VI დემონები და ფილოსოფოსები


სამაოდ ვრცლად ვილაპარაკე წარმოსახვითი ხასიათის წარმართობაზე, რომელმაც დედამიწა ტაძრებით აავსო და სახალხო დღესასწაულები წარმოშვა. ცივილიზაციის ისტორიის ძირითად ხაზში, როგორც მე მას ვხედავ, ფინალურ ქრისტიანულს ორი სტადია უსწრებს. პირველი ამ წარმართობის მასზე უვარგისთან ბრძოლის, მეორე კი თავად მისი გაუვარგისების სტადიაა. ამ ძალზე მრავალფეროვან და ხშირად ძალზე ბუნდოვან პოლითეიზმს პირველადი ცოდვის სისუსტე დასდევს. წარმართი ღვთაებანი ადამიანებს თითქოს კამათელივით აკოტრიალებენ, და ისინიც დანიშნულ კამათლებს ჰგვანან. სქესთან დაკავშირებით ადამიანი დაბადებით განსაკუთრებულად გაუწონასწორებელია; შეგვიძლია ვთქვათ, რომ თითქმის შეშლილიცაა და უმალ სიწმინდეს მიაღწევს, ვიდრე ჯანმრთელობას. ამ დისპროპორციამ ფრთიანი ოცნებები დაამიწა და წარმართობის დასასრული სიბინძურეში მოგორავე ღვთაებებით აავსო. თუმცა უპირველესი მნიშვნელობის ფაქტი ისაა, რომ ამ წარმართობამ ადრეული შეტაკება განიცადა მეორე ჯურის წარმართობასთან და ამ შეტაკების არსებითად სულიერმა ხასიათმა მსოფლიოს ისტორია განსაზღვრა. ამის გასარკვევად ამ მეორე სახის წარმართობის მოკლედ განხილვა მოგვიწევს და რაც უფრო მოკლედ – მით უკეთესი, რადგან თუ პირველი სახის მითები დღის ზმანებად მოვნათლეთ, მეორე სახისა ღამის კოშმარად უნდა შევრაცხოთ.
ცრურწმენა ყველა ეპოქაში მეორდება - განსაკუთრებით კი რაციონალისტურში. ერთხელ რელიგიურ ტრადიციის დაცვა გამოჩენილი აგნოსტიკოსებით სავსე მთელი წვეულების წინააღმდეგ მომიხდა; ვიდრე საუბარს დავასრულებდით, აღმოვაჩინე, რომ მხოლოდ მე ვარ ისეთი, ვინც ჯიბით ან სააის ძეწკვზე განუყრელ თილისმას არ ატარებს – ერთადერთი, ვინც ფეტიშის გარეშე ძლებს. ცრურწმენა რაცონალიზმში ხარობს, რადგან მისი საფუძველი უშუალოდ რაციონალიზმის იდენტური თუ არა, სკეპტიციზმთან დაკავშირებული ნამდვილადა არის. ის ძალიან ახლოსაა აგნოსტიციზმთან, რადგან სავსებით ადამიანურ და გასაგებ გრნობას – იდუმალი ძალისათვის მიმართვას ეფუძნება. გრძნობა პირწმინდად ანოსტიკურია, რადგან ორ განცდიდან მომდინარეობს: პირველი ისაა, რომ ჩვენ რეალურად არ ვიცით სამყაროს კანონები; მეორე კი ის, რომ ისინი შესაძლოა ძალიან განსხვავდება იმისაგან, რასაც ჩვენ გონიერს ვუწოდებთ. ასეთი ადამიანი ხვდება, რომ რეალურად უზარმაზარი რამ შესაძლოა უმცირეს წვრილმანზე იყოს დამოკიდებული და რაღაც ღრმა, არც თუ უაზრო გრძნობა მას კარნახობს, რომ რამე წვრილმანი სავსებით შესაძლებელია რაღაცის გასაღები იყოს. ეს განწყობა ორივე სახის წარმართობაში სუფევს, თუმცა მეორე ჯურისაში მას გარდაქმნილს და სხვა, საშინელი სულისკვეთებით გაჟღენთილს ვაწყდებით.
ითოლოგიის შედარებით მსუბუქი საკითხის განხილვისას არაფერი მითქვამს მის ყველაზე უფრო საკამათო ასპექტზე: რამდენად ექვემდებარებიან ზღვისა თუ სტიქიონთა სულები სიღრმეებიდან ასეთ გამოხმობას, ან, თუ შექსპირის მასხარას დავესესხებით, მოდიან თუ არა სულები დაძახებისას. მწამს, რომ ამ პრობლემას, რამდენადაც პრაქტიკულად არ უნდა ჟღერდეს, არსებითი გავლენა არ მოუხდენია მითოლოგიის პოეტური მხარის ფორმირებაზე, თუმცა ვფიქრობ, რომ ცრურწმენის სამყაროში ამ საკითხს სხვა, უფრო მუქი შეფერილობა ახლავს. ყველაზე გავრცელებული ცრურწმენა ისეთივე არასერიოზულია, როგორც ნებისმიერი მითოლოგია. ადამიანი არ თვლის დოგმად, რომ ღმერთი ელვას დასცემს, თუ კიბის ქვეშ გაიარა; უფრო გასართობად, ვიდრე შიშით, მას გვერდს აუვლის. ამაში არაფერია, გარდა იმისა, რაც უკვე ვთქვი: მსუბუქი აგნოსტიციზმი ამ უცნაური სამყაროს შესაძლებლობებთან მიმართებით. თუმცა არსებობს სხვაგვარი ცრურწმენაც, რომელიც შედეგს დაეძებს; ცრურწმენა, რომელსაც შეიძლება რეალისტური დაერქვას. აქ ეს კითხვა - პასუხობენ და მოდიან თუ არა სულები - ბევრად უფრო სერიოზულ ხასიათს იძენს. როგორც უკვე ვთქვი, დარწმუნებული ვარ, რომ დროდადრო პასუხობენ; აქ არსებობს განსხვავება, რამაც სამყაროში მრავალ ბოროტებას დაუდო საწყისი. იქნებ დაცემამ დაახლოვა ადამიანი სულიერი სამყაროს ნაკლებად სასიამოვნო არსებებთან, თუ ვნებითა და მომხვეჭელობით შეპყრობილი ადამიანის განწყობა ბოროტს კეთილზე უფრო ადვილად წარმოიდგენს - ასეა თუ ისე, მწამს, რომ ჯადოქრობის ბნელი მაგია მითოლოგიის თეთრ მაგიაზე ბევრად უფრო პრაქტიკული და ნაკლებად პოეტურია. წარმომიმდგენია, რომ კუდიანის ბაღი ნიმფის ჭალაზე უფრო მოვლილია, რომ ბოროტი მინდორი კიდევ უფრო ნაყოფიერია, ვიდრე კეთილი. საწყისი, იქნებ უსასოობით გამოწვეული ბიძგ პრაქტიკული პრობლემის მქონე ადამიანს ბნელი ძალისკენ მიმართავდა; იდუმალი და არაჯანსაღი განწყობა მის ქმედუნარიანობას უმტკიცებდა - ბნელ ძალას სახუმაროდ არ სცალია, ის საქმის გამკეთებელია – მითოლოგიის ღვთაებებისგან განსხვავებით, რომლელთა ირგვლივ დიდი და კარგი, მხიარული და ბედნიერი უაზრობა სუფევს, დემონთან თათბირი კი მაძებართან, განსაკუთრებით კერძო მაძებართან თათბირის მსგავსია – საქმე ბინძურია, მაგრამ გასაკეთებელი. ადამიანი არ დადიოდა ტყეში ნიმფასთან შესახვედრად, ეს უფრო იმედი იყო და თავგადასავალი, ვიდრე პაემანი. ეშმაკი კი დანიშნულ ვადასაც და რაღაც თვალსაზრისით, დაპირებებსაც იცავდა - მაშინაც კი, თუ შემდეგ ადამიანს მაკბეტივით ერჩივნა, რომ დაერღვია.
