ზაფხულის ერთ დღეს,
ტყეში გასეირნების შემდეგ,
კენტში, მდელოზე, სოფლის პატარა
ეკლესიის ჩრდილში ჩამოვჯექი.
ჩემი თანამგზავრი “მაღალი
აზროვნების” სახელით ცნობილი
ახალი რელიგიის ექსცენტრიკულ
აღმსარებელთა ჯგუფს ეკუთვნოდა,
რომლის მაღალფარდოვნება
გაცნობისთანავე თვალში მეცა, აზროვნების ნიშნების
პოვნა კი ნაცნობობის უფრო
გვიანდელი, ეზოთერულ ეტაპისთვის
გადავდე. ჩემი თანამგზავრი
მათ შორის ყველაზე უფრო
საინტრესო გამოდგა, რადგან
აზროვნებისა რა გითხრათ,
მაგრამ გამოცდილებით დანარჩენებს
დიდად აღემატებოდა: ტროპიკებს
იქით ემოგზაურა, ვიდრე დანარჩენები
გარეუბნებში მედიტაციით
იყვნენ დაკავებულნი. მართალია
ამბობდნენ, მოგზაურის მოთხრობებში
ზედმეტობებით სცოდავსო, მაგრამ
მიუხედავად ამ ბრალდებებისა,
დანარჩენებს ვამჯობინე და
ამიტომაც გავყევი ტყეში
სასეირნოდ, სადაც მისმა
გარუჯულმა სახემ, ხშირმა
უხეშმა წარბებმა და წაწვეტებულმა
წვერმა უნებლიედ პანი გამახსენა.
დაბრუნებულები ბალახზე
წამოვკოტრიალდით და ხის
კენწეროების და ეკლესიის
შპილის თვალიერებაში გაგვყავდა
დრო. ნაშუადღევს ჩიტების
ჟივჟივმა მაღლა, ცაში აინაცვლა.
სუსტი ნიავი უფრო აწყნარებდა,
ვიდრე არხევდა ძველი ინგლისური
ბაღის ხეებს. ჩემი თანამგზავრი
შემეკითხა: “იცით რატომაა
ეკლესიის შპილი ასე მიმართული?”
მე მოკრძალებული აგნოსტიციზმი
გამოვამჟღავნე, ის კი დაუფიქრებლად
მეუბნება: “ობელისკებიც ასეა
– ფალოსის ანტიკური თაყვანისცემაა.”
გავხედე მდელოზე წამოწოლილ
თხისწვერას, და წამიერად
მომეჩვენა, რომ ეშმაკია, და
არა პანი. შეუსაბამობას და
უკუღმართობას, რომელიც ასეთი
აზრის ასეთ დროს და ასეთ ადგილას
გამოთქმას ახლავს, სიტყვებით
ძნელად გადმოსცემ. ისეთ ხასიათზე
დავდექი, ალბათ კუდიანის
დაწვისას რომ დგებიან. აბსურდის
განუზომელი შეგრძნება დამეუფლა.
“რა თქმა უნდა,” ვუპასუხე
წუთიერი დაფიქრების შემდეგ,
“ფალოსის კულტი რომ არა, შპილს
ხომ ქვევით მიმართავდნენ და
წვერით დააყუდებდნენ.” შემეძლო
ერთი საათი შეუჩერებლად
მეხარხარა. ჩემს ამხანაგს ეს
არ სწყენია, რადგან საკუთარ
მეცნიერულ აღმოჩენების მიმართ
განსაკუთრებულ თხელკანიანობით,
როგორც ჩანს, არ გამოირჩეოდა.
შემთხვევით შევხდით და მას
შემდეგ აღარც მინახავს. ახლა,
ვფიქრობ, ცოცხალიც აღარაა,
და მიუხედავად იმისა, რომ
ამას კამათთან არაფერი ესაქმება,
იქნებ ღირდეს “მაღალი აზროვნების”
მიმდევარის და პირველყოფილი
რელიგიის ინტერპრეტატორის
სახელიც ითქვას, ყოველ შემთხვევაში
ის, რომლითაც ცნობილი იყო: ლუი
დე რუჟმონ.
შპილის წვერზე
თავდაყირა დაყენებული კენტის
ეკლესიის ეს ხატი მუდამ თვალწინ
დამიდგება ხოლმე, როდესაც
წარმართულ წარმომავლობაზე
ლაპარაკს ვისმენ და ხარხარის
გუნებაზე ვდგები. შემდეგ
თანამედროვე თუ ანტიკური
რელიგიის ყველა ამ მკვლევარის,
მაღალი ავტორიტეტისა თუ
კრიტიკოსის მიმართ ისეთივე
გულმოწყალება და თანაგრძნობა
მეუფლება, როგორსაც საწყალი
ლუი დე რუჟმონის მიმართ მაქვს.
თუმცა ამ უზარმაზარი აბსურდის
მოგონება თავისებურ საზომად
დარჩა იმისა, თუ სად გადის
შეშლილობის ზღვარი არამარტო
ქრისტიანული, არამედ წარმართული
ტაძრების განხილვისას. ახლა
ბევრი მკვლევარი წარმართულ
წარმომავლობაზე ისევე საუბრობს,
როგორც პატივცემული მოგზაური
საუბრობდა ქრისტიანულზე.
უამრავი თანამედროვე ჰუმანისტი
ძალიან მკაცრად ეკიდება ამ
რეალურად ჰუმანურ რელიგიას.
მას ისე წარმოადგენენ, თითქოს
ყველგან ფესვები გულისამრევ
საიდუმლოებებში ჰქონოდა
გადგმული და მხოლოდ უსირცხვილობისა
და ანარქიის ელფერს ატარებდა.
ამის ერთი წამითაც კი არ მჯერა.
აპოლონის თაყვანისცემაზეც
კი ვერ წარმოვიდგენ წამითაც
იმას, რაც ლუი დე რუჟმონს
ქრისტეს თაყვანისცემაზე
შეეძლო რომ ეფიქრა. ვერასდროს
დავიჯერებ, რომ ბერძნულ ქალაქში
ისეთი განწყობა სუფევდა,
როგორც ამ გადარეულმა კენტის
სოფელში იყნოსა. მთელი არსი
თვით ამ დასკვნითი თავისა,
რომელიც წარმართობის დასკვნით
გადაგვარებას ეთმობა ისაა,
რომ კიდევ ერთხელ გავიმეორო
– წარმართობის საუკეთესო
ნაირსახეობამ ყველა შესაძლოზე
უარესი დაამარცხა. საუკეთესო
წარმართობამ დაამარცხა
კართაგენის ოქრო. საუკეთესო
წარმართობა შეიმოსა რომაული
დაფნით. ყველა თვალსაზრისით
ეს იყო საუკეთესო, რაც კი
მსოფლიოს მანამდე ენახა, რაც
გრამპიანის
კედლიდან ევფრატის ბაღებამდე
მართავდა; საუკეთესო მათ
შორის, ვისაც დაუპყრია და
ვისაც უმართავს; და საუკეთესო,
რამაც გადაგვარება დაიწყო.
