VII ღმერთებისა და დემონების ომი


ისტორიის მატერიალისტური თეორია, რომელიც მთელ პოლიტიკას და ეთიკას ეკონომიკის გამოხატულებად მიიჩნევს, მდარე და მცდარი გამარტივებაა. ამ გამარტივების მიზეზი აუცილებელი სასიცოცხლო პირობების ნორმალურ ცხოვრებისეული საქმიანობასთან აღრევაა, რაც ორი სავსებით განსხვავებული რამაა. იგივეა, რომ გვეთქვა: "რადგან ადამიანს მხოლოდ ორი ფეხით სიარული შეუძლია, ის მხოლოდ ფეხსაცმლისა და წინდების შესაძენად დაიარება." ადამიანს არ შეუძლია ორი ბურჯის – საკვებისა და სასმელის გარეშე არსებობა, რომლებსაც ის ორი ფეხივით ეყრდნობა, მაგრამ იმის თქმა, რომ ეს ისტორიის მანძილზე ნებისმიერი მისი მოძრაობის ერთადერთი მოტივი იყო, სისულელეა. ძროხა პირწმინდად ეკონომიკური არსებაა – დროს ან ძოვაში, ან უკეთესი საძოვარის ძებნაში ატარებს, ამიტომაა, რომ ძროხის ისტორიის თორმეტტომეული ვერაფერი საკითხავი იქნებოდა. ცხვარიც და თხაც გარეგნულ მოქმედებაში ნამდვილი ეკონომისტები არიან; ამიტომაც ცხვარი იმპერიებისა თუ ომების აღწერებში გმირად არსად გვევლინება. რაც შეეხება ადამიანის ეკონომიკურობას, ამბავი სწორედ იქ იწყება ხოლმე, სადაც ძროხისა და ცხვრის მოტივები ქრება. ვერავინ იტყვის, რომ ჯვაროსანთა მიერ კერის მიტოვება და უდაბურ ადგილებში წასვლა ძროხის მსგავსად უკეთესი საძოვარის ძებნაა, ან არქტიკის მკვლევარს ჩრდილოეთისკენ იგივე ძალა ეზიდება, რაც მერცხალს სამხრეთისკენ მიაფრენს. და თუ ადამიანის ისტორიიდან რელიგიურ ომებს და წმინდა ავანტიურისტულ ლაშქრობებს ამოვიღებთ, მას არა მარტო ადამიანურს, არამედ ისტორიულ ელემენტსაც გამოვაცლით. ისტორიის კონტურებს ადამიანის ნებელობით მოხაზული ეს მკვეთრი მრუდები და კუთხეები ქმნის. ეკონომიკური ისტორია ისტორიაც კი არ იქნებოდა.
ამ ცხადი გარემოების უკან კიდევ უფრო დიდი შეცდომა იმალება: რადგან ადამიანი საკვების გარეშე ვერ ცოცხლობს, ეს არ ნიშნავს, რომ საკვებისთვის ცოცხლობს. სიმართლე ისაა, რომ ადამიანის ძირითადი საფიქრალი სიცოცხლის შესანრჩუნებელი ეკონომიკური მექანიზმი კი არა, არამედ თავად სიცოცხლეა; სამყარო, რომელსაც ის ყოველდღიურად ხედავს გაღვიძებისას და მისი მდგომარეობა ამ სამყაროში; არის რაღაც, რაც უფრო ახლოსაა მასთან, ვიდრე საარსებო საშუალებები, და ეს თვით არსებობაა. სამუშაოზე, შემოსავალსა და საკვებზე ერთ გაფიქრებას ათი ფიქრი მოსდევს იმაზე, რომ კარგი ამინდია, რომ სამყარო უცნაურია, აგრეთვე იმაზე, ღირს თუ არა ცხოვრება, კმაყოფილია თუ არა ქორწინებით და შვილებით, როგორი იყო ახალგაზრდობა, ან როგორია ადამიანის იდუმალი ხვედრი. ეს სიმართლეა ჩვენი ხელფასით დამონებული უმრავლესობისთვისაც კი, რომელიც გაუხარელ თანამედროვე ინდუსტრიალიზმში ცხოვრობს, მიუხედავად იმისა, რომ ამ სისტემამ საშინელი ანტიადამიანურობით ეკონომიკური პრობლემა მართლაც წინ წამოწია. ეს განუზომლად უფრო მართალია გლეხისთვის, მონადირისა თუ მეთევზისთვის რომლებიც კაცობრიობის რეალური მასაა. ის მშრალი პედანტებიც კი, რომლებიც თვლიან, რომ ზნეობა ეკონომიკაზეა დამოკიდებული, იძულებულნი იქნებიან აღიარონ, რომ ეკონომიკა არსებობაზეა დამოკიდებული. უამრავი ეჭვი, ფიქრი და ოცნება არსებობას უტრიალებს: არა იმას, თუ როგორ, არამედ იმას თუ რატომ ვცხოვრობთ. ამის დამტკიცება მარტივია; ისეთივე მარტივი, როგორც თვითმკვლელობა. გონებაში გადავაყირავოთ სამყარო და ყველა პოიტეკონომისტი მასთან ერთად გადაყირავდება. წარმოვიდგინოთ რომ ადამიანს სიკვდილი სურს. რა აბეზარი ხდება იმწამვე პოლიტიკური ეკონომიის პროფესორი თავისი ჩახვეული ახსნით, თუ როგორ უნდა იარსებო! ყველა გადაწყვეტილებას, ყველა სვლას, რომელიც ჩვენს ადამიანურ წარსულს ადამიანის ცხოვრებად აქცევს, წმინდა ეკონომიკის პირდაპირი მიმართულებისგან გადახვევის ეს თვისება აქვს. ეკონომისტი შეგვიძლია გავათავისუფლოთ თვითმკვლელის მომავალი ხელფასის, მოწამისათვის პენსიის გამოანგარიშებისგან. ასევე არაა საჭირო ბერის ოჯახის უზრუნველყოფაზე ზრუნვა. მის გეგმებს შედარებით ნაკლებად ცვლიან ჯარისკაცი, რომელიც სამობლოსთვის კვდება, გლეხი, რომელსაც გამორჩეულად უყვარს საკუთარი მიწა, ადამიანი, რომელზეც მეტნაკლებად მოქმედებს რომელიმე რელიგია და რაღაცის ნებას რთავს, რაღაცას კი უკრძალავს. ყველაფერი ეს სასიცოცხლო აუცილებლობათა ეკონომიკურ გამოანგარიშებაზე კი არა, ცხოვრებისეულ შეხედულებებზე დაიყვანება. დაიყვანება იმაზე, თუ არსებითად რას გრძნობს ადამიანი, როდესაც იმ უცნაური სარკმლებიდან, თვალები რომ ჰქვია, აკვირდება უცნაურ ზმანებას, სამყაროს რომ ვეძახით.
