ნაწილი მეორე: ადამიანი სახელად ქრისტე I ღმერთი გამოქვაბულში


ეს ამბავი გამოქვაბულით დავიწყეთ, რომელთანაც პოპულარული მეცნიერება პირველყოფილ ადამიანს აკავშირებს და სადაც მართლაც აღმოჩენილია ცხოველთა უძველესი ნახატები. ადამიანის ისტორიის მეორე ნაწილი, რომელიც სამყაროს ახლიდან შექმნას ჰგავს, აგრეთვე გამოქვაბულში იწყება. ცხოველებიც ისევ აქ არიან, რადგან ბეთლემში ასეთ გამოქვაბულებს სადგომად იყენებდნენ და ჯერაც იყენებენ. აქ, მიწისქვეშ, საქონელთან შეაფარა თავი მიუსაფარმა წყვილმა, როდესაც გადატვირთული ქარვასლის კარები ცხირწინ მოუჯახუნეს. აქ, გამვლელთა ფეხქვეშ, სამყაროს სარდაფში დაიბადა იესო ქრისტე. ამ მეორედ შექმნაში, პირველყოფილ კლდესა და პრეისტორიული ჯოგის რქებში, ღმერთი გამოქვაბულის ბინადარია, ისიც გამოსახავს სამყაროს კედელზე უცნაური ფორმისა და შეფერილობის არსებებს; თუმცა მისი ნახატები ცოცხლდება.
ლეგენდისა და ლიტერატურის მასა, რომელიც სულ უფრო იზრდება და არასდროს დასრულდება, ამ ერთი პარადოქსის ირგვლივ ტრიალებს: ხელებ, რომლებმაც მზე და ვარსკვლავები შექმნა, პაწაწინა აღმოჩნდა იმისთვის, რომ საქონლის უზარმაზარ თავ მისწვდომოდა. ამ პარადოქსზე, შეიძლება ითქვას, ამ თითქმის ხუმრობაზე, მთელი ჩვენი რწმენის წიგნიერებაა დაფუძნებული. ესეც ხუმრობისმაგვარი რამაა, რომ ამას კრიტიულად განწყობილი მეცნიერი ვერ ამჩნევს. ის ბეჯითად ხსნის იმ სირთულეს, რომელსაც ჩვენ თავად ყოველთის ჯიუტად და სასაცილოდ ვბუქავდით; რბილად უარყოფს, როგორც ნაკლებად სავარაუდოს იმას, რასაც ჩვენ თითქმის გადარეულებივით ვზეიმობთ, როგორც შეუძლებელს, როგორც რასმე, რაც ზედმეტად კარგია იმისვის, რომ სიმართლე იყოს, არადა სიმართლეა. როდესაც სამყაროს შექმნასა და პატარა, შემოსაზღვრულ ბავშვობას შორის ამ კონტრასტ მეორებენ, ხაზს უსვამენ, ზეიმობენ, მღერიან, ყვირიან ასობით ათას საგალობელში, ლექსში, რიტუალში, სურათში და ქადაგებაში, სულაც არაა აუცილებელი სერიოზული კრიტიკოსი იმის დასანახად, რომ აქ საქმე ცოტა უცნაურადაა, განსაკუთრებით ისეთი კრიტიკოსი, საკუთარი ხუმრობის გაგებასაც რომ კარგა ხანს ანდომებს. თუმცა ამ კონტრასტსა და იდეათა კომბინაციაზე ერთი რამ შეიძლება ითქვას, რაც ამ წიგნის მთავარ თეზისს ეხმიანება. თანამედროვე კრიტიკოსი, რომელსაც ვგულისხმობ, ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს განათლებას ცხოვრებაში და ფსიქოლოგიას განათლებაში. ასეთი ადამიანი არასდროს დაიღლება იმის ლაპარაკით, რომ პირველი შთაბეჭდილებები ხასიათს მიზეზშედეგობრივი კანონიაყალიბებს. ის აღელდება, თუ ბავშვის მხედველობას ნაჭრის თოჯინის ჭყეტელა ფერებით მოვწამლვთ ან ნერვულ სისტემას კაკოფონიური ჟღარუნით გავღიზიანებთ და რაღა თქმა უნდა, გონებაშეზუდულობად ჩაგვითვლის, თუ ვეტყვით, რომ ზუსტად აქ გადის განსხვავება ქრისტიანულ აღზრდასა და ვთქვათ, იუდეურს, მუსლიმურსა თუ ათეისტურს შორის. განსხვავება ისაა, რომ ყველა კათოლიკე ბავშვი სურათებით (პროტესტანტიც კი, ოღონდ მოთხრობებით) იღებს ამ კონტრასტული იდეების დაუჯერებელ კომბინაციას, როგორც ერთერთ პირველ გონებრივ შთაბეჭდილებას. ეს არაა თეოლოგიური პრობლემა. ეს ფსიქოლოგიური განსხვავებაა, რომელიც ყველა თეოლოგიაზე უფრო გამძლეა. ეს, როგორც ზოგიერთი მეცნიერი ყველაფერზე ამბობს, მოურჩენელი რამაა. ნებისმიერი აგნოსტიკოს ან ათეის, ვისაც ბავშვობაში შობა განუცდია, მოსწონს ეს თუ არა, მყარი ასოციაცია რჩება იმ ორ იდეას შორის, რომლებსაც ადამიანების უმრავლესობა ძალიან დაშორებულად მიიჩნევს: ჩვილის იდეას და იდუმალი ძალის იდეას შორის, ვარსკვლავებს რომ აკავებს. მისი ინსტინქტი და წარმოსახვა კვლავ აკავშირებს მათ, როცა გონებას ეს კავშირი უკვე უარყვია. დედისა და ჩვილის სურათს მისთვის ყოველთვის რელიგიური ელფერი დაჰკრავს; ღმერთის საშინელი სახელის ხსენებას კი შეწყალებისა და სილბოსი. ეს ორი იდეა ბუნებრივად ან აუცილებლობით არანაირად დაკავშირებული არაა. არც ძველი ბერძენისთვის იქნებოდა და არც ჩინელისთვის, თუნდაც არისტოტელესა თუ კონფუცისთვის. ღმერთის ჩვილ ბავშვთან დაკავშირება ისეთივე გარდუვალია, როგორც გრავიტაციისა და კატის კნუტის. ეს კავშირი ჩვენს გონებაში შობამ წარმოქმნა, რადგან ვიდრე თეოლოგიურები გავხდებით, უკვე ფსიქოლოგიური ქრისტიანები ვართ. სხვანაირად რომ ვთქვათ, იდეათა ამ კომბინაციამ ძალიან შეცვალა ადამიანის ბუნება, თუ ამ საკამათო ფრაზას გამოვიყენებთ. მართლაც არსებობს განსხვავება იმ ადამიანებს შორის, რომლებმაც ეს იციან და არ იციან. ეს იქნებ არცაა ზნეობრივი განსხვავება, რადგან მუსლიმი ან იუდეველი შეიძლება საკუთერი თვალსაზრისით მეტ ზნეობრივ სიმაღლეზე იდგეს. ესაა უბრალოდ ორი სხივის გადაკვეთის, ჰოროსკოპში ორი ვარსკვლავის დამთხვევის მარტივი ფაქტი: ყოვლისშემძეობა და უმწეობა, ღვთაებრივი და ჩვილი ისეთ ეპიგრამას ქმნიან, რომელსაც მილიონჯერ გამეორებაც კი ვერ გაცვეთს. ის უნიკალურია. ბეთლემში უკიდურესობები გაერთიანდა.