თუ ამ ჭეშმარიტებას
ვერ დავინახავთ, მთელ ამბავს
ავცდებით. პესიმიზმი ბოროტისგან
კი არა, კეთილისგან გაბეზრებულობაა.
უსასოობა ტანჯვისგან კი არა,
მხიარულებისგან გადაღლას
მოსდევს. საზოგადოების
გადაგვარება იმის გამო იწყება,
რომ ამა თუ იმ მიზეზით კეთილ
საქმეს კეთილი შედეგი ვეღარ
მოაქვს, მისი საკვები აღარ
ანაყრებს, მისი წამალი აღარ
ჰკურნავს, მისი დალოცვა აღარ
ლოცავს. საზოგადოებაში, რომელიც
ასეთ სიკეთეებს იმთავითვე
მოკლებულია, გადაგვარება
შეუმჩნეველია. ამიტომაა, რომ
კართაგენის მსგავსი უძრავი
სავაჭრო ოლიიგარქია ისტორიაში
თითქოს გაუნძრევლად დგას და
მუმიასავით გაშტერებულა -
იმდენად გამომშრალი, შეხვეული
და ბალზამირებული, რომ კაცი
ვერ იტყვის, ახალია თუ ძველი.
მაგრამ კართაგენი მოკვდა და
დემონთა მიერ მოკვდავთა
საზოგადოებაზე მიტანილთაგან
უსაშინლესი შემოტევა დამარცდა.
თუმცა რაღა მნიშვნელობა აქვს
იმას, რომ უბოროტესი მკვდარია,
როცა საუკეთესო კვდება?
დავიწყოთ იმით, რომ
რომის დამოკიდებულება კართაგენის
მიმართ ნაწილობრივ გამეორდა
და გავრცელდა კართაგენზე
უფრო ნორმალურ და რომთან უფრო
ახლოს მყოფ ერებზე. მე არ
ვაპირებ წმინდად პოლიტიკური
მოსაზრების უარყოფას, რომ
რომაელი სახელმწიფო მოღვაწენი
აგდებულად ეკიდებოდნენს
კორინთოსა და ბერძნულ ქალაქებს.
მე უარვყოფ იმას, თითქოს
ჩვეულებრივ რომაელთა ზიზღი
ბერძნული ქალაქების მიმართ
მხოლოდ ფარისევლობით აიხსნება.
მე არ ვცდილობ ამ წარმართების
რაინდობის ნიმუშებად წარმოდგენას,
ნაციონალიზმით განცდით რომაა
შეფერილი, რომელიც საერთოდ
უცნობი იყო ქრისტიანობამდე.
მე ვცდილობ ვაჩვენო ადამიანები
ბუნებრივი ადამიანური განცდებით.
საქმე ისაა, რომ ბუნების
თაყვანისცემისა და უბრალო
მითოლოგიის ერთ-ერთმა სისუსტემ
უკვე წარმოქმნა ბერძნებს
შორის გაუკუღმართება უმდარესი
სოფისტიკის – გამარტივების
სოფისტიკის წყალობით. ბუნებას
ადიდებდნენ და ბუნებრიობა
დაკარგეს, კაცი ადიდეს და
კაცურობა დაივიწყეს. თუ
საბერძნეთი წინ მიუძღოდა
დამპყრობელს, შესაძლოა გზაც
აურია, მაგრამ ის თავიდანვე
ამის დაპყრობას ცდილობდა -
თვით საკუთარ თავშიც. სოდომსა
და გომორაშიც კი ნაკლები
ცოდვაა, ვიდრე ტვიროსსა და
სიდონში. ბავშვებისთვის
დემონებისგან გამოცხადებულ
ომზე ფიქრისას ბერძნულ დეკადანსს
პუნიკურ სატანიზმს ვერ
შევადარებთ. თუმცა არც ისაა
მართალი, რომ ამ რომელიმეზე
გულარძნილობა ფარისევლურია;
ადამიანური თვალსაზრისით
და საღი აზრის მისედვით არაა
მართალი. წარმოიდგინეთ საღად
და მარტივად აღზრდილი, სიყვარულზე
მეოცნებე ვაჟი, რომელიც
განიმედეს
კულტის შესახებ პირველად
შეიტყობს; მისთვის ეს უბრალოდ
შემძვრელი კი არა, გულისამრევი
იქნება. და ეს პირველი შთაბეჭდილება,
როგორც ხშირად უთქვამთ ხოლმე
პირველ შთაბეჭდილებაზე,
ჭეშმარიტია. ჩვენი ცინიკური
განურჩევლობა ილუზიაა,
შეჩვეულობის ილუზია - ილუზიათა
შორის უდიდესი. პირველ რომაელთა
მასის ჯანსაღი, გულწრფელი და
სპონტანური, სოფლური რეაქცია
ასეთი ჭორების გაგონებაზეც
კი სავსებით ბუნებრივია; რაღაც
თვალსაზრისით, ოღონდ ნაკლები
სიმძაფრით, ის კართაგენელთა
სისასტიკეზე რეაქციის მსგავსია.
ამ ნაკლები სიმძაფრის გამო
არ დაანგრიეს მათ კორინთო
კართაგენის მსგავსად. და თუ
მათი განწყობა და ქმედება
იყო კიდეც დამანგრეველი, მათი
აღშფოთება არავითარ შემხვევაში
არ ყოფილა გამოწვეული მოჩვენებითი
წესიერებით, რომლის უკან
თავკერძობა იმალება. თუ ვინმე
მაინც დაიჟინებს, რომ თითოელ
ამ შემთხვევაში მხოლოდ
სახელმწიფო და კომერციული
ინტერესების შეთქმულება
მოქმედებდა, მხოლოდ იმას
ვუპასუხებთ, რომ არსებობს
რაღაც, რაშიც ვერ გარკვეულა
და რაშიც იქნებ ვერც ვერასდროს
გაერკვეს. ამაში გარკვევის
გარეშე კი ვერასდროს გაუგებს
ლათინებს. ამ რაღაცას დემოკრატია
ჰქვია. სიტყვა ბევრჯერ ექნება
გაგონილი და თავადაც ბევრჯერ
გამოყენებული, თუმცა არსი
მისთვის სრულიად გაუგებარი
დარჩენილა. რომის რევოლუციურ
ისტორიას უწყვეტად გასდევს
დემოკრატიისკენ სწრაფვა;
სახელმწიფო და მისი მოღვაწენი
ვერაფერს გახდებოდნენ
დემოკრატიის მნიშვნელოვანი
მხარდაჭერის გარეშე, დემოკრატიისა,
რომელსაც არასდროს არაფერი
ესაქმებოდა დიპლომატიასთან.