წესით ჭკვიანი კაცი გრძელ სიტყვების გამოგონებით ქვეყანას აღარ უნდა ამძიმებდეს, თუმცა გავბედავ და ვიტყვი, რომ რაღაც ახალი გვჭირდება, რასაც შეიძლება ფსიქოლოგიური ისტორია დავარქვათ. ვგულისხმობ იმის განხილვას, თუ რას ნიშნავს ესა თუ ის რამ ადამიანისთვის, განსაკუთრებით ჩვეულებრივი ადამიანისათვის, განსხვავებით იმისაგან, რაც ოფიციალური ფორმით თუ პოლიტიკური განცხადებებითაა განსაზრვრულ-განმარტებული. მას უკვე შევეხე ტოტემის თუ სახალხო თქმულების შემხვევაში. არაა საკმარისი ითქვას, რომ კატას ტოტემს ეძახდნენ, მითუმეტეს თუ არც ეძახდნენ. ჩვენ გვჭირდება იმის ცოდნა, რას გრნობდა ამ დროს ადამიანი? როგორ აღიქვამდა მას? უითინგტონის თუ კუდიანის კატად? რას ეძახდა – პაშტლს თუ ჩექმებიან ფისოს? პოლიტიკურ და სოციალურ ურთიერთობებში ასეთი რამის გაგება გვჭირდება – რეალური განწყობის, რომელიც ბევრ ჩვეულებრივ ადამიანს აკავშირებდა – ისეთსავე თავკერძსა და საღად მოაზროვნეს, როგორებიც ჩვენ ვართ. რას გრძნობდნენ ჯარისკაცები, როდესაც ცაში აღმართულ დიდებულ და უცნაურ ტოტემს ხედავდნენ, ჩვენ რომ ლეგიონის ოქროს არწივს ვუწოდებთ? რას გრძნობდნენ ვასალები, რომლებიც თავისი ლორდის ფარზე სხვა, ლომისა და ლეოპარდის ტოტემებს უცქერდნენ? ვიდრე ისტორიის ამ სუბიექტურ მხარეს უგულებელვყოფთ, რომელსაც უფრო მარტივად ისტორიის შიგთავსი შეილება დავარქვათ, ეს მეცნიერება ყოველთვის შეზღუდვის ქვეშ აღმოჩნდება, რომელსაც ხელოვნება უკეთ გადალახავს. ვიდრე ისტორიკოსი ამას ვერ აკეთებს, შეთხზული ფაქტზე უფრო ჭეშმარიტი იქნება, რომანი კი უფრო რეალური – დიახ, ისტორიულ რომანიც კი.
ველაზე მეტად ეს ახალი ისტორია ომის ფსიქოლოგიის გასაგებადაა საჭირო. ჩვენი ისტორია ოფიციალურ, საჯარო თუ პირად დოკუმენტებშია გახევებული, რომლებიც არაფერს გვეუბნებიან თვით ამბავზე. უარეს შემთხვევებში მხოლოდ ოფიციალური განცხადებები გვაქვს, რომლებშიც სპონტანური არაფერია, რადგან ოფიციალურია, უკეთესში – მხოლოდ საიდუმლო დიპლომატია, რომელიც არ შეილება სახალხო განწყობას ასახავდეს, რადგან საიდუმლოა. ბრძოლის გამომწვევ მიზეზთა ისტორიული განსჯა ან ერთს ეყრდნობა და ან მეორეს . მთავრობები კოლონიებისთვის თუ სავარო უფლებებითვის იბრძვიან; მთავრობები ყურეებისა და მაღალი ტარიფებისტვის იბრძვიან; მთავრობები ოქროს საბადოების ან მარგალიტების სარეწებისთვის იბრძვიან. მაგრამ მთავრობები ხომ საერთოდ არ იბრძვიან. რატომ იბრძვიან მებრძოლები? რა ასაზრდოებს ისეთ საშინელ და საოცარ საქმეს, ომი რომ ჰქვია? ვისაც ჯარისკაცობის რამე გაეგება, არ სჯერა, რომ მილიონობით ადამიანი ძალით შეიძლება მართო. ყველამ რომ თავი აარიდოს სამსახურს, ვინღა დასჯის? ასეთი განწყობის უმცირესი გავრცელებაც კი კამპანიას ნახევარ დღეში ჩააფლავებდა. რას ფიქრობენ ადამიანები პოლიტიკაზე? თუ ვამბობთ, რომ პოლიტიკას პოლიტიკოსებისგან იღებენ, რას ფიქრობენ პოლიტიკოსებზე? თუ ვასალები ბრმად იბრძოდნენ მთავრისთვის, როგორ ხედავს ეს ბრმა ხალხი მთავარს?