აქ იწყება ქრისტიანობის გამაადამიანურებელი მეორე, უძლიერესი ზეგავლენა. მსოფლიოს რომ ქრისტიანობის არაწინააღმდეგობრივი ასპექტის დანახვა სურდეს, წესით შობა უნდა აერჩია. თუმცა მას მეორე ახლავს, რომელიც წინააღმდეგობრივად ითვლება ( რასაც ემი აზროვნების ვერცერთ ეტაპზე ვერ ვხვდებოდი): წმინდა ქალწულის თაყვანისცემა. ჩემს ბიჭობაში უფრო პურიტანული თაობა ჩვენს სამრევლო ეკლესიაში ჩვილისა და ქალწულის ქანდაკებას აპროტესტებდა. დიდი კამათის შემდეგ, ჩვილის მოშორებაზე შეთანხმდნენ. კაცი იფიქრებს, რომ ეს წმინდა მარიამის კიდევ უფრო გადაჭარბებული თაყვანისცემაა. ალბათ ჩათვალეს, რომ განიარაღებული დედა ნაკლებად საშიშია. ეს კერსირთულე საარაკოა. ახალშობილს დედას ვერ მოაშორებ. ახალშობილს ჰაერში ვერ გამოკიდებ. ახალშობილის განცალკევებული ქანდაკება წარმოუდგენელია. ასეთივე წარმოუდგენელია ახალშობილი ფიქრის სიცარიელეში, დედის გარეშე. ჩვეულებივ ადამიანურ ცხოვრებაშიც ჩვილს ვერ მოინახულებ, დედას თუ არ მიეახლე. თუ ქრისტეს საეროდ წარმოვიდგენთ ამ ასპექტით, ამას შემდეგი იდეა მოჰყვება, როგორც ისტორიულდაც მოხდა. ჩვენ ან ქრისტე უნდა ამოვიღოთ შობიდან, ან შობა მოვაცილოთ ქრისტეს. სხვანაირად მოგვიწევს იმის აღიარება, რომ ეს ორი წმინდა თავი, როგორც იმ ძველ ხატზე, ისე ახლოსაა ერთმანეთთან, რომ შეუძლებელია ორი შარავანდი ერთმანეთს არ შეერიოს და არ გადაიკვეთოს.
წარმომიდგენია, რომ ნაცრისფერი ბორცვების მ ნაპრალსა თუ ქვაბულში თითქოს მთელი სამყარო უკუღმა ამოტრიალდა. ვგულისხმობ იმას, რომ სასწაულის მოლოდინის გარეთ, უკიდეგანოსკენ მიმარული უამრავი მზერა უეცრად შიგნით, უმცირესისკენ შებრუნდა. ჭეშმარიტად, ღმერთ, რომელსაც გარშემოწერილობად ხედავდნენ, ცენტრში მოექცა, ცენტრი კი უსასრულოდ მცირეა. სულიერების სპირალი ამიერიდან შიგნითაა მიმართული და არა გარეთ და ამ თვალსაზრისით ცენტრისკენულია და არა ცენტრიდანული. მრავალი თვალსაზრისით რწმენა მცირე რამეთა რელიგიად იქცა. მისმა ტრადიციამ მხატვრობაში, ლიტერატურასა და ხალხურ გადმოცემაში საკმარისად დაადასტურა აკვანში მოქცეული ღვთაებრივის ეს პარადოქსი. ალბათ ასეთივე სიცხადით არაა ხაზგასმული ღვთაებრივის გამოქვაბულში ყოფნის მნიშვნელობა. ცნობილია, რომ ბეთლემის სურათი სრული შესაძლო მრავაფეროვნებითაა გამოცემული. სასიხარულო და მისასალმებელია, რომ ადამიანები მას სრულიად განსხვავებულად აღიქვამენ, საკუთარი ტრადიციისა და გემოვნების მიხედვით; ყველას ესმის, რომ ეს ცხოველთა სადგომია, მაგრამ არც ისე ბევრს – რომ ეს გამოქვაბულიცაა. ზოგიერთი კრიტიკოსი იმდენად ბეცი აღმოჩნდა, რომ სადგომსა და გამოქვაბულს შორის წინააღმდეგობა დაინახა, რაც ნიშნავს, რომ არაფერი იციან პალესტინის გამოქვაბულებსა და სადგომებზე. არარსებული განსხვავების დამნახავები არსებულს ვერ ხედავენ. როდესაც ერთი ცნობილი კრიტიკოსი ქრისტეს კლდოვან ქვაბულში დაბადებას მითრას კლდიდან ცოცხლად გამოსვლას ადარებს, ეს შედარებიი რელიგიამცოდნეობის პაროდიად აღიქმება. არსებობს ამბის აზრი, თუნდაც ამბავი სიცრუე იყოს. ზევსის ტვინში დედის გარეშე, პალლადასავით დაბადებული ზრდასრული გმირის იდეა სრულიად საპირისპიროა ჩვეულებრივი ბავშვივით დაბადებული, დედაზე სრულად დამოკიდებული ღმერთის იდეისაგან. რომელიც არ უნდა მოგვწონდეს, იდეები უდაოდ საპირისპიროა. ქვის გამო ამ ორის დაკავშირება ისეთივე სიბრიყვეა, როგორც წარღვნის სასჯელსა და იორდანეს ნათლობას შორის კავშირის დანახვა, რადგან ორივეში წყალი ფიგურირებს. მითია თუ მისტერია, ქრისტეს კლდის ქვაბულში დაბადება მის უსახლკარობისა და განდევნილობითაა აღნიშნული. თუმცა გამოქვაბულის სიმბოლოდ გამოყენება არც ისე ცხადი და ხშირია, პირველი შობის დღესასწაულის სხვა გარემოებებთან შედარებით.