რომაული დემოკრატიის არსებობის
გამოა, ამდენი რამ რომ გვესმის
რომაულ ოლიგარქიაზე. მაგალითად,
ბოლოდროინდელი ისტორიკოსები
რომის საბრძოლო შემართებას
და გამარჯვებებს საზიზღარი
და საძულველი მევახშეობით
ხსნიან, ზოგიერთი პატრიციუსი
რომ ეწეოდა; თითქოს კურიუსმა
მაკედონური ფალანგა მათთვის
ფულის სესხებით დაამარცხა,
კონსულმა ნერონმა კი მეტაურუსის
გამარჯვება ხუთ პროცენტად
მოიპოვა. პატრიციუსთა მევახშეობა
პლებების გამუდმებულ ამბოხს
იწვევდა, პუნიკური ვაჭარი
მმართველების, მევახშეობით
რომ სულდგმულობდნენ, ბრბოს
მევახშედ მოხსენიებაც კი არ
გაუბედავს არასდროს.
რომის აღზევება, თუმც
ყველაფერი მოკვდავის მსგავსად,
მოკვდავის ცოდვებითა და
სისუსტით დამძიმებული, მაინც
ნორმალურის და განსაკუთრებით
სახალხოს აღზევება იყო,
განსაკუთრებულად ნორმალური
და ღრმად ხალხური ზიზღით
გაუკუღმართების მიმართ.
ბერძნებს შორის ამ დროს
უკუღმაღთობა ჩვეულებად იქცა.
იმდენად ჩვეულებრივად,
განსაკუთრებით ლიტერატურაში,
რომ დროდადრო მას რომაელი
ლიტერატორებიც გადმოიღებდნენ
ხოლმე. თუმცა ამაშია სწორედ
ის სირთულე, რომელიც ჩვეულებას
ახლავს ხოლმე. ამან არ უნდა
გადაფაროს ორი საზოგადოების
ტონის აშკარა განსხვავებულობა.
ვერგილიუსს მართლაც უსესხებია
თემები თეოკრიტესგან, თუმცა
ვერავინ იტყვის, რომ ვერგილიუსი
განსაკუთრებულად მოხიბლული
ყოფილიყო ამ თემით. ვერგილიუსის
თემები განსაკუთრებულად და
თვალშისაცემად ნორმალურია,
განსაკუთრებით, როცა საქმე
ზნეობას ეხება; ესაა სოფლის
ღვთისმოსავობა, პატრიოტიზმი
და ღირსება. ამ პოეტთან ნამდვილად
უნდა შევჩერდეთ, როდესაც
ანტიკური ხანის შემოდგომას
ვუახლოვდებით, რადგან ის ამ
შემოდგომის სიმწიფისა და
მელანქოლიის, ნაყოფიერების
და მოსალოდნელი დაცემის ხმას
განასახიერებს. ვერგილიუსი
ხედავდა, თუ რას ნიშნავს
კაცობრიობისთვის საღი ზნეობა.
ამაში დასარწმუნებლად მისი
რამდენიმე ბწკარის წაკითხვაც
კი საკმარისია. მისი ემოციები
კერის ღმერთებზე დემონების
პარპაშისას ეჭვს არ იწვევს.
თუმცა ორი რამ განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია ჩვენი მთავარი
თეზისისთვის: მისი პატრიოტული
ეპოსი განსაკუთრებული
თვალსაზრისით მთლიანად ტროას
დაცემას ეფუძნება - ტროას
აღიარებულ ღირსებას, მიუხედავად
მისი დაცემისა. მისი სათაყვანებელი
მოდგმისა და რესპუბლიკის
ფესვთა ტროელებთან დაკავშირებით,
მან ჩაუყარა საფუძველი ტროას
უდიდეს ტრადიციას, რომელიც
რომელიც შუასაუკუნოვან და
ახალ ისტორიას გასდევს. ამის
პირველი მინიშნება ჰომეროსის
ჰექტორის მიმართ სიბრალულშია.
ვერგილიუსმა ეს უბრალოდ
ლიტერატურად კი არა, ლეგენდად
აქცია. ეს ლეგენდა თითქმის
ღვთაებრივ ღირსებაზეა,
დამარცხებულთა ხვედრი რომაა.
ეს ერთი იმ ტრადიციათაგანია,
ჭეშმარიტად რომ შეამზადა
ქვეყნიერება ქრისტიანობისა
და განსაკუთრებით, ქრისტიანული
რაინდობის მოსვლისათვის.
ესაა, რამაც ხელი შეუწყო
ცივილიზაციის შენარჩუნებას
ბნელი საუკუნეების გაუთავებელი
დამარცხებების და ბარბაროსული
ომების პირობებში; საიდანაც
დაიბადა ის, რასაც რაინდობას
ვეძახით. ესაა კედელთან ზურგით
მიბჯენილი კაცის ზნეობრივი
დამოკიდებულება, კედელი კი
ტროას კედელია. მთელი შუასაუკუნოვანი
და ახალი ისტორიის მანძილზე
ჰომეროსული შეჯახების სიქველეთა
ეს ვერსია ასეულობით სხვადასხვა
სახით თანამშრომლობდა ყველაფერ
იმასთან, რაც ასე ენათესავება
მას ქრისტიანულ განწყობაში.