ელური ტომების აღწერილობებიდან იგებთ, რომ დემონების კულტს ხშირად ღვთაებათა კულტები ჩაუნაცვლებია - ზოგჯერ ერთი, უზენაესი ღვთაებისაც კი. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თითქმის ყველა ასეთ შემთხვევაში ღვთაება ზედმეტად დაშორებულად აღიქმება იმისთვის, რომ რაღაც წვრილმანი თხოვნით მიმართო, ამიტომ ადამიანები სულებს უხმობენ. მაგრამ საქმის მომგვარებელ დემონთა დასაქმების იდეას ახალი, დემონებისთვის უფრო შესაფერისი იდეა მოსდევს, რომელსაც დემონებთან მეტი შესაფერისობის იდეა შეიძლება დაერქვას – მათ მომთხოვნ და ახირებულ საზოგადოებასთან შესაფერისობის. ცრურწმენის მსუბუქი ფორმა მარილის დაბნევის მსგავს წვრილმანს ეთამაშება, რომელმაც შესალოა სამყაროს იდუმალი მექანიზმის რომელიმე დაფარული ზამბარა აამოძრაოს. ბოლოსდაბოლოს რაღაც მართლაც არის ამ “სეზამ, გაიღეში.” თუმცა ქვენა ძალების მოხმობაში წვრილმანის გარდა არის უკვე ქვენაც. ეს ფულის ხრიკის მსგავსია, უმსგავსო და უღირსი. ადრე თუ გვიან ადამიანი შეგნებულად იწყებს ისეთი რამის კეთებას, უფრო საზიზღარი რომ ვერ წარმოუდგენია, რადგან გრძნობს, რომ მხოლოდ უკიდურეს ბოროტებას შეუძლია მიიპყროს და მიიპყროს და გამოიწვიოს სამყაროს ზედაპირისქვეშა ბოროტი ძალების ყურადღება და პასუხი. კანიბალიზმი უმთავრესად არც პრომიტიულია და არც პირუტყვული. ის ხელოვნურია და არტისტულიც კი – რაღაც, “ხელოვნება ხელოვნებისთვის” მსგავსი. ადამიანი ამას უცოდინარობით კი არ სჩადის, არამედ სწორედ იმიტომ, რომ იცის - ეს საშინელებაა. მას სურს, რომ პირდაპირი მნიშვნელობით საშინელება შთანთქას. ამიტომაა, რომ პრიმიტიული ტომები, მაგალითად ავსტრალიელი აბორიგენები, არ მისდევენ კანიბალიზმს, უფრო დახვეწილინი და გონიერნი კი, მაგალითად ახალზელანდიელი მაორები – დროდადრო მისდევენ. ისინი საკმარისად დახვეწილნი და გონიერნი არიან იმისვის, რათა ეშმაკის შეგნებულ თაყვანისცემას მიეცნენ. ჩვენ რომ შეგვეძლოს მათ განწყობაში და მათ ენაი რეალურად გარკვევა, ალბათ აღმოვაჩენდით, რომ ეს არაა უცოდინარი და შესაბამისად უცოდველი კანიბალიზმი. ამას იმიტომ კი არ სჩადიან, რომ არ იციან, რომ ბოროტებაა, არამედ სწორედ იმიტომ სჩადიან, რომ ბოროტებაა. მათი საქციელი პარიზელი დეკადენტის შავი მესსის მსგავსია. თუმცა შავი მესსა რეალურ მესსას მიწისქვეშ ემალება. სხვანაირად რომ ვთქვათ, დემონები მართლაც მიიმალნენ მას შემდეგ, რაც ქრისტე დედამიწას მოევლინა. ველურთა კანიბალიზმი თეთრი ადამიანის ცივილიზაციას ემალება, თუმცა ქრისტიანობამდე, განსაკუთრებით ევროპის მიღმა, ასე არ იყო. უძველეს მსოფლიოში დემონები დრაკონებივით დაძრწოდნენ და ღვთაებათა ტახტებსაც იკავებდნენ. მათი უზარმაზარი გამოსახულებები მრავალრიცხოვანი ქალაქების ცენტრალურ ტაძრებს ამშვენებდა. მთელი მსოფლიო სავსეა ამ თვალისაცემი და უტყუარი ფაქტის კვალით, რომელსაც ესოდენ უცნაურად ვერ ამჩნევენ თანამედროვენი, როდესაც მთელ ამ ბოროტებას პრიმიტიულად და ევოლუციურად ნათლავენ. არადა მსოფლიოს ცივილიზაციათა შორის უმაღლესთ სატანას რქები არა მარტო ვარსკვლავებიკენ, არამედ მზისკენაც კი აღემართათ. მაგალითისთვის აცტეკებისა და ამერიკელი ინდიელების მექსიკისა და პერუს უძველესი იმპერიები ავიღოთ. მათი განვითარება ეგვიპტისა და ჩინეთის ცივილიზაციათა განვითარებას უტოლდებოდა და მხოლოდ ოდნავ ჩამორჩებოდა ცენტრალურს, ანუ ჩვენსას. მაგრამ მათ, ვინც ცენტრალურ ცივილიზაციას აკრიტიკებს (რომელიც ყოველთვის მათი საკუთარია), მის დანაშაულებათა გმობის ლეგიტიმური მოვალეობათან ერთად, მის მსხვერპლთა იდეალიზაციის უცნაური ჩვევა აქვთ აკვიატებული. მათი ამოსავალი წერტილი ისაა, რომ ევროპის გამოჩენამდე ყველგან სამოთხე იყო. სუინბერნი ერთა შთაგონებულ გუნდში, რომელიც მის კრებულში -'Songs before Sunrise' ჟღერს, ესპანეთის და მისი სამხრეთამერიკული დაპყრობების მისამართით იყენებს გამოთქმს, რომელიც თავისი უცნაურობით მაოცებ. ის ამბობს 'her sins and sons
through sinless lands dispersed,' (მისი ცოდვები და შვილები უცოდველ ქვეყანას მოედვნენ) და რომ 'made accursed the name of man and thrice accursed the name of God.' (შეაჩვენეს კაცის სახელი და სამგზის – ღმერთის სახელი). იქნებ უპრიანიცაა ესპანელებს ცოდვილებად რომ მოიხსენებს, მაგრამ სამხრეთ ამერიკელთა უცოდველობა საიდანღა მოიტანა? რატომ უნდა ვიფიქროთ, რომ კონტინენტი მთლიანად მთავარანგელოზებითა და წმინდანებით იყო დასახლებული? ამის თქმა ყველაზე პატივსაცემი საზოგადოების მისამართითაც კი დიდი გადაჭარბება იქნებოდა. თუმცა როდესაც წარმოვიდგენთ იმ რეალურ საზოგადოებას, შენიშვნა უბრალოდ სასაცილო ხდება. ჩვენ ვიცით, რომ ამ უცოდველი ხალხის უცოდველი ქურუმები ეთაყვანებოდნენ უცოდველ ღვთაებებს, რომლებიც თავისი მზიური სამოთხის ნექტარისა და ამბროზიის სახით უწყვეტ ადამიანურ მსხვერპლშეწირვას იღებდნენ, რომელსაც თან სდევდა არნახული წამება. ამ ამერიკული ცივილიზაციის მითოლოგიაში შეიმჩნევა ჯანსაღი ალღოს შებრუნება და გაუკუღმართება, რომელზეც დანტე წერდა, და ეს გაუკუღმართება თან სდევს დემონების ყველა გაუკუღმართებულ რელიგიას. ეს არა მართო ეთიკაშია შესამჩნევი, არამედ ესთეთიკაშიც. სამხრეთამერიკული კერპი უსაზღვრო სიმახინჯეს ესწრაფის, ისევე როგორც ბერძნული ღვთაება – უსაზღვრო მშვენიერებას. ისინი ძალაუფლების საიდუმლოს ძიებაში საკუთარი ბუნებისა და საგანთა ბუნების წინააღმდეგ იბრძოდნენ. ყველგან იგრძნობა მისწრაფება ოქროსგან, გრანიტისგან თუ მუქი წითელი მერქანისგან ისეთი სახის გამოკვეთისა, რომლის დანახვისას თვით ზეცა გაბზარული სარკესავით დაიმსხვრეოდა.
