდა. პიაგორელთა მეტემსიქო პითაგორული რელიგია ერქმეოდა ბუდისტური რელიგიის მსგავსად, სოკრატეს კეთილობილ გამონათქვამებს – სიკრატული, კონფუციანიზმის მსგავსად. ვინაიდან სახალხო დღესასწაული ადონისის მითოლოგიური ჰიმნით იქნებოდა აღნიშნული, შესაძლებლობა მოგვეცემოდა ადონისის რელიგიაზე გველაპარაკა, როგორც ჯაგანათას რელიგიაზე ვლაპარაკობთ. ლიტერატურა კვლავ ბერძნულ მითებს დეფუძნებოდა და მათაც რელიგიას დავარქმევდით ისევე, როგორც ინდურ მითებს ვარქმევთ. მართლაც, აასობი და მილიონობით ადამიანი ეკუვნოდა ამ რელიგიას იმ თვალსაზრისით, რომ დაიარებოდა ასეთ ტაძრებში ან უბრალოდ ცხოვრობდა ისეთ ადგილებში, სადაც მრავლადაა ასეთი ტაძრები. მაგრამ თუ პითაგორას უკანასკნელ ტრადიციას, ან ადონისზე შემორჩენილ ლეგენდას რელიგიას დავარქმევთ, მაშინ ქრისტეს ეკლესიას რაღაც სხვა სახელი უნდა მოვუძებნოთ. თუ ვინმე ამბობს, რომ საუკუნეებიდან მოღწეული ფილოსოფიური მაქსიმები თუ მითოლოგიური ტაძრები, სადაც ბევრი ადამიანი დადიოდა, იგივე კატეგორიას ეკუთვნის, რასაც ეკლესია, საკმარისია მარტივად ვუპასუხოთ, რომ ეს ასე არაა. არავინ ფიქრობს რომ ეს ასეა, როდესაც მათ საბერძნეთის და რომის ძველ ცივილიზაციაში ხედავს; არავინ იფიქრებდა რომ ეს ასეა, იმ ცივილიზაციას კიდევ ორი ათასი წელი რომ გაეძლო და დღემდე მოეღწია. ჭკვათამყოფელმა ადამიანმა არც ის უნდა იფიქროს, რომ ეს ასეა პარალელური აღმოსავლური წარმართობის შემთხვევაში დღეს. არცერთი ეს მითოლოგია და ფილოსოფია მიახლოებითაც კი არაა არაა ეკლესიის მსგავსი, განსაკუთრებით - მებრძოლი ეკლესიის. როგორც უკვე რამდენჯერმე ვაჩვენე, თუ ეს წესი ჯერ არაა დამტკიცებული, მას გამონაკლისი დაამტკიცებს. წესი ესაა: წინაქრისტიანულ, ანუ წარმართულ ისტორიას არ წარმოუქმნია მებრძლოლი ეკლესია; გამონაკლისი კი - ან ის, რასაც ზოგიერთი ასეთად მიიჩნევს – ისლამი ეკლესია თუ არაა, მებრძოლი მაინცაა. ეს ზუსტად იმიტომაა ასე, რომ ისლამი ერთადერთი რელიგიური მოწინააღმდეგეა, რომელიც წინაქრისტიანული და ამ თვალსაზრისით, წარმართული არაა. ისლამი ქრისტიანობის პროდუქტია - თუნდაც გვერდითი, თუნდაც ცუდი. ის ერესი იყო, ან პაროდია, რომელიც ეჯიბრებოდა და შესაბამისად, ჰბაძავდა ეკლესიას. მაჰმადიანობის მებრძოლი სულისკვეთება არაა კვაკერობის მშვიდობიანი სულისკვეთებაზე უფრო გასაკვირი. ქრისტიანობის შემდეგ ბევრი ასეთი მიმბაძველობაა, ქრისტიანობმდე – არცერთი.