ჩვენი თანამემაულენი და სხვა
ქვეყნების ადამიანები,
ვერგილიუსის მსგავსად, სიხარულით
იჩემებენ გმირი ტროელების
შთამომავლობას. უამრავი ჯურის
ადამიანს დაუჩემებია ჰექტორის
შთამომავლობა, რადგან უმაღლესი
ჰერალდიკური ღირსების მატარებლად
თვლიდა. აქილევსის შთამომავლობა
არავის მონდომებია. თვით ის
ფაქტი, რომ ტროელის სახელი
ქრისტიანულად იქცა და მთელ
საქრისტიანოს მოედო, ბერძნული
კი იშვიათობად და ახირებად
დარჩა, იგივე ჭეშმარიტებას
ამტკიცებს. მეტიც, ენის კურიოზია,
სახელი რომ ზმნად იქცა (Hector –
ტრაბახი), რაც იმას ნიშნავს,
რომ უამრავმა ჯარისკაცმა
დაცემული ტროა მისაბაძ მაგალითად
გაიხადა. ანტიკურ სამყაროში
ჰექტორზე ნაკლებად არავის
უტრაბახია, და მაინც მკვეხარამ,
რომელიც გამარჯვებას იჩემებს,
სახელი დამარცხებულისგან
ისესხა. ამიტომაა, ვერგილიუსის
მიერ ტროას შთამომავლების
პოპურარიზაცია სასიცოცხლო
კავშირში იმ ელემენტებთან,
რომლებმაც ათქმევინეს
ადამიანებს, რომ ვირგილიუსი
თითქმის ქრისტიანი იყო. თითქოს
ხის ორი უდიდესი იარაღი თუ
სათამაშო, ღვთაებრივი და
ადამიანური განგების ხელში
აღმოჩნდა; ერთადერთი, რისი
შედარებაც შეიძლება გოლგოთის
ხის ჯვართან, ტროას ხის ცხენია.
მიზნით ღვთისმოსავ, ფორმით
კი ლამის მკრეხელურ, ველურ
ალეგორიაში წმინდა ჩვილი
ურჩხულს ხის ცხენზე ამხედრებული
ხის ხმლით ებრძვის.
მეორე ელემენტი,
რომელიც ასევე არსებითია
ჩვენი მსჯელობისთვის, ვერგილიუსის
განსაკუთრებული ხასიათის
დამოკიდებულებაა მითოლოგიასთან,
ან რასაც გარკვეული მნიშვნელობით
ფოლკლორი, მოსახლეობის რწმენები
და ფანტაზიები შეიძლება
დავარქვათ. საყოველთაოდ
ცნობილია, რომ მისი საუკეთესო
პოეზია ბუნებისა და სოფლის
ღვთაებებით უფროა დაკავებული,
ვიდრე ოლიმპოს პომპეზურობით.
ყველამ იცის, თუ სად ეძებდა
ვერგილიუსი საწყისებს – არა
ურანისა და კრონოსის კოსმოსურ
ალეგორიებში, არამედ პანთან,
ნიმფებთან და სილვანუსთან
- ტყის მოხუც კაცთან. მისი არსი
ყველაზე მეტად ეკლოგიების
იმ პასაჟებში მჟღავნდება,
სადაც არკადიისა და მწყემსების
დიდებული ლეგენდა უკვდავჰყო.
უბადრუკი კრიტიკის წყალობით
აქაც ადვილია მისი და ჩვენი
ლიტერატურის პირობითობათა
შორის განსხვავების არსს
ასცდე: არაფერია თვით უფრო
ხელოვნური, ვიდრე ძველი
პასტორალური პოეზიის ხელოვნურობის
ბრალდება. ჩვენ სრულიად
დავივიწყეთ ის, რასაც ჩვენი
წინაპრები გულისხმობდნენ
საკუთარი ნაწერის გარეგნულ
ფორმაში. იმდენად გვახალისებს,
რომ მწყემსებს ფაიფურისგან
ამზადებდნენ, რომ აღარც
გვახსენდება ვიკითხოთ, თუ
რატომ ამზადებდნენ საერთოდ.
მხიარული სოფლელი იმდენად
საოპერო პერსონაჟი გახდა,
რომ არავინ კითხულობს, თუ
როგორ მოხვდა ოპერაში და
საიდან აძვრა საოპერო სცენაზე.
მოკლედ, რატომ აკეთებენ
ფაიფურისგან მწყემსს ქალს
და არა დახლიდარს? რატომ არაა
ბუხრის ფილა მორთული ვაჭართა,
თუჯის მაგნატთა რკინაში და
ოქროს სპეკულანტთა ოქროში
ჩამოსხმული ელეგანტური
ფიგურებით? რატომ წარმოადგენს
ოპერა მხიარულ გლეხს და არა
მხიარულ პოლიტიკოსს? რატომ
არ ასრულებენ პუანტებით
პირუეტებს საბალეტო ბანკირები?
იმიტომ, რომ კაცობრიობის
უძველესი ინსტინქტი და იუმორი
გვკარნახობს: დიდი ქალაქის
პირობითობა ნაკლებად ჯანსაღი
და მხიარულია, ვიდრე სოფლის
ადათ-წესები. ამაშია ეკლოგიათა
მარადიულობა. თანამედროვე
პოეტის ქმნილებაში, რომელსაც
მან ფლიტ-სტრიტის ეკლოგიები
დაარქვა, მწყემსები პოეტებმა
ჩაანაცვლეს. უოლ-სტრიტის
ეკლოგია, სადაც ბანკირები
პოეტების ადგილს იკავებენ,
ჯერ არავის დაუწერია. მიზეზი
ისაა, რომ ასეთი უბრალოება
მართლაც გვენატრება, ისეთი
სირთულე კი არასდროს. მხიარული
გლეხის საიდუმლოს გასაღები
ისაა, რომ გლეხი ზოგჯერ მართლაც
მხიარულია. ვისაც ამის არ
სჯერა, უბრალოდ არაფერი იცის
არც მასზე და არც იმაზე, თუ რა
ამხიარულებს. ვისაც მწყემსის
ზეიმისა და სიმღერის არ სწამს,
მწყემსის კალენდარზე წარმოგენაც
კი არ აქვს. რეალური მწყემსი,
თქმაც არ ღირს, ძალიან განსხვავდება
იდეალურისგან, მაგრამ ამის
გამო იდეალურის ფესვებთან
მყოფი რეალური არ უნდა დავივიწყოთ.
ტრადიცია ჭეშმარიტებისგან
იქმნება. პასტორალური პოეზია
ხშირად პირობითობაა, განსაკუთრებით
საზოგადოებრივი დაკნინების
ხანაში. საზოგადოებრივი
დაკნინებისას მოუწყენიათ
ვატოს მწყემსებს ვერსალის
ბაღებში. საზოგადოების
დაკნინებისას აგრძელებდნენ
სალამურის ხმაზე ცეკვას
მწყემსი ქალები და ვაჟები
ვერგილიუსის ყველაზე უფრო
გახუნებულ მიმბაძველებთან.