ყველამ ვიცით ის, რასაც realpolitik ჰქვია. სინამდვილეში ესაა თითქმის არანორმალურად არარეალური politik. ის მუდამ ჯიუტად და ბრიყვულად იმეორებს, რომ ადამიანები მატერიალური მიზნებისთვის იბრძვიან, არადა წამიერი დაფიქრება საკმარისია იმის მისახვედრად, რომ მატერიალური მიზანი მებრძოლისთვის სრულიად არამატერიალურია. ყოველ შემთხვევაში პრაქტიკული პოლიტიკისთვის თავს არავინ გაწირავს, ისევე როგორც ფულისთვის. ნერონი საათში შილინგად ვერ დაიქირავებდა ას ქრისტიანს ლომებისთვის შესაჭმელად; ადამიანი ფულისთვის მოწამე არ გახდება. თუმცა რეალისტური პოლიტიკის ხედვა უმაგალითოდ სულელური და დაუჯერებელია. ვინმე ჭკვათამყოფელი დაიჯერებს, რომ ჯარისკაცი ამბობს:”ფეხი თითქმის მომწყდა, მაგრამ ბოლომდე ვივლი; სამაგიეროდ ვისარგებლებ ყველა იმ უპირატესობით, რასაც ჩემს მთავრობას ფინეთის ყურეში გაუყინავი პორტის ფლობა მისცემს.” შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ მოხალისე კლერკი ამბობს: “თუ გაზით მოვიწამლები, ალბათ წამებით დავლევ სულს, მაგრამ იმაზე ფიქრი, რომ წნარი ოკეანის სამხრეთში მარგალიტის რეწვის კარიერა ხელმისაწვდომია ჩემი თანამოქალაქეებისთვის, მამშვიდებს.” მატერიალისტური ისტორია ყველა ისტორიაზე – არა, ყველა რომანზე უფრო შლეგურად დაუჯერებელია. რამაც არ უნდა დაიწყოს ომი, ის რაც მას ასაზრდოებს სულშია; ეს რელიგიის მსგავსი რამაა. ეს ისაა, რასაც ადამიანი სიცოცხლესა და სიკვდილზე ფიქრობს. სიკვდილს მიახლოებული ადამიანი უშუალოდ აბსოლუტურს ეხება; უაზრობაა იმის თქმა, რომ მას მას მხოლოდ ფარდობითი და დაშორებული სიძნელეები ადარდებს, რომლებსაც სიკვდილი მაინც ბოლოს დაუდებს. თუ მას ერთგულება აკავებს, ეს ერთგულება სიკვდილივით მარტივია. უმეტესად ეს მხოლოდ ორი იდეაა და ისიც სინამდვილეში ერი იდეის ორი მხარეა. ერთია იმის სიყვარული, რასაც საშიშროება ემუქრება, მეორე კი სიძულვილი და უარყოფა იმ უცხო რამის, რაც ემუქრება. პირველი ბევრად უფრო ფილოსოფიურია, ვიდრე ჟღერს, თუმცა აქ ამაზე მსჯელობა არ გვჭირდება. ადამიანს არ უნდა, რომ მისი სამშობლო დაინგრეს ან თუნდაც შეიცვალოს, რადგან ვერც კი გაიხსენებს, იმდენი კარგი რამ ახლავს. ზუსტად ასევე არ უნდა, რომ მისი სახლი დაიწვას, რადგან ვერც კი ჩამოთვლის, იმდენი რამე დააკლდება. ამიტომაც იბრვის იმისთვის, რაც ბუნდოვან აბსტრაქციად ჟღერს, სინამდვილეში კი სახლია. ამის ნეგატიური მხარეც ასეთივე კეთილშობილი და ძლიერია. ადამიანი უდიდესი თავგანწირვით ებრძვის მოწინააღმდეგეს თუ ის ერთდროულად ძველი მტერი და მარადიული უცნობია, მისი სულისკვეთება კი უცხო და ანტაგონისტური. ამას გრძნობენ ფრანგები პრუსიელების, არმოსავლეთის ქრისტიანები კი თურქების მიმართ. თუ ვიტყვით, რომ საქმე რელიგიურ განსხვავებაშია, ადამიანები სექტებსა და დოგმებზე მოსაწყენ კამათს გაგვიმართავენ. ამიტომ შევიცოდოთ ისინი და ვთქვათ: საქმე სიკვდილსა და დღის სინათლეს შორის განსხვავებაშია; განსხვავებაში, რომელიც შავი ჩრდილივით ჩამოწვება ჩვენს თვალებსა და დღის სინათლეს შორის. ამ განსხვავებაზე ფიქრი სიკვდილის პირას მყოფ ადამიანსაც კი ძალუძს, რადგან ეს ცხოვრების აზრის შესახებ არსებული განსხვავებაა.
მ ამბებში ადამიანს პოლიტიკაზე ბევრად უფრო ამაღლებული და წმინდა გრძნობა - ზიზღი ამოძრავებს. როცა ადამიანები მსოფლიო ომის უმძიმეს დღებში, ფიზიკურ და სულიერ გვემას უძლებდნენ, მათთვის ვინც უყვარდათ. არავის უფიქრია, რომ დანებებ შეუძლებელია ამა თუ იმ დიპლომატიური მოსაზრებების გამო. ჩემთვის და მათთვის, ვისაც საუკეთესოდ ვიცნობ, დანებება ერთადერთი რამის გამო იყო შეუძლებელი: ესაა გერმანიის იმპერატორის სახის გამომეტყველების წარმოდგენა, პარიზში ცხენზე ამხედრებული რომ შედის. ეს არაა ის გრძნობა, რომელსაც ზოგი ჩემი იდეალისტი მეგობარი სიყვარულს უწოდებს. მე სიამოვნებით ვეძახი ამას ზიზღს – ზიზღს ჯოჯოხეთისა და მისი საქმეებისა, და ვეთანხმები მათ, რომ არაა საჭირო ზიზღის სჯეროდეთ, რადგან ჯოჯოხეთისა არ სჯერათ. ეს გრძელი შესავალი სამწუხაროდ აუცილებელი გახდა ამ გაბატონებული წინასწარგანწყობის გამო, რათა გაგვერკვია, რას გულისხმობს რელიგიური ომი. ესაა ორი სამყაროს შეტაკება, ან ორი ხედვის შეტაკება, ან როგორც ახლა ამბობენ, ორი ატმოსფეროს შეტაკება: როცა ერთი ადამიანისათვის სუნთქვა მეორესთვის საწამლავია და დათმობაზე საუბარი უსარგებლოა. ესაა, რისი გაგებაც გვჭირდება, თუნდაც უკან დახევის ფასად, იმის დასანახად, რა მოხდა ხმელთაშუაზღვისპირეთში, როდესაც ტიბროსის მზარდი რესპუბლიკის გასწვრივ, ზღვის გადაღმა, მასზე აღმატებული, მისი არად ჩამგდები, ყველა აზიური თავსატეხით დაბინდული, იმპერიალიზმის ყველა ნიშნით აღბეჭდილი კართაგენი აღიმართა.
