ორიოდ
შემთხვევაში თავს უფლება
მივეცი “ისტორიული მონახაზის”
შესანიშნავი სიტყვათშეთანხმება
მესესხებინა; ერთი განსაკუთრებული
ჭეშმარიტებისა და შეცდომის
შემსწავლელი ეს ნაშრომი
არანაირად არ იჩემებს მდიდარ
და ყოველმხრივ ისტორიულ
ენციკლოპედიურობას, რომელიც
ასე
დასასათაურებულს ახასიათებს.
თუმცა გარკვეული კავშირი
მაინც არსებობს: განცდა, რომ
ერთი რამ მეორეს ეხება და
კვეთს კიდეც, რადგან ბ-ნი უელსის
მიერ მოთხრობილი მსოფლიო
ისტორია, როგორც მონახაზი,
შეგვიძლია მხოლოდ გავაკრიტიკოთ.
უცნაურია, მაგრამ ეს ერთადერტი
კრიტიკაა, რომელსაც ის იმსახურებს,
რადგან სხვაფრივ ეს ბრწყინვალე
ისტორიული საგანძური საინტერესო
ისტორიული კვლევით და ისტორიის
მიმზიდველი გაძლიერებით
გამოირჩევა. მაგრამ ყველაფერ
ამასთან ერთად, ეს ისტორიის
სრულიად არასწორი მონახაზია.
ერთი რამ, რაც ნამდვილად არ
მომწონს, სწორედ მისი მოხაზულობაა.
მონახაზი სინამდვილეში ხომ
ერთი ხაზია – ხაზი, რომელიც
სრულად გამოხატავს განსხვავებას,
ვთქვათ, ბ-ნ უინსტონ ჩერჩილისა
და სერ ალფრედ მონდის კარიკატურულ
პროფილებს შორის. ვგულისხმობ
იმას, რაც თვალში საცემია და
სილუეტის უბრალოებაში ვლინდება.
ვფიქრობ, ამ ნაშრომში პროპორციებია
დარღვეული: პროპორციები
ცნობილსა და უცნობს, მნიშვნელოვანსა
და უმნიშვნელოს, ჩვეულებრივსა
და არაჩვეულებრივს, საშუალოსთან
ახლო მყოფსა და გამონაკლისად
მდგომს შორის.
არ მინდა
დიდი მწერლის წვრილმანი
კრიტიკა გამომვიდეს. ამის
მიზეზი არ გამაჩნია, რადგან
უფრო მცირე ამოცანას შეჭიდებულმა
იგივე შეცდომები დავუშვი:
ძლიერ მეეჭვება, რომ მოვახერხე
მკითხველისთვის გადამეცა
მთავარი რამ, რასაც ისტორიულ
პროპორციებზე ვფიქრობდი, ან
რატომ დავუთმე ერთ რომელიღაც
საგანს ბევრად მეტი ყურადღება,
ვიდრე სხვებს. ეჭვობ, რომ ცხადად
შევძელი იმ გეგმის ასრულება,
რომელიც შესავალ თავში დავსახე;
ამიტომაც დავამატე ეს ნაწილი
დასკვნის სახით. მჯერა, რომ
ის, რასაც ვამტკიცებდი, უფრო
მნიშვნელოვანია ისტორიის
მონახაზისათვის, ვიდრე ის,
რაც ამას დავუქვემდებარე ან
საერთოდ გამოვტოვე. არ მჯერა,
რომ წარსულის სურათის სწორად
წარმოდგენისას კაცობრიობა
უბრალოდ ბუნებაში მიილევა,
ცივლიზაცია – ბარბაროსობაში,
რელიგია კი – მითოლოგიაში;
ან ის, რომ ჩვენი საკუთარი
რელიგია მსოფლიოს სხვა
რელიგიებში მიიკარგება.
მოკლედ, არ მჯერა, რომ ისტორიის
მოხაზვის საუკეთესო საშუალება
ხაზების წაშლაა. ვფიქრობ, ასეთ
მიდგომას მართლა სჯობს, რომ
ამბავი მარტივად მოყვე -
პრიმიტიული მითივით - როგორ
შექმნა ადამიანმა მზე და
ვარსკვლავები, ან როგრ შევიდა
ღმერთი საკრალური მაიმუნის
სხეულში – ეს სიმართლესთან
უფრო ახლოს იქნებოდა. ახლა
ვეცდები რეალისტურად და
გონვრული თანაფარდობით
შევაჯამო ის, რაც აქამდე
მომხდარა: კაცობრიობის მოკლე
ისტორია.