ამის მიზეზი კი თვით ამ ახალი სამყაროს ბუნებაა. გარკვეული თვალსაზრისით ეს სირთულე ახალ განზომილებას უკავშირდება. ქრისტე არა მხოლოდ მიწიერ, არამედ მასზე უფრო დაბალ დონეს მოევლინა. ღვთაებრივი დრამის პირველი აქტი მაყურებლის წინ ამაღლებულზე კი არა, არამედ ჩაბნელებულ, ფარდაგაფარებულ, მზერას მოცილებულ სცენაზე გათამაშდა. ეს იდეა კი ხელოვნების ნებისმიერი გამომსახველი ხერხით უძნელესი განსახორციელებელია. ესაა ცხოვრების სხვადასხვა დონეზე ერთდროულ ხდომილებათა იდეა. რაღაც ამის მსგავსს უფრო არქაულ და დეკორატიულ შუასაუკუნოვან ხელოვნებაში ცდილობდნენ. თუმცა რაც უფრო მეტი რეალიზმი და პერსპექტივა აითვისა, მით უფრო გაუჭირდა ხელოვანს ზეცაში ანგელოზთა, ბორცვებზე მწყემსთა და ბორცქვეშა წყვდიადში გამეფებული დიდების ერთდროული გამოსახვა. იქნებ ამას საუკეთესოდ ზოგიერთმა შუასაუკუნოვანმა ამქარმა გაართვა თავი, როდესაც ქუჩებში სამდონიან თეატრს დააგორებდა, ზეცით მიწის ზევით და ჯოჯოხეთით მიწის ქვეშ. თუმცა ბეთლემის გამოცანაში ზეცა მიწის ქვეშ მოექცა.
მხოლოდ ამაშიც კი ირძნობა გადატრიალების სულისკვეთება, თითქოს სამყარო თავდაყირა ამოტრიალდა. ამაოა რაიმე ადეკვატურის ან ახლის თქმა იმ ცვლილებაზე, რომელიც ღმერთის გარიყულმა და მეტიც, კანონგარეშე დაბადების იდეამ მოახდინა კანონის მთელ არსზე, უპოვართა და გარიყულთა მიმართ მის დამოკიდებულებაზე. ღრმად ჭეშმარიტია იმის თქმა, რომ ამან შეუძლებელი გახადა მონობა. კიდევ იქნება ხალხი, ვინც ამ წოდებას კანონით ატარებს, ვიდრე ეკლესია ისე არ გაძლიერდება, რომ ეს ამოძირკვოს, მაგრამ აღარ იარსებებს წარმართული დამოკიდებულება, რომ მონობა სახელმწიფოს ინტერესებშია. პიროვნება მნიშვნელოვანი გახდა იმ მნიშვნელობით, რომელიც არცერთ იარაღს არ გააჩნია. ადამიანი აღარ შეიძლება მიზნის მიღწევის საშუალება იყოს, ყოველ შემთხვევაში - სხვა ადამიანის მიზნის. ადამიანური ძმობის ეს ელემენტი ტრადიციამ სავსებით მართებულად დაუკავშირა მწყემსების ეპიზოდს, როდესაც უბირი გლეხები თანაბრად ესაუბრებიან ზეციურ მმართველთ. თუმცა მწყემსები სხვა ხალხურ ელმენტსაც ასახიერებენ, რომელიც შესალოა ასე ცხადად დანახული არაა, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია.
მითებს ყველგან მწყებსებისნაირი უბრალო, ტრადიციის ხალხი ქმნიდა. სწორედ მათ იგრძნეს ყველაზე უშუალოდ, ფილოსოფიებითა და ცივილიზაციის გადაგვარებული კულტებით ყოველგვარი გადამოწმების გარეშე ის მოთხოვნილება, რომელსაც განვიხილავდით: ხატები, რომლებიც წარმოსახვის თავგადასავალია, მითოლოგია, რომელიც ძიების ნაირსახეობაა; ბუნების მიმანიშნებელი და გამაწვალებელი ნახევრადადამიანურობა; დღესასწაულებისა და ადგილების უსიტყვო მნიშვნელობა. მათ საუკეთესოდ გაიგეს, რომ გარემოს არსი ამბავია, ამბის არსი კი პიროვნება. თუმცა რაციონალიზმის ლპობა უკვე შეეპარა გლხთა ამ ირაციონალურ, თუმც კი წარმოსახვით საგანძურს. სისტემურმა მონობამ გამოჭამა გლეხი შინიდან და სახლიდან. ასეთი გლეხობა ყველგან გულგატეხილობის ბურუსში გახვეულიყო, როდესაც ამათ ნახეს ის, რაც ნახეს. არკადია ტყეში ყველგან სხვაგან უკვე მილეულიყო. პანი მოკვდა და მწყემსები ცხვარივით გაბნეულიყვნენ. არავინ უწოდა, რომ ახლოვდება საათი ყველაფრის დასრულებისა და განხორციელების. ამიტომაც არავის გაუგონია, როგორ გაისმა უდაბურ მთებში უცნობ ენაზე ყვირილი, როდესაც მწყემსებმა თავისი მწყემსი იპოვეს.
პოვეს ის, რასაც ეძებდნენ. ხალხს ბევრი რამ ეშლება, თუმცა არა იმის რწმენა, რომ წმინდასაც სჭირდება ადგილსამყოფელი და რომ დროსა დ სივრცის არად ჩაგდება ღვთაებრიობის ნიშანი არ უნდა იყოს. ველური, რომელსაც სწამს, რომ მზე მოიპარეს და სკივრში დამალეს, ან რომ ღმერთი გადაარჩინეს და მისი მტერი ქვის საშუალებით გააცურეს, უფრო ახლოს იყო გამოქვაბულის საიდუმლოსთან და მეტი იცოდა მსოფლიოს კრიზისის შესაებ, ვიდრე ხმელთაშუა ზღვის გაშემო განლაგებული ქალაქების მთელი ის საზოგადოება, ვინც გამოციებული აბსტრაქციებით და კოსმოპოლიტური განზოგადოებებით იკვებეოდა, ვინც სულ უფრო წვრილ ძაფებს ართავდა პლატონის ტრანსცენდენტალიზმისა და პითაგორას ორიენტალიზმისგან. ადგილი, რომელიც მყემსებმა იპოვეს, არც აკადემია იყო და არც აბსტრაქტული რესპუბლიკა, ეს არც ალეგორიზებული, პრეპარირებული და ინტერპრეტირებული მითების ადგილი გახლდათ. ეს იყო ადგილი, სადაც სიზმარი ცხადად იქცა. მას შემდეგ მითი აღარ შექმნილა. მითოლოგია ხომ ძიებაა.
