VI რწმენის ხუთი სიკვდილი


ამ წიგნის მიზანი არაა ქრისტიანობის შემდგომ ისტორაზე შეჩერება, განსაკუთრებით გვიანდელზე, რომელიც წინააღმდეგებითაა სავსე. მათ განხილვას, ვიმედოვნებ, სხვაგან უფრო სრულად მოვახერხებ. აქ მხოლოდ ვარაუდი გამოვთქვი, რომ წარმართული კაცობრიობის წიაღში აღმოცენებული ქრისტიანობა ხასიათით უნიკალურია - ზებუნებრივიც კი. ის არაფერს სხვას არ ჰგავს და რაც უფრო მეტად ვსწავლობთ მას, მით უფრო ქრება ეს მსგავსება. თუმცა არსებობს სხვა, განსაკუთრებული თვისება, რომელიც დასაბამიდანვე მოსდევს და რომლითაც ის დღემდეა აღნიშნული. ეს წიგნიც მისი განხილვით დასრულდება
უკვე ვთქვი, რომ აზია და უძველესი მსოფლიო თითქოს სასიკვდილოდაც კი ზედმეტად გადაბერდნენ. საქრისტიანოს სხვა, საპირისპირო რამ დაებედა. მან რევოლუციათა მიმდევრობა გადაიტანა და თითოეულში სული განუტევა. ქრისტიანობა ბევრჯერ მოკვდა, რათა ხელემეორედ აღმდგარიყო; მას ხომ ღმერთი ჰყავს, რომელმაც საფლავიდან გამომავალი გზა იცის. თუმცა ამ ისტორიის პირველი არაჩვეულებრივი ფაქტი ისაა, რომ ევროპას გაუთავებლად თავდაყირა ატრიალებდნენ და ყველა ამ რევოლუციის შემდეგ ზევიდან ისევ ის რელიგია აღმოჩნდებოდა ხოლმე. რწმენა ყოველთვის ხელმეორედ მოაქცევდა ეპოქას, მაგრამ არა როგორც ძველი, არამედ როგორც ახალი რელიგია. ეს ჭეშმარიტება ბევრისთვის დაფარულია პირობითობით , რომელსაც ცოტა ვინმე თუ ამჩნევს. ეს პირობითობა იმითაა საინტერესო, რომ ისინი, ვინც მას უგულებელყოფს, იჩემებენ, რომ შეამჩნიეს და განსაკუთრებულადაც გმობენ. ეს ხალხი გამუდმებით გვიჩიჩინებს, რომ ღვთისმსახური და ღრვთისმსახურება რელიგია არაა და რელიგიური ორგანიზაცია შეიძლება ცარიელი ფიქცია იყოს. თუმცა მათ არ ესმით, რამდენად მართალნი არიან. იმდენად მართალნი, რომ სულ მცირე, სამჯერ თუ ოთხჯერ ქრისტიანობის ისტორიის მანძილზე ქრისტიანობას სული აღმოხდა და ყველა ადამიანი გულში მის აღსასრულს ელოდებოდა. ეს ფაქტი მხოლოდ შენიღბულია შუა საუკუნეებსა და სხვა ეპოქებშიც სწორედ იმ ოფიციალური რელიგიით, რომლებსაც ეს კრიტიკოსები ვითომდაც მოხარშულს იცნობენ. ქრისტიანობა ოფიციალური რელიგია იყო რენესანსის ეპოქის მთავრისთვისაც და მეთვრამეტე საუკუნის ეპისკოპოსისთვისაც ისევე, როგორც უძველესი მითოლოგია რჩებოდა იულიუს კეისრის, არიანული