მეზობელი
ვარსკვლავით განათებულ მიწაზე
ბევრი ძალიან განსხვავებული
უძრავი და მოძრავი რამ არსებობს.
ამათგან ერთი მოდგმა სხვებთან
შედარებით ღმერთების
მოდგმასავითაა. მას შეუძლია
დემონების მოდგმასავითაც
მოიქცეს, რაც ფაქტს სულაც არ
აკნინებს – პირიქით, ხაზს
უსვამს. მისი გამორჩეულობა
არაა საკუთარი ილუზიის ნაყოფი,
როგორც ერთი ფრინველის საკუთარი
შეფერილობით თავმოწონება;
ეს მყარი და მრავალმხრივი
რამაა. ის თვით იმ სპეკულაციებითაც
კი მტკიცდება, რომელთა მიზანი
მისი უარყოფაა. ის, რომ ადამიანები,
ამ დაბალი სამყაროს ღმერთები,
მასთან ბევრნაირად არიან
დაკავშირებულნი, ჭეშმარიტებაა,
თუმცა ეს იმავე ჭეშმარიტების
ნაწილია. ის, რომ ისინი ბალახივით
იზრდებიან და დათვების მსგავსად
დადიან, მეორადი ნიშნებია,
რომლებიც პირველად განსხვავებულობას
ამახვილებს. იგივეა, რომ ვთქვათ,
რომ ჯადოქარი ადამიანს უნდა
ჰგავდეს, ან რომ ფერიებიც კი
ვერ იცეკვებდნენ ფეხების
გარეშე. ბოლოდროინდელი მოდა
აზროვნებას მთლიანად ამ რბილ,
დაქვემდებარებულ მსგავსებაზე
აფოკუსირებს, რათა ძირითადი
ფაქტი მიჩქმალოს. ჩვეულებად
იქცა იმის დაჟინება, რომ
ადამიანი სხვა არსებებს ჰგავს.
დიახ ასეა, და ამ მსგავსების
დანახვა მხოლოდ მას შეუძლია.
თევზი ვერ ხედავს ფრინველთა
ძვლების საკუთართან მსგავსებას,
სპილო და ემუ კი ვერ ადარებან
საკუთარ ჩონხებს. თვით ადამიანის
სამყაროსთან ერთობა სრულიად
განმხოლოებული უნივერსალურობაა.
ყველაფერ სხვასხთან ერთობის
შეგრძნებაც კი საკმარისია
მის გამოსაცალკევებლად.
ამ უნიკალური
ხედვით, ისეთივე განმარტოებულით,
როგორც მხოლოდ მის მიერ
პირდაპირი მნიშვნელობით
გაჩაღებული კოცონია, ეს ნახევრად
ღმერთი თუ დემონი სამყაროს
ხილულად აქცევს. თავის ირგვლივ
ის გარკვეული სახის თუ ყაიდის
სამყაროს ხედავს. მასში
გარკვეული წესები ან სულ
მცირე, გამეორებები მოქმედებს.
ის ხედავს მწვანე არქიტექტურას,
რომელიც საკუთარ თავს ხილული
ხელების გარეშე აშენებს, თანაც
სრულიად გარკვეული, ზუსტი
გეგმის თუ ნიმუშის მიხედვით,
რომელიც თითქოს უხილავმა
თითმა ჰაერში მოხაზა. ეს არაა
ის ბუნდოვანი რამ, რასაც ახლა
ბუნდოვნად გვთავაზობენ. ეს
არაა ბრმა სიცოცხლის ხელის
ცეცებით ზრდა. ყველაფერი,
ყველა გვირილა და ბაბუაწვერაც
კი, მიზანს ესწრაფის, დიდებულსა
და ბრწყინვალეს. თვით საგანთა
ფორმაში მწვანე ზრდაზე მეტი
რამაა; აქ ყვავილის დასრულებულობაა.
ეს გვირგვინთა სამყაროა. ამ
შეგრძნებამ, მოჩვენებითმა
თუ თუ ჭეშმარიტმა, იმდენად
ღრმა გავლენა იქონია მოაზროვნეთა
და ნივთიერი სამყაროს ოსტატთა
ამ მოდგმაზე, რომ უდიდეს
უმრავლესობას სამყაროს შესახებ
გარკვეული წარმოდგენა
ჩამოუყალიბდა. მართებულად
თუ არამართებულად, მათ ჩათვალეს,
რომ სამყაროს, ხის მსგავსად,
გეგმა აქვს. აქვს მიზანი და
გვირგვინი – ყვავილის მსგავსი.