მებრძოლი ეკლესია ნიკალურია. ესაა საყოველთაო გადარჩენისთვის გამოსული ლაშქარი. მონობა, რომლისგანაც უნდა გადარჩეს მსოფლიო, შესანიშნავადაა ილუსტრირებული აზიის ახლანდელი და უწინდელი, წარმართული ევროპის მდგომარეობით. არ ვგულისხმობ უბრალოდ ზნეობრივსა თუ უზნეო მდგომარეობას. მისიონერს, როდესაც წარმართთა კერპთაყვანისცემასა და უზნეობაზე საუბრობს, ბევრად მეტი რამ აქვს სათქმელი, ვიდრეგანათლებულს” წარმოუდგენია. ერთი-ორი რეალისტური შეხება აღმოსავლურ, რელიგიასთან, თვით ისლამთნაც კი, გასაოცარ ზნეობრივ უგრნობლობას აჩენს. ამის მაგალითია ვნებასა და გარყვნილებას შორის განსხვავების მიმართ განურჩეველი დამოკიდებულება. ეს წინასწარგანწყობა კი არა, პრაქტიკული გამოცდილებაა – აზია ღმერთების გარდა დემონებითაც სავსეა. ბოროტება, რომელსაც ვგულისხმობ, გონებაშია. გონებაში, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მიტოვებული მუშაობს. აი რა ხდება, როდესაც ფიქრი და ოცნება სიცარიელეში სრულდება, რომელიც ერთდროულად აუცილებლობაცაა და უარყოფაც. ეს თიქოს ანარქიას ჰგავს, მაგრამ ეს მონობაცაა. ესაა, რასაც აზიური ბორბალი დაერქვა; მთელი ეს გამეორებადი მსჯელობა მიზეზსა და შედეგზე, ანუ იმაზე, რაც გონებაში იწყება და მთავრდება, რაც სულს საშუალებას არ აძლევს გარეთ გამოიჭრას, სადმე წავიდეს და რამე გააკეთოს. საქმე ისაა, რომ ეს არაა აუცილებლად აზიური რამ, ეს ევროპელებისთვისაც ასე იქნებოდა, რაღაც რომ არ მომხდარიყო; მებრძოლი ეკლესია რომ სალაშქროდ არ გამოსულიყო, ადამიანები დროის თვლაში იქნებოდნენ. მებრძოლ ეკლესიას რომ დისციპლინისთვის არ გაეძლო, ყველას მონობის გაძლება მოგვიწევდა.
იმედი - აი რა მოუტანა სამყაროს ამ უნივერსალურმა და მებრძოლმა რწმენამ. მითოლოგიასა და ფილოსოფიას საერთო ალბათ სევდა აქვს მხოლოდ; იმ თვალსაზრისით, რომ მათ არ გააჩნია ეს იმედი მაშინაც კი, როდესაც რწმენისა თუ სიყვარულის ნიშნებს ფლობენ. შეიძლება ბუდიზმს რწმენა დავარქვათ, თუმცა ჩვენვის ეს ევი უფროა. შეგვიძლია თანაგრძნობის უფალს სიყვარულის უფალი დავარქვათ, მაგრამ ჩვენთვის ეს მხოლოდ უიმედო სიბრალულს ჰგავს. მათ, ვინც ასეთი კულტების ასაკსა და გავრცელებულობას იშველიებს, უნდა აღიარონ, რომ მთელი თავისი არსებობის მანძილზე მათ არ დაუფარავთ თავისი მოქმედების არეალი ასეთი პრაქტიკული და მოჩხუბარი იმედით. ქრისტიანობას იმედი არასდროს აკლდა; შეიძლება გზააბნეული, გადაჭარბებული, ცვალებად შესაძლებლობებს გამოკიდებული, მაგრამ იმედი. განუწყვეტელი რევოლუციები და რეკონსრუქციები სხვა თუ არაფრის, იმედიანი განწყობის მაჩვენებელი მაინცაა. ევროპა არწივივით მუდამ ახალგაზრდობას იახლებდა. აკი რომის არწივები ნაპოლეონის ლეგიონების თავზე აფრინდნენ, გუშინ კი პოლონეთის ვერცხლისფერმა არწივმაც კამარა შეკრა. პოლონეთში რევოლუცია და რელიგია საერთოდ ერად დაიარებიან. თვით ნაპოლეონიც კი ეძებდა მასთან შერიგებას. რელიგიას იმედისგან ვერ დააცალკევებ – ის ხომ ყოველგვარი იმედიანობის წყაროა. ამი მიზეზი უბრალოდ რელიგიაშივე მოიპოვება. ვინც ამას ებრძვის, საკუთარ თავში არასდროს ჩაუხედავს. აქ ამის სრულად განხილვის არც ადგილი და არც დრო, თუმცა რამდენიმე სიტყვით უნდა განვმარტო შერიგება, რომელიც მუდამ ხდება, მაგრამ მაინც ასახსნელია.
ეოლოგიის ლიბერალიზაციის შესახებ კამათი არასდროს დასრულდება, ვიდრე ხალხი არ შურიგდება იმ ფაქტს, რომ მისი ერთადერთი ლიბერალური ნაწილი დოგმაა. დოგმა თუ დაუჯერებელია, ამის მიზეზი მისი უკიდურესი ლიბერალურობაა. მისი ირაციონალურობა იმაშია, რომ ის თავისუფლების მეტ დადასტურებას გვაძლევს, ვიდრე გონებითაა გამართლებული. ამის ცხადი მაგალითი თავისუფლების არსებიი ფორმაა, რომელსაც თავისუფალ ნებას ვეძახით. აბსურდია იმის თქმა, რომ ადამიანი საკუარ ლიბერალობას თავისუფლების უარყოფით ადასტურებს, თუმცა ლოგიკურია ტრანსცენდენტური დოქტრინის დადასტურება თავისუფლების დასადასტურებლად. რაღაც თვალსაზრისით აზრს მოკლებული არაა, თუ ვიტყვით, რომ თუ ადამიანს არჩევანის პირველადი უნარი შესწევს, ამით ის ქმნილების ზებუნებრივ ძალაც ფლობს, რომლითაც თითქოს მკვდღეთით აღდგენა და დაუბადებელის დაბადება ძალუძს. გამოდის, რომ ამ შემთხვევაში ადამიანი ალბათ სასწაულია და მარლაც სასწაული უნდა იყოს იმისთვის, რომ იყოს ადამიანი, განსაკუთრები – თავისუფალი ადამიანი. განა აბსურდი არაა, აუკრძალო ადამიანს, იყოს თავისუფალი და ეს უფრო თავისუფალი რელიგიის სახელით გააკეთო?