მრწამსი კი ივლიანე განდგომილის რელიგიად. თუმცა იულიუსის და იულიანეს შემთხვევები განსხვავდება: ეკლესიას თავისი უცნაური მოღვაწეობა უკვე დაწყებული ჰქონდა. იულიუსს შეეძლო იუპიტერისთვის საჯაროდ თაყვანი ეცა, კერძო ცხოვრებაში კი გაემასხარავებინა. მაგრამ როცა იულიანემ ქრისტიანობა მკვდრად ჩათვალა, აღმოაჩინა, რომ ის გაცოცხლდა. მან დამატებით ისიც არმოაჩინა, რომ იუპიტერი გაცოცხლების უმცირეს ნიშნებსაც კი არ ავლენდა. იულიანეს და არიანელობის ამბავი ამ მაგალითთა გრძელი წყებიდან მხოლოდ პირველია. არიანელობა, როგორც უკვე ითქვა, ყველა ადამიანურ ნიშანს ფლობდა იმისათვის, რომ კონსტანტინეს აკვიატებული ცრუ რწმენის ბუნებრივ დასასრულად ქცეულიყო. ყველა ჩვეულებრივი სტადია უკვე გავლილი იყო: მრწამსი საპატივცემულო რამ გახდა; შემდეგ რიტუალად ჩამოყალიბდა, შემდეგ გარაციონალურდა და რაციონალისტები დღე-დღეზე აპირებდნენ მისი ნარჩენების სრულ გაქრობას - ზუსტად ისევე, როგორც დღეს. ქრისტიანობის უეცარი წამოდგომა და მათი უკუგდება თითქმის ისეთივე მოულოდნელობა იყო, როგორც ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა. ასეთი მაგალითი ბევრია, დაახლოებით იმავე დროიდანაც კი. მისიონერების მოზღვავება ირლანდიიდან ჰგავდა ახალგაზრდების თავდასხმას ძველ სამყაროზე, თვით ეკლესიაზეც კი, რომელიც სიბერის ნიშნებს ამჟღავნებდა. ზოგიერთი მათგანი კორნუოლის ნაპირებთან ეწამა და როგორც კორნუოლის სიძველეთა მთავარმა ავტორიტეტმა თავისებური იუმორით გამანდო, ერთი წამითაც არ სჯეროდა, რომ ისინი წარმართებმა აწამეს, და არა “საკმაოდ დუნე ქრისტიანებმა.”
ისტორიის ზედაპირიდან ღრმად თუ ჩავყვინთავთ, რაც ამ მსჯელობის ფარგლებს სცილდება, ვფიქრობ რამდენიმე შემთხვევას აღმოვაჩენთ, როდესაც ქრისტიანობა ეჭვმა და განურჩევლობამ შიგნიდან დააცარიელა ისე, რომ მისგან ძველი ნიჟარაღა დარჩა – წარმართული ნიჟარის მსგავსად, იმდენ ხანს რომ იდგა. მაგრამ განსხვავება ისაა, რომ ყველა ასეთ შემთხვევაში მამათა დუნე ქრისტიანობას შვილთა რწმენის ცეცხლი ანაცვლებდა. ეს ცხადად ჩანს რენესანსიდან კონტრრეფორმაციაზე გადასვლისას. ეს ცხადად ჩანს მე-18 საუკუნიდან ჩვენი დროის მრავლობით კათოლიკურ გამოცოხლებაზე გადასვლაშიც. მრავალი სხვა მაგალითიც არსებობს, რომლებიც ცალკე შესწავლის ღირსია.