ვიდრე მოაზროვნეთა მოდგმას
აზროვნება შეეძლო, გეგმის
არსებობის იდეის მიღებას
სხვა, უფრო ამაღელვებელი და
შემაძრწუნებელი აზრი მოჰყვა;
არსებობს ვიღაც, უცნაური და
უხილავი, ვინც ეს გეგმა შექმნა,
თუკი ასეთი მართლაც არსებობს.
ეს უცნობი მეგობარიცაა; იდუმალი
კეთილისმყოფელი, რომელიც
მანამდე არსებობდა და მათი
მოსვლისთვის ბორცვები და
ტყეები მოამზადა, აგრეთვე
განთიადი დაანთო, როგორც
მსახური ანთებს ხოლმე ცეცხლს.
თანდათან გონის იდეა, რომელიც
სამყაროს საზრისს სძენს,
ადამიანთა გონებაში სულ უფრო
მეტ დადასტურებას პოულობდა
ბევრად უფრო დახვეწილი განსჯისა
და გამოცდილების წყალობით,
ვიდრე გარეგნული გეგმის
არსებობის ასეთი მარტივი
მოსაზრებებია; თუმცა ახლა ამ
ამბავს რაც შეიძლება მარტივად
და კონკრეტულადაც კი ვყვები,
ამიტომაც ვიტყვი, რომ ადამიანთა
უმრავლესობამ, მათ შორის
უჭკვიანესებმაც დაასკვნეს,
რომ სამყაროს აქვს ერთგვარი
საბოლოო მიზანი და შესაბამისად,
პირველსაწყისიც. თუმცა ადამიანთა
უმრავლესობა გარკვეული
თვალსაზრისით ჩამოცილდა
უჭკვიანესთა ნაწილს, როცა
საქმე ამ იდეასთან დამოკიდებულებაზე
მიდგა. ასე გაჩნდა ამ იდეის
მიმართ ორგვარი მიდგომა,
რომელთა შორისაც არის მოქცეული
მსოფლიოს რელიგიური ისტორიის
უდიდესი ნაწილი. უმრავლესობას,
უმცირესობის მსგავსად საგანთა
სხვა, მეორე მნიშვნელობის
არსებობის ძლიერი განცდა
დაეუფლა; განცდა უცნობი
ბატონისა, რომელმაც იცის
სამყაროს საიდუმლო. მაგრამ
უმრავლესობა, ადამიანთა მასა,
ბუნებრივად მიდრეკილი იყო
იმისკენ, რომ ამ ამბავს ჭორივით
მოჰკიდებოდა. ნებისმიერი
ჭორი კი სიმართლესაც შეიცავს
და ტყუილსაც. მსოფლიო საკუთარი
თავისთვის ამბების მოყოლას
შეუდგა უცნობი არსების, მისი
შვილების, მსახურებისა თუ
მაცნეების შესახებ. ამ ამბავთა
ნაწილს შეიძლება დედაბერის
ზრაპრები ვუწოდოთ, სადაც ალბათ
სამყაროს შორეული გარიჟრაჟის
ძალიან მკრთალი მოგონებებია
ასახული: ასეთია მითები ჩვილ
მთვარესა და ნახევრადშისველ
მთებზე; ზოგიერთი მოგზაურის
ამბებს უფრო მოგვაგონებს;
უფრო თანამედროვე და საინტერესო,
ზღვრული გამოცდილებით მიღებული,
ისინი სასწაულებრივ კურნებას,
ან გარდაცვლილთა ბედის შესახებ
ჩურჩულით მოყოლილს ეხება.
მრავალი მათგანი ალბათ მართალია,
ბევრი კი იმდენად მართალი,
რომ შეუძლია დაარწმუნოს საღი
აზრის მქონე ადამიანი, კოსმოსური
ფარდის მიღმა რაღაც რომ
არსებობს. მაგრამ გარკვეული
თვალსაზრისით ეს მხოლოდ
მოლანდებებია, მოლანდებებს
კი ხშირად მოჩვენებები ჰქვია.
თუმცა მოლანდება ხან ჩნდება,
ხან ქრება, და ეს ღმერთები
უმეტესწილად მოჩვენებებია.