ასეა თუ ისე, ეჭვგარეშეა, რომ ტროპიკული ამერიკის მოხატული და მოოქროვილი ცივილიზაცია ადამიანთა სისტემატურ მსხვერპლშეწირვას ეწეოდა. ესკიმოსები, რამდენადაც ეს ჩემთვისაა ცნობილი, ამას არ აკეთებდნენ. ისინი ამისთვის არასაკმარისად ცივილიზებულნი აღმოჩნდნენ. ისინი ცივმა ზამთარმა და გაუთვებელმა სიბნელემ დაატყვევა, სიცივის ჟრუანტელმა დათრგუნა მათი კეთილშობილი მრისხანება და გაყინა მათი სულის მხიარული დინება. კეთილშობილი მრისხანება ნათელ და თბილ დღეთა საუფლოში გაიფურჩქნა. მდიდარ და განათლებულ ქვეყნებში მიედინებოდა კეთილი ნაკადი სამსხვერპლოსკენ, რათა გადმოკარკლულ და დაღრეჯილ ნიღბიან დიდ ღმერთებს შეესვათ, რომელთა გრძელი, შეძრწუნებული და ნაწამები ხმებით წამოძახებული კაკოფონური სახელები ჯოჯოხეთის ხარხარივით ისმოდა. თბილმა ჰავამ და მომეტებულად მეცნიერულმა მიწადმოქმედებამ განაპირობა ეს გაფურჩქვნა; მზისკენ მისწრაფებულმა ყვავილობამ მისცა ოქროსფერი და მეწამული შეფერილობა იმ ბაღს, სუინბერნ რომ ჰესპერდებს ადარებს. ყოველ შემთხვევაში, დრაკონი ეჭვს არ იწვევს
მასთან დაკავშირებით შეგნებულად არ ვეხები ესპანეთსა და მექსიკასთან დაკავშირებულ საგანგებო კამათს; უბრალოდ გაკვრით ვიტყვი, რომ ის ძალიან ჰგავს რომისა და კართაგენის საკითხს, რომელსაც მოგვიანებით აუცილებლად წამოვწევ. ორივე შემთხვევაში ინგლისელები რატომღაც უცნაურად ეროპელების საწინააღმდეგო მხარეს იჭერენ და საპირისპირო ცივილიზაციას, სუინბერნის თქმისა არ იყოს, უცოდველად წარმოადგენენ ხოლმე მაშინ, როდესაც მისი ცოდვები ცას შეჰღაღადებს. კართაგენიც უმაღლესი ცივილიზაცია იყო. კართაგენის ცივილიზაციაც შიშის რელიგიას ეფუძნებოდა და ყოველმხრივ ადამიანის მსხვერპლშეწირვის კვამლს ავრცელებდა. სავსებით გამართლებულია ჩვენი რასისა თუ რელიგიის მიმართ საყვედური იმის გამო, რომ ჩვენ საკუთარ მოთხოვნებსა და იდეალებს ვერ მივდევთ, მაგრამ აბსურდია თავის მოკატუნება, თითქოს იმ რასებსა და რელიგიებზე უფრო დაბლა დავცემულვართ, რომლებიც სრულიად საპირისპირო მოთხოვნებსა და იდეალებს ქადაგებდნენ. ცხადზე ცხადია, რატომაა ქრისტიანი უარესი, ვიდრე წარმართი, ესპანელი – ვიდრე წითელკანიანი ინდიელი და თვით რომაელიც - ვიდრე კართაგენელი. ეს არაა შედარებით უარესობა. ქრისტიანი იმითაა უარესი, რომ ვალდებულია იყოს უკეთესი.
ს გაუკუღმართებული წარმოსახვა ისეთ შედეგებს იძლევა, რომლებსაც სჯობს, საერთოდ არ შეეხო. ზოგიერთის დასახელება მათ უცოდინრადაც შეიძლება, რადგანაც იმ უკიდურესი ბოროტების კუთვნილებაა, უცოდველს რომ უმანკოდ მოეჩვენება. ეს იმდენად არაადამიანურია, რომ უწესობადაც არ აღიქმება. მაგრამ მოდი ამ ბნელ კუნჭულებს გავერიდები და ვიტყვი, რომ გარკვეული ანტიადამიანური ანტაგონიზმები, როგორც ჩანს, შავი მაგიის ტრადიციაში გამეორებადია, მაგალითად – მისტიკური სიძულვილი ჩვილის იდეის მიმართ. სახალხო მრისხანება კუდიანების მიმართ უკეთ გასაგები ხდება, თუ გავიხსენებთ, რომ ბოროტება, რომელსაც მათ ყველაზე ხშირად მიაწერდნენ, ბავშვის დაბადებისათვის ხელის შეშლაა. ებრაელი წინასწარმეტყველნი განუწყვეტლად ებრძოდნენ ებრაელთა კერპთაყვანისცემისკენ მიბრუნებას, რომელიც ბავშვთა წინააღმდეგ ასეთ ომსაც შეიცავდა. სავსებით შესალებელია, რომ ისრაელის ღმერთისგან ეს საზიზღარი განდგომა, რიტუალური მკვლელობის სახეს რომ ატარებს, დროდადრო ჩაუდენიათ – რაღა თქმა უნდა, არა იუდაიზმის რელიგიის წარმომადგენლებს, არამედ ცალკეულ სატანისტებს, რომლებიც ებრაელთა შორისაც აღმოჩენილან. ეს განწყობა, რომ ბოროტი ძალა ბავშვს განსაკუთრებით ერჩის, შუა საუკუნეები “ყრმა მოწამის” უზარმაზარ პოპულარობაში აისახა. ჩოსერმა ძალიან ეროვნული ინგლისური ლეგენდის მხოლოდ ერთ-ერთი ვარიანტი შემოგვინახა, სადაც კუდიანთა შორის უბოროტესად შავგრემანი უცხოტომელი ქალია გამოყვანილი, მაღალი მესრიდან რომ იყურება და პატარა წმ. ჰიუს ნაკადულის ჩუხჩუხივით სიმღერა რომ ესმის.
ოველ შემთხვევაში ნაწილმა ასეთი მოსაზრებებისა, რომლებიც ამ ამბავშია მოყვანილი, თავი განსაკუთრებით ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ კუთხეში მოიყარა, სადაც მომთაბარეები თანდათან ვაჭრებად გადაიქცნენ და მთელ მსოფლიოსთან აღებ-მიცემა ჰქონდათ გამართული. მართლაც, ვაჭრობის, მოგზაურობის და კოლონიური გაფართოების თვალსაზრისით, აქ მსოფლიო იმპერის ნიშნები ჩანს. საქონელი, რომლითაც შორეულ კორნუოლის კლდეებამდე ვაჭრობენ, აფრები, ტროპიკულ ზღვების აფრიკულ იდუმალებაში რომ შეუღწევიათ, მეწამული საღებავით – მისი მდიდრული ბაქიობისა და ფუფუნების სიმბოლოთია შეღებილი. შეიძლება ითქვას, მთელი რუკა მეწამულადაა გაფერადებული. მსოფლიო მასშტაბის წარმატების ფონზე ტვიროსის მმართველნი არც კი შემჩნევდნენ, რომ ერთ-ერთ მათი პრინცესა რომელიღაც იუდას ტომის ბელადს ცოლობაზე დათანხმდა, რომის სახელით ცნობილი სოფლის ხსენებაზე კი მისი აფრიკული ფორპოსტის ვაჭრები წვერით მოსილ სემიტურ ტუჩებს ქედმაღლური ღიმილით მოპრუწავდნენ. მართლაც, ძნელი წარმოსადგენი იყო ორი რამ, სირვცით და არსით ესოდენ დაშორებული, როგორც პალესტინური ტომის მონოთეიზმი და მცირე იტალიური რესპუბლიკის სიქველენი. მაგრამ იმან, რაც ყოფდა, გააერთიანა. რომის კონსულებს და ისრაელის წინასწარმეტყველთ სრულიად განსხვავებული და ურთიერთშეუთავსებელი რამ უნდა ჰყვარებოდათ. სამაგიეროდ სიძულვილი იყვნენ სავსები ერთიანნი. იოლია საქმე ისე წარმოაჩინო, თითქოს ეს სიძულვილი თავადაა საძულველი. იოლია უხეშ, არაადამიანურ ფიგურად დახატო ელია, რომელიც ქარმელის ჟლეტას ზეიმობს, ან კატონი, რომელიც აფრიკის დანდობის წინააღმდეგ ჰქუხს. ამ ადამიანებს საკუთარი ზუდეებიც ჰქონდათ და ადგილობრივი ვნებებიც. მაგრამ მათი ასეთი გმობა წარმოსახვითი იქნებოდა და ამდენად, ირეალურიც, რადგან უთქმელს ტოვებს მთავარს, შუაში მოქცეულს და უზარმაზარს, რაც ორივე მხრიდან ჩანს და ორივე, აღმოსავლელ-დასავლელ მტერში ამ უძლიერეს ვნებას აღძრავს; იმას, რაც ამ თავის განხილვის უპირველესი საგანია.
იდონისა და ტვიროსის ცივილიზაცია უპირველეს ყოვლისა პრაქტიკული იყო. მისგან არც ხელოვნება დარჩენილა და არც პოეზია, სამაგიეროდ თავი საკუთარი შედეგიანობით მოჰქონდა. რელიგია და ფილოსოფი კი იმ უცნაური და იდუმალი იდეების მიხედვით განვითარდა, რომლებიც, როგორც უკვე ავღნიშნეთ სწრაფი შედეგების მაძიებელთ ახასიათებთ. ასეთ აზროვნებაში მუდამ იბადება აზრი, რომ არსებობს ხწრაფი და ყოვლისმომცველი წარმატების გასაღები; რაღაც ისეთი, რაც შეძრავს მსოფლიოს უსირცხვილო საფუძვლიანობით. შესაბამისი თანამედროვე ფრაზა რომ გამოვნახოთ, ამ ხალხს სჯეროდა მომარაგების. ავის ღმერთს – მოლოქსაც ძალიან საფუძვლიანად ამარაგებდნენ. ამ საინტერესო ტრანზაქციას არაერთხელ დავუბრუნდებით, ახლა კი იმით დავკმაყოფილდეთ, რომ აქაც ართულია თეორია, რომელიც ბავშვების მიმართ გარკვეული დამოკიდებულების მატარებელია. ესაა, რამაც ერთდროული მრისხანება გამოიწვია ერთი ღმერთის პალესტინელ მსახურშიც და შინაური კერის ღმერთების რომაელ მცველებშიც. ამ გამოწვევამ ორი, ბუნებრივად ყველანაირად გაყოფილი და დაშორებული რამ გაერთიანა, რამაც სამყარო იხსნა.