ეს ასეა უამრავ სხვა შემთხვევაშიც. ყველას, ვისაც ღმერთი სწამს, მისი აბსოლუტური ძალაუფლებაც უნდა სწამდეს და რადგან ამ ძალაუფლების ხარისხი შესაძლებელია ლიბერალური ან არალიბერალური იყოს, თავისთავად ცხადია, რომ რაციონალისტის ღმერთი არალიბერალური, დოგმატიკოსისა კი ლიბერალურია. ზუსტად ამავე შეფარდებით, როგორც კი მონოთეიზმს მონიზმად აქცევ, წამსვე ის დესპოტიზმად იქცევა. მეცნიერის უცნობი ღმერთი, მისი შეუღწევადი მიზეზით, გარდაუვალი და შეუცვლელი კანონით პრუსიელ ავტოკრატს ჰგავს, შორეულ კარავში რომ ხისტ გეგმებს აყობს და კაცობრიობას მექანიზმივით ამოძრავებს. სწორედ სასწაულის და შესმენილი ლოცვის ღმერთი გვაგონებს ლიბერალ და პოპულარულ მმართველს, რომელიც იღებს პეტიციებს, უსმენს პარლამენტს და ყველა ადამიანის ემხვევას განიხილავს. მე არ ვკამათობ ამ იდეის რაციონალურობაზე სხვა თვალსაზრისით. სინამდვილეში ის სულაც არაა ირაციონალური, რადგან არაფერია ირაციონალური ბრძენ მეფეში რომელიც კარგადაა ინფორმირებული და განსხვავებულად მოქმედებს იმათი ქცევის გათვალისწინებით, ვისი გადარჩენაც სურს. თუმცა აქ მხოლოდ ლიბერალურობის, ანუ თავისუფალი და გაშლილი სამოქმედო ატმოსფეროს ბუნებას ავღნიშნავდი. ამ თვალსაზრისით მეფე მხოლოდ მაშინაა სულგრძელი, როცა ცოტათი თავნებაცაა. კათოლიკეს ამიომ სჯერა, რომ მის ლოცვას ცოცხალთათვის თუ გარდაცვლილთათვის აქვს აზრი; მას აქვს აგრეთვე შეგრძნება, რომ რაღაც კონსტიტუციური თანამეგობრობის მსგავსის თავისუფალი მოქალაქეა. მონისტია, ვინც რკინის კანონის ქვეშ, სულთანის მონასავით ცხოვრების განცდა აქვს. მჯერა, რომ სიტყვა suffragium, რომელსაც ახლა პოლიტიკაში არჩევნებისთვის ვიყენებთ, საწყისი მნივნელობით თეოლოგიაში ლოცვის აღმნიშვნელი იყო. ამბობდნენ, რომ გარდაცვლილთ განსაწმენდელში ცოცხალა ხმები აქვთ, და უზენაესი მმართველისთვის თხოვნის ამ უფლები თვალსაზრისით, წმნდანთა სრული დასი მთელ მებრძოლ ეკლესიასთან ერთად, ხმის მიცემის საყოველთაო უფლებაზეა დაფუძნებული.