ჩვენ ვიცით, რომ ამ პოპულარული ამბის პოპულარულ წარმოდგენებში მწყემსებს ყოველთვის ამა თუ იმ ინგლისური თუ ევროპული კუთხის დამახასიათებელ გარემოს, სამოსს, და კილოს მიაკუთვნებენ ხოლმე. ვიცით, რომ ერთი მწყემსი სომერსეტულ დიალექტზე ილაპარაკებს, ან მეორე იტყვის, ცხვარს ქონვეიდან კლაიდისკენ მივერეკებიო. უმეტესობა ჩვენგანი ხვდება, რაოდენ ჭეშმარიტია ეს სიცრუე, რა ბრძნული, არტისტული და ზედმიწევნით ქრისტიანული და კაოლიკურია ეს ანაქრონიზმი. თუმცა მათ, ვინც ამას შუასაუკუნოვან სოფლურ წარმოდგენები ხედავს, შესაძლოა ვერ შეამჩნია ეს სხვა სახის პოეზიაში, რომელიც მოდამ ხელოვნურობად მონათლა და არა ხელოვნებად. ვშიშობ, ბევრი თანამედროვე კრიტიკოსი მხოლოდ მიმქრალ კლასიციზმს თუ შემაჩნევს ქრეშოუს და ჰერიკის მიერ ბელემელი მწყემსების ვერგილიუსის მწყემსებად აღქმაში. და მაინც ეს სიღრმისეული სიმართლეა. ბეთლემური წარმოდგენის ლათინურ ეკლოგიად გარდაქმნით მათ კაცობრიობის ისტორიის უმნიშვნელოვანეს რგოლს შეეხნენ. ვერგილიუსი, როგორც უკვე ვთქვით, ჯანსაღ წარმარობას განასახიერებს, რომელმაც ადამიანის მსხვერპლშეწირვის შეშლილი წარმარობა დაამხო. თუმცა თვით ის ფაქტი, რომ ვერგილიუსის სიქველენიც და წარმართობაც შეუქცევად დაკნინებას განიცდიდა, სწორედ ის პრობლემაა, რომლის ამოხსნნაც მწყემსთა ხილვაა. დემონურობისგან გადაღლილი მსოფლიოს ხსნა თუ საღი აზრის გამარჯვებაში იყო, საღი აზრისგან გადალილობა რაღას უნდა განეკურნა, თუ არა იმას, რაც მოხდა? ამიტომაც არაა ყალბი ეკლოგიის მოზეიმე არკადიული მწყემსი. ერთერთ ეკლოგია წინასწარმეტყველურადაც კი მიიჩნევენ. თუმცა ეს ყველაფერი, რასაც დიდი მოვლენის მიმართ შესაძლო თანაგრძნობად აღვიქვამთ, თავად დიდი პოეტის ტონსა და დამახასითებელ დიქციაშია. ვერგილიუსის მწყემსების ხმა ჩვეულებრივ ადამიანურ ფრაზებშიც შეიძლებოდა გაბზარულიყო უფრო მეტგან, ვიდრე იტალიის სინაზეა: `Incipe, parve puer, risu cognoscere matrem'. იმ უცნაურ ადგილას იქნებ ეპოვათ ყველაფერი, რაც საუკეთესო იყო ლათინთა უკანასკნელ ტრადიციებში და რაღაც უფრო მეტიც, ვიდრე ხის კერპი: ადამიანთა ოჯახის სამუდამო საყრდენად აღმართული შინაური ღმერთი. ისინიც და სხვა მითოლოგიური პერსონაჟებიც სამართლიანად იზეიმებდნენ იმას, რომ მითის არა მარტო იდუმალი, არამედ განივთებული აღსრულებაც მოხდა. მითოლოგია ბევრს სცოდავდა, მაგრამ იმას ვერ წაართმევ, რომ ხორციელია, როგორც ხორცშესხმა. უძველეს ხმას, რომელსაც საფლავებში უნდა ჩამოერეკა, შეეძლო კვლავ დაეძახა: “ხილული ღმერთი ჩვენც ვიხილეთ, მანაც გვიხილა.” ასე რომ, უძველეს მწყემსებს შეეძლოთ მთებზე ეცეკვათ და ფილოსოფოსებისთვის ნიშნიც მოეგოთ. თუმცა ხმა ფილოსოფოსებმაც გაიგონეს.
ეს ამბავი სიძველი მიუხედავად ძალიან უცნაურია – როგორ მოვიდნენ ისინი აღმოსავლეთის ქვეყნებიდან - მეფური დიდებით დაგვირგვინებულნი და ჯადოქარის იდუმალებით ემოსილნი. ტრადიცია მათ ბრნულდ ინახავს, როგორც უცნობ სიდიდეებს, ისეთსავე იდუმალს, როგორც მათი იდუმალებით და მელოდიით აღსავსე სახელები: მელქიორ, კასპარ, ბალთაზარ. მათთან ერთად მოვიდა სიბრძნის ის სამყარო, რომელიც ვარსკვლავებს ჭვრეტდა ქალდეაში და მზეს აკვირდებოდა სპარსეთში. არ შევცდებით, თუ მათში იმ ცნობისმოყვარეობას დავინახავთ, ყველა ბრძენს რომ ამოძრავებს. ადამიანური იდეალი, რომელსაც ისინი ასახიერებენ, არ შეიცვლებოდა მათი სახელები რომ ონფუცი, პლატონი და არისტოტელე ყოფილიყო. ესენი ჭეშმარიტებას ეძებდნენ და არა ზღაპარს, და რადგან მათი ჭეშმარიტების წყურვილი თვით ღმერთის წყურვილია, ჯილდო მათაც ერგო. თუმცა ამ ჯილდოში გასარკვევად უნდა გვესმოდეს, რომ ფილოსოფიისათვისაც და მითოლოგიისათვისაც ეს ჯილდო დაუსრულებლის დასრულებას მოასწავებდა.
ს განსწავლული ხალხი აუცილებლად იმისთვის მოვიდოდა, რისთვისაც ის განსწავლული ხალხი მოვიდა - საკუთარი ტრადიციისა და ნააზრევის დადასტურების საპოვნელად. კონფუცი ოჯახის ახალ საფუძველს იპოვიდა წმინდა ოჯახის მაგალითზე; ბუდა კვლავ განუდგებოდა, ოღონდ ამჯერად ვარსკვლავებს ალმასების ნაცვლად, ღვთაებრიობას – მეფურობის ნაცვლად. ამ სწავლულებს კვლავ ექნებოდათ უფლება – ახლად მოპოვებული უფლება იმის თქმისა, რომ მათ ძველ სწავლებაში იყო ჭეშმარიტება. მაგრამ ამის შემდეგ ისინი განაგრძობდნენ სწავლას; დაასრულებდნენ საკუთარ მსოფლმხედველობას იმით, რაც მანამდე ვერ გაეგოთ, საკუთარ არასრულყოფილ სამყაროს კი იმით, რასაც მანამდე ეწინააღმდეგებოდნენ. ბუდა გამოვიდოდა საკუთარი უპიროვნო სამოთხიდან, რათა პიროვნებისთვის თაყვანი ეცა, კონფუცი წინაპართა თაყვანისცემის ტაძრიდან გამოვიდოდა ჩვილისთვის თაყვანის საცემად.