თუმცა ამის გამო მომაკვდავი
წარმართობის გმობა მისი
სიცოცხლის ცოდნის გარეშე
გაუმართლებელია. არც ისაა
დავიწყებას მისაცემი, რომ
თვით სიტყვა pagan (წარმართი)
გლეხის იდენტურია. ნება თქვენია,
შეგიძლიათ ამ ხელოვნებას
წმინდა ხელოვნურობა დაარქვათ,
მაგრამ ეს არაა ხელოვნურის
სიყვარული. პირიქით, არსით
ეს ბუნების თაყვანისცემაა,
ანუ ბუნებრივის სიყვარული,
თუმც კი წარუმატებლობისთვის
განწირული.
მწყემსები კვდებოდნენ,
რადგანაც კვდებოდნენ მათი
ღმერთები. წარმართობა პოეზიით
საზრდოობდა: ეს პოეზია, სახელად
მითოლოგია, უკვე განვიხილეთ.
ყველგან, განსაკუთრებით
იტალიაში, მითოლოგია და პოეზია
სოფლად იღებდა სათავეს. და
ეს რუსტიკანული რელიგიაა
მეტწილად რუსტიკანულ ბედნიერებაზე.
მხოლოდ საზოგადოების, როგორც
მთლიანის მომწიფებამ გამოაჩინა
მთელი მითოლოგიის სისუტე,
რომელსაც შესაბამისად
დასათაურებულ თავში შევეხეთ.
ეს რელიგია მთლად რელიგია არ
იყო. სხვანაირად, ეს რელიგია
მთლად რეალობა არ იყო. ეს
ახალგაზრდა სამყაროს აყალმაყალი
უფროა იდეებთან და ხატებთან,
ახალგაზრდა კაცის ღვინოსთან
და სიყვარულთან აყალმაყალის
მსგავსი, არა იმდენად უზნეო,
რამდენდაც უპასუხისმგებლო.
მას არ ჰქონდა დროით საბოლოო
გამოცდის განცდა. შემოქმედებითობის
ხარისხი განსაზღვრავდა
გულუბრყვილობისას. ის ადამიანის
შემოქმედებით მხარეს გამოხატავდა,
თუმცა შემოქმედებითადაც კი
გადაიტვირთა და ჩაიხლართა.
იუპიტერის თესლისგან აღმოცენებული
ოჯახური ხეები ჯუნგლს, ღმერთებისა
და ნახევარღმერთების პრეტენზიები
კი პოეტზე უფრო მეტად ადვოკატის
მოსაგვარებელს დაემსგავსა.
მზარდი ანარქია შემოქმედებით
ფარგლებს შორს გასცდა. ბუნების
თაყვანისცემას, რაოდენ
ბუმებრივადაც არ უნდა
გამოიყურებოდეს, განუშოებელად
თან სდევს ბოროტი ყვავილი,
რომელიც უფრო და უფრო საშინელი
ფორმით იფურჩქნებოდა. უკვე
ვთქვი, რომ არ მჯერა, თითქოს
ბუნების თაყვანისცემა ამ
კონკრეტული ვნებით იწყება
– დე რუჟმონის ფოლკლორისტიკის
სკოლას არ წარმოვადგენ. არ
მჯერა, რომ მითოლოგია აუცილებლად
ეროტიზმით იწყება, მაგრამ
დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად
ამით ამთავრებს. უფრო მეტიც,
არა მარტო პოეზია გახდა უფრო
უზნეო, არამედ უზნეობა გახდა
უფრო შეუპოვარი. ბერძნული
უკუღმართობანი, აღმოსავლური
უკუღმართობანი, ძველი სემიტური
დემონების საშინელი მინიშნებანი
დაკნინების გზაზე დამდგარი
რომის წარმოსახვას ბუზებივით
შემოესია. ეს ფსიქოლოგია
სავსებით ადამიანურია; ამის
დასანახად საკმარისია ვეცადოთ
ისტორიას შიგნიდან შევხედოთ.
ნაშუადღევს დგება დრო, როცა
ბავშვს ბეზრდება “წარმოდგენა”
- რომ წითელკანიანია, ან მეკობრე,
და სწორედ მაშინ იწყებს კატის
წვალებას. მოწესრიგებულ
ცივილიზაციასაც უდგება საათი,
როდესაც ადამიანს ბეზრდება
მითოლოგიით თამაში და იმის
წარმოდგენა, რომ ხე ქალწულია
და მთვარე ადამიანთან სიყვარულობს.
ამ გაბეზრების შედეგი ყველგან
ერთნაირია. ეს ნარკომანიისა
და ლოთობის მსგავსად დოზის
გაზრდით მთავრდება. ადამიანები
უცნაურ ცოდვებს და საზიზღობებს
მიმართავენ დაჩლუნგებული
აღქმის გამოსაცოცხლებლად.
ისინი საკუთარ ნერვებს ჩხვლეტენ
გასაცოცხლებლად, თუნდაც ბაალის
ქურუმთა დანებით და მთვარეულივით
მოსიარულენი, კოშმარით
გამოღვიძებას ცდილობენ.
ამიტომაა, რომ თვით
წარმართობის ამ ეტაპზე მწყემსური
სიმღერა და ცეკვა ტყეში თანდათან
მიჩუმდა. გლეხური ცივილიზაცია
ერთი მიზეზითაც გაქრა სოფლებიდან.
იმპერია ბოლო ეტაპზე უფრო და
უფრო ეყრდნობოდა მონურ სისტემას,
რომელიც ჩვეულებრივად
ორგანიზებულობით კვეხნას
მოსდევს და ისეთივე დაუძლურებულია,
როგორც თანამედროვე ინდუსტრიული
სისტემები. გლეხობა რომ ქალაქის
პურზე და ცირკზე დამოკიდებულ
ბრბოდ იქცა, საარაკო ამბავია,
რაც შემწეობასა და სინემაზე
დამოკიდებულ ხალხს მოგვაგონებს.
ამ თვალსაზრისით წარმართობისკენ
თანამედროვე შებრუნება მისი
სიბერისკენ უფროა მიმართული,
ვიდრე ყმაწვლილობისკენ. ამ
ყოველივეს სულიერი საფუძველი
აქვს ორივე შემთხვევაში.