თუმცა ყველაფერზე მეტად ეს ჭეშმარიტია უმნიშვნელოვანესი საკითხისათვის – იმ ტრაგედიისათვის, რომელმაც ჩვენი მრამსის ღვთაებრივი კომედია შექმნა. ქრისტეს ღვთაებრიობის უკიდურეს, ძლიერ და გამაოგნებელ დოქტრინის გარეშე ვერაფერი გამოიღებდა იმ განსაკუთრებულ შედეგს, რომელმაც სახალხო განწყობ საყვირივით გამოცოცხლიდეამ მეფის,  მწყობრში ჩვეულებრივი ჯარისკაცივით რომ ჩამდგარა. ამ ფიგურის უბრალოდ გაადამიანურებით ამბავს ადამიანურობას ვართმევთ; ვართმევთ იმას, რითაც ეს ამბავი კაცობრიობას ლამის პირდაპირი მნიშვნელობით შუბივით მსჭვალავს. სამყაროს გასაადამიანურებლად არაა საკმარისი მხოლოდ იმის თქმა, რომ კეთილი და ბრძენი ადამიანები საკუთარი თვალსაზრისითვის თავს სწირავენ, ისევე, როგორც არმიაში დიდ მღელვარებას არ გამოიწვევს ის, რომ კარგი ჯარისკაცები იღუპებიან. მეფე ლეონიდასის დაღუპვა ისეთივე ამბავია, როგორც დედოფალ ანას სიკვდილი; კაცები გმირობას ქრისტიანობამდეც სჩადიოდნენ. მაგრამ ადამიანური ბუნების ცოდნა გვკარნახობს, რომ არავის ვნება – არც ადამიანის შვილის, არც ღმერთის მსახურის – არ შეძრავს სულს ისე, როგორც უფლის ვნება მსახურის ნაცვლად, და ამას ხაზგასმით თეოლოგიური და არა მეცნიერული ღვთაება აკეთებს. არცერთი იდუმალი, კოსმოსური ბრძოლისას ბანაკის ვარსკვლავურ პავილიონში თვალს მოფარებული მონარქი არაფრით ჰგავს ზეციური რაინდობის წინამძღოლს, ბრძოლას სათავეში ხუთი ხილული ჭრილობით რომ უდგას.
დოგმის უარმყოფელი სინამდვილეში არ თვლის, რომ ის უვარგისია. პირიქით, ის ზედმეტად კარგია, და ამიტომ არარეალურია, ზედმეტად ლიბერალურია და ამიტომ – შეუძლებელი. დოგმა ადამიანს ზედმეტ თავისუფლებას აძლევს, რადგან დაცემის საშუალებაც კი აქვს. ის ღმერთსაც კი ზედმეთ თავისუფლებას აძლევს, რადგან სიკვდილიც კი შეუძლია. აი რა უნდა თქვან ჭკვიანმა სკეპტიკოსებმა და სულაც არ ვაპირებ იმის უარყოფას, რომ ამაზე რაღაც უნდა ითქვას. მათთვის თვით სამყაროც ხომ საყოველთაო ციხეა, არსებობა კი შეზღუდულობა და კონტროლი - ტყუილად ხომ არ ეძახიან მიზეზშედეგობრიობას ჯაჭვს. მოკლედ, მათ ეს არ სწამთ, და არა იმიტომ, რომ ეს ამას არ იმსახურებს. ჩვენ გადატანითი კი არა, პირდაპირი მნიშვნელობით ვამტკიცებთ, რომ ჭეშმარიტებამ გაგვათავისუფლა. ისინი გვპასუხობენ - ისე გაგათავისუფლათ, რომ ჭეშმარიტება ვერ იქნებოდაო. მათთვის ასეთი თავისუფლების დაჯერება ზღაპრეთის დაჯერებას უტოლდება, მათთვის ნების მქონე ადამიანი ფრთების მქონე ადამიანის ტოლფასია. ადამიანი, რომელსაც შეუძლია ითხოვოს და ღმერთი, რომელსაც შეუძლია უპასუხოს, ისეთივე დაუჯერებელი რამაა , როგორც მთასთან მოსაუბრე ციყვის ზღაპარი. ეს კაცური და რაციონალური უარყოფაა, რომელსაც მე პირადად ყოველთვის პატივისცემით მოვეკიდები, მაგრამ იოტისოდენა პატივისცემასაც კი არ ვაღირსებ მათ, ვინც ჯერ ფრთებს მოკვეცავს, დაამწვდევს ციყვს, ბორკილებს დაგვადებს და უარყოფს თავისუფლებას, კოსმოსური საპყრობილის ყველა კარს რკინის სამუდამო ჟღარუნით ჩაგვირაზავს, აგვიხსნის, რომ თავისუფლება სიზმარია, საკანი კი რეალობა; შემდეგ კი მშვიდად მობრუნდება და განაცხადებს, რომ მისი აზროვნება უფრო თავისუფალია, თეოლოგია კი ლიბერალური.
დასკვნა ძველია: რელიგია გამოცხადებაა. ის ხილვაა – რწმენით მიღებული ხილვა; თუმცა ეს რეალობის ხილვაა. რწმენა მის რეალობაში დარწმუნებულობაა. ესაა განსხვავება ხილვასა და ზმანებას შორის, და ესაა განსხვავება რელიგიასა და მითს შორის. ესაა განსხვავება რწმენასა და ფანტაზიის ნაყოფს შორის, რომელიც სავსებით ადამიანური და მეტ-ნაკლებად ჯანსაღია და მითოლოგიის სათაურის ქვეშ უკვე განვიხილეთ. თვით სიტყვა ხილვის გონიერ გამოყენებაშივე არის ორი მინიშნება მისი ხასიათის შესახებ. ერთი, რომ ის ძალიან იშვიათია, ხშირად – ერთადერტი. მეორე კი ისაა, რომ სამუდოამოდ რჩება. ზმანება შეილება ყოველდღიური იყოს. ზმანება შეიძლება ყოველდღე განსხვავებული იყოს. ეს ცოტათი უფრო მეტია, ვიდრე განხვავება მოჩვენებაზე ამბების მოყოლას და მოჩვენებასთან შეხვედრას შორის.