უმრავლესობა ჩვენთაგანისთვის
ეს უფრო მოჩვენებებზე ჭორაობაა.
დანარჩენთათვის მთელი სამყარო
ჭორერბითაა სავსე, რომელთა
უმრავლესობა დაუფარავი
რომანტიკაა. ამბებს ღმერთებზე
, მოჩვენებებზე და უხილავ
მეფეზე ამბის ხათრით თუ არა,
საგნის ხათრით ყვებიან. ეს
საგნის მიმართ მარადიული
ინტერესითაა განპირობებული
და სხვაზე არაფერზე მეტყველებს.
ესაა მითოლოგია, ანუ პოეზია,
რომელიც წიგნად შეკრულიც კი
არაა – ან საერთოდ არანაირად
არაა შეკრული.
მცირე
ნაწილმა – ბრძენთა და მოაზროვნეთ
– ამათგან გარიდება და სხვა,
არანაკლებ სასიამოვნო საქმით
დაკავება გადაწყვიტა. მათ
სამყაროს გეგმების შედგენა
დაიწყეს; ყველას სჯეროდა, რომ
ასეთი გეგმა არსებობდა და
ცდილობდნენ, ის სერიოზული და
ზუსტი გამოეყვანათ; ცდილობდნენ,
თავიანთი გონება იდუმალი
სამყაროს შემქნელის გონებისთვის
აეწყოთ, მსჯელობდნენ ამ გონის
ხასიათსა და მის საბოლოო
მიზანზე. ზოგმა ეს გონი ბევრად
უფრო უპიროვნოდ ჩათვალა, ვიდრე
დანარჩენი კაცობრიობა თვლის,
ზოგმა თითქმის სიცარიელემდე
გაამარტივა; მცირედნი, ძალზე
მცირედნი საერთოდ დაეჭვდნენ
მის არსებობაში. ერთმა-ორმა,
უფრო ავადმყოფური განწყობისამ
ის ბოროტად და მტრად წარმოიდგინა.
მეორე ჯგუფის ერთმა-ორმა
ყველაზე გადაგვარებულმა
ღმერთების ნაცვლად დემონებს
სცა თაყვანი. თუმცა ამ
თეორეტიკოსების უმრავლესობას
თეისტები შეადგენდნენ და
არამართო ხედავდნენ ზნეობრივ
გეგმას ბუნებაში, არამედ ის
ადამიანებისთვისაც გადმოჰქონდათ.
უმრავლესობა კეთილი ადამიანი
იყო და კეთილი საქმე აკეთა:
ისინი ახსოვდათ და სხვადასხვაგვარ
პატივსაც მიაგებდნენ. ისინი
მწიგნობრობდნენ და მათი
წიგნები მეტნაკლებად წმინდა
წიგნებად იქცა. ისინი კანონმდებლები
იყვნენ და მათი ტრადიცია არა
მარტო საკანონმდებლო, არამედ
ცერემონიულიც გახდა. შეგვიძლია
ვთქვათ, რომ მათ ღვთაერბრივი
პატივი ერგოთ, ისეთივე, როგორც
მრავალ ქვეყანაში მეფეს და
წინამძღოლს ერგება ხოლმე.
ერთი სიტყვით, თუ მეორე სახალხო
განწყობა, ლეგენდისა და ჭორის
განწყობა ერთვებოდა საქმეში,
მათ მითოსის მისტიკურ საბურველში
ახვევდა. სახალხო პოეზია
ბრძენს წმინდანად აქცევდა.
ეს იყო და ეს. ადამიანებს
არასდროს ავიწყდებოდათ მათი
ადამიანობა და გაღმერთება
მხოლოდ გმირად ქცევას გულისხმობდა.
ღვთაებრივი პლატონი, ღვთაებრივი
იულიუსის მსგავსად, წოდება
იყო და არა დოგმა. აზიაში, სადაც
ატმოსფერო უფრო მითოლოგიური
იყო, ადამიანს მითად უფრო
აქცევდნენ, მაგრამ ის მაინც
ადამიანად რჩებოდა – გარკვეული
სოციალური კლასის ან სკოლის
ადამიანად, რომელიც კაცობრიობისგან
დამსახურებულ პატივს იღებდა.
ეს იყო ორდენი თუ სკოლა
ფილოსოფოსთა – ადამიანთა,
რომელთაც სერიოზულად გადაწყვიტეს
წესრიგი ეპოვათ ცხოვრების
ნებისმიერ ქაოსურ ხედვაში.