განსაკუთრებით წარმართული
სული გაქრა თავის ნაცნობ
სულებთან ერთად. მისი სიმხურვალე
კერის ღმერთებთან ერთად
დაიკარგა, რომლებიც ბაღის,
მინდვრისა და ტყის ღმერთებს
გაჰყვნენ. ტყის მოხუცი ძალიან
მოხუცდა და მომაკვდავს
დაემსგავსა. ჭეშმარიტად ამ
განწყობითაა ნათქვამი: პანი
იმიტომ მოკვდა, რომ ქრისტე
დაიბადაო. თითქმის ასეთივე
სიმართლეა მეორეს მხრივ, რომ
პანის სიკვდილით ადამიანებმა
ქრისტეს დაბადება შეიტყეს.
მითოლოგიის სრულმა გაქრობამ
სიცარიელე შექმნა, რომელიც
გამგუდველი იქნებოდა, თეოლოგიას
რომ არ შეევსო. მნიშვნელოვანია
იმის გაგება, რომ მითოლოგია
მაინც ვერ გაძლებდა თეოლოგიასავით.
თეოლოგია აზროვნებაა, ეთანხმები
მას თუ არა. მითოლოგით კი
არასდროს უაზროვნიათ, მასთან
დათანხმებაც შეუძლებელია
და არდათანხმებაც. ეს უბრალოდ
ჯადოსნური განწობაა და როცა
ის გაივლის, მისი დაბრუნება
შეუძლებელი ხდება. ადამიანს
უბრალოდ კი არ გაუქრა ღმერთების
რწმენა, არამედ ის მიხვდა, რომ
არც არასოდეს ჰქონია.
ასე ჩამოწვა ბინდი
არკადიაში და წიფლის კორომიდანაც
მოსული სტვირის ხმაც მიილია.
ვირგილიუსის დიდებულ ლექსებში
უკვე შეინიშნება სევდა. თუმცა
სინაზე და კერის ღმერთები
კიდევ შერჩა შესანიშნავ
ბწკარებს, რომლებსაც ბელოკი
გაგების გამოცდად თვლიდა:
incipe parve puer risu cognoscere matrem. მაგრამ
ადამიანურმა ოჯახმა მათთან,
ისევე როგორც ჩვენთან, მონური
ორგანიზაციისა და ქალაქებში
მოძალების პირობებში ნგრევა
დაიწყო. ქალაქის მოსახლეობა
განათლდა, ანუ დაკარგა მითის
შექმნისათვის აუცილებელი
სულიერი ენერგია. ყველგან
ხმელთაშუაზღვისპირეთის
ქალაქებში ადამიანები ღმერთების
დაკარგვას გლოვობდნენ და
სასოებას გლადიატორებში
ეძებდნენ. მსგავსი რამ დაემართა
ანტიკურ იტელექტუალურ
არისტოკრატებსაც, რომლებიც
და თავისუფლად მოძრაობდნენ
და საუბრობდნენ სოკრატესა
და პითაგორას დროიდან მოყოლებული.
ისინი ვეღარ მალავდნენ ფაქტს,
რომ წრეზე მოძრაობენ და
გაუთავებლად ერთსა და იმავეს
ნაყავენ. ფილოსოფია მასხარაობას
დაემსგავსა, თანაც მოსაბეზრებელს.
ყველაფრის არაბუნებრივი
გამარტივება და რამენაირ
სიტემაზე დაყვანა, რასაც ჩვენ
ფილოსოფოსს ნაკლად ვუთვლით,
ერთიანად და საბოლოოდ
გამომჟღავნდა, როგორც უმაქნისი.
ყველფერი სიქველეა, ან ყველაფერი
კმაყოფილებაა, ან ყველაფერი
ბედია, ან ყველაფერი კარგია,
ან ყველაფერი ცუდია; ყველფერი
ყველაფერია და სათქმელიც
აღარაფერია. ასეც ქნეს: ბრძენი
სოფისტად, ანუ დაქირავებულ
მჭევრმეტყველად და გამოცანების
შემთხზველად გადაგვარდა.
ერთ-ერთი სიმპტომი ისაა, რომ
ბრძენი არა მარტო სოფისტი,
არამედ ჯადოქარიც ხდება.
აღმოსავლური ოკულტიზმის
ელფერი ხომ ასე ფასობს საუკეთესო
სახლებში. ფილოსოფოსი
ტაკიმასხარასთან ერთად
ილუზიონისტიც ხდება.
თანამედროვენი ხშირად
მედიტერანული სამყაროს
სიმცირეზე და სხვა კონტინენტების
აღმოჩენასთან დაკავშირებულ
ჰორიზონტის შესაზლო გაფართოებაზე
საუბრობენ. მაგრამ ეს ხომ
ილუზიაა, მატერიალიზმის მრავალ
ილუზიათაგან ერთ-ერთი. ზღვარი,
რომელსაც წარმართობამ მიაღწია
ევროპაში, ადამიანის არსებობის
ზღვარია. საუკეთესო შემთხვევაში
სხვაგანაც მხოლოდ ეს ზღვარი
მიიღწეოდა. რომაელ სტოიკოსებს
არ სჭირდებოდათ ჩინელები,
რათა სტოიციზმი ესწავლათ;
არც პითაგორელებს სჭირდებოდათ
ინდოელი, რომელიც მარტივი
ცხოვრების გამეორებადობას
და ვეგეტარიანელობის მშვენიერებას
შეასწავლიდა. ყველაფერი, რისი
აღმოსავლეთიდან მიღებაც
შეეძლოთ, უკვე მიიღეს და
გადაჭარბებულადაც. სინკრეტისტები
თეოსოფოსებივით დარწმუნებულნი
არიან, რომ ყველა რელიგია
ერთია. მაშ როგორღა შეიძლება
ფილოსოფიის გაფართოება
გეოგრაფიული გაფართოების
ხარჯზე? ძნელად თუ ვინმე
დაიწყებს იმის მტკიცებას,
რომ შესაძლებელი იყო უფრო
წმინდა რელიგიის სწავლა
აცტეკებისგან ან პერუში
ინკებთან ფეხმორთხმით ჯდომისას.
დანარჩენი მსოფლიო ბარბაროსობაში
იყო ჩაძირული. მნიშვნელოვანია
იმის გაგება, რომ რომის იმპერია
კაცობრიობის უდიდეს მიღწევად
იყო აღიარებული. კოლოსალურ
ამფითეატრებში მარმარილოსა
და ქვის უმძლავრეს ნაგებობათა
გასწვრივ უხილავი იეროგლიფებით
საშინელი საიდუმლო იყო
ამოტვიფრული: ამაზე მეტი
ადამიანის ძალებს აღემატება.