მაგრამ თუ ეს მითოლოგია არაა, მაშინ არც ფილოსოფიაა. ფილოსოფია იმიტომ არაა, რადგან ხილვაა, ხილვა კი ყალიბი კი არა, სურათია. ეს არაა ერთი იმ გამარტივებათაგანი, რომელიც ყველაფერს აბსტარქტული ახსნით აგვარებს, მაგალითად, რომ ყველაფერი გამეორებადია, ან რომ ყველფერი ფარდობითია, ან რომ ყველაფერი გარდაუვალია, ან რომ ყველაფერი მოჩვენებითია. ეს პროცესი კი არა, ამბავია. მას აქვს პროპორციები, როგორც ამას ამბავში ან სურათზე ვხედვთ. მას არ აქვს ყალიბის ან პროცესის რეგულარული გამეორება, მაგრამ ის მათ ანაცვლებს დამაჯერებლობით, რომელიც სურათს ან ამბავს აქვს. სხვანაირად, ის ცხოვრებასავითაა, რადგან მართლაც ცხოვრებაა. მაგალითი იმისა, თუ აქ რა იგულისხმება ბოროტების პრობლემასთან დამოკიდებულებაში შეიძლება ვიპოვოთ. ადვილია შეადგინო ცხოვრების გეგმა, სადაც ფონი შავია, როგორც ამას პესიმისტები აკეთებენ, შემდეგ ერთი-ორი შემთხვევითი უმნიშვნელო თეთრი წერტილი დატოვო. მეორე გეგმაც იოლი შესადგენია თეთრ ქაღალდზე, როგორც ამას ქრისტიანული მეცნიერება აკეთებს, და ყველა წერტილს თუ ლაქას ახსნა მოუძებნო. ყველაზე მარივი ალბათ დუალისტების გეგმაა, რომლებიც ამბობენ, რომ ცხოვრება ჭადრაკის დაფაა და თანაბარი სიმართლით ითქმის, რომ შავი უჯრები თეთრ დაფაზეა განლაგებული, ან პირიქით. თუმცა ყველა ადამიანი გულში გრძნობს, რომ ქაღალდის არცერთი ეს გეგმა სიცოცხლეს არ ჰგავს, რომ არცერთ ასეთ სამყაროში ის არ ცხოვრობს. რაღაც ჰკარნახობს მას, რომ სამყაროს საბოლოო იდეა არაა ცუდი, ნეტრალურიც კი; როდესაც ცას მისჩერებია, ან ბალახს, ან მათემატიკურ ჭეშმარიტებებს, ან სულაც ახალ დადებულ კვერცხს, მას ბუნდოვანი განცდა ეუფლება, თითქოს ჩრდილი დიდი ქრისტიანი ფილოსოფოსის, წმ. თომა აქვინელის გამონათქვამისა: “ყველანაირი ყოფიერება, როგორც ასეთი, სიკეთეა.” მეორეს მხრივ, თითქოს რაღაც ჰკარნახობს, რომ ლაჩრული და დამამცირებელია, სულაც ავადმყოფური, ბოროტების წერტილამდე ან ლაქამდე შემცირება. ის ხვდება, რომ ასეთი ოპტიმიზმი ავადმყოფურია, იქნებ უფრო ავადმყოფურიც, ვიდრე პესიმიზმი. ეს ბუნდოვანი, მაგრამ ჯანსაღი შეგრძნებები, თუ მათ გაჰყვება, აუცილებლად მიიყვანს იდეამდე, რომ ბოროტება გამონაკლისია, მაგრამ უზარმაზარი გამონაკლისი და საბოლოოდ კი იქამდე, რომ ბოროტება შემოჭრაა, უფრო სწორად კი ამბოხება. ის არ ფიქრობს, რომ ყველაფერი სწორადაა ან ყველაფერი არასწორადაა, ან ყველაფერი სწორიცაა და არასწორიც. ის ფიქრობს, რომ მას, რაც სწორია, აქვს არსებობის უფლება, ხოლო რაც არასწორია, არ უნდა არსებობდეს. კი, საა მთავარი ამა სოფლისა, მაგრამ უზურპატორია. ასე ჩაწვდება ბუნდოვნად იმას, რასაც ხილვა ცოცხლად დაანახებს: მთელ ამ უცნაურ ამბავს ზეციური ღალატისა და დიდი გაქცევისა, რომლითაც ბოროტებამ დააზიანა და სცადა დაენგრია სამყარო, რომლის შექმნა არ შეეძლო. ეს ძალიან უცნაური ამბავია და მისი პროპორციები, მოხაზულობა და ფერები ისეთივე თვითნებური და აბსოლუტურია, როგორც სურათის ხელოვნური კომპოზიცია. ესაა ხილვა, რომლის სიმბოლულ გამოსახვასაც ვცდილობთ სურათებში ტიტანურ კიდურებითა და ფრთების ფერადოვნებით, ვარდნილი ვარსკვლავებისა და ბნელეთის ფარშევანგული აღურვილობის საშინელი ხედვით. ამ უცნაურ ამბავს ერთი მცირე უპირატესობა აქვს დიაგრამებთან შედარებით. ის ცხოვრებასავითაა.