თავიდანვე აუცილებელია ამ ახალი კოსმოსის ხასიათის დაჭერა: ის უფრო დიდია, ვიდრე ველი. ამ ვალსაზრისით ქრისტიანობა უფრო დიდი, ვიდრე ქმნილება; ვიდრე ქმნილება ქრისტემდე; მან მოიცვა მანამდე არარსებული მანამდე არსებულთან ერთად. აზრი კარგად გასაგები ხდება ჩინური ღვთისმოსაობის მაგალითზე, თუმცა სხვა წარმართული სიქველეებისა და რწმენებისვისაც ეშმარიტია. ეჭვგარეშეა, რომ მშობელთა გონიერი პატივისცემა სახარების ნაწილია, სადაც თვით ღმერთი ბავვობაში მიწიერი მშობლების მორჩილებაშია. თუმც მეორე თვალსაზრისი, რომლის მიხედვითაც შობლები არიან მის მორჩილებაში, უცხოა ონფუციანიზმისთვის. ჩვილი იესო არ ჰგავს ჩვილ კონფუცი. ჩვენი მისტიციზმი მას უკვდავ ბავშვად აღიქვამს. მე არ ვიცი, რას მოიმოქმედებდა კონფუცი, Bambino რომ მის მკლავებში გაცოცხლებულიყო, როგორც წმ. ფრანცისკის მკლავებში გაცოცხლდა. თუმცა ეს მართალია ყველა სხვა რელიგიასთან და ფილოსოფიასთან მიმართებაშიც; ეს ეკლესიის გამოწვევაა. ეკლესია შეიცავს იმას, რასაც სამყარო არ შეიცავს. თავად ცხოვრება არ უზრუნველყოფს ცხოვრების ყველა მხარეს. ყველა სხვა სისტემა რომ უფრო ვიწრო და უკმარია, ვიდრე ეს, არიელი კვეხნა არაა. ეს რეალური ფაქტი და დილემაა. სადაა წმინდა ყრმა სტოიკოსებთან და წინაპართა თაყვანისმცემლებთან? სადაა მუსლიმთა წმინდა ღვთისმშობელი ქალწული, ყველა ანგელოზზე უფრო აღმატებული? სადაა ბუდას ბერთა წმ. მიქაელი, მხედარი და საყვირთა მბრძანებელი, ყველა ჯარისკაცის მახვილის ღირსების მცველი? რას უზამდა ბრაჰმანიზმის მითოლოგიას წმ. თომა აქვინელი, რომელმაც ჩამოაყალიბა მეცნიერება და გონივრულობა და თვით ქრისტიანობის რაციონალურობა? როდესაც აქვინელს გონების სხვა მწვერვალს, არისტოტელეს ვადარებთ, იგივე განცდა გვეუფლება, რომ აქაც რაღაც არის დამატებული. აქვინელს შეეძლო არისტოტელეს ლოგიკის სრულად გაგება; ვეჭვობ, რომ არისტოტელეს მოეხერხებინა აქვინელის მისტიკას ჩასწვდომოდა. იქაც კი, სადაც ქრისტიანზე ვერ ვამბობთ რომ უფრო დიდია, იძულებულნი ვართ ვაღიაროთ, რომ უფრო ფართოა. ეს ასეა ნებისმიერი თანამედროვე ფილოსიფიისა თუ ერესის შემთხვევაშიც. როგორ წარმოგიდგენიათ ფრანცისკ ტრუბადური კალვინისტებს ან კიდევ უფრო კარგი – მანჩესტერის სკოლის უტილიტარისტებს შორის? ბოსუეტის და პასკალის დარი ადამიანები კი ისეთივე მკაცრნი და ლოგიკურნი არიან, როგორც ნებისმიერი კალვინისტი ან უტილიტარისტი. როგორ წარმოგიდგენიათ წმ. ჟანა დარკი, ქალი, რომელიც კაცებს ხმლის ქნევით ომში იწვევდა, კვაკერებს, დუხობორებს და ტოლსტოელ პაციფისტებს შორის? უამრავმა კათოლიკე წმინდანმა კი თავი გაწირა მშვიდობის ქადაგებასა და ომის თავიდან აცილებაში. იგივე მდგომარეობა გვაქვს სინკრეტიზმის თანამედროვე მცდელობებთანაც. მათ არ შეუძლიათ მრწამსზე უფრო დიდი რამ შექმნან ისე, რომ რამე არ გამოტოვონ. გამოტოვებაში ადამიანურს ვგულისხმობ და არა ღვთაებრივს: ალამს, დუქანს, ბიჭის საბრძოლო მოთხრობას ან ღობეს მინდვრის ბოლოს. თეოსოფოსები პანთეონს აშენებენ, მაგრამ ეს პანთეონი მხოლოდ პანთეისტებისთვისაა. ისინი იწვევენ რელიგიათა პარლამენტს ხალხთა გასაერთიანებლად, მაგრამ მხოლოდ პედანტების გაერთიანებას ახერხებენ. არადა ზუსტად ასეთი პანთეონი მოწყო ორი ათასი წლის წინათ ხმელთაშუაზღვისპირეთში; ქრისტიანებს სთავაზობდნენ ქრისტეს გამოსახულება იუპიტერის, მითრას, ოსირისის, ატისისა თუ ამონის გამოსახულებათა გვერდით მოეთავსებინათ. ქრისტიანების უარმა ისტორია შემოაბრუნა. რომ დათანხმებულიყვნენ, ისინი მთელ დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად გროტესკული, მაგრამ ზუსტი მეტაფორით ქოთანში აღმოჩნდებოდნენ. ამ უზარმაზარ, წამხდარ კოსმოპოლიტურ ქოთანში, სადაც ყველა სხვა მითი და მისტერია უკვე ჩაადნეს, ყველასგან ერთი, ნელთბილ წვნიან მოდუღდებოდა. ეს საშინელი და სამარცხვინო გაქცევა იქნებოდა. ვერასდროს გავიგებთ ეკლესიის ბუნება ან მრწამსის ანტიკურობიდან მომავალ ზარივით ხმას, თუ არ გვესმის, რომ სამყარო ერთხელ თითქმის უკვე დაიღუპა ფართო თვალსაწიერისა და ყველა რელიგიის დაძმობილების წყალობით.
ნიშვნელოვანია, რომ მოგვები, რომლებიც მისტიციზმსა და ილოსოფიას განასახიერებენ, ჭეშმარიტად ახლის მაძიებლებად და რაღაც მოულოდნელის მპოვნელებადაც კი აღიქმებიან. კრიზისის ეს დაძაბული განცდა, რომელიც ჯერ კიდევ წკრიალებს შობის ამბავსა და შობის ყველა ანიშვნაშიც კი, ძიებისა და აღმოჩენის იდეას ამახვილებს. აღმოჩენა კი ამ შემთხვევაში ჭეშმარიტად მეცნიერულია. მისტერიის სხვა მისტიკური პერსონაჟებს: ანგელოზს და დედას, მწყემსებს და ჰეროდეს ჯარისკაცებს შესაძლოა უფრო მარტივი და ზებუნებრივი, უდრო ელემენტარული და ემოციური მხარეები ჰქონდეთ. ბრძენი კი მუდამ სიბრძნეს ეძებდეს და მისთვის ნათელი გონებაშიც უნდა იყოს. და აი ეს ნათელი: მხოლოდ კათოლიკური მრწამსია ყოვლისმომცველი და სხვა - არაფერი. ეკლესიის ფილოსოფია უნივერსალურია. ფილოსოფოსთა ფილოსოფია არაა უნივერსალური. პლატონი, არისტოტელე და პითაგორა პატარა გამოქვაბულიდან გამოსულ ნათებაში წამით რომ მგარიყვნენ, მიხვდებოდნენ, რომ მათი ნათება არაა საყოველთაო. სულაც არაა გამორიცხული, რომ ეს მათ ისედაც სცოდნოდათ. ფილოსოფიაც ხომ მითოლოგიის მსგავსად, ძიების სულისკვეთებითაა გამსჭვალული. ამ ჭეშმარიტების გააზრებაა სამი ხელმწიფის ფიგურს ტრადიციულ დიდებულებას და იდუმალებას რომ ანიჭებს; აღმოჩენა იმისა, რომ რელიგია უფრო ფართოა, ვიდრე ფილოსოფია და რომ ეს, ვიწრო სივრცეში მოქცეული რელიგია, ყველა სხვაზე უფრო ფართოა. მოგვები უცქერდნენ უცნაურ ხუთკუთხედს, რომელიც ადამიანურმა სამკუთხედმა შეაბრუნა და მათი გამოთვლები არასდროს დასრულებულა. გამოქვაბულის ჯგუფი პარადოქსია: ვიდრე ჩვენი ემოცია მათ მიმართ ბავშვურად მარტივია, ჩვენი ფიქრი მათზე დაუსრულებელ განტოტვაში უსასრულოდ რთულდება; საკუთარ იდეებსაც კი ვერასდროს ამოვწურავთ ბავშვზე, რომელიც მამაა და დედაზე, რომელიც ბავშვია.