ეს არ იყო ბაბილონურ
კედელზე აელვარებული გზავნილი,
თუ რა სჭირდება ერთ მეფეს ან
ცნობა მისი ერთი სამეფოს
უცხოელისთვის გადაცემის
შესახებ. ეს არც კარგი ახალი
ამბავი გახლდათ შემოჭრისა
თუ დაპყრობის შესახებ; აღარაფერი
დარჩა, რაც რომს დაიპყრობდა
და არც სხვა რამ, რაც რომს
გააუმჯობესებდა. უძლიერესს
მხოლოდ დასუსტება ელოდა.
საუკეთესომ გაუარესება დაიწყო.
კვლავ და კვლავ, დაჟინებით
უნდა გავიმეოროთ, რომ ხმელთაშუა
ზღვის ცივილიზაციაში ბევრი
ცივილზაცია შეხვდა ერთმანეთს
და ის უკვე საყოველთაო იყო,
დაობებული და უნაყოფო
საყოველთაოობით. ხალხები
ეზიდებოდნენ რესურსებს და
მაინც უკმარისობა იყო; იმპერიები
წილში შედიოდნენ და მაინც
კოტრდებოდნენ. ვერცერთი
ჭეშმარიტი ფილოსოფოსი, ვერაფერს
ფილოსოფიურს ვერ მოიფიქრებდა
გარდა იმისა, რომ იმ ცენტრალურ
ზღვაში მსოფლიოს ტალღამ
უმაღლეს მწვერვალს მიაღწია
და ლამის ვარსკვლავებს შესწვდა.
მაგრამ ამ ტალღამ უკვე დაშვება
დაიწყო, რადგან ეს მხოლოდ
მსოფლიოს ტალღა იყო.
წარმართული
მითოლოგია
და ფილოსოფია, რომელიც უკვე
გავაანალიზეთ, პირდაპირი
მნიშვნელობით თხლემდე დაიწრიტა.
მაგიით გამრავლებული მესამე
სფერო, რომელსაც დემონებს
ვეძახით, შესამჩნევად
გააქტიურებული, არასდროს
ყოფილა რაიმე, გარდა დესტრუქციისა.
რჩებოდა
მეოთხე ელემენტი, უფრო სწორად
კი პირველი, რომელიც დავიწყებას
მიეცა სწორედ პირველობის
გამო. ვგულისხმობ პირველად
და უმძლავრეს, მაგრამ ხელშეუხებელ
შეგრძნებას, რომ ბოლოსდაბოლოს
სამყაროს ერთი წარმოშობა და
ერთი მიზანი აქვს. და რადგან
მიზანი აქვს, შემოქმედიც უნდა
ჰყავდეს. რა დაემართა ამ
დროისათვის ამ დიდ ჭეშმარიტებას
ადამიანთა გონების უკანა
პლანზე, ძნელი სათქმელია.
სტოიკოსთა ნაწილი ამას უფრო
და უფრო ნათლად ხედავდა
მითოლოგიის ღრუბლების
გათხელებისა და გადაყრის
კვალდაკვალ; მათ შორის უდიდესნი
ბოლომდე ცდილობდნენ სამყაროს
ზნეობრივი ერთიანობის
საძირკველის ჩაყრას. ებრაელებს
ამის შესახებ საკუთარ
დარწმუნებულობისთვის
კვლავ რჩეულობის მაღალი და
საიდუმლო გალავანი შემოევლოთ. საზოგადოებისთვის და
სიტუაციისთვის ნიშანდობლივია,
რომ ზოგიერთი მოდური ფიგურა,
განსაკუთრებით მოდური ქალი
იუდაიზმს მისდევდა. თუმცა
ბევრი სხვა, წარმომიდგენია,
ახალ უარყოფას მიეცა. ათეიზმს
ვგულისხმობ, რომელიც სრულიად
შესაძლებელი გახდა იმ არანორმალურ
დროში, რადგან ათეიზმი
არანორმალურია. ეს არაა დოგმის
უბრალოდ უარყოფა. ესაა სულის
ქვეცნობიერი შეგრძნების
უარყოფა, შეგრძნებისა, რომ
სამყაროს, რომელსაც ხედავ,
აქვს აზრიც და მიმართულებაც.
ლუკრეციუსს,
პირველი ევოლუციონისტს,
რომელიც ცდილობდა ღმერთის
ევოლუციით ჩანაცვლებას,
ადამიანთა თვალწინ
უკვე გაემართა მბრწყინავი
ატომების როკვა, რომლის
საშუალებითაც კოსმოსის
ქაოსიდან შექმნას ასაბუთებდა.
თუმცა მის ძლიერ პოეზიას ან
მწუხარე ფილოსოფიას არ შეუქმნია
ის განწყობა, რომლის გამოც
უძლური და უსასოო ადამიანი
ვარსკვლავებისკენ მუშტს
ამაოდ იშვერდა: ის ხედავდა,
რომ კაცობრიობის საუკეთესო
ქმნილებანი თანდათან ჭაობში
იძირება. მას
ადვილად შეეძლო ერწმუნა, რომ
თვით შექმნა შექმნა კი არა,
მუდმივი ვარდნაა, ის ხედავდა,
რომ ყველაზე უფრო წონიანი და
ღირებული ადამიანური ქმნილებანი
საკუთარი წონით ეცემოდნენ;
შეეძლო ეფიქრა, რომ ყველა
ვარსკვლავი ვარდნილი ვარსკვლავია;
რომ თვით დიდებული პორტალების
სვეტებიც კი იხრება ამ
ნიაღვრის ზემოქმედებით. ამ
განწყობის ადამიანისთვის
ათეიზმიც კი აზრს იძენს.
მითოლოგია
შეილება მიილიოს და ფილოსოფია
გაშეშდეს, და თუ ამ ამბების
უკან რეალობაა, მან უნდა
დაიკავოს საგნები, რომლებიც
იძირება. ღმერთი არ არსებობს,
რადგან რომ არსებობდეს
ამოძრავდებოდა და გადაარჩენდა
სამყაროს.
უდიდესი
ცივილიზაციის სიცოცხლე
გრძელდებოდა მოსაწყენი
ყოველდღიურობით და მოსაბეზრებელი
ზეიმით. ეს სამყაროს დასასრული
იყო და რაც ყველაზე უფრო ცუდია,
დაუსრულებელი. მოხერხებული
კომპრომისი მოიძებნა იმპერიის
მრავალრიცხოვანი
მითებისა და რელიგიებისთვის:
ყველას შეუძლია თავის ნებაზე
თავისუფლად თაყვანი სცეს
რასაც მოეპრიანება, უბრალოდ
შემწყნარებელ იმპერატორს
მადლობა უნდა გადაუხადოს და
მცირე გუნდრუკი უკმიოს Divus
- ოფიციალური
წოდებით.