სხვა მაგალითსაც ადვილად მივაკვლევთ, ოღონდ ამჯერად არა ბოროტების, არამედ ეგრეთწოდებული პროგრესის პრობლემაში. ჩვენი დროის აგნოსტიკოსთა შორის ერთერთმა უნიჭიერესმა მკითხა, რას ვფიქრობდი კაცობრიობაზე: უკეთესდება, უარესდება თუ ერთ ადგილს ტკეპნის. დარწმუნებული იყო, რომ ამ ალტერნატივით ყველა შესაძლებლობა მოიცვა. ვერ ხედავდა, რომ თარგს ფარავს და არა სურათს, პროცესს და არა ამბავს. მე ვკითხე რას ფიქრობდა გოლდერს გრინელ მისტერ სმიტზე: გაუმჯობესდა, გაუარესდა თუ იგივე დარჩა ოცდაათიდან ორმოც წლამდე შუალედში. როგორც იქნა მიხვდა, რომ ეს მისტერ სმიტზეა დამოკიდებული, მის არჩევანზე, როგორ იაროს. მანამდე არასდროს მოსვლია აზრად, რომ ეს კაცობრიობის არჩევანზეა დამოკიდებული, რომ ეს არაა სწორი ხაზი, არც ზევით ან ქვევით მიმართული მრუდი. ეს ადამიანის ნაკვალევივითაა, ხეობაში რომ მიდის; უნდა წავა, უნდა გაჩერდება, უნდა ეკლესიაში შეივლის, ან თხრილში ჩაწვება. ადამიანის ცხოვრება ამბავია, სათავგადასავლო ამბავი; ჩვენს ხილვაშიც, თვით ღმერთის ამბავზეც იგივეა მართალი.
კათოლიკური რწმენა შერიგებაა, რადგან ის ორივეს რეალიზაციაა - მითოლოგიისაც და ფილოსოფიისაც. ეს ამბავია და ამ თვალსაზრისით ერთი მრავალთაგანი, მაგრამ ეს მართალი ამბავია. ეს ფილოსოფიაა და ამ თვალსაზრისით ერი მრავალთაგანი, მაგრამ ეს ფილოსოფია ცხოვრებასავითაა. მაგრამ უწინარეს ყოვლისა ეს იმიტომაა შერიგება, რადგან ერთადერთი რამაა, რასაც ამბავთა ფილოსოფია შეიძლება დაერქვას. ნორმალურ, თხრობით ინსტინქტს, რომელმაც მთელი ზღაპრები შექმნა, ყველა ფილოსოფია უგულებელყოფს – გარდა ერთისა. რწმენა ხალხური ინსტინქტის გამართლებაა, მისვის ფილოსოფიის მოძიება, ან მისი ფილოსოფიის ანალიზია. სათავგადასავლო ამბის მსგავსად, სადაც ადამიანმა სხვადასხვა გამოცდა უნდა გაიაროს და საკუთარი სიცოცხლე გადარჩინოს, ამ ფილოსოფიაშიც მან რამდენიმე გამოცდა უნდა გაიაროს და საუთარი სული გადაარჩინოს. ორივეში ჩადებულია თავისუფალი ნების იდეა, რომელიც მოცემულ პირობებში მოქმედებს; სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არის სამიზნე და ადამიანმა მას უნდა დაუმიზნოს; ჩვენ კი დავაკვირდებით, როგორ მოახვედრებს. ეს ღრმა, დემოკრატიული და დრამატული განწყობა ყველა სხვა ფილოსოფიაში უგულებელყოფილი და გამასხარავებულია. ამიტომაა, რომ ყველა ფილოსოფია იმით მთავრდება, რითაც იწყება; ამბის განსაზღვრება კი სწორედ ისაა, რომ ის განსხვავებულად მთავრდება; რომ ის ერთ ადგილას იწყება და სხაგან მთავრდება. ბუდას ბორბლიდან ეხნატონის დისკომდე, პითაგორას რიცხვის აბსტარაქციიდან კონფუცის რუტინის რელიგიამდე, არავინაა ისეთი, ვისაც ასე თუ ისე ამბის სულისკვეთებისთვის არ შეუცოდავს. არავის ჩაუვლია ხელი ამბის, გამოცდის და თავგადასავლის ამ ადამიანური ცნებებისთვის, თავისუფალი ადამიანის მძიმე განსაცდელითვის. ყოველ მათგანს აკლია, ასე ვთქვათ, ამბის მთხრობელის ინსტინქტი. ყველა მათგანი რაღაცით ბღალავს ადამიანის ცხოვრების რომანტიკას – ან