ანტიკური იტალიის რელიგია ყველაფერ იმის ნაზავი იყო, რასაც მითოლოგიის სათაურის ქვეშ განვიხილეთ. თუ ბერძნებს მითის მიმართ ბუნებრივი მიდრეკილება ჰქონდათ, ლათინები რელიგიისკენ უფრო ისწრაფოდნენ. ორივეგან ღვთაებებს ამრავლებდნენ, თუმცა მგონი საპირისპირო მიზნები ამოძრავებდათ. ბერძნული პოლითეიზმი თითქოს მაღლა მიიფურჩქნება, როგორც ხის ტოტი, რომაული კი ფესვებივით ქვევით იტოტება. იქნებ უფრო სწორია პირველი მოყვავილე, ზეაწეულ ტოტებს შევადაროთ, მეორე კი ნაყოფის ტვირთით დახრილ-დამძიმებულს. იმის თქმა მინდა, რომ ლათინები ღმერთებს ამრავლებდნენ, რათა ადამიანთან დაეახლოებინათ, ბერძნული ღმერები კი დილის ცაზე ბრწყინავდნენ. იტალიური კულტები გვაოცებს ადგილობრივი და შინაური ხასიათით. ღვაებები ითქოს სახლის ირგვლივ ფუტკრებივით ირევიან, და ჩიტებივით სახურავის ქვეშ დაბუდებულან. აქ ვხედავთ სახურავის, კარის და თვით თხრილის ღვთაებასაც კი. თუ მთელი მითოლოგია ზღაპარს ჰგავს, ეს სულაც ბუხრის პირას მოყოლილი ზღაპარია. ეს შინაური ზღაპარია, სადაც მაგიდა და სკამები ელფებივით ლაპარაკობენ. იტალიელი გლეხის შინაური ღმერთები ალბათ დიდი, მოუხეშავი ხის ფიგურები იყვნენ. სახლის ეს რელიგია მართლაც ძალიან მყუდრო იყო. რა თქმა უნდა იტალიური მითოლოგია ნაკლებად ადამიანურ ელემენტებსაც შეიცავდა; იყო ბერძნული ღვთაებების რომაულზე ზედდება; აქა-იქ უმსგავსი წარმართული არაადამიანური პრაქტიკაც იჩენდა თავს, როგორიცაა მაგალითად ქურუმის მიერ მკვლელი მოკვდინების არიციული რიტუალი. თუმცა ასეთი რამ ზოგადწარმართულია და არა განსაკუთრებულად იტალიური. მისი განსაკუთრებულობა შეიძლება ასე დავახასიათოთ: თუ მითოლოგია ბუნების ძალთა გაპიროვნულებაა, ამ მითოლოგიაში ადამიანის გარდაქმნილ ბუნებასთან გვაქვს საქმე. აქ უკვე მარცვლის ღმერთია და არა ბალახის, საქონლისა და არა ტყის ბინადრების. მოკლეთ კულტი კულტურად იქცა – იმ თვალსაზრისით, როგორც ამას აგროკულტურაზე ვამბობთ.
ქაა პარადოქსი, რომელიც ბევრისთვის ლაინთა თავსატეხად ან გამოცანად დარჩა. შინაურ რელიგიასთან ერთად, ლამის სახლის დეტალში რომ გაუდგამს ფესვი, სრულიად განსხვავებული, ამბოხის სულისკვეთება ვითარდებოდა. იმპერიალისტებს და რეაქციონერებს უყვართ რომის, როგორც სამაგალითო მორჩილებისა და წესრიგის მაგალითად წარმოჩენა, თუმცა რომი სრულიად საპირისპირო რამ იყო. ანტიკური რომის რეალური ისტორია თანამედროვე პარიზისას ჰგავს. ახლანდელი ენით რომ ვთქვათ, ეს ქალაქი ბარიკადებისგან იყო ნაგები. ამბობენ, რომ იანუსის კარიბჭე არასდროს დახურულა, რადგან გარეთ მარადიული ომი იყო; ასეთივე სიმართლეა, რომ შიგნით მარადიული ამბოხება მიმდინარეობდა. პირველი პლებეური არეულობებისდან ვიდრე უკანასკნელ მონათა აჯანყებებამდე სახელმწიფოში, რომელმაც მსოფლიოს მშვიდობა მოახვია თავს, სიმშვიდეს არასდროს დაუსადგურებია. თავად მმართველნი იყვნენ მეამბოხენი.
ამ პირადულ რელიგიას და ამ საზოგადოებრივ ამბოხს შორის რეალური კავირი არსებობს. გადაღეჭილი, მაგრამ ამის გამო არანაკლებად გმირული ამბავი გვახსენებს, რომ რესპუბლიკა ტირანის მოკვლაზე დაფუძნდა, რაც ცოლისთვის მიყენებულ შეურაცხყოფას მოჰყვა; რომ სახალხო ტრიბუნების აღდგენა მეორე მკვლელობის შედეგია, ამჯერად – ქალიშვილის შეურაცხყოფისთვის. საქმე ისაა რომ სახელმწიფოს განსჯისთვის აუცილებელი მდგომარეობა და საზომი მხოლოდ მათ აქვთ, ვისთვისაც ოჯახი სიწმინდეა; მხოლოდ მათ შეუძლიათ მიმართონ ქალაქის ღმერთზე უფრო მაღალ სიწმინდეს – კერის ღმერთს. ეს აბნევს ადამიანს, რომელიც ხედავს, რომ ოჯახურად მყარი ერები, მაგალითად ფრანგები და იტალიელები, პოლიტიკაში მოუსვენარნი არიან. ღირს ამ შინაურულ მომენტზე შეჩერება, რადგან ზუსტად ესაა, რასაც შინაგან ისტორიაში ვგულისხმობდი, რომელიც სახლების შიგნით იქმნება. რომის წმინდა პოლიტიკური ისტორია იქნებ მართალიცაა, როდესაც რომაელ პოლიტიკოსთა ამა თუ იმ მოქმედებას ცინიკურ და არაადამიანურ ქმედებად ნათლავს. თუმცა სულისკვეთება, რომელმაც რომი აამაღლა, ყველა რომაელის სულისკვეთება იყო. ფარისევლობა არ იქნება, თუ ცინცინატუსის სენატიდან გუთანთან დაბრუნებას იდეალს ვუწოდებთ. ასეთი ადამიანები ყოველმხრივ ამაგრებდნენ საკუთარ სოფელს, უკვე იმარჯვეს იტალიელებზე და ბერძნებზეც კი, როდესაც ისეთ ომში ჩაბმა მოუხდათ, სამყაროს მომავალი რომ შეცვალა. მე მას ღმერთებისა და დემონების ომი დავარქვი.