სულიერი ელემენტების მიხედვით წარმართი კაცობრიობის ჩემეული დაყოფის ეოთხე და ბოლო ნაწილს ფილოსოფოსების სახელი დავარქვი. უნდა ვაღიარო, რომ ჩემს გონებაში ის ფარავს ბევრ ისეთ რასმე, ჩვეულებრივად სხვა სახელით რომ მოიხსენებენ; რასაც აქ ფილოსოფიებს ვეძახი, ხშირად რელიგიებს უწოდებენ. მიუხედავად ამისა, ვიმედოვნებ, რომ ჩემეული აღწერა მეტი რეალიზმით და არანაკლები პატივისცემით იქნება გამსჭვალული. თუმცა ჯერ ფილოსოფია თავისი ყველაზე წმინდა და ნათელი ფორმით უნდა განვიხილოთ, რათა მისი ნორმალური კონტურები დავადგინოთ; ამისთვის კი ისევ ნათელი და წმინდა კონტურების სამყაროს, ხმელთაშუა ზღვის კულტურას უნდა მივმართოთ, რომლის მითოლოგიასა და კერპთაყვანისცემას ბოლო ორ თავში განვიხილავდით.
პოლითეიზმი - წარმართობის ეს ასპექტი – არასდროს ყოფილა წარმართისთვის ის, რაც კათოლიციზმია კათოლკესთვის. ის არასდროს ყოფილა სამყაროს ხედვა, რომელიც ცხოვრების ყველა მხარეს აკმაყოფილებს - სრული და მრავალმხრივი ჭეშმარიტება, რომელსაც სათქმელი ყველაფერზე აქვს. ის ადამიანის სულის გნებავთ რელიგიურს, მაგრამ მაინც მხოლოდ ერთ მხარეს აკმაყოფილებდა - მე მას უფრო წარმოსახვით მხარეს დავარქმევდი. თუმცა ამ მხარეს, რაც მართალია, ნამდვილად აკმაყოფილებდა და ბოლოს საქმე მოყირჭებამდეც კი მივიდა. ეს სამყარო ურთიერთჩაქსოვილი თქმულებებისა და კულტების ქსოვილია, რომელშიც, როგორც ვნახეთ, უწყინარ ფერების ძაფებთან ერთად შავიც გახლართულიყო. ეს მუქი წარმართობა რეალური სატანიზმი იყო. რა თქმა უნდა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა წარმარი მხოლოდ წარმართ ღვთაებებზე ფიქრობდა. ზუსტად იმიტომაც, რომ მითი მხოლოდ ერთ განწყობას ეხმიანებოდა, სხვა განწობისას ის სრულიად განსხვავებული რამით იყო დაკავებული. უმნიშვნელოვანესია იმის გაგება, რომ ეს სხვა რამ სავსებით განსხვავებული იყო; იმდენად განსხვავებული, რომ შეუთავსებელიც კი ვერ იქნებოდა; იმდენად უცხო, რომ ვერც კი ეჯახებოდა. ვიდრე ხალხი ადონისის სადიდებელ დღესასწაულზე ილხენდა ან აპოლონის საპატივცემულო თამაშებს მართავდა, ვიღაც სახლში დარჩენას ამჯობინებდა და საგანთა ბუნების შესახებ მცირე რამ თეორიას ქმნიდა. დროდადრო ეს გართობა ღმერთების ბუნებასაც გადასწვდებოდა, თუმცა არასდროს ღმერების ბუნება ბუნების ღმერთებისთვის არ დაუპირისპირებია.
განყენებულის პირველი მკვლევარის ეს განყენებულობა აუცილებლად ხაზგასასმელია. ის უფრო გონებაგაფანტულია, ვიდრე დაპირისპირებული.მისი გასართობი შეიძლება სამყარო ყოფილიყო, თუმცა ეს გართობა თავიდან ისეთივე კერძო იყო, როგორც ნუმიზმატიკა ან შაშის თამაში. მაშინაც კი, როცა მისი სიბრძნე საზოგადოების კუთვნილება ხდებოდა, ის არასდროს ექცეოდა სახალხო და რელიგიური ინსტიტუტების სიბრტყეზე. არისტოტელე მისი კოლოსალური საღი აზრით, ფილოსოფოსთა შორის ალბათ უპირველესი და უდავოდ ყველაზე უფრო პრაქტიკული, არასდროს დააყენებდა აბსოლუტს დელფოს აპოლონის გვერდით, როგორც მსგავს ან დაპირისპირებულ რელიგიას, ისევე როგორც არქიმედე არ იფიქრებდა ბერკეტით, როგორც კერპით ან ფეტიშით ქალაქის პალადიუმის ჩანაცვლებას. ასეთივე წარმატებით შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორ აშენებს ევკლიდე ტოლგველდა სამკუთხედის საკურთხეველს, ან მსხვერპლს სწირავს ჰიპოტენუზის კვადრატს. ვიღაც მეტაფიზიკას ჭვრეტდა, ვიღაც – მათემატიკას: შეშმარიტების სიყვარულით, ცნობისმოყვარეობით ან გასართობად. თუმცა ასეთ გართობა არასდროს შეუფერხებია სხვანაირი: ზევსის კუროდ ან გედად გადაქცევის რომელიმე არამზადული სასიყვარულო თავგადასავლის სიმღერითა და ცეკვით აღნიშვნა. იქნებ ეს სახალხო პოლითეიზმის გარკვეული ზედაპირულობის და არაგულწრფელობის მაჩვენებელიც კია, რომ ადამიანს შეუძლია იყოს ფილოსოფოსი, სკეპტიკოსიც კი და მას ხელს არ უშლიდეს. ამ მოაზროვნეებმა სამყაროს საფუძვლებ ისე შეძრეს, რომ მათ ზემოთ ჰაერში გამოკიდებული პატარა, ფერადოვანი ღრუბლის მოხაზულობასაც კი არ შეხებიან.
თუმცა უცნაური კომპრომისის წყალობით სამყაროს საფუძვლების მამოძრავებელნი ქალაქის აფუძველს არც კი გაჰკარებიან. ანტიკურობის ორი უდიდესი ფილოსოფოსი წარმოგვიდგება დამცველად საღი და თვით საკრალური იდეებისაც კი. არისტოტელემ ასობით ანარქისტი და ბუნების აყვანისმცემელი შერეკილი გააცამტვერა ფუძემდებლური განცხადებით, რომ ადამიანი პოლიტიკური ცხოველია. პლატონმა გარკვეულად იწინასწარმეტყველა კატოლიკურ რეალიზმზე მწვალებლური ნომინალიზმით განხორციელებული შეტევა ასეთივე ფუძემდებლური განცხადებით, რომ იდეა რეალობაა; რომ იდეა არსებობს ისევე, როგორც ადამიანი; მარალია, დროდადრო პლატონი წარმოიდგენდა ხოლმე, რომ იდეა უფრო არსებობს, ვიდრე ადამიანი, ან რომ ადამიანი არც კია განსახილველი, თუ იდეასთან კონფლიქტშია. მას ახლავს იმ სოციალური განწყობისმაგვარი რამ, ფაბიანურს რომ ვუწოდებთ, იდეალში მოქალაქეს რომ არგებს ქალაქს, როგორც წარმოსახვით თავს იდეალურ ქუდს. უდიდესი და შეუდარებელი, ის მაინც ყველა ახირებულის მამაა. არისტოტელემ უფრო სრულად იწინასწარმეტყველა წმინდა ერთობა, რომელიც საგანთა სხეულსა და სულს აერთიანებს; ის ადამიანის ბუნებასთან ერთად ზნეობის ბუნებასაც განიხილავდა და სინათლესთან ერთად თვალიც აინტერესებდა. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი ადამიანი ამ თვალსაზრისით კონსტუქიულიც იყო და კონსერვატულიც, მათ სამყაროში აზრი უცნაურობამდე თავისუფალი იყო. ბევრი უდიდესი გონება გახდა მათი მიმდევარი, ზოგმა სიქველის განყენებული ხედვა განადიდა, სხვები უფრო რაციონალისტურად ადამიანის ბედნიერებისკენ სწრაფვის აუცილებლობას გაჰყვნენ. ამ უკანასკნელთ სტოიკოსებს ეძახდნენ; მათი სახელი კაცობრიობის ერთი უმთავრესი ზნეობრივი იდეალის სიმბოლოდ იქცა: აწრთო სული იქამდე, ვიდრე უბედურებისა და ტკივილის ატანას შეძლებს. თუმცა აღიარებულია, რომ ფილოსოფოსთა დიდი ნაწილი სოფისტებად გადაგვარდა. ესენი პროფესიულ სკეპტიკოსებად იქცნენ, რომლებიც უხერხულ შეკითხვებს სვამდნენ და კარგ ფულსაც შოულობდნენ იმით, რომ ნორმალურ ხალხს ცხოვრებას ურთულებდნენ. იქნებ სწორედ ამ ახირებულ შემკითხველებთან შემთხვევითმა მსგავსებამ გამოიწვია დიდი სოკრატეს მიმართ უკმაყოფილება, რომლის სიკვდილმა შეაძლოა დაგვაეჭვოს ფილოსოფოსებს და ღმერთებს შორის მუდმივი ზავის არსებობაში. თუმცა სოკრატე არ მომკვდარა პოლითეიზმის მგმობელ მონოთეისტად და არც კერპების მგმობელ წინასწარმეტყველად. ყველა, ვინც სტრიქონებს შორის კითხულობს, დაინახავს, რომ არსებობდა აზრი - სწორი თუ არასწორი - პირადი გავლენის შესახებ, რომელიც ზნეობასა და შესაძლოა, პოლიტიკაზეც გავრცელდა. ზოგადი კომპრომისი ძალაში დარჩა – იმიტომ, რომ ბერძნები ან მითებს ეკიდებოდნენ არასერიოზულად, ან თეორიებს. არანაირი არც შეჯახება მომხდარა და არც გაერთიანება. ფილოსოფოსი ქურუმის მოწინააღმდეგე არ ყოფილა და არც ერად უღვაწიათ. ორივე მხარე სავარაუდოდ ეთანხმებოდა ფნქციათა ერთგვარ განაწილებას და ერთ სოციალურ სისტემაში თანაარსებობას. მეორე მნიშვნელოვანი ტრადიცია პიაგორასთან იღებს სათავეს. ის მნიშვნელოვანია, რადგან ამოსავლეთის მისტიკოსებს უახლოვდება, რომლებსაც მოგვიანებით მივურუნდებით. მისი სწავლება მათემატიკური მისტიციზმია, სადაც რიცხვი უმაღლესი რეალობაა; ამასთან ერთად მას ბრაჰმანივით სულების გადასახლებისაც სჯეროდა და მიმდევრებს ვეგეტარიანული და წყლის სმის ტრადიციული ხრიკები დაუტოვა, რომლებიც ძალიან გავრცელებულია ამოსავლელ ბრძენთა შორის, მოდურ სასტუმრო ოთახებს რომ ეტანებიან, მაგალითად გვიანდელი ხანის რომის იმპერიაში. თუმცა აღმოსავლელ ბრძენთა და რამდენადმე განსხვავებულ აღმოსავლურ ატმოსფეროსთან მიახლოება საკმაოდ მნიშვნელოვან ჭეშმარიტებასთან მიმავალი განსხვავებული გზაა.