სამყაროს გონისა და საზრისის
შესახებ წარმოსახვითი ჭორების,
დაშორებული ტრადიციებისა
და ზღვრული, მოუხელთებელი
გამოცდილებით ცხოვრების
ნაცვლად მათ გადაწყვიტეს ამ
პირველადი საზრისის a priori
ამოცნობას შესჭიდებოდნენ.
ისინი ცდილობდნენ სამყაროს
სავარაუდო გეგმა ქაღალდზე
ისე გადაეტანათ, თითქოს ჯერ
არც კი იყო შექმნილი.
ზუსტად
მთელი ამ ამბების შუაშია
აღმართული უზარმაზარი
გამონაკლისი. ის არაფერს სხვას
არ ჰგავს. ის საბოლოოა, როგორც
უკანასკნელი სამსჯავროს
საყვირის ხმა, თან კეთილი
ამბავია, იმდენად კეთილი, რომ
ძნელი დასაჯერებელია. ეს
ხმამაღალი განცხადებაა, რომ
არც მეტი, არც ნაკლები, სამყაროს
იდუმალი შემქმნელი ქმნილებას
თავად ეწვია. გაცხადდა, რომ
ნამდვილად და თანაც ცოტა ხნის
წინ, ანუ ისტორიული დროის
შუაგულში, ქვეყანაზე ის უხილავი
არსება დააბიჯებდა; ის, ვისზეც
მოაზროვნეები ქმნიდნენ
თეორიებს, მითოლოგები კი
მითებს – ის, ვინც შექმნა
სამყარო. ყველაფრის უკან მდგომ
ასეთ უმაღლეს არსებას ყველა
საუკეთესო თეორეტიკოსი
აღიარებდა, ისევე როგორც ყველა
უმშვენიერესი ლეგენდა, მაგრამ
ასეთი რამ არცერთს არ
უვარაუდია.მტკნარი სიცრუე
იქნება იმის თქმა, თითქოს
რომელიმე ბრძენს ან გმირს
დაეჩემებინოს იდუმალი ბატონის
და შემქნელის სახელი. არავის
ეს არ გაუკეთებია. არცერთ
სექტას ან სკოლას მსგავსიც
კი არაფერი უცდია. არცერთ
უდიდეს წინასწარმეტყველს
არ უთქვამს, რომ ერთგულ მსახურზე
მეტია. უდიდესი რამ, რასაც
რომელიმე პირველადი მითი
ამბობს, შექმნაში შემოქმედის
მონაწილეობაა. მაგრამ შემოქმედი
რომ ჰორაციუსის დროინდელ
წვეულებებში მონაწილეობდა,
ელაპარაკებოდა მეზვერეებსა
და მთავრობის მოხელეებს რომის
იმპერიის ყოველდღიურობაში,
და ამ ფაქტს ათას წელზე მეტია
ჯიუტად აღიარებს მთელი ეს
უდიდესი ცივილიზაცია – ასეთი
რამ ბუნებით სრულიად შეუდარებელი
და განსხვავებულია ყველაფერი
სხვა დანარჩენისგან. ესაა
უდიდესი განცხადება, რაც კი
ადამიანს გაუკეთებია მას
შემდეგ, რაც ძაღლივით ყეფის
ნაცვლად დანაწვრებულად
ამეტყველდა. მისი განუმეორებლობა
მისსავე წინააღმდეგაც შეიძლება
იქნას გამოყენებული. შეიძლება
ამას შეშლილობის განსაკუთრებული
შემთხვევა დაარქვა, მაგრამ
შედარებით რელიგიათმცოდნეობას
ის უბრალოდ ნაცარტუტად აქცევს.
სამყაროს
ეს აპოკალიპსური სასწაულის
მაცნეთა ქარითა და რბოლით
დაატყდა თავს, და გადაჭარბებული
არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ
მაცნეთა რბოლა ახლაც გრძელდება.
სამყაროს, მის ბრძენ ფილოსოფოსებს
და მეოცნებე წრმართ პოეტებს
აოცებს, რომ კათოლიკური ეკლესიის
ერი და ბერი ახლაც მაცნესავით
იქცევა. მაცნე არც ოცნებობს
და არც კამათობს გზავნილის
შესახებ. მას ის მიაქვს. ეს
არც თეორიაა და არც ფანტაზია.