იდა ზღვის მოირდაპირე ნაპირზე მეორე ქალაქი დაარსდა, რომელიც “ახალის” სახელს ატარებდა. ის იტალიურზე უფრო ძველი, მძლავრი და მდიდარი იყო თუმცა, მის ირგვლივ გამეფებულ ატმოსფერო ამ სახელს რაღაცით ამარლებდა. ახალი იმიტო დაარქვეს, რომ კოლონია იყო – ახალი იორკის და ახალი ზელანდიის მსგავსად – დიდი სავაჭრო ქალაქების, ტვიროსისა და სიდონის ენერგიისა და ექსპანსიის ფორპოსტი. იყო მასში ახალი ქვეყნის თუ კოლონიის დამახასიათებელი ვაჭრული თვითდაჯერებულობის განწყობა. განცხადებებიც შესაბამისი ჰქონდა – ლითონური ჟღერადობით გამაგრებული: აქაოდა, ჩემი ნებართვის გარეშე ზღვაში ხელსაც კი ვერავი დაიბანსო, რადგან მთლიანად საკუთარი ხომალდების სიძლიერეზე იყო დამოკიდებული, ისევე როგორც ის ორი უდიდესი ნავსადგური და ბაზარი, საიდანაც მისი ხალხი მოვიდა. ტვიროსისა და სიდონისგან მა ვაჭრობის გამორჩეული ნიჭი და მოგზაურობის მნიშვნელოვანი გამოცდილება მოიტანეს. მოიტანეს აგრეთვე სხვა რამ.
წინა თავში გარკვეული სახის რელიგიის უკან მდგომი ფსიქოლოგია ვახსენე. პოლიტიკური შედეგებს მოწყურებულთა შორის, პოეტური შედეგების მსურველთაგან განსხვავებით, არსებობს შიშისა და იძულების სულების გამოძახების, აქერონის მოხრის მიდრეკილება, თუ ღმერთებს ვერ ხრი. ეს ის იდეაა, ბნელი ძალა რომ მართლა საქმის გამკეთებლია. პუნიკურ ხალხთა შინაგან ფსიქოლოგიაში ამ უცნაურმა პესიმისტურმა პრაქტიკულობამ არნახული გაქანება ჰპოვა. ახალ ქალქში, რომელსაც რომში კართაგენს ეძახდნენ, ისევე როგორც ფინიკიის მის მშობელ ქალაქებში, საქმის გამკეთებელი ღმერთი მოლოქის სახელს ატარებდა და შესაძლოა, ჩვენთვის ბაალის სახელით ცნობილის იდენტური იყოს. რომაელები კარგა ხანს ვერ გაერკვნენ, რა დაეძახათ ან როგორ მოჰკიდებოდნენ. მათ უკან, პრიმიტიულ და უხეშ რომაულ თუ ბერძნულ მითებთან მიბრუნება და სატურნთან მისი შედარება დასჭირდათ, საკუთარ შვილებს რომ შთანთქავს. მაგრამ მოლოქის თაყვანისმცემლები არც უხეშები იყვნენ და არც პრიმიტიულები. ისინი განვითარებულ და დახვეწილ ცივილიზაციას ეკუთვნოდნენ, ფუფუნებასა და კომფორტში რომ იძირება და რომაულზე ბევრად დაწინაურებულიც კია. არც მოლოქი იყო მითი, ყოველ შემთხვევაში მითოლოგიური საკვებით არ იკვებებოდა. ეს მაღლი ცივილიზაციის ხალხი იკრიბებოდა და საკუთარი იმპერიისთვის ზეციური კურთხევის მოსაპოვებლად ასობით ჩვილს დიდ ღუმელში ჰყრიდა. ამ კომბინაციაში ჩასაწვდომად ცილინდრიან და ბაკენბარდებიან მანჩესტერელ სოვდაგრებს თუ წარმოვიდგენთ ყოველ კვირას თერთმეტი საათისთვის ეკლესიაში რომ მიემართებიან, რათა ბავშვის ცოცხლად შეწვას დაესწრონ.
პოლიტიკური და კომერციული აყალმაყალის საწყისი სტადიების თვალის მიდევნება დეტალურადაა შესაძლებელი, სწორედ იმიტომ, რომ ის პოლიტიკური და კომერციულია. პუნიკური ომები ერთ დროს გაუთავებლად ჩანდა, არც იმის თქმაა ადვილი, თუ როდის დაიწყო. ბერძნებმაც და სიცილიელებმაც აფრიკული ქალაქის წინააღმდეგ ომში ევროპის მხარე დაიჭირეს, მაგრამ კართაგენმა ბერძნები დაამარცხა და სიცილია დაიპყრო. კართაგენმა ესპანეთშიც მკვიდრად მოიკიდა ფეხი და ესპანეთსა და სიცილიას შორის მოქცეული ლათინური ქალაქი გაისრისებოდა, რომაელები რომ ადვილად გასასრესი ყაიდისა ყოფილიყვნენ. ამბის მთელი მარილი ისაა, რომ რომი გაისრისა. რომ არა გარკვეული ზნეობრივი და აგრეთვე მატერიალური ელემენტები, ამბავი ზუსტად ისე დასრულდებოდა, როგორც ამაში კართაგენი იყო დარწმუნებული. საზოგადოდ რომს დაზავებაზე უარის თქმაში ადანაშაულებენ. თუმცა ჭეშმარიტ სახალხო განწყობას ასეთ ხალხთან ზავი მიუღებლად მიაჩნდა. Delenda est Carthago -სთვის რომაელის ბრალდებაც საკმაოდ გავრცელებულია - კართაგენი უნდა დაინგრეს. უფრო გავრცელებული კი იმის მივიწყებაა, რომ ყველა მონაცემებით, რომი თავად დაინგრა. მივიწყებულია წმინდა სურნელი, რომელიც რომის ირგვლივ ყოველთვის ტრიალებდა, ტრიალებდა ნაწილობრივ იმიტომაც, რომ ის უეცრად მკვდრეთით აღდგა. კართაგენი არისტოკრატია იყო, როგორც ყველა ასეთი სავაჭრო ქალაქი. მდიდრების დაწოლა ღარიბობაზე გაუპიროვნებელიც იყო და დაუძლეველიც. ასეთი არისტოკრატია არასოდეს უშვებს პიროვნულ მმართველობას, ეს კონკრეტული ალბათ პირადი ნიჭიერების გამოც ეჭვიანობდა. თუმცა გენიოსი ყველგან გამოჩნდება ხოლმე, თვით მმართველ ფენაშიც კი. მსოფლიოს ეს უდიდესი გამოცდა თითქოს კიდევ უფრო შემამძრწუნებელი რომ გამხდარიყო, კართაგენის ერთერთმა დიდმა სახლმა მას მოოქროვილი სასახლეებიდან მოუვლინა არსაიდან მოვლენილი ნაპოლეონის დარი ენერგიისა და თვითმყოფადობის კაცი. ომის უმძიმეს მომენტში რომმა აღმოაჩინა, რომ სამხედრო სასწაულის წყალობით, მტერი თვით იტალიაში შემოიჭრა ჩრდილოეთიდან. ჰანიბალმა – ბაალის მადლმა – ასე ჟღერს მისი სახელი მის საკუთარ ენაზე - შეიარაღების უმძიმესი ჯაჭვი ალპების ვარსკვლავურ სიმაღლეებზე გადაათრია და დაუმიზნა სამხრეთით მდებარე ქალაქს, რომლის დანგრევაც ყველა თავის საშინელ ღმერთს შეჰფიცა.