ერთმა დიდმა ფილოსოფოსმა თქვა: კარგი იქნებოდა, ფილოსოფოსები რომ მეფეები, ან მეფეები რომ ფილოსოფოსები ყოფილიყვნენო. ისეა ნათქვამი, როგორც განსახორციელებლად ზედმეტად კარგი რამ, თუმცა სინამდვილეში არც თუ ისე იშვიათად განხორციელებულა. ამ გარკვეულ ტიპს, რომელსაც ნაკლებად იმჩნევს ისტორია, შეიძლება გვირგვინოსანი ფილოსოფოსი ვუწოდოთ. დასაწყისისთვის მეფური წარმოშობა გვერდზე გადავდოთ, და ვთქვათ, რომ დროდადრო ბრძენიგამხდარა რელიგიის თუ არა, პოლიტიკური წესრიგის დამფუძნებელი. ამის დიდებულ მაგალითზე დაფიქრება – მსოფლიოში იქნებ უდიდესზეც კი - ათასობით კილომეტრით შორს, აზიის უზარმაზარ სივრცეებგადაღმა იმ საკვირველ და ბევრი თვალსაზრისით ბრძნული იდეებისა და ინსტიტუტების სამყაროში გადაგვიყვანს, ჩინეთზე საუბრისას დაუმსახურებლად რომ უგულებელვყოფთ. ადამიანს ბევრი უცნაური ღვთაებისთვის უცია თაყვანი და ბევრ უცნაურ იდეასა თუ კერპს მინდობია. ჩინურმა საზოგადოებამ გონების რწმენა აირჩია. მან ინტელექტი სერიოზულად აღიქვა და იქნებ ამ თვალზასრისით ერთადერთიც კია. უძველესი დროიდან მეფისა და ბრძენის დილემა ფილოსოფოსის მეფის მრჩევლად დანიშვნით გადაჭრეს. საჯარო ინსტიტუტი ჩამოყალიბდა კერძო პირისგან, რომელსაც გონიერების გარდა ქვეყანაზე სხვა არაფერი მოეთხოვებოდა. რა თქმა უნდა, ამ თარგის მიხედვით კიდევ ბევრი სხვა რამ ჩამოყალიბდა. რანგი და პრივილეგია საჯარო გამოცდის საშუალებით დგინდებ; არ არსებობს ის, რასაც ჩვენ არისტოკრატიას ვუწოდებთ. ესაა დემოკრატია, სადაც ინტელიგენცია დომინირებს. არსებითი კი ისაა, რომ ფილოსოფოსები მეფის მრჩევლები იყვნენ, ერთი ამ მრჩეველთაგანი კი უდიდესი ფილოსოფოსი და სახელმწიფო მოღვაწე.
კონფუცი არ ყოფილა რელიგიის დამფუძნებელი ან თუნდაც მოძღვარი; იქნებ საერთოდ რელიგიურიც კი არ იყო. ის არ იყო ათეისტი – უფრო ალბათ ის, რასაც აგნოსტიკოსს ვუწოდებთ. უკიდურესად მნიშვნელოვანია იმის გაგება, რომ მის რწმენაზე საუბარი საერთოდ უადგილოა. ეს ჰგავს თეოლოგიის წინ წამოწევას როულანდ ჰილის მიერ საფოსტო სისტემის შექმნის ან ბადენ ბოუელის მიერ ბოი სკაუტების ორგანიზების ამბების თხრობისას. კონფუცის კაცობრიობისთვის ზეციდან გზავნილი არ მოუტანია, მან ჩინეთი მოაწყო, და თანაც შესანიშნავად. მან ბევრი იმუშავა ზნეობაზეც და ის მკვიდრად მიაბა ჩვევებს. მისი სქემის და მისი ქვეყნის განსაკუთრებულობა, რომელიც მას ქრისტიანული სისტემისგან განასხვავებს ისაა, რომ მან გარეგნული ცხოვრება ყველა თავის გამოვლინებაში ცვალებადობისგან გაათავისუფლა, რათა გარეგნული უწყვეტობით შინაგანი სიმშვიდე შეენარჩუნებინა. ყველა, ვისაც ესმის, თუ რაოდენ დაკავშირებულია ჩვევა ჯანმრთელობასთან, როგორც სულიერთან, ასევე ფიზიკურთან, ამ იდეაში ჭეშმარიტებას დაინახავს, თუმცა ადვილად შეამნევს იმასაც, რომ წინაპართა თაყვანისცემა და იმპერატორის სიწმინდის პატივისცემა რწმენა კი არა, უბრალო ჩვეულებაა. დიდი კონფუცის იმართ უსამართლობაა რელიგიის დამაარსებლად მისი გამოცხადება. საპირისპიროს მტკიცებაც კი უსამართლობაა - ისეთივე რომ გამოხვიდე და განაცხადო: ჯერემი ბენთამი ქრისტიანი მოწამე არ ყოფილაო.
ყველაზე უფრო საინტერესო შემთხვევების კლასი მაინც ისაა, სადაც ფილოსოფოსები მეფეები იყვნენ და არა უბრალოდ მეფეთა მეგობრები. ასეთი ერთიანობა შემთხვევითი როდია. ეს ყველაფერი ფილოსოფოსის ფუნქციის მოუხელთებელ პრობლემას უკავშირდება. ის თავის თავში შეიცავს მინიშნებას, თუ რატომ არ მისულა საქმე ფილოსოფიასა და მითოლოგიას შორის ღია განხეთქილებამდე. აქ მითოლოგიის გვარიან ქარაფშუტობას ფილოსოფსის არანაკლები ქედმაღლობა ემატებოდა. ის ამრეზით უცქერდა მითსაც და ბრბოსაც – თვლიდა, რომ ერთმანეთს უხდებიან. წარმართ ფილოსოფოს იშვიათადაა ხალხის შვილი - ყოველ შემთხვევაში სულისკვეთებით, კიდევ უფრო იშვიათი - დემოკრატი. სამაგიეროდ ხშირია დემოკრატიის დაუნდობელი კრიტიკოსი. ისთვის დამახასიათებელია არისტორატული მოცალეობის ატმოსფერო და მის როლს ყველაზე ადვილად ასეთი მდგომარეობის მქონე ადამიანი ასრულებდა. მთავრის ან სხვა, დაწინაურებული ადამიანისვის იოლი და ბუნებრივი იყო ფილოსოფოსობით გართობა ჰამლეტის, ან თეზევსის მსგავსად “ზაფხულის ღამის სიზმრიდან”. აქ უხსოვარი დროიდან დიდგვაროვანი ინტელექტუალების წრეში ვტრიალებთ. ერთ- ერთ უპირველესი ჩანაწერი სწორედ ასეთზე მოგვითხრობს, ეგვიპტეს პირველყოფილი ტახტიდან რომ დაჰყურებდა.