კმაყოფილებით დავასკვნიდით, რომ მითოლოგია მწყებსებმა მოიტანეს, ფილოსოფია კი ფილოსოფოსებმა და მხოლოდ რელიგიურ აღიარებაში მათი გაერთიანებაღა დარჩა, რომ არა მესამე ელემენტი, რომლის უგულებელყოფა დაუშვებელია და რომელსაც ეს რელიგია არასდროს უგულებელყოფს, დაპირისპირებასა თუ შერიგებაში. დრამის პირველყოფილ სცენებში ჩანს მტერი, რომელიც ლეგენდებს რყვნის და თეორიებს ათეიზმად აქცევს, თან პირდაპირ მიმართვას უფრო პირდაპირ ეხმაურება, რაც უკვე ვნახეთ დემონთა შეგნებულ თაყვანისცემაში. დემონთა თაყვანისცემის აღწერისას, რომელიც უმანკოების საზიზღარ შთანთქმის ჯადოქრობსა და ადამიანური მსხვერპლშეწირვის არაადამიანურობაში გამოვლინდა, ნაკლებად შევეხეთ შედარებით საღ წარმართობაში მის უკეთურ და იდუმალ შეღწევას: მითოლოგიური წარმოსახვის სქესით გაჟღენთვას, იმპერიული ამპარტავნების შეშლილობამდე აყვანას. ბეთლემის დრამაში ორივე, პირდაპირი და არაპირდაპირი გავლენა იგრძნობა. რომის სუზერენობის ხელქვეითი მმართველი, რომაული ატრიბუტებით და წესრიგით გარემოცული, თუმც კი აღმოსავლური სისხლისა, ამ დროს უცნაური სულისკვეთების აღძვრას გრნობს. ყველამ ვიცით, იდუმალ მოწინააღმდეგეზე გავრცელებული ჭორით შეშფოთებულმა ჰეროდემ, აზიური დესპოტისთვის დამახასიათებელი ველური ახირებულობით როგორ მოასპობინა ეჭვმიტანილთა მთელი თაობა. ყველამ იცის ეს ამბავი, მაგრამ ალბათ ყველას არ შეუმჩნევია ამ ამბის ადგილი ადამიანის უცნაურ რელიგიათა ისტორიაში. ყველას არ შეუმჩნევია თუნდაც ის მნიშვნელოვანი კონტრასტი, რომელსაც ეს ამბავი დაპყრობილი და ზედაპირულად ცივილიზებული ქვეყნის კორინთულ სვეტებსა რომაული ქვაფენილთან ქმნის. როდესაც ბნელი სულის ჩანაფიქრმა ედომელის თვალებში გამოანათა, მხილველს იქნებ დაენახა კიდეც მის მხრებს უკან დიდი ნაცრისფერი აჩრდილი - ღამის გუმბათის შემავსებელი და ისტორიაში უკანასკნელად მოპარპაშე კართაგენელთა მოლოქის საშინელი სახე, შემის ტომთა მმართველისგან უკანასკნელი ძღვენის მოლოდინში მყოფი. პირველი შობა დემონებმაც თავისებურად აღნიშნეს.
ტრის არსებობა თუ არ გავაცნობიერეთ, არა მარტო ქრისტიანობის, არამედ შობის არსსაც ვერ გავიგებთ. შობა ჩვენთვის, საქრისტიანოში ერთი და თანაც მარტივი რამ გახდა. თუმცა ამ ტრადიციის ყველა სხვა ჭეშმარიტების მსგავსად, სხვა თვალსაზრისით ის ძალიან რთულიცაა. მისი განუმეორებელი ტონი ბევრ ერთდროულად აჟღერებულ ნოტს მოიცავს: თავმდაბლობის, მხიარულების, მადლიერების, იდუმალი შიშის, მაგრამ ამასთან ერთად - სიფხიზლისა და დრამის. ეს არაა მხოლოდ მშვიდობისმყოფელთა და მხიარულთა ზეიმი, ჰინდოთა მშვიდობიანი თავყრილობა ან ჩრდილოური ზამთრის დღესასწაული. მასში არის რაღაც შეურიგებელიც; რაღაც, რაც შუაღამის ზარებში ბრძოლის გამოძახილივით ისმის, რომელშიც ეს-ესაა გავიმარჯვეთ. მთელი ეს აღუწერელი რამ, რასაც საშობაო განწყობა ჰქვია, ჰაერში კიდია იმ ბედნიერი აფეთქების სურნელებად და ორთქლად, ორი ათასი წლის წინ რომ მოხდა იუდეის ბორცვთა შორის. სურნელი დღესაც არაფერში არ აგერევა და იმდენად დახვეწილი და განუმეორებელია, რომ სიტყვა “მშვიდობა” სრულად ვერ აღწერს. გამოვაბულში გამეფებული ზეიმი არსით ციხესიმაგრეში ან მეამბოხის ბუნაგში გამეფებულს ჰგავს. არც ის იქნება ქარაფშუტობა, თუ ვიტყვით, რომ ეს სანგრის ზეიმია. ეს მიწისქვეშა თავშესაფარი მტრისგან სამალავია; სამალავი, რომლის ზემოთ ცასავით გადაჭიმულ ქვიან ველზე უკვე დაძრწის მტერი; სადაც ჰეროდეს ცხენთა თქარა-თქური უკვე ქრისტეს მიმალულ თავს ზევით გაისმის. მეტიც, ამ ხატში საგუშაგოს იდეაც ჩანს, რომელსაც კლდე გაურღვეია და მტრის ტერიტორიაზეა შეჭრილი. ამ დამარხულ ღვთაებრიობაში არის სამყაროს დანაღმვის, კოშკებისა და სასახლეების ქვევიდან შერყევის იდეა, აკი თვით დიდმა მეფე ჰეროდე იგრძნო, როგორ მძლავრად შეაქანა მიწისძვრამ თავის სასახლესთან ერთად.