ჰანიბალი რომისაკენ დაეშვა და დამხვდურ რომაელებს ისეთი განცდა დაეუფლათ, თითქოს ჯადოქარს შეებნენ. ორი დიდი არმია მის მარცხნივ და მარჯვნივ ტრებიის ჭაობებში ჩაეფლო; სულ უფრო მეტს კანის მორევი ისრუტავდა, სულ უფრო მეტი მიიწევდა წინ, რათა მასთან შეხებისას განდგურებულიყო. ამას ყველა უბედურების უმაღლესი ნიშანი – ღალატი დაემატა: ტომები ერთმანეთის მიყოლებით რომს ზურგს აქცევდნენ და დაუმარცხებელი მტერი ქალაქისკენ მოგორავდა; კართაგენის მზარდ არმიას რომელიც მთელი მსოფლიოს კარნავალურ მსვლელობას ჰგავდა, წინ დიდი ლიდერი მოუძღოდა. მოსიარულე მთებივით სპილოები, ნაბიჯებით გარემოს რომ აზანზარებენ, გიგანტური გალები ბარბაროსული აღჭურვილობით, შავგვრემანი, ოქროში ჩამჯდარი ესპანელები, შუბის მტყორცნელი ყავისფერი ნუმიდიელები მიმინოსავით სწრაფად მოძრავ უდაბნოს ცხენებით შებმულ ეტლებში, დეზერტირთა და მოხალისეთა აღრეული ბრბო და ყველაფერ ამას წინ ბაალის მადლი მიუძღვის.
რომაელმა მისნებმა და მემატიანეებმა, ვინც თქვა, რომ არამიწიერმა სასწაულებრივმა მოვლენებმა იმრავლა, რომ სპილოსთავიანი ბავშვი დაიბადა და ვარსკვლავები სეტყვასავით ცვიოდა, მომხდარის ბევრად უფრო ფილოსოფიური ხედვა გამოამჟღავნეს, ვიდრე თანამედროვე ისტორიკოსმა, რომელიც მხოლოდ სავაჭრო დაპირისპირების დამაგვირგვინებელ სტრატეგიულ წარმატებას ხედავს. რაღაც სრულიად განსხვავებული იგრძნობოდა მაშინ იმ ადგილზე; ის, რასაც ყოველთვის გრძნობენ უცხო ატმოსფეროს საკუთარში ნისლით და სიმყრალით შემოჭრისას. ის, რამაც რომაელთა წარმოსახვა თვით ბუნების არაბუნებრივად ქცევის ესოდენ შემზარავი ნიშნებით აავსო, არ იყო მხოლოდ სამხედრო მარცხი და არც უბრალოდ სავაჭრო პაექრობა. ეს იყო ლათინთა მთაზე წამომდგარი მოლოქი, რომელიც თავისი საზარელი სახით ვაკეს დაჰყურებდა; ბაალი, რომელიც ვენახებს ქვის ფეხებით თელავდა; ტანიტ უხილავის ხმა, საფარველს მიღმა სიყვარულზე მოჩურჩულე, სიძულვილზე საზიზღარი რომაა. იტალიური ყანების გადაწვა, იტალიური ვაზის განადგურება რეალურზე უფრო მძიმე – ალეგორიული იყო. ეს იყო შინაურის და ნაყოფიერის განადგურება, ადამიანურის დაჭკნობა არაადამიანურის პირისპირ, რომელიც ბევრად აღემატება სისასტიკის ადამიანურ გრძნობას. ოჯახის ღმერთები მათი შეუხედავი სახურავების ქვეშ დასადგურებულ სიბნელეში მოხრილიყვნენ, მათ ზემოთ კი ქარში, ტრამონტანას ბუკის ხმაზე დემონები დაშლიგინობდნენ. ალპების კარიბჭე გატყდა და ჯოჯოხეთმა აიშვა. ღმერთებისა და დემონების ომი დასასრულს უახლოვდებოდა. ღმერთები დაიხოცნენ; არწივები დაიკარგა; ლეგიონები გატყდნენ. რომს ღირსება და უსასოობის გამოციებული სიმამაცეღა შერჩა.