ხნატონის – ერეტიკოსი ფარაონის, როგორც ხშირად მოიხსენებენ – შემთხვევა მეტად საინტერესოა იმით, რომ ის ერთადერთი მაგალითია, ყოველ შემთხვევაში ქრისტიანობამდე, იმ გვირგვინოსანი ფილოსოფოსისა, რომელმაც კერძო ფილოსოფიის სახელით ხალხურ მითოლოგიას შეუტია. უმრავლესობამ მარკუს ავრელიუსის დამოკიდებულება ამჯობინა, მონარქი – ბრძენის მოდელად რომ ითვლება. მარკუს ავრელიუსს ადანაშაულებენ წარმართულ ამფიტეატრსა და ქრისტიანთა წამებაზე თვალის დახუჭვაში, თუმცა ეს დამახასიათებელია ამ ტიპის ადამიანისთვის, რადგან მას პოპულარულ რელიგიასთან და პოპულარულ ცირკთან ერთნაირი დამოკიდებულება აქვს. პროფესორმა ფილმორმა თქვა მასზე “ის დიდი და კარგი ადამიანი იყო და ეს იცოდა.” ერეტიკოსი ფარაონს ფილოსოფია უფრო გულწრფელი და იქნებ უფრო მოკრძალებულიც იყო. გადაჭარბებული სიამაყის კონცეფციას ერთი აუცილებელი შედეგი მოსდევს: ბრძოლის უდიდესი ნაწილი მოკრძალებულის კისერს აწვება. ასეა თუ ისე, ეგვიპტის მთავარი საკმარისად უბრალო იყო იმისავის, რომ საკუთალ ფილოსოფიას სერიოზულად მოჰკიდებოდა და ასეთ ინტელექტუალ მთავართა შორის ერთადერთმა მოაწყო გადატრიალება: ერი იმპერიული ჟესტით დაამხო ეგვიპტის მაღალი ღმერთები და ყველა ადამიანისთვის მონოთეისტური შეშმარიტების სარკესავით აალებული უნივერსალური მზის დისკო აღმართა. მას სხვა საინტერესო იდეებიც ჰქონდა, როგორც ხდება ხოლმე ასეთი იდეალისტების შემხვევაში: იდეალიზმის წყალობით ხელოვნებაში ის რეალისტი იყო, რადგან რეალიზმი ნებისმიერი იდეალზე უფრო მიუღწეველია. მაგრამ მასაც ეცემა მარუს აურელიუსის ჩრდილი, რომელსაც პროფესორი ფილიმორისა ეპარება: ამ კეთილშობილ მთავარს ის სჭირდა, რომ სნობიზმს ვერაფერში ვერ გაექცა. სნობიზმი კი ისეთი აბეზარი სუნია, ეგვიპტური მუმიის ნელსაცხებლებშიც კი იჩენს თავს. ერეტიკოსი ფარაონის პრობლემა, ბევრ სხვა ერეტიკოსთან ერთად ის იყო, რომ საკუთარი თავისთვის ალბათ არასდროს უკითხავს, რამე ხომ არ იყო მასზე უფრო ნაკლებად განათლებული ხალხის რწმენასა და ლეგენდებში. და თქმაც არ უნდა, რომ იყო. იყო რეალური ადამიანური წყურვილი განსაკუთრებულისა და ადგლობრივის ელემენტისა, უზარმაზარი შინაური ცხოველების მსგავსი ღმერთების პროცესიისა, გარკვეული მოჯადოებული ადგილების დაუღალავი ცქერისა და მითოლოგიური ხეტიალისა. იქნებ ბუნებას არც ჰქვია ისიდა, და ის რეალურად არ ეძებს ოსირისს, მაგრამ ბუნება ყოველთვის ძიებაშია, ის ზებუნებრივს ეძებს. ამ მოთხოვნილებას რამე უფრო კონკრეტული დააკმაყოფილებდა, მაგრამ არა დიდებული მონარქი მზის დიკსოთი. სამეფო ექსპერიმენტი ხალხურ ცრურწმენათა მგრგვინავ რეაქციაში ჩაიძირა, რომლის დროსაც ქურუმები ხალხის მხრებზე მოქცნენ, იქედან კი – სამეფო ტახტზე.
შემდეგი გვირგვინოსანი ბრძენის მაგალითად გაუტამას, დიდ უფალ ბუდას მოვიყვან. ვიცი, რომ მას ფილოსოფოსებს არ მიათვლიან, თუმცა ყველაფერი, რასაც მე მასზე ვიგებ, უფრო და უფრო მარწმუნებს, რომ სწორედ ესაა მისი უდიდესი მნიშვნელობის რეალური ინტერპრეტაცია. მეწამულში დაბადებულ ინტელექტუათაგან ის უდაოდ უდიდესი და საუკეთესოა. მისი რეაქცია - გადადგომა - გვირგვინოსანი მოაზროვნისათვის შესაძლოთა შორის ყველაზე უფრო კეთილშობილი და გულწრფელია. მარკუს ავრელიუსი დახვეწილი ირონიით დაკმაყოფილდა: კარგად ცხოვრება სასახლეშიც კი შესაძლებელიაო. ცეცხლოვანმა ეგვიპტელმა მეფემ დაასკვნა, რომ ამ ცხოვრებას სასახლის გადატრიალება კიდევ უფრო გააუმჯობესებდა. დიდმა გაუტამამ კი, ერთადერთმა მათ შორის, დაამტკიცა, რომ შეეძლო სასახლის გარეშე გაძლება. ერთი შემწყნარებლობას მიეცა, მეორე ამბოხს, მაგრამ გადადგომაში არის რაღაც უფრო აბსოლუტური. გადადგომა აბსოლუტური მონარქის ერთადერთი აბსოლუტური საქციელია. აღმოსავლურ ფუფუნებაში და დიდებაში გაზრდილი ინდოელი უფლისწული შეგნებულად დაადგა მათხოვრული ცხოვრების გზას. ეს დიდებულია, მაგრამ ომი არ არის – არ არის ჯვაროსნული ლაშქრობა ქრისტიანული თვალსაზრისით. მათხოვრის ცხოვრება წმინდანისაა თუ ფილოსოფოსის, ეს მართლაც დიდი ადამიანი დიოგენეს კასრში წავიდა თუ წმ. იერონიმეს გამოქვაბულში გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. მათ, ვინც ყველაზე ახლოსაა ბუდას შესწავლასთან, და განსაკუთრებით მათ, ვინც ყველაზე უფრო გასაგებად და გონივრულად წერენ მასზე, ერთ რამეში დამარწმუნეს, რომ ის უბრალოდ ფილოსოფოსია, წარმატებული ფილოსოფიური სკოლის დამაარსებელი, წმინდა არსებად კი ასეთი აზიური ტრადიციის მოჭარბებულად მისტიკურმა და არამეცნიერულმა ხასიათმა გარდაქმნა. აქ აუცილებელია ორიოდ სიტყვის თქმა ამ უხილავ, მაგრამ ცოცხალ საზღვარზე, ხმელთაშუაზღვისპირეთიდან არმოსავლეთის იდუმალებაში გადასვლისას რომ ვკვეთთ.
ჭეშმარიტების მისაპოვებლად ტრუიზმზე გამოუსადეგარი არაფერია, განსაკუთრებით თუ ის მართლაც ჭეშმარიტია. აზიაზე გაცვეთილი სიმართლის ლაპარაკს ყველანი დაჩვეულები ვართ, მაგრამ არანაირი სარგებელი ამას არ მოაქვს, რადგან ეს სიმართლე ჩვენთვის გაუგებარია, მაგალითად, რომ აზია დაბერდა, რომ უკან იცქირება, რომ არაა პროგრესული. ქრისტიანობა მართლაც უფრო პროგრესულია, თუმცა ამას არაფერი ესაქმება პოლიტიკური გაუმჯობესების გაუთავებელი ფუსფუსის პროვინციულ ცნებასთან. ქრისტიანობას სწამს, რომ ადამიანი საბოლოოდ სადღაც მოხვდება, ახლა თუ შემდეგში, სხვადასხვა გზით – გააჩნია დოქტრინას. სურვილის დაკმაყოფილება სხვადასხვანაირად შეიძლება; ახალი ცხოვრებით, ძველი სიყვარულით ან ფლობისა თუ განხორციელების ფორმით. დანარჩენზე ვიცით, რომ არსებობს რითმი, და არა უბრალოდ პროგრესი, რომ არსებობს აღმასვლა და ვარდნა, ოღონდ ჩვენთვის ეს რითმი სრულიად თავისუფალი და ამოუცნობია. აზიის უმრავლესობისათვის კი რითმი გამეორებაში ჩაიკირა. ეს აღარაა არეულ-დარეული სამყარო, არამედ ბორბალია. მაღალი გონიერებისა და ცივილიზაციის ეს ხალხები კოსმოსურ ბრუნვაში აღმოჩნდნენ ჩაჭერილნი, რომლიც ღერძი სიცარიელეა. აი ესაა აზიის სიბერე, არაპროგრესულობა და უკან ყურება. ამიტომაა, მის მოღუნულ ხმლებსაც კი იმ დამაბრმავებელი ბორბლის ნამსხვრევებად რომ ვხედავთ, სერპანტინული ორნამენტი კი ყველგან ბრუნდება გველის მსგავსად, რომელსაც ვერ გაკვეთ. ყველა აზიელს შეიძლება ცილინდრი ეხუროს, მაგრამ თუ ეს განწყობა შენარჩუნებული აქვ, ალბათ იფიქრებ, რომ ქუდი გაქრება და მერე უკან დაბრუნდება პლანეტასავით და არა იმას, რომ ქუდს გადევნებულნი შეიძლება ზეცაში აღმოჩნდნენ, ან სულაც სახლში.
