ამ წიგნის
დანიშნულების სწორად გაგებისათვის
წინასწარი შენიშვნაა აუცილებელი.
წარმოდგენილი თვალსაზრისი
ისტორიული უფროა, ვიდრე
თეოლოგიური და უშუალოდ არ
ეხება იმ რელიგიურ ცვლილებას,
რომელიც ჩემი ცხოვრების
მთავარ მოვლენად იქცა; ამაზე
უკვე ვწერ სხვა, უფრო საკამათო
წიგნს. რაზეც და როგორც არ
უნდა წერდეს კათოლიკე –
განსაკუთრებით კი ასეთ თემაზე
– ვფიქრობ, ვერ დამალავს, რომ
კათოლიკეა. თუმცა ეს ნაშრომი
არაა კათოლიკესა და პროტესტანტს
შორის არსებულ განსხვავებაზე.
მისი დიდი ნაწილი სხვადასხვანაირ
წარმართებს უფრო ეთმობა, ვიდრე
რომელიმე სახის ქრისტიანებს.
დედააზრი კი ესაა: ის, ვინც
ამტკიცებს, რომ ქრისტე სხვა
მითების, მისი რელიგია კი სხვა
რელიგიების გვერდიგვერდ
დგას, ხავსმოდებულ ფორმულას
იმეორებს, რომელიც თვალშისაცემ
ფაქტს ეწინააღმდეგება და
ამის დასანახად სულაც არ
მჭირდება ისეთი რამ მოვიშველიო,
რაც ყველა ჩვენგანისათვის
არაა ცნობილი. განსწავლულობის
პრეტენზია არ მაქვს, ამიტომ
იძულებული ვარ, ახალი მოდის
თანახმად, ზოგიერთ რამეში
ჩემზე უფრო მცოდნეებს დავეყრდნო.
ბ-ნ ჰერბერტ უელსთან ისტორიის
ხედვაში არაერთი განსხვავების
მიუხედავად, მინდა ავღნიშნო
გაბედულება და კონსტრუქციული
წარმოსახვის უნარი, რომელიც
მის უზარმაზარ, მრავალფეროვან
და საინტერესო შრომას გასდევს,
კიდევ უფრო მეტად კი ის, რომ
მან დაუმკვიდრა მოყვარულებს
პროფესიონალების მიერ
მიწოდებული ფაქტების
ინტერპრეტაციის გონივრული
უფლება.
No comments:
Post a Comment