გამოქვაბულის მისტერიათა შორის უმძლავრესიც იქნებ ისაა, რომ ადამიანებს მიწისქვეშ ქვესკნელი ეგულებოდათ, ამ შემთხვევაში კი მიწისქვეშ ზეცა აღმოჩნდა. ამ უცნაურ ამბავში მომდევნო ზეცის გადატრიალების იდეაა. ესაა მთელი ამ მდგომარეობის პარადოქსი: ამიერიდან უმაღლესი რამ მხოლოდ ქვევიდან ზევით მუშაობს. ხელმწიფობა საკუთარ თავს მხოლოდ ამბოხებით უბრუნდება. მართლაც, ეკლესია დასაწყისიდანვე და განსაკუთრებით თვით დასაწყისში არა იმდენად მმართველობა იყო, რამდენადაც აჯანყება ამა სოფლის მმართველის წინააღმდეგ. ეს განცდა, რომ ქვეყნიერება უზურპატორის მიერაა დაპყრობილი და მიტაცებული, დაგმეს და გაამასხარავეს იმ ოპტიმისტებმა, რომლებმაც განმანათლებლობა შვებასთან გააიგივეს. თუმცა ამ განწყობამ განაპირობა საფრთხისადმი დაუმორჩილებლობის ის მშვენიერი მღელვარება, რომლის გამოც ახალი აღთქმა ჭეშმარიტად ახალ და კეთილ ამბად იქნა აღქმული. ჭეშმარიტად ამ უზარმაზარმა არაცნობიერმა უზურპაციამ გამოიწვია აჯანყება, დასაწყისში ესოდენ უხილავი. ოლიმპო კვლავ დაუფლებოდა ზეცას, უძრავი ღრუბელივით მძლავრ, მრავალფეროვან ფორმებში მოქცეული; ფილოსოფია კვლავ ამებულ ადგილებზე მოკალათებულიყო, აქა-იქ – სამეფო ტახტზეც კი. ამ დროს დაიბადა ქრისტე გამოქვაბულში და ქრისტიანობა – კატაკომბებში. ორივე შემთხვევა ამბოხების ერთი და იმავე პარადოქსითაა აღბეჭდილი: საძულველისა და საშიშის ერდროული შეგრძნებით. გამოქვაბული ცალკერძ მხოლოდ ორმოა, სადაც განკიცხულთ ყრიან, ცალკერძ – რაღაც ფასდაუდებელის სამალავი, რასაც ტირანები განძივით გამალებით დაეძებენ. მათ ვერასდოს გაიხსენებს მედუქნე, მეფე კი ვერასდროს დაივიწყებს. უკვე ავნიშნეთ, რომ ეს პარადოქსი ადრეული ეკლესიის მიმართ დამოკიდებულებასაც ახასიათებს. ის მნიშვნელოვანი, მაგრამ ამავდროულოდ შეუმჩნეველი და უსუსური იყო - მნივნელოვანი მხოლოდ აუტანლობის, აუტანელი კი შეუწყნარებლობის გამო. ის ეჯავრებოდათ, რადგან თავისებურად წყნარად და თითქმის საიდუმლოდ ომი გამოაცხადა. ის მიწიდან ამოიმართა, რომ ცა და დედამიწა წარმართობისგან გაეწმინდა. ის არ ცდილობდა მარმარილოსა და ოქროს ნაგებობათა დანგრევას, უბრალოდ სამყაროს მათ გარეშე ხედავდა, თითქოს მინისგან იყვნენ. ცილისმწამებლები, ვინც ქრისტიანებს რომის გადაწვა დააბრალა, ქრისტიანობის ბუნებასთან ბევრად უფრო ახლოს იდგნენ, ვიდრე ჩვენი თანამედროვენი, ვინც გვეუბნება, რომ ქრისტიანობა ეთიკური საზოგადოების მაგვარი რამ იყო, რომელსაც ცოტაოდენი წამებაც შეხვდა, რადგან ადამიანებს უჩიჩინებდნენ, რომ მოყვასის მიმართ ვალდებულებები გააჩნია და დიდადაც არ დევნიდნენ - სირბილისა და მორჩილების გამო.
ამრიგდ, ჰეროდეს როგორც ეკლესიის მდევნელს თავისი როლი აქვს ბეთლემის მისტერიაში: ეკლესია თავიდანვე გადარჩენისთვის იბრძვის, და ვისაც ეს დისონანსი ჰგონია, უნდა ესმოდეს, რომ ეს დისონანსი საშბაო ზარებთან ერთად ჟღერს. ვისაც ჰგონია, რომ ჯვაროსნობის იდეა ჯვრის იდეას აკნინებს, მხოლოდ ის შეგვიძლია ვუთხრათ, რომ მათთვის ჯვრის იდეა თავიდანვე, აკვანშივე შებღალულია. აქ არაა ბრძოლის აბსტრაქტულ ზნეობაზე მსჯელობის ადგილი. აქ ქრისტიანობული და კათოლიკური იდეის შემადგენელ იდეათა შეჯამებას და იმის აღნიშვნას ვცდილობთ, რომ მათი კრისტალიზაცია შობისას მოხდა. ეს სამი განცალკევებული და ჩვეულებრივად დაპირისპირებული რამაა, რაც მიუხედავად ამისა ერთ მთელს შეადგენს: პირველი ზეცის ადამიანური განცდაა, რომელიც სახლივით ახლობელი და ხელშესახებია. ესაა იდეა, რომელსაც მისდევდა ყველა პოეტი და მითის შემქნელი წარმართი: რომ კონკრეტული ადგილი ღმერთის სიწმინდისა და ნეტართა ადგილსამყოფელი, რომ სულის დაბრუნება სხეულს მკვდრედით აღადგენს. აქ არ ვმსჯელობ რაციონალიზმის უარზე, დააკმაყოფილოს ეს მოთხოვნილება. უბრალოდ თუ რაციონალისტები უარობენ მის დაკმაყოფილებას, წარმართები ამით არ დაკმაყოფილდებიან. ესაა ბეთლემისა და იერუსალიმის ამბავში, ისევე როგორც დელოსისა და დელფოს ამბავში; ეს არ არის მთელ სამყაროში არც ლუკრეციუსთან და არც ჰერბერტ სპენსერთან; მეორე ელემენტი სხვა ფილოსოფიებზე უფრო ფართო ფილოსოფიაა, უფრო ფართო, ვიდრე ლკრეციუსისა და უსასრულოდ უფრო ფართო, ვიდრე ჰერბერტ სპენსერის. ის სამყაროს ასეულობით ფანჯრიდან უცქერს, ანტიკური სტოიკოსი და თანამედროვე აგნოსტიკოსი კი მხოლოდ ერთიდან აკვირდებიან. ის ცხოვრებას ათასობით თვალით, ხედავს რომლებიც ათასობით განსხვავებული ყაიდის ადამიანს ეკუთვნის, სხვა კი მხოლოდ სტოიკოსის თუ აგნოსტიკოსის პირადი თვალსაზრისია. მას აქვს სათქმელი ადამიანის ნებისმიერი