ოდესაც ბუდას გენია ამ საკიხთან გასამკლავებლად წამოიმართა, ასეთი კოსმოსური განწყობა აღმოსავლეთში თითქმის საყოველთაო იო. ყველაფერი არაჩვეულებრივი ფერადოვნების მითოლოგიის ასფიქსიისმომგვრელ ჯუნგლში მოეცვა. მიუხედავად ამისა, შესაძლებელია ფოლკლორის ამ სახალხო ნაყოფიერებას უთანაგრძნობდე და არა ამაღლებულ პესიმიზმს, მას რომ აჭკნობს. თუმცა ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა დაშვების მიუხედავად, თავისთავადი აღმოსავლური ხატოვანების უდიდესი აწილი კერპთაყვანისცემაა, ადგილობრივი და უშუალო. შეიძლება ეს არ იყოს სამარლიანი უძველესი ბრაჰმანული სისტემის, ყოველ შემთხვევაში, მათ მიერ დანახულის მიმართ. მაგრამ მხოლოდ ეს ფრაზა გაგვახსენებს ბევრად უფრო დიდი მომენტის რეალობას. ეს უდიდესი რეალობა უძველესი ინდოეთის კასტური სისტემაა. იქნებ მას გააჩნია კიდეც შუასაუკუნოვანი ევროპული ამქრართა სისტემის რაღაც უპირატესობაც, მაგრამ ის არამარტო ქრისტიანულ დემოკრატიის საპირისპიროა, არამედ ქრისტიანული არისტოკრატიის ყველანაირ უკიდურეს ფორმასაც კი აჭარბებს, რადგან სოციალური აღმატებულებას სულიერ აღმატებულებად განიხილავს. ის არა მხოლოდ ძირეულად გამოცალკევებულია ქრისტიანული ძმობისაგან, არამედ ამპარტავნების გოროზ მთასავით აღმართულა ისლამისა და ჩინეის შედარებით ეგალიტარიანულ დონეთა შორის. ამ წარმონაქმნის უცვლელობა კიდევ ერთი ილუსტრაციაა გამეორებადობის იმ სულის, უხსოვარი დროიდან რომ მომდინარეობს. ახლა შეგვიძლია ვივარაუდოთ იმ იდეის ბატონობაც, რომელსაც თეოსოფოსების მიერ ინტერპრეტირებულ ბუდიზმს ვუკავირებთ. რეალურად მკაცრი ბუდისტების ნაწილი უარყოფ ამ იდეას და კიდევ უფრო მეტი ამრეზით – ვით თეოსოფოსებს. უმცა იმის მიუხედავად, არის თუ არა ეს იდეა ჭეშმარიტად ბუდისტური, თუ მისი გაყალბების შემადგენელია, ის სავსებით ეთანადება გამეორებადობის პრინციპს. რა თქმა უნდა, რეინკარნაციის იდეას ვგულისხმობ.
თუმცა რეინკარნაცია სინამდვილეში არცაა მისტიკური იდეა. ის არაა ტრანსცენდენტული ან ამ თვალსაძრისით რელიგიური იდეა. მისტიციზმი გულისხმობს რაღაც ისეთს, რაც გამოცდილებას აღემატება; რელიგია ეძებს უმაღლესი სიკეთის ან უარესი ბოროტების გამოვლინებას, რომელიც გამოცდილებით მიღებულს სჭარბობს. რეინკარნაცია კი მხოლოდ გამოცდილების გამეორებაა. ადამიანისთვის იმის გახსენება, რას აკეთებდა ის ბაბილონში დაბადებამდე ტრანსცენდენტულობით სულაც არ აღემათება იმის გახსენებას, თუ როგორ მოხვდა ბრიქსტონში, ვიდრე იქ თავში უთაქებდნენ. მისი ერთმანეთს მიყოლებული ცხოვრება ჩვეულებრივი ადამიანური ცხოვრებაა, მთელი მისი ადამიანური შეზღუდვებით და ტვირთით. ამას არაფერი ესაქმება ღმერთის ხილვასთან ან ეშმაკის გამოძახებასთანაც კი. რეინკარნაცია არაა ბედის ბორბლისგან გაქცევა, ის თავადაა ბედის ბორბალი. ბუდამ დააარსა, თუ ბუდამ იპოვა, თუ ბუდამ იპოვა და უარყო, მას ნამდვილად დასდევს ზოგადი ნიშანი იმ აზიური განწყობის, რომელშიც მას თავის როლი უნდა ეთამაშა. და მან ითამაშა ინტელექტუალი ფილოსოფოსის ეს როლი, რომელსაც ამის მიმართ სწორი ინტელექტუალური მიდგომა აქვს.
მესმის, რომ ბუდისტისთვის შეიძლება საწყენი იყოს ის თვალსაზრისი, რომ ბუდიზმი მხოლოდ ფილოსოფიაა, თუ ფილოსოფიას ოდენ ბერძენი სოფისტების ინტელექტუალურ თამაშად ჩავთვლით, სამყაროებით ბურთების დარად რო ჯონგლიორობდნენ. უფრო ზუსტი ალბათ იმის განცხადებაა, რომ ბუდამ მეთაფიზიკური დისციპლინა შექმნა, რომელსაც ფილოსოფიურიც შეიძლება ეწოდოს. მან წამოაყენა ამ გამეორებადი მწუხარებისგან თავის დაღწევის გზა, რომელიც უბრალოდ სურვილად წოდებულ ახირებაზე ხელის აღებაშია. ეს არ ნიშნავს სასურველის მოსაპოვებლად დათმენას, ან უკეთეს სამყაროში მისი უკეთესი გზით მოპოვებას; ესაა ხაგასმით მის ნდომაზე ხელის აღება. თუ ადამიენი ერთხელ მიხვდა, რომ რეალობა არ არსებობს, რომ ყველაფერი, მისი სულის ჩათვლით მუდმივ გახსნაშია, ის დაასწრებს გულგატეხილობას და ცვლილლებისათვის ხელშეუხებელი, განურჩევლობის ექსტაზში გააგრძელებს არსებობას ( რამდენადაც ამას არსებობა შეიძლება ეწოდოს). ბუდისტები ამახ ნეტარებას ეძახიან და ჩვენ აქ საკამათოდ ვერ შევჩერდებით. ჩვენთვის ეს მდგომარეობა უსასოობისაგან განურჩეველია. მე ვერ ვხედავ, მაგალითად, რატომ არ ვრცელდება გულდაწყვეტილობა კეთილგანწყობილ სურვილებზე ისევე, როგორც ეგოისტურზე. მართლაც, თანაგრძნობის უფალს ადამიანი სიცოცხლისთვის უფრო ენანება, ვიდრე სიკვდილისთვის. ერთმა ჭკვიანმა ბუდუსტმა თქვა, რომ პოპულარული ჩინური და იაპონური ბუდიზმის ახსნა ისაა, რომ ეს არაა ბუდიზმი. აქ შეწყვიტა არსებობა უბრალო ფილოსოფიამ და უბრალო მითგოლოგიაში გარდაიქმნა. ერთი რამ ცხადია: ის არასდროს ოდნავაც კი არ დამსგავსებია იმას, რასაც ჩვენ ეკლესიას ვუწოდებთ.