ფატალიზმით (პესიმისტურით ან ოპტიმისტურით) და ბედისწერით, რომელიც თავგადასავლისათვის მომაკვდინებელია; ან განურჩევლობით და განრიდებით, რაც მომაკვდინებელია დრამისთვის; ან ფუნდამენტური სკეპსისით, რომელიც მონაწილეებს ატომებად შლის; ან მატერიალისტური შეზღუდვით, რომელიც ზნეობრივი შედეგების პერსპექტივას აუქმებს; ან მექანიკური გამეორებით, რომელიც ზნეობრივ გამოცდებსაც კი მოსაბეზრებელს ხდის; ან უძირო ფარდობითობით, რომელიც პრაქტიკულ გამოცდასაც კი საიმედოობას უკარგავს. არსებობს ადამიანური ამბავი, არსებობს ღვთაებრივი ამბავი, რომელიც აგრეთვე ადამიანურია; მაგრამ არ არსებობს ჰეგელიანური ამბავი, ან მონისტური ამბავი, ან რელატივისტური ამბავი, ან დეტერმინისტული ამბავი. ყველა ამბავში, დიახ, გროშიანი გამოცემის მოხრობაშიც კი არის რაღაც ისეთი, რაც ჩვენი სამყაროს ნაწილი და არა მათის. ყველა მოკლე მოთხრობა შესაქმით იწყება და უკანასკნელი სამსჯავროთი მთავრდება.
საა მიზეზი, რის გამოც მითი და ფილოსოფია ომობდნენ, ვიდრე ქრისტეს მოსვლამდე; ამის გამო მოკლა აენის დემოკრატიამ სოკრატე ღმერთების პატივისცემით; ამის გამო მიიღებდა ხოლმე ყველა მოსეირნე სოფისტი სოკრატეს იერს, როდესაც ღმერთებზე საუბარს აღმატებულ მანერით იწყებდა. ამის გამო დაანგრია უზარმაზარი კერპები და ტაძრები ერეტიკოსმა ფარაონმა აბსტრაქციის ხათრით და ამის გამო მოახერხეს ქურუმებმა ტრიუმფალური დაბრუნება და მისი დინასტიის ფეხქვეშ გათელვა; ამიტომ გამოეყო ბუდიზმი რაჰმანიზმს, ამის გამოა ქრისტიანობის გარეთ ყველა ეპოქასა და ქვეყანაში მრადიული შუღლი ფილოსოფოსსა და ქურუმს შორის. ადვილი სათქმელია, რომ ფილოსოფოსი უფრო რაციონალურია; კიდევ უფრო ადვილი დასავიწყებელია, რომ ქურუმი ყოველთვის უფრო პოპულარულია. ქურუმი ხალხს ამბებს უყვებოდა, ფილოსოფოსს კი ამბის ფილოსოფია არ ესმოდა. ეს სამყაროში ქრისტეს ამბავთან ერთად შემოვიდა.
ამიტომ უნდა ყოფილიყო ეს გამოცხადება, ანუ ზემოდან მოცემული ხილვა. ყველას, ვისაც ამბის ან სურათის თეორიაზე უფიქრია ადვილად ჩაწვდება არსს. სამყაროს ნამდვილი ამბავი ვიღაცამ ვიღაცას უნდა უამბოს. თვით ამბის ბუნება განაპირობებს იმას, რომ ის ვიღაცის ამარა ვერ დარჩება. ამბისთვის დამახასიათებელია პროპორცია, ცვალებადობა, მოულოდნელობა, განწყობები, რომლებსაც აბსტარქტულად ვერ შეაჯამებ. პითაგორას რიცხვთა თეორიით ჩვენ ვერ გამოვიანგარიშებთ, დააბრუნებს თუ არა აქილევსი ჰექტორის სხეულს. ვერც იმის თქმა, რომ ბუდას ბორბალზე ყველაფერი მეორდება, ვერ დაგვეხმარება იმის გარკვევაში, თუ რა გზით დაიბრუნებს სამყარო ქრისტეს სხეულს. ევკლიდეს თეორემებს ადამიანმა შეილება ისე მიაგნოს, რომ ევკლიდეზე არაფერი იცოდეს, თუმცა ევრიდიკას ლეგენდას ვერ მოიგონებს, თუ მის შესახებ არაფერი სმენია. ყოველ შემხვევაში, არ ეცოდინება, როგორ დასრულდა ამბავი და საბოლოოდ დამარცხდა უ არა ორფეოსი. კიდევ უფრო ნაკლებად ამოიცნობს ჩვენი ამბის ისტორიას, ანუ ლეგენდას სიკვდილისგან დაუმარცხებელი ჩვენი ორფეოსის ადგომისა.