ერთადერთი რამ, რაც მთელს ქვეყანაზე ჯერ კიდევ ემუქრებოდა კართაგენს, თვით კართაგენი იყო. ჯერ კიდევ აგრძელებდა შინაგან მუშაობას ელემენტი, ესოდენ ძლიერი რომაა ყველა წარმატებულ კომერციულ ქვეყანაში და ის სულისკვეთება, ასე კარგად რომ ვიცნობთ – ბრძენი საქმოსნის ალღო, საუკეთესო ფინასური ექსპერტების ანალიზი, საქმიანი მთავრობა, პრაქტიკული საქმის ხალხის პროგნოზირების საღი უნარი – ყველაფერი ის, რაც შესაძლოა რომისთვის სუსტი იმედის ნაპერწკალის მიმცემი ყოფილიყო. ომი ტრაგიკული დასასრულისკენ მიიწევდა და ამის კვალდაკვალ ეს უცნაური, მინავლებული შესაძლებლობა ჩნდებოდა. კართაგენის საქმიანი ხალხი, ნებისმიერი ჯიშის სხვა საქმიანი ხალხის მსგავსად, ნათლად ხედავდა, რომ რომი არამარტო კვდება, არამედ უკვე მოკვდა კიდეც, ომი დამთავრებულია; იტალიური ქალაქისთვის წინააღმდეგობამ აზრი დაკარგა. წარმოუდგენელია, რომ უაზრობად ქცეული წინააღმდეგობა ვინმემ კიდევ გასწიოს. ამ პირობებში საქმიანი და სოლიდური პრინციპების სხვა წყება ხდება განსახილველი: ომს ფული სჭირდება. ალბათ მათ გულში იგრძნეს, როგორც ბევრი მათნაირი გრძნობს, რომ ომი ბოლოსდაბოლოს ბოროტებაა, რადგან ფული ღირს. ახლა მშვიდობის დრო მოვიდა; და კიდევ უფრო მეტად - ფულის დაზოგვის. ჰანიბალის გზავნილები გამაგრების მოთხოვნით სასაცილო ანაქრონიზმად იქცა – ბევრი სხვა , უფრო მნიშვნელოვანი საქმე ითხოვდა ყურადღებას. იქნებ მართალიცაა, რომ რომელიღაც კონსულმა კიდევ გაიბრძოლა მეტაურუსთან, ჰანიბალის ძმას თავი მოჰკვეთა და ლათინური მრისხანებით ჰანიბალს ბანაკში ჩაუგდო. ასეთი შლეგური საქციელი ხომ სწორედ ლათინთა უიმედობის საუკეთესო მაჩვენებელია. თუმცა ასეთი აღგზნებული ლათინებიც კი ვერ დაკარგავენ გონებას იმდენად, რომ წაგებულ ომს გადაჰყვნენ – ასე მსჯელობდნენ საუკეთესო ფინანსური ექსპერტები, და უფრო და უფრო უცნაური, პანიკური ცნობების შემცველი წერილები გვერდზე იყრებოდა. ასე მსჯელობდა და მოქმედებდა კართაგენის დიდი იმპერია. და ამ სულელურმა განწყობამ, ვაჭარ სახელმჭიფოთა ამ საერთო სენმა, თითქოს სიბრიყვე გარკვეულად პრაქტიკულია, გენიოსობა კი დროდადრო უსარგებლო, მას ღმერთების მიერ ფუჭად გამოგზავნილი სამხედრო საქმის უდიდესი ხელოვანი მიატოვებინა და საშიმშილოდ გააწირინა.
საიდან დამკვიდრდა ადამიანებში ეს უცნაური აზრი, თითქოს ბოგანო ყოველთვის ამარცხებს დიდსულოვანს; რომ ჭკუა რაღაცნაირად სისასტიკეს უკავშირდება, და რომ სიჩლუნგეს არამზადობა აკომპენსირებს? რატომ ფიქრობენ, რომ კეთილშობილება სენტიმენტია, ყველაფერი სენტიმენტალური კი სისუსტის მატარებელი? ვფიქრობ, ასეთი ადამიანების - ისევე, როგორც ყველა სხვა ადამიანის - შთაგონების პირველადი წყარო რელიგიაა. მათთვის – ისევე როგორც ყველა სხვისთვის – უმნიშვნელოვანესი საგანთა ბუნების აღქმაა, ის თუ რა სამყაროში ცხოვრობენ; და მათ სწამთ, რომ შიში უზენაესი რამაა და შესაბამისად, სამყაროს გული ბოროტებაა; სწამთ, რომ სიკვდილი უფრო ძლიერია, ვიდრე სიცოცხლე და ამიტომ უსიცოცხლოში - მნიშვნელობა არ აქვს: ოქროში, რკინაში, მექანიზმებში, კლდეში, მდინარესა თუ სტიქიურ მოვლენებში - მეტი ძალაა, ვიდრე ცოცხალში. ახირებად მოგეჩვენებათ: ადამიანები, რომლებსაც ჩაის მაგიდასთან ვხდებით ან სუფთა ჰაერზე გამართულ წვეულებებზე ვესაუბრებით, ბაალის თუ მოლოქის ფარული თაყვანისმცემლები არიან. კომერციული წყობის ასეთი ტვინი სამყაროს თავისებურად ხედავს და ესაა კართაგენის ხედვა. მასშია ის სასტიკი შეცდომა, კართაგენი რომ დაანგრია. პუნიკური სიძლიერის დამხობა რეალური აზროვნების მიმართ მატერიალიზმის შეურაცხად განურჩევლობაშია. სულის უარყოფას ის გონების უარყოფამდე მიჰყავს. ზნეობისთვის ზედმეტად პრაქტიკული, ის უარყოფს იმას, რასაც ყველა პრაქტიკული ჯარიკაცი ჯარის ზნეობას უწოდებს. მას წარმოუდგენია, რომ ფული იომებს, როცა ადამიანი უკვე აღარ ომობს. სწორედ ეს დაემართა პუნიკურ ვაჭრულ ელიტას. მათი რელიგია უსასოობის რწმენა იყო, სასიკეთო პრაქტიკული პროგნოზის დროსაც კი. როგორ იფიქრებდნენ, რომ რომაელები იმედის შენარჩუნებას სრულიად უიმედო თვალსაწიერშიც კი მოახერხებდნენ? მათი რელიგია ძალასა და შიშს ეფუძნებოდა. როგორ უნდა გაეგოთ, რომ ადამიანს სძაგს შიში მაშინაც კი, როცა ძალა მოერია? მათი ფილოსოფის გული და გული დაღლილობაა; ყველაფერთან ერთად, ომმაც დაღალა; მაშ როგორღა გაუგებდნენ მათ, ვინც დაღლილობის მიუხედავად ბრძოლას აგრძელებდა? ერთი სიტყვით, როგორ უნდა ამოეცნოთ ადამიანის გონება მათ, ვინც უგუნურ საგნებს, ფულსა და უხეშ ძალას უხრიდა ქედს, ვისაც ღმერთებად მხეცისგულიანი არსებანი ჰყავდათ? თავზარდამცემი იყო იმის გაცნობიერება, რომ მბჟუტავი ნაკვერჩხალი, რომელსაც იმდენად არად აგდებ, რომ ჩაქრობითაც კი თავს არ იწუხებ, ყველგან ხელახლა აბრიალდა; რომ ჰასდურბალი დაამარცხეს, რომ ჰანიბალი დაძლეულია, რომ სციპიონმა ომი ჯერ ესპანეთში, ახლა უკვე კი აფრიკაში გადმოიტანა. ოქროს ქალაქის კარიბჭესთან ჰანიბალმა მისთვის ბოლო ბრძოლა გამართა და დამარცხდა. კართაგენი დაეცა; დაეცა ისე, როგორც არაფერი დაცემულა სატანას შემდეგ. ახალი ქალაქისგან ქვაც კი არ დარჩენილა ქვიშაზე – მხოლოდ სახელი. საბოლოო განადგურებამდე კიდევ ერთი ომი გაიმართა, მაგრამ განადგურება მართლაც საბოლოო აღმოჩნდა. საუკუნეების შემდეგ, მისი საფუძვლების ღრმად გათხრისას ადამიანებმა ასობით პატარა ჩონჩხის გროვა იპოვეს – იმ რელიგიის წმინდა რელიქვია. კართაგენი დაეცა, რადგან საკუთარი ფილოსოფიას უერთგულა და სამყაროს ხედვის ლოგიკურ დასასრულს მიჰყვა ბოლომდე. მოლოქმა საკუთარი შვილები შთანთქა.