ეს არანაირ სირთულეს არ ქმნიდა.
მსოფლიო მიხვდა, რომ კარგა
ხანია, არსად არანაირი სირთულე
აღარ არსებობს. რომელიღაც
აღმოსავლურმა სექტამ თუ
საიდუმლო საზოგადოებამ სადღაც
რაღაც არეულობა მოაწყო. ვერავინ
მიხვდა, რატომ. შემდეგ ეს კვლავ
გამეორდა. შემთხვევას მოჰყვა
გაღიზიანება, ინციდენტის
უმნიშვნელობის გათვალისწინებით
–
დისპროპორციული.
ამის
მიზეზი ვერ იქნებოდა ამ
პროვინციალთა ნალაპარაკები,
რომელიც
საკმაოდ
უცნაურად კი
ჟღერდა:
თითქოს ღმერთი
მოკვდა და მისი სიკვდილი მათ
თავად ენახოთ. ეს შესაძლოა
ერთი იმ მანიათაგანი ყოფილიყო,
რომლებიც ასე
ამრავლა ამ დროის უსასოობამ.
თუმცა ამათ უსასოობისა არაფერი
ეცხოთ - პირიქით, არაბუნებრივად
გახარებულნი, მიზეზად იმას
ასახელებდნენ, რომ ღმერთის
სიკვდილმა მათ საშუალება
მისცა ის ეჭამათ და მისი სისხლი
ესვათ. სხვა ცნობების
მიხედვით, ღმერთი არც თუ მთლად
მოკვდა; გაოგნებულ წარმოსახვაში
ღმერთის დაკრძალვის პროცესია
მიემართებოდა, რომლის დროსაც
მზე დაბნელდა და რომელიც
მკვდარი ყოვლისშემძლეობის
სამარიდან ვითარცა მზის
აღდგომით დასრულდა. თავად ამ
უცნაურ ამბავს არ მიუქცევია
განსაკუთრებული
ყურადღება; მაშინდელი
ადამიანები იმდენ უცნაურ
რელიგიას ხედავდნენ, საგიჟეთს
რომ აავსებდა. უჩვეულო ამ
გიჟების ტონი და მოწყობა იყო.
ეს ნაყარნუყარი ხალხი
ბარბაროსებისგან, მონებისგან,
უპოვარი და უმნიშვნელო
ადამიანებისგან შედგებოდა,
მოწყობა კი სამხედრო ჰქონდათ;
ერთად გადაადგილდებოდნენ
და სრულიად გარკვეული ჰქონდათ,
რა იყო და რა არა მათი მცირე
სისტემის ნაწილი. თუმც რბილი,
მაგრამ რეკვა მაინც რკინისებურად
ისმოდა. მრავალნაირ ზნეობასა
და მითოლოგიას
შეჩვეული
ადამინები
ამ საიდუმლოს ამოხსნას
ვერ პოულობდნენ გარდა იმ
მარტივი ახსნისა, რომ ესენი
რასაც ამბობდნენ, ზუსტად
იმასვე
გულისხმობდნენ.
ყველა მცდელობა, იმპერატორის
ქანდაკებასთან დაკავშირებული
მარტივი ამბის გაგებინებისა
ყრუსთან ლაპარაკს ჰგავდა.
დედამიწაზე
თითქოს
უცნობი ლითონის მეტეორი
ჩამოვარდა,
ნივთიერებაში განსხვავება
შეხებითაც რომ
იგრძნობა.
ის, ვინც მათ საფუძველს შეეხო,
კლდის შეგრძნება დარჩა.
მათი
თანდასწრებით საგანთა
თანაფარდობები უცნაური, თითქოს
სისზმრისეული სისწარფით
იცვლებოდა. ვიდრე უმრავლესობა
მათ არსებობას
შეიტყობდა, ის უკვე ხელშესახები
გახდა. მათი
უგულებელყოფა უკვე შეუძლებელი
იყო. უეცრად მათზე ლაპარაკი
შეწყდა და მათ გვერდს უვლიდნენ.
ჩვენ ახალ სურათს ვხედავთ:
ქვეყნიერებამ
კალთები აწია და ამ ხალხს
გაერიდა. ისინი კეთროვანებივით
შუაში წარმოქმნილ სიცარიელეში
მოექცნენ. სურათი კვლავ იცვლება:
მათ მიერ შევსებულ სივრცეს
მაყურებელთა ღრუბელი დასტრიალებს,
გაუთავებელი ტერასები მათთვის
დაჟინებით მაცქერალი სახეებითაა
სავსე, რადგან უცნაური რამ
დამართნიათ: კარგი ამბის
მახარობლებისთვის ახალ-ახალი
წამებანი მოუფიქრებიათ.
მოწყენილმა და გადაღლილმა
საზოგადოებამ თითქოს ახალი
ენერგია იპოვა, რათა პირველი
რელიგიური დევნა განეხორციელებინა.
ჯერ ცხადად არავინ იცის, რატომ
დაჰკარგა გაწონასწორებულმა
მსოფლიომ წონასწორობა ამ
ხალხის გამო; თუმცა
ისინი მშვიდად დგანან, არენა
და სამყარო კი თითქოს მათ
ირგვლივ ბრუნავს, თავს კი ამ
ბნელ საათს მათ ის სინათლე
დაჰნათის, რომელიც არასდროს
ჩაბნელებულა; თეთრი ალი, რომელიც
ამ ადამიანებს არამიწიერ
ფოსფორესცენციასავით ახლავს,
რომელიც ისტორიის ბინდ-ბუნდში
გზას ნათებით მიიკვლევს და
მითოლოგიასა და თეორიასთან
მისი აღრევის ყოველგვარ
მცდელობას რევს; ნათებისა
თუ ელვის სვეტი, რომლითაც
მსოფლიომ ისინი
თავად
შემოსა,
გამოაცალკევა და დააგვირგვინა;
რომელიც მტრებმა უფრო კაშკაშა
და კრიტიკოსებმა უფრო აუხსნელი
გახადეს – სიძულვილის შარავანდი
უფლის ეკლესიის ირგვლივ.
No comments:
Post a Comment