შევაჯამოთ. სამყაროს საღი აზროვნება აღუდგინა და ადამიანის სულს გადარჩენა შესთავაზა იმან, რამაც წარსულის მეომარი ტენდენციები დააკმაყოფილა, რომლებიც არასდროს სრულად და ნამდვილად არასდროს ერთდროულად არ დაკმაყოფილებულა: მითოლოგიური სწრაფვა რომანტიკისკენ იმით დაკმაყოფილდა, რომ ეს ამბავია, ჭეშმარიტების ფილოსოფიური ძიება კი იმით, რომ ეს ამბავი ჭეშმარიტია. ამიტომაა აუცილებელი, რომ იდეალური ფიგურა ისტორიული იყოს, როგორადაც არასდროს არავის აღუქვამს ადონისი ან პანი. მაგრამ ისტორიული ფიგურა იდეალურიც უნდა იყოს და სხვა იდეალური ფიგურებისათვის მინიჭებულ მრავალ ფუნქციას უნდა ასრულებდეს; ერთდროულად მსხვერპლიც იყოს და ზეიმიც, მზარდი ვაზის და ამომავალი მზის ემბლემათა ქვეშ ნაჩვენები. რაც უფრო ვუღმავდებით საგანს, მეტად ვიხრებით დასკვნამდე, რომ თუ ღმერთი არსებობს, მისი ქმნილება წარმოუდგენელია ამისგან განსხვავებულ კულმინაციაში, რომელმაც სამყაროს ჭეშმარიტი რომანტიკა შესძინა. სხვანაირად ადამიანის გონების ორი ნახევარი ერთმანეთს საერთოდ ვერ შეეხებოდა და ადამიანის ტვინი გახლეჩილი და გაორებული დარჩებოდა, ერთი ნახევარი წარმოუდგენელ ზმანებებში, მეორე კი გაუთავებელ გამოთვლებში ჩაფლული. მხატვრები გაუთავებლად დახატავდნენ არავის. ბრძენნი გააგრძელებდნენ რიცხვების გაუთავებელ შეკრებას რომელიც არაფერზე დაიყვანება. ეს უფსკრული იყო, რაც მხოლოდ ხორცშესხმას შეეძლო, რომ ამოევსო – ჩვენი ოცნებების ღვთაებრივ განხორციელებას. და ის ამაღლებულა ამ უფსკრულზე, ვისი სახელიც მოძღვარზე მეტია და ქრისტიანობაზეც კი უფრო ძველი: Pontifex Maximus, ხიდთა უმძლავრესი მშენებელი.
ამი ვუბრუნდებით გასაღების - საგანგებო ქრისტიანულ სიმბოლოს სრულყოფილ მოხაზულობას. ეს ისტორიული ნარკვევია და არა თეოლოგიური, ამიტომ ჩემი ვალდებულება არა თეოლოგიის დეტალურად დაცვა, არამედ იმის ჩვენება, რომ მისი სრული აგებულების დაცვა შეუძლებელია დეტალების დაცვის გარეშე – როგორც ეს გასაღების შემთხვევაშია. ამ თავის ფართო მოსაზრებათა მიღმა არ მივმართავ აპოლოგიას მრწამსის მიღების სასარგებლოდ. უბრალოდ ისტორიული შეკითხვის პასუხად - რატომ იქნა ის მიღებული და რატომაა მიღებული, მილიონ სხვასაც ვპასუხობ – იმიტომ, რომ კლიტეს მოერგო, იმიტომ, რომ ცხოვრებასავითაა. ეს მრავალთაგან მხოლოდ ერთი ამბავია, მაგრამ მართალი გამოდგა. ეს მრავალთა შორის მხოლოდ ერთი ფილოსოფიაა, მაგრამ მართალი აღმოჩნდა. ჩვენ ის მივიღეთ და ფეხქვეშ ნიადაგი გამყარდა, წინ კი გზა გამოჩნდა. ის არ გვატყვევებს ბედისწერის სიზმარსა თუ საყოველთაო შეშლილობის შეგნებაში. ის წარმოუდგენელ ზეცასთან ერთად ასეთივე წარმოუდგენელ დედამიწას გვიხსნის და მათ წარმოსადგენს ხდის. ესაა ჭეშმარიტება, რომლის ახსნა ძნელია, რადგან ფაქტია, მაგრამ ისეთი ფაქტი, რომელსაც მტკიცებულებები ამაგრებს. ჩვენ ქრისტიანები და კათოლიკეები ვართ არა იმიტომ, რომ გასაღებს ვცემთ თაყვანს, არამედ იმიტომ, რომ კარი გავაღეთ; და ვიგრძენით თავისუფლების საყვირიდან მონაბერი ქარი ცოცხალთა ქვეყანაში.

No comments:

Post a Comment