ღმერთები კვლავ აღდგნენ, დემონებმა ბოლოსდაბოლოს დამარცხება იგემეს, და იგემეს დამარცხებულთაგან, თითქმის მკვდრთაგან. არავის ესმის რომის რომანტიკა, ან რატომ აღიმართა მომავალში წარმომადგენლობით წინამძღოლად თითქოს განგების წყალობით და საფუძვლიანი ბუნებრიობით. ვის არ ახსოვს საშინელი და დამამცირებელი აგონია, რომელშიც ის საღი აზრის ერთგულებას აგრძელებდა, ევროპის სულისკვეთება რომაა? ის იმპერიის შუაგულში აღიმათა, რადგან ერთ დროს ნგრევისა და სიცარიელის შუაგულში მარტო აღმოჩნდა. ამის შემდეგ ყველა ადამიანმა იცის, რომ ის კაცობრიობის წარმომადგენელი იყო მაშინაც კი, როდესაც ადამიანების გარეშე დარჩა. მაშინ დაეშვა მასზე იმ ჯერ კიდევ უხილავი ნათების ჩრდილი და მომავლის ტვირთი. ჩვენი საქმე არაა იმის განსჯა, როდის ან როგორ შეეძლო ღვთის მოწყალებას სამყაროს უსათუოდ გადარჩენა. თუმცა ნათელია, რომ ბრძოლა ქრისტიანობის დასაფუძნებლად ძალიან განსხვავებული იქნებოდა, რომის იმპერიის ნაცვლად კართაგენის იმპერია რომ ყოფილიყო. პუნიკური ომების მოთმინებას უნდა ვუმადლოდეთ, რომ დიდი ხნის შემდეგ ღვთიური ადამიანებში დაეშვა და არა არაადამიანებში. ევროპა საკუთარ ცოდვებს და უძლურებას მიეცა – ამაზე შემდეგ ვიტყვი. თუმცა მათ შორის უარესიც კი არაა ის, რაც თავიდან აიცილა. რომელ ჭკვათამყოფელს მოუვა აზრად შეადაროს დიდი ხის თოჯინა, ბავშვებმა სადილის ნაწილი რომ უნდა დაუთმონ, დიდ კერპს რომლებიც ბავშვებს ჭამს? ესაა იმის საზომი, რამდენად გადაიხარა მსოფლიო იმასთან შედარებით, რამდენადაც შეიძლებოდა გადახრილიყო. რომაელთა დაუნდობლობა არა უბრალოდ მეტოქისაკენ, არამედ მტრისაკენ იყო მიმართული, ამ სიტყვის ჭეშმარიტი მნიშვნელობით. მათ თავში სავაჭრო გზები და კანონმდებლობა კი არა, დამცინავი სახეები და კართაგენის საზიზღარი სულის ზიზღი ტრიალებდა. მათ უნდა ვუმადლოდეთ, რომ არ მოგვიწია ვენერას კორომების ჩეხვა ისე, როგორც ბაალისა ჩეხეს; მათ სიმკაცრეს უნდა ვუმადლოდეთ, რომ საკუთარ ადამიანურ წარსულზე კიდევ უფრო მკაცრი დაფიქრება არ გვიწევს. თუ წარმართობიდან ქრისტიანობაზე გადასვლა განხეთქილებასთან ერთად ხიდიც იყო, მათ უნდა ვუმადლოდეთ, ვინც წარმართობას ადამიანურობა შეუნარჩუნა. თუ ამდენი ხნის შემდეგ ყველანი რაღაც თვალსაზრისით წარმართობასთან შერიგებულნი ვართ და წინაპრებს კეთილად ვიგონებთ, კარგი იქნება, ისიც გვახსოვდეს, რა იყო და რა შეიძლებოდა, რომ ყოფილიყო. მხოლოდ ამიტომაა, რომ ანტიკურობის ტვირთი გვემსუბუქება და არ ვკანკალებთ შადრევანზე ნიმფის ან საფოსტო ბარათზე კუპიდონის დანახვისას. დიდი ხნის გარდასულ ამბებთან სიმსუბუქე და სევდა გვაკავშირებს და არა სირცხვილი. ამიტომაც ახლავს ნაზი გრძნობის მაგვარი რამ ბინდში ჩაშვებული საბინური ფერმის ხილვას, კერის ღმერთებს მხიარული ჩოჩქოლი რომ გაუმრთავთ სირმიოში შინ დაბრუნებული კატულუსის დანახვაზე. Deleta est Carthago.



 i

No comments:

Post a Comment