რწმენა არაა გადარჩენილი რამ გადმონაშთი. ეს ის არაა, დრუიდებს რომ სადღაც, როგორღაც თავი ორი ათასი წლის განმავლობაში გაეტანათ. ეს შესაძლოა აზიაში ან უძველეს ევროპაში მომხდარიყო, იმ განურჩევლობასა და შემწყნარებლობაში, მითოლოგიები და ფილოსოფიები გვერდიგვერდ მარადიულად რომ ცხოვრობდნენ. ის არ გადარჩენილა; ის კვლავ და კვლავ უკან ბრუნდებოდა სწრაფი ცვლილებების და ინსტიტუტების განუწყვეტელი კვდომის დასავლურ სამყაროში. ევროპა რომის ტრადიციით მუდმივი რევოლუციისა და რეკონსტრუქცის მცდელობაში საყოველთაო რესპუბლიკას აშენებდა. ის ყოველთვის ამ ძველი ქვის გადაგდებით იწყებდა და ქვაკუთხედად მისი დაყენებით ამთავრებდა; სანაგვიდან აბრუნებდა და კაპიტოლიუმის გვირგვინად აქცევდა. სტოუნჰენჯის ქვებიდან ზოგი დგას, ზოგი კი წაქცეულია და დაე წაქცეული დარჩეს. ერთ-ორ საუკუნეში ერთხელ არ ხდება დრუიდული აღორძინება, სოლსბერის ველზე მზეში მოცეკვავე, ნედლი ფითრის გვირგვინით მორთული ახალგაზრდა დრუიდებით. სტოუნჰენჯი არ უშენებიათ კვლავ და კვლავ, არქიტექტურის ყველა სტილში უხეში ნორმანულიდან როკოკომდე და ბაროკომდე. დრუიდების წმინდა ადგილი დაცულია აღდგენის ვანდალიზმისგან.
დასავლეთში ეკლესია არ იყო იმ სამყაროს ნაწილი, სადაც ყველაფერი იმდენად ძველია, რომ ვეღარც კი კვდება. პირიქით, მის სამყაროში ყველაფერი ყოველთვის საკმარისად ახალგაზრდაა სასიკვდილოდ. ზედაპირულად და გარეგანულად ის ხშირად მოუკლავთ კიდეც; ზოგჯერ მოკვდინების გარეშეც გამცვდარა. და აი ფაქტი, რომელიც მიჭირს, რომ აღვწერო, მაგრამ მჯერა, რომ რეალური და ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც მოჩვენებაა ადამანის ჩრდილი და ამ თვალსაზრისით, სიცოცხლის ჩრდილი, ასევე დროდადრო ამ მარადიულ სიცოცხლეს სიკვდილის ჩრდილიც გადაუვლის ხოლმე და დაასრულებდა კიდეც, მოკვდავი რომ იყოს. ამ დროს კვდება ყველაფერი, რაც სასიკვდილოა. მაგრამ თუ ასეთი ცხოველური ანალოგია უადგილო არაა, გველი იკლაკნება, ძველ ტყავს ტოვებს და მიდის, კატაც იკრუნჩხება, როდესაც თავისი ცხრაასოთხმოდაცხრამეტიდან ერთ სიცოცხლეს კარგავს. უფრო კეთილშობილი სურათი კი ასეთია: საათი ჩამოჰკრავს და არაფერი ხდება, ზარი სიკვდილით დასჯას გვამცნობს, მაგრამ მას სამარადისოდ დებენ.
რას მოასწავებდა მე-12 საუკუნის ბუნდოვანი, მაგრამ უზარმაზარი შფოთი, როდესაც ზუსტი თქმისა არ იყოს, იულიანე ძილში შეიშმუშნა? ასე უცნაურად ადრე, ბნელი საუკუნეების დასასრულს, საიდან გაჩნდა ესოდენ ღრმა სკეპსისი, რომელმაც ნომინალიზმი რეალზიმს დაუპირისპირა? რეალიზმის ნომინალიზმთან დაპირისპირება სინამდვილეში ხომ რაციონალიზსთან, ან რაღაც კიდევ უფრო დამანგრეველთან დაპირისპირებაა. პასუხი ისაა, რომ მავანთ ეკლესია მხოლოდ რომის იმპერიის ნაწილი ეგონათ, სხვებს კი ბნელი საუკუნეების ნაწილად წარმოედგინათ. ბნელი საუკუნეები, რომის იმპერიის მსგავსად, წარსულს ჩაბარდა და ეკლესიაც, როგორც ღამის აჩრდილი, თან უნდა გაეყოლებინა. ეს ამ მოჩვენებით თუ გათამაშებულ სიკვდილთაგან ერთერთი იყო. ნომინალიზმის გამარჯვება არიანიზმის გამარჯვების ტოლფასი იქნებოდა. ეს იქნებოდა იმის აღიარების დასაწყისი, რომ ქრისტიანობა ჩაფლავდა, რადგან ნომინალიზმის სკეპსისი კიდევ უფრო ღრმაა, ვიდრე უბრალო ათეიზმისა. ეს კითხვა გაჩნდა მაშინ, როდესაც დღის სინათლემ, თანამედროვე მსოფლიოს რომ ვეძახით, ბნელი საუკუნეები გაათენა. და როგორი იყო პასუხი? პასუხი აქვინელია, არისტოტელეს კათედრაზე ასული და სრული კომპეტენციით აღჭურვილი. პასუხი ათიათასობით ჭაბუკია, გლეხებისა და ყმების ჩათვლით, გამხმარი ქერქისა და ძონძების ამარა უნივერსიტეტებში სქოლასტიკური ფილოსოფიის მოსასმენად წასული.