ეს ფაქტია. ამ შეგნებულად
ელემენტარული მონახაზისთვის
შეუსაბამოა დეტალური მტკიცება
იმისა, რომ ეს ფაქტია. უბრალოდ
ვამბობ, რომ მაცნეები გზავნილს
ისე ექცევიან, როგორც ადამიანი
ექცევა ფაქტს. ყველაფერი,
რასაც კათოლიკურ ტრადიციაში
გმობენ - ავტორიტეტი, დოგმატიზმი,
ცვლილებების ჯიუტი უარყოფა
– მხოლოდ გზავნილის მატარებელი
მაცნის დამახასიათებელი
ბუნებრივი ადამიანური
თვისებებია. ამ დასკვნით
ნაწილში მსურს გვერდი ავუარო
იმ საკამათო სირთულეებს,
რომლებსაც შეუძლიათ ამ ყველაზე
უფრო უცნაური ამბის მარტივი
ხაზების გაბუნდოვანება. მინდა
უბრალოდ მოვნიშნო მთავარი
ხაზები, განსაკუთრებით კი ის
ადგილი, სადაც უდიდესი ხაზია
გასავლები. მსოფლიოს რელიგია
სწორი თანაფარდობით მისტიციზმის
ტონებად და მითის მეტნაკლებად
რაციონალურ ფორმებად კი არ
იყოფა, არამედ ადამიანებად,
ვისაც მოაქვს ეს გზავნილი და
ადამიანებად, ვისაც ის ან ჯერ
არ სმენია, ან ჯერ ვერ ირწმუნა.
თუმცა
როდესაც ამ უცნაური ამბის
ჩვენი დროის გართულებულ
ტერმინოლოგიაზე გადატანას
ვცდილობთ, ვხედავთ, რომ ის
ისეთი სახელებითა და მეხსიერებით
იფარება, რომელთა ნაცნობობაც
კი სიყალბეა. მაგალითად, როდესაც
ვამბობთ, რომ რომელიღაც
ქვეყანაში ამდენი და ამდენი
მუსლიმია, ეს ნიშნავს, რომ იქ
ამდენი მონოთეისტია, ანუ
ადამიანი ძველი გავრცელებული
ადამიანური წარმოდგენით, რომ
უხილავი მმართველი უხილავი
დარჩა. ისინი ამას მისდევენ
გარკვეული კულტურული ტრადიციის
და გარკვეული კანონმდებლის
გამარტივებული კანონების
თანხლებით. არაფერი შეიცვლებოდა,
კანონმდებელი ლიკურგე ან
სოლონი რომ ყოფილიყო. ისინი
ამოწმებენ კეთილშობილ და
აუცილებელ ჭეშმარიტებას,
რომელიც არასდროს ყოფილა
ახალი. მათი რწმენა ახალი ფერი
არაა. ის ნეიტრალური და ნორმალური
ფერია რომელიც ფონად უდევს
ადამიანის მრავალფეროვან
ცხოვრებას. მუჰამედს, მოგვთა
მსგავსად, ახალი ვარსკვლავი
არ აღმოუჩენია. ის საკუთარი
საგანგებო ფანჯრიდან უძველესი
ვარსკვლავური ნათების ველს
აკვირდებოდა. ასევეა, როდესაც
ვამბობთ კონფუციანელთა და
ბუდისტთა შესახებ: ვგულისხმობთ
წარმართებს, რომელთა
წინასწარმეტყველებმა მათ
უხილავი ძალის განსხვავებული
და უფრო ბუნდოვანი ვერსია
მიაწოდეს, რომელიც მას უხილავთან
ერთად უპიროვნოდაც აქცევს.
როდესაც ვამბობთ რომ მათაც
აქვთ ტაძრები, კერპები,
ღვთისმსახურება და დღესასწაულები,
უბრალოდ ვგულისხმობთ, რომ ეს
წარმართები ჩვეულებრივი
ადამიანები არიან და მოსწონთ
პომპეზური, სადღესასწაულო,
ხატოვანი და ზღაპრული ხალხური
ელემენტები; ვგულისხმობთ,
რომ წარმართობა პურიტანობაზე
უფრო ადამიანურია. თუმცა ის,
თუ როგორია ღმერთი და რას
ამბობს ღვთისმსახური, სულაც
არ ჰგავს იმ სულისშემძვრელ
საიდუმლოს, სახარების მაცნეებს
რომ მოაქვთ. არავის სხვას არ
აქვს სახარება – კეთილი ამბავი.