რომ ვთქვა, რელიგიის მთელი ისტორიის ქარგა ჯვრებისა და ნულებითაა გამოყვანილი-თქო უბრალოდ ხუმრობად აღიქმება. თუმცა ნულში არ ვგულისხმობ არაფერს, არამედ მხოლოდ იმას, რომ ის ნეგატიურია მეორე სიმბოლოს პოზიტიურ ფორმასთან შედარებით. და მიუხედავად იმისა, რომ სიმბოლო მხოლოდ დამთხვევაა, ეს ისეთი დამთხვევაა, რომელიც მართლა ემთხვევა. აზიის განწყობა მართლა შეიძლება მრგვალი 0 სიმბოლოთი გამოისახოს, თუ ციფრით არა, წრით მაინც. დიდი აზიური სიმბოლო – გველი, რომელსაც კუდი პირში უდევს სრულყოფილი სახეა ერთიანობისა და გამეორების იდეისა, რომელიც აღმოსავლური ფილოსოფიების და რელიგიების კუთვნილებაა. ეს მრუდი ერთი მხრივ ყველაფერს მოიცავს, მეორე მხრივ კი არაფერზე დაიყვანება. ამ თვალსაზრისით ეს აღიარებაა, უფრო კი კვეხნა, რომ ყველა კამათი ციკლური ხასიათისაა. ფიგურა მხოლოდ სიმბოლოა, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რამდენად მყარია სიმბოლური შეგრძნება, რომელსაც ის წამოქმნის – ბუდას ბორბლის პარალელური სიმბოლო, რომელსაც ზოგადად სვასტიკას ეძახიან. ჯვარი მართკუთხაა და ოთხივე მხარეს გაბედულადაა მიმართული; სვასტიკა კი იგივე რამაა, რომელიც გამეორებად მრუდს უბრუნდება. ეს დაგრეხილი ჯვარი რეალურად ბორბლად გარდაქმნას განიცდის. ვიდრე ამ სიმბოლოებს უკუვაგდებთ, როგორც შემთხვევითს, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ, რაოდენ ძლიერი იყო წარმოსახვის ინსტინქტი, რომელმაც ისისნი წარმოქმნა ან აირჩია, აღმოსავლეთშიც და დასავლეთშიც. ჯვარი უფრო მეტია, ვიდრე ისტორიული მეხსიერება; ის მათემატიკური დიაგრამის სიზუსტით ატარებს საკითხის არსს – კონფლიქტის იდეას, რომელიც უსასრულობისკენაა მისწრაფებული.
სხვანაირად რომ ვთქვათ, ჯვარი, როგორც ფიგურა, მართლაც წრიდან თავის დაღწევის იდეას ასახიერებს – წრიდან, რომელიც ყველაფერიცაა და არაფერიც. ის გაქცევაა ციკლური მსჯელობიდან, რომლის მიხედვითაც ყველაფერი გონებაში იწყება და გონებაშივე მთავრდება. რადგან კვლავ სიმბოლოებთან გვაქვს საქმე, წმ. ფრანცისკთან დაკავშიებული თქმულებაც მოვიშველიოთ, რომლის მიხედვითაც მისი კურთხევის შემდეგ გაფრენილმა ჩიტებმა, ოთხ ქარს რომ გაჰყვნენ უსასრულობისკენ, ცაზე უზარმაზარი ჯვარი გამოსახეს. ფრინველთა ამ თავისუფალ ფრენასთან შედარებით სვასტიკა საკუთარ კუდს დადევნებულ კატის კნუტს ჰგავს. უფრო პოპულარული ალეგორიით შეიძლება ითქვას, რომ როცა წმ. გიორგიმ შუბი ურჩხულს ხახაში აძგერა, მან თვითშთანთქმით დაკავებული გველეშაპის მარტოობა დაასრულა და მას საკუთარი კუდისგან განსხვავებული სხვა საკბილო მოუძებნა. თუმცა რამდენი ფანტაზიაც არ უნდა გამოვიყენოთ შეშმარიტების გამოსახვისათვის, თვით ჭეშმარიტება აბსტრაქტული და აბსოლუტურია, ამდენად ძნელად შესაჯამებელი; ამიტომაც მივმართავთ ხატოვანებას. ქრისტიანობა მიმართავს მყარ ჭეშმარიტებას, რომელიც მის გარეთაა და ამ თვალსარისით გარეგანიცაა და მარადიულიც. ის აცხადებს, რომ საგნები არსებობს, რომ საგნები მართლაც საგნებია – ამაში ქრისტიანობა საღი აზღის მხარესაა. რელიგიის ისტორია გვიჩვენებს, რომ საღი აზრი იღუპება ყველგან, სადაც ქრისტიანობა მას არ იცავს.
სხვანაირად ის ვერ არსებობს, ან ვერ ძლებს, რადგან ცარიელი აზროვნება სისაღეს ვერ ინარჩუნებს. რაღაც თვალსაზრისით ის იმდენად მარტივი ხდება, რომ საღი ვეღარაა. ფილოსოფოსთა ცდუნება სიმარტივეა და არა დახვეწილობა. მათ ყოველთვის შლეგური გამარტივება იზიდავს, როგორც უფსკრულის პირას მდგარ ადამიანს – სიკვდილი, არყოფნა და სიცარიელე. ტაძრის გუმბათზე დგომას და გადმოშვების ცდუნების გარეშე წონასწორობის შენარჩუნებას სხვა ყაიდის ფილოსოფოსი სჭირდებოდა. ერთი ასეთი ცხადი, ზედმეტად ცხადი ახსნა ისაა, რომ ყველაფერი სიზმარია და მოჩვენება და ეგოს გარეთ არაფერი არ არის. მეორეში ყველაფერი მეორდება; კიდევ ერთი რომელსაც ბუდისტურს ეძახიან და წმინდად აღმოსავლურია, ის იდეაა, რომ ყველაფერი რაც გვჭირს, ჩვენივე საკუთარი ქმნილებაა, საკუთარი განსხვავებულობის და პიროვნულობის თვალსაზრისით, და რომ საშველი ისევ უკან, ერთიანობაში დაბრუნებასა და შეერთებაშია. მოკლედ, ამ თეორიის მიხედვით, შექმნა დაცემა იყო. ისტორიულად ეს მნისვნელოვანია, რადგან ეს აზიის დაბინდულ გულში ინახებოდა და სხვადასხვა დროს, არაერთხელ, სხვადასხვა ფორმით ევროპის ბუნდოვანი საზღვრებიც გადმოულახავს. აქ დგას გაუკუღმართების მისტიკოსი, პესიმისტი, მრავალი სექტისა და ერესის მშობელის, მანის ან მანიქეუსის იდუმალი ფიგურა. აქვე, უფრო მაღლა დგას ზოროასტრი, რომელსაც სხვა, ზედმეტად გამარტივებულ ახსნას: ბოროტისა და კეთილის ტოლობას, ყველა ატომში წონასწორობასა და ბრძოლას უკავშირებენ. ისიც მისტიკოს ბრძენთა სკოლას შეიძლება მივაკუთვნოთ. ამავე იდუმალი სპარსული ბაღიდაა მითრაც, მძლვრფრთებიანი უცნობი ღმერთი, რომელმაც რომის უკანასკნელი დაისი დაჩრდილა.
ს წრე თუ მზის დისკო, სამყაროს რირაჟზე შორეულმა ეგვიპტელმა რომ აღმართა, ყველა ფილოსოფოსის სარკე და მოდელია. მისგან ბევრი რამ გაუკეთებიათ და ბევრიც მის გამო ჭკუაზეც შემცდარა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იმ აღმოსავლელ ბრენთა მსგავსად, წრე ბორბლად უქცევიათ და გონებაში დაუსრულებლად უტრიალებიათ. ამათი პრობლემა ისაა, რომ არსებობა ნახატის ნაცვლად ნახაზად წარმოუდგენიათ; ბავშვური მითების შემქნელთა მოუხეშავი ჩანახატები ასეთი თვალსაზრისის საწინააღმდეგო ნედლი, სულიერი პროტესტია. მათ არ სჯერათ, რომ რელიგია ნახატია და არა სქემა. კიდევ უფრო ძნელად ეჯერებათ ის, რომ ეს ნახატია იმისა, რაც რეალურად, ჩვენი გონების მიღმა არსებობს. ფილოსოფოსი ამ დისკოს ხან შავად ღებავს და პესიმისტად ინათლება, ხან მთლიანად ათეთრებს და – ოპტიმისტად. ზოგი მას ზუსტად ორ ტოლ შავ-თეთრ ნაწილად ჰყოფს და საკუთარ თავს დუალისტს უწოდებს, იმ სპარსი მისტიკოსებივით, რომელთაც ადგილის სიმცირის გამო, სამწუხაროდ, საკადრისს ვერ მივუზღავ. ვერცერთმა მათგანმა ვერ გაიგო ის, რამაც პროპორციებისეთი ხატვა დაიწყო, თითქოს რეალურია, ცხოვრებისეულადაა განლაგებული და მხაზველი რომ დისპროპორციულად თვლის. გამოქვაბულის პირველი მხატვარივით, ურწმუნო თვალებს მან ახალი მიზნის დანახვა შესთავაზ იმაში, რაც საშინლად დაგრეხილ ნახაზს ჰგავდა. ის თითქოს მხოლოდ სქემის დამახინჯებით იყო დაკავებული, არადა დროთა დასაბამიდან პირველად ფორმის – და სახის – მოხაზულობის მიდევნება სცადა.

No comments:

Post a Comment