რას მოასწავებდა მთელი ეს შიშნარევი ჩურჩული, რომელმაც დასავლეთს ისლამის ჩრდილად გადაუარა, ძველ რომანტიკული ეპოსი ნორვეგიასა თუ ჰებრიდებზე მოყელყელავე სარკინოზი მხედრების შეუსაბამო ფიგურებით რომ აავსო? რატომ ადანაშაულებდნენ უკიდურესი დასავლეთის კაცებს - მაგალითად მეფე იოანეს, თუ სწორად მახსოვს - ფარულ მუსლიმობაში, როგორც ადანაშაულებდნენ ხოლმე ფარულ ათეისტობაში? რატომ შეიპყრო ხელისუფალთა ნაწილი შიშმა არისტოტელეს რაციონალური არაბული ვერსიის მიმართ? ხელისუფალს ხომ არასდროს აღელვებს ასეთი რამ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც უკვე გვიანია. პასუხი ისაა, რომ ასობით ადამიანი გულის სიღრმეში ალბათ უკვე თვლიდა, რომ ისლამი დაამარცხებს ქრისტიანობას, რომ ავეროესი უფრო რაციონალურია, ვიდრე ანსელმი, რომ სარკინოზთა კულტურა არა მართო ზედპირულად, არამედ სინამდვილეშიც უფრო აღმატებულია. აქაც ალბათ მთელ თაობას ვიპოვიდით, უფროს თაობას, რომელიც დაეჭვებული, დათრგუნული და გადაღლილია. ისლამის შემოსვლა იქნებოდა ილიტარიზმის შემოსვლა, ოღონდ ათასი წლით ადრე. ბევრი ამას სავსებით შესაძლებელად და გონივრულადაც ჩათვლიდა. და თუ ასე იყო, მათ გააოცებდათ ის, რაც მოხდა. ათასობით ახალგაზრდამ ქუხდა თავის სიჭაბუკე უკანმოუხედავად შეაგდო ჯვაროსნობის თავგანწირულ კონტრშეტევაში; წმ. ფრანცისკის შვილები, Jongleurs de Dieu, იმღერით მოედვნენ გზებს; გოთიკა ცაში ისრებივით აიჭრა. ეს სამყსროს გამოღვიძება იყო. ალბიგოელებთან ომის განხილვისას ჩვენ ევროპის გულის ნაპირზე ვხვდებით, სადაც ახალი ფილოსოფიის ზვავმა ქრისტიანობას ლამის ბოლო მოუღო. ამ შემთხვევაშიც ახალი ფილოსოფია – პესიმიზმი - ძალიან ახალი იყო, თანამედროვე იდეების მსგავსად, რომელთა უმრავლესობა აზიის ხნისაა. ეს გნოსტიკოსთა დაბრუნება იყო. იკითხავთ, რატომ დბრუნდნენ? იმიტომ რომ ეპოქა დასრულდა, მსგავსად იმპერიისა და ეკლესიაც უნდა დასრულებულიყო. აქ იყო მომავლიდან მოფარფაე შოპენჰაუერი, მაგრამ აქ აგრეთვე საფლავიდან ამოსული მანიც იყო; იმისათვის, რომ ადამიანებს სიკვდილი ჰქონოდათ და ჰქონოდათ უხვად.