მიზეზი მარტივია – სხვებს
არანაირი ამბავი არ გააჩნიათ.
ეს
მალემსრბოლები მოძრაობას
თანდათან აჩქარებენ. ეპოქები
გადის, ისინი კი ისე ლაპარაობენ,
თითქოს ღაღაც ახლახან მოხდა.
მათ არ დაუკარგავთ მაცნის
სიმარდე და იმპულსი. არც მოწმის
ანთებული მზერა ჩამქრალა.
კათოლიკურ ეკლესიაში, რომელიც
ამ გზავნილის კოჰორტაა, არ
განელებულა სიწმინდის
თავგანწირვა, რომელიც რაღაც
სწრაფსა და ბოლოდროინდელზე
მეტყველებს, თავგანწირვა,
რომელიც თვითმკვლელობასავით
გამაოგნებელია. მაგრამ ეს
არაა თვითმკვლელობა. ეს არაა
პესიმიზმი. ეს ოპტიმიზმია -
ყვავილებისა და ჩიტების წმ.
ფრანცისკის ოპტიმიზმი. მისი
განწყობა უფრო ცინცხალია,
ვიდრე აზროვნების უახლესი
სკოლებისა; და ის ახალი ტრიუმფების
ზღურბლზე დგას; რადგან ეს
ადამიანები ემსახურებიან
დედას, რომელიც უფრო და უფრო
მშვენიერდება, როდესაც
ახალ-ახალი თაობები მას
კურთხეულს უწოდებენ. სამყარო
ბერდება და ეკლესია კი თითქოს
ახალგაზრდავდება.
აი სასწაულის
უკნასკნელი მტკიცებულება:
ესოდენ ზებუნებრივი ბუნებრივად
იქცა. ვგულისხმობ, რომ გარედან
ესოდენ განუმეორებელი, შიგნიდან
შეხედვით საყოველთაო ხდება.
მე არ მიცდია ამ სასწაულის
მასშტაბის შემცირება, რაც
ზოგიერთ ჩვენს დაუოკებელ
თეოლოგს დიდ სიბრძნედ მიაჩნია.
პირიქით, შეგნებულად შევჩერდი
ამ დაუჯერებელ წყვეტაზე, ამ
დარტყმაზე, რომელმაც ისტორიის
ხერხემალი გატეხა. მე უდიდესი
თანაგრძნობით ვეკიდები
მონოთეისტებს – მუსლიმებსა
და იუდეველებს, რომელთაც ეს
მკრეხელობად უჩანთ, მკრეხელობად,
რომელმაც შესაძლოა მსოფლიო
შეარყიოს. მაგრამ ამას მსოფლიო
არ შეურყევია – პირიქით,
მდგრადობა შემატა. ეს ფაქტი
მით უფრო უცნაურად გვეჩვენება,
რაც უფრო მეტად ვუღრმავდებით.
ვფიქრობ, ურწმუნოს სავსებით
სამართლიანად ეჩვენება
თავხედობად ის, რასაც რწმენის
აქთი მისგან მოითხოვს.
თანაგრძნობით და გაგებით
ვეკიდები ამას, რადგან ეს
ისეთი შეთავაზებაა, რომლისგან
წესით მორწმუნესაც კი ტვინი
უნდა აერიოს. მაგრამ საქმეც
ისაა, რომ მორწმუნეს ტვინი
წესრიგში აქვს, არეულობა კი
სწორედ ურწმუნოთა ტვინში
სუფევს: ყველანი ვხედავთ,
როგორ მერყეობს ურწმუნო ტვინი
ეთიკისა და ფსიქოლოგიის
ათასნაირ უკიდურესობას შორის
– ხან პესიმიზმში ვარდება და
სიცოცხლეს უარყოფს, ხან
პრაგმატიზმში და ლოგიკაზე
იღებს ხელს, ეძებს ნიშნებს
კოშმარებში, კანონს წინააღმდეგობებში;
შიშისგან კივის კეთილისა და
ბოროტის მიღმისეულის ხილვებით,
ან უცნაურ ვარსკვლავებზე
ჩურჩულებს, სადაც ორჯერ ორი
ოთხია. ამ დროს ეს უცნაური და
განმარტოებული რამ, პირველი
შეხედვისას ფორმით ასე
აღმაშფოთებელი, შინაარსით
მყარი და საღი რჩება. ისაა
ყველა ამ მანიის დამაოკებელი,
რომელიც ისევე იცავს აზროვნებას
პრაგმატიკოსთაგან, როგორც
დაიცვა სიცილი პურიტანებისგან.
ვიმეორებ – მის არსებითად
შეურიგებელ და დოგმატიკურ
ხასიათს შეგნებულად გავუსვი
ხაზი. გასაოცარი რამ, რაც
შეურიგებელი და დოგმატიკური
რჩებოდა და რჩება, სრულებით
ნორმალური და ბუნებრივი გახდა
– ესაა საიდუმლო. ვაღიარებ,
რომ ცალკე განხილული ადამიანი.
რომელიც თავს ღმერთს უწოდებს,
შეიძლება შევადაროთ ადამიანს,
რომელიც ამბობს რომ მინისაა.
მაგრამ ადამიანი, რომელიც
აცხადებს, რომ მინისაა, არაა
მინის ოსტატი, რომელმაც მთელ
მსოფლიოს ფანჯრები ჩაუსვა,
საუკუნეთა განმავლობაში
ბროლივით ბრწყინავს და მის
სინათლეზე ყველაფერი ბროლივით
გამჭვირვალეა.
მაგრამ
ეს შეშლილობა საღია და ასეთად
რჩება მაშინაც, როცა სხვა
ყველაფერი შეიშალა. საუკუნე
საუკუნეს მისდევს, შეშლილთა
ამ თავშესაფარს კი ადამიანები,
როგორც საკუთარ სახლს, ისე
უბრუნდებიან. ესაა გამოცანა,
რომელიც ამოუხსნელი რჩება.
რატომაა ასეთი მკვეთრი და
არანორმალური ასე მყუდრო და
კეთილგანწყობილი. არ მაინტერესებს
თუ სკეპტიკოსი იტყვის, რომ
ეს ზღაპარია; ვერ ვხედავ, როგორ
შეიძლება კოშკმა, რომელსაც
საძირკველი არ გააჩნია, ამდენ
რყევას გაუძლოს. კიდევ უფრო
ნაკლებად ვხედავ, როგორ შეიძლება
ადამიანმა იქ თავი შინ იგრძნოს.
უბრალოდ რომ გამოჩენილიყო
და გამქრალიყო, შეიძლება
გვეთქვა, რომ ეს ილუზიის
გაბრძოლება და უკანასკნელი
ნახტომია, უკანასკნელი მითი
უკანასკნელი განწყობისა,
რომელშიც გონება ცას შეეტაკა
და დაიმსხვრა. მაგრამ გონება
არ დამსხვრეულა. ეს ერთადერთი
გონებაა, რომელიც სიმრთელეს
ინარჩუნებს ამ საყოველთაო
დაშლაში. ეს რომ შეცდომა
ყოფილიყო, ასეთი შეცდომა ერთ
დღესაც კი ვერ გაძლებდა. ეს
რომ უბრალო აღმაფრენა ყოფილიყო,
საათის განმავლობაში გაივლიდა.
მან თითქმის ორი ათასი წელი
გაძლო და სამყარო მის შიგნით
უფრო ნათელი, უფრო გაწონასწორებული,
იმედებში უფრო გონივრული,
გრძნობებში უფრო ჯანსაღი,
ბედისა და სიკვდილის პირისპირ
უფრო დამცინავი და მხიარულია,
ვიდრე გარე სამყარო. ესაა
ქრისტიანობის სულისკვეთება,
რომელიც დაუჯერებელი ქრისტესგან
მოდის და ეს სულისკვეთება
საღი აზრია. თუმც თვალს ვერ
ვუსწორებთ მის სახეს, ვხედავთ
მის ნაყოფს, მისი ნაყოფით კი
მას ვცნობთ. ნაყოფი მყარია,
ნაყოფიერება კი ბევრად უფრო
მეტი, ვიდრე მეტაფორა; არსად
ამ სევდიან წუთისოფელში ვაშლის
ხეზე ამძვრალი ბიჭები ისე არ
მხიარულობენ, ან ვაზს შორის
მოსიარულე კაცები ისე თანაბარ
გუნდად არ მღერიან, როგორც
აქ, ამ შეჩერებული, მყისიერი
და შეუწყნარებელი განათლების
ქვეშ; გაელვებაში, რომელიც
მარადიულ სინათლედ იქცა.
No comments:
Post a Comment