განწყობისთვის, ის პოულობს საქმეს ყველანაირი ადამიანისთვის, მას ესმის ფსიქოლოგიის საიდუმლოებანი, მან იცის ბოროტების სიღრმე, ის არჩევს იდეალურ და არაეალურ საოცრებებს საოცარი გამონაკლისებისგან, სწავლობს სიძნელეთა კვალდაკვალ ცხოვრებისეული მრავალფეროვნები, დახვეწილობით და წარმოსახვით, რომელიც დიდად აღემატება უძველეს თუ უახლეს ზნეობრივ ფილოსოფიათა გაბედულ და ახალ გაცვეთილ ჭეშმარიტებებს. მოკლედ, მასში უფრო მეტია; ის მეტ საფიქრალს პოულობს არსებობაზე; ის მეტს იღებს ცხოვრებისგან. ჩვენი მრავალმხრივი ცხოვრების შესახებ უამრავი ასეთი მასალა დაგროვდა წმ. ომა აქვინელის შემდეგ, მაგრამ მარტო წმ. თომა აქვინელი იგრძნობდა თავს ძალიან ვიწროდ კონფუცის და კონტის სამყაროში. მესამე კი ესაა: პოეზიისათვის საკმარისად მყუდრო და ფილოსოფიისთვის უკიდეგანოდ ფართო, ის თან გამოწვევაცაა და ბრძოლაც. საგანგებოდ გაფართოებული, რათა ჭეშმარიტების ყველა მხარე მოიცვას, ის ხისტ მზადყოფნაშია ნებისმიერ შეცდომასთან შესაბმელად. ბრძოლაში ის ყველა ყაიდის ადამიანს იმხრობს, ყველანაირ იარაღს იყენებს, ცნობისმოყვარეობისა და თანაგრძნობის არნახული ხელოვნებით იფართოვებს ცოდნას იმის შესახებ, რასაც ებრძვის და რისთვისაც იბრძვის - და არასდროს ავიწყდება, რომ ბრძოლაშია. ის აცხადებს მშვიდობას დედამიწაზე და არასდროს ავიწყდება, რატომ მოხდა ომი ზეცაში.
ესაა ჭეშმარიტებათა სამება რომელიც აქ სიმბოლიზებულია შობის ამბის სამი ტიპაჟით: მწყემსებით, მოგვებით და მეფით, რომელიც ჩვილებს ეომება. უბრალოდ ტყუილი იქნება, თუ ვიტყვით, რომ სხვა რელიგიები და ილოსოფიები ამ თვალსაზრისით მას ეჯიბრებიან. ტყუილია, თითქოს რომელიმე მათგანი ამ სამ თვისებას აერთიანებს; არცერთი ამას არც კი იჩემებს. ბუდიზმი იქნებს აცხადებს, რომ ისეთივე მისტიკურია, მაგრამ მებრძოლ ხასიათზე პრეტენზიაც კი არ გააჩნია. ისლამი აცხადებს, რომ არანაკლებ მებრძოლია, მაგრამ მისტიკურობასა და დახვეწილობას ვერ შესწვდება. ცონფუციანიზმს პრეტენზია აქვს, რომ ფილოსოფოსთა აზროვნებისა და წესრიგის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, მაგრამ არც კი ცდილობს მისტიკოსთა სასწაულის, საიდუმლოსა და კონკრეტულის კურთხევის მოთხოვნილება დააკმაყოფილოს. ამ ერთდროულად საყოველთაოსა და განუმეორებელის განწობის მაგალიტი მრავლად მოიპოვება, აქ ის ერთიც გამოგვადგება ამ თავის თემის სიმბოლო რომაა; არცერთი სხვა ამბავი, წარმართული ლეგენდა, ფილოსოფიური ანეკდოტი თუ ისტორიული ფაქტი არ ახდენს ჩვენზე ასეთ განსაკუთრებულ და მძაფრ შთაბეჭდილებას, როგორც სიტყვა “ბეთლემი.” არცერთი სხვა ღვთაების დაბადება, თუ ბრძენის ბავშობა არაა შობასთან რამდენადმე მაინც მიახლოებული. ეს ან ზედმეტად ცივი, ან ზედმეტად ფრივოლურია, ან ზედმეტად ოფიციალური და კლასიკური, ან ზედმეტად მარტივი და ველური, ან ზედმეტად იდუმალი და ჩახლართულია. არცერთი ჩვენთაგანი, რა აზრისაც არ უნდა იყოს, იქ არ წავა ისე, თითქოს შინ მიემართებოდეს. შეიძლება მოგეწონოს, რადგან პოეტურია, ან ფილოსოფიური, ან ათასი სხვა რამ ცალკეული მიზეზით, მაგრამ არა იმიტომ რომ თავისი თავია. სიმართლე ისაა, რომ ამ ამბავს ადამიანის ბუნებაზე სრულიად განსაკუთრებული და პიროვნული ზემოქმედება აქვს. ეს არაა მისი ფსიქოლოგიური შიგთავსი, რომელიც ლეგენდაში ან დიდი ადამიანის ცხოვრებაშია. ეს არაა დიდებისკენ გონების შემობრუნება, ადამიანურს განვრცობით და განდიდებით რომ ღმერთად და გმირად აქცევს, თუნდაც გმირულის უჯანსაღესი თაყვანისცემით. ეს არაა მიმართული გარეთ, თავგადასავლისაკენ და დედამიწის კიდეზე ნაპოვნი საოცრებისკენ. ეს რაღაც ზურგს უკანიდან, ჩვენი ყოფიერების ფარული, პიროვნული ნაწილიდან მოდის და გვაოცებს, მცირე გულისამაჩუყებელი წვრილმანები, ან უპოვართა ბრმა ღვთისმოსავობი. ეს ჰგავს საკუთარი სახლის შუაგულში დაფარული ოთახის აღმოჩენას და იქედან გამომავალი სინათლის დანახვას. ეს ჰგავს გულის სიღრმეში რაღაცის პოვნას, რაც სასიკეთოდ გღალატობს. ეს არ შეიცავს იმას, მტკიცე მასალას რომ ეძახიან; ამის სიმტიცე ფრთიანი სიმსუბუქეა, რომლითაც გაგწმენდს და გადაგიტანს. ეს ყველაფერი ჩვენშია, ოღონდ წამიერი სინაზე მარადიულად ქცეულა; წამიერ მორბილება კი უცნაურად ასვენებს და აძლიერებს; ესაა შეწყვეტილი და დაკარგული სიტყვა, რომელიც გამთლიანდა და შენარჩუნდა. უცხო მეფენი შორეულ ქვეყანაში უჩინარდებიან და მთებიც აღარ ეხმიანებიან მწყემსთა ფეხის ხმას; მხოლოდ ღამე და გამოქვაბული ადევს შრეებად იმას, რაც ადამიანურზე უფრო ადამიანურია.


No comments:

Post a Comment