რენესანსის შემთხვევა ბევრად უფრო ცხადია, თუნდაც პერიოდის დროში სიახლოვის და მასზე არსებული მეტი ცოდნის გამო. თუმცა ეს მაგალითიც ბევრად უფრო მეტს რასმე მოიცავს, ვიდრე ადამიანებმა იციან. გარდა იმ განსაკუთრებულ წინააღმდეგობათა არსებობისა, რომელთაც ცალკე ნაშრომისთვის ვინახავ, ეს პერიოდი ბევრად უფრო ქაოტურია, ვიდრე ხშირად ეს წინააღმდეგობები მიუთითებს. როდესაც პროტესტანტები ლატიმერს პროტესტანტობისთვის წამებულად რაცხავენ, კათოლიკეები კი პასუხობენ, რომ კამპიონი კათოლიკობისთვის ეწამა, ავიწყდებათ, რომ ბევრი, ვინც ამ დევნისას დაიღუპა, ათეიზმის, ანარქიზმის და თვით სატანიზმისთვის წამებულად შეიძლება ჩაითვალოს. ის მსოფლიო თითქმის ისეთივე ველური იყო, როგორც ახლანდელია. მაშინდელ ხალხში შეხვდებოდით ისეთებს, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ღმერთი არ არსებობს, ან რომ თავადაა ღმერთი, ან ისეთებს, კაცი თავსა და ბოლოს რომ ვერ უპოვის. რენესანსის მომდევნო ეპოქის დროინდელი საუბრებისთვის რომ ყური მიგვეგდო, ალბათ უტიფარი უარყოფებისგან შევძრწუნდებოდით. მარლოუს რომ მიაწერენ, ისეთი გამონათქვამები, როგორც ჩანს, სავსებით ტიპურია იმდროინდელი ინტელექტუალური ტავერნების საუბრისათვის. პრე-რეფორმაციული ევროპის პოსტ-რეფორმაციულზე გადასვლა პირდაბჩენილი კითხვების სიცარიელეზე გადის. საბოლოოდ, გრძელვადიანი პასუხი მაინც იგივე გამოდგა. ეს ერთი იმ მომენტთაგანია, როდესაც წყალზე მოსიარულე ქრისტეს მსგავსად, ქრისტიანობამ ჰაერში გაიარა.
თუმცა ყველა ეს შემთხვევა დროში დაშორებულია და მხოლოდ დეტალებში მტკიცდება. ბევრად უფრო ნათლად შეიძლება იმ ფაქტის დანახვა, როდესაც რენესანსის წარმართობამ ქრისტიანობა დაასრულა, მაგრამ ქრისტიანობა აუხსნელად კვლავ დაიწყო. ყველაზე უფრო ნათელი ჩვენთან ახლოს მდგომი, უმცირესი დეტალებით სრულად წარმოდგენილი შემთხვევაა; რელიგიის უდიდესი დაკნინების შემთხვევა, რომელიც დაახლოებით ვოლტერის დროს დაიწყო. მართლაც ეს ჩვენი საკუთარი შემთხვევაა და ჩვენ თავად ვიხილეთ ამ დაკნინების დაკნინება.ვოლტერის შემდეგ გასულ ორას წელს ჩვენს თვალწინ მეოთხე-მეხუთე ან მეთორმეტე-მეცამეტე საუკუნეებივით არ გაუელვებია. ჩვენს საკუთა შემთხვევაში ამ გამეორებად პროცესს შეგვიძლია ახლოდან დავაკვირდეთ. ჩვენ ვიცით, როგორ შეუძლია საზოგადოებას სრულად დაკარგოს რწმენა ოფიციალური რელიგიის გაუქმების გარეშე; ჩვენ ვიცით, როგორ ხდებიან ადამიანები აგნოსტიკოსები ბევად უფრო ადრე, ვიდრე ეპისკოპოსებს გააუქმებენ, და ამ ბოლო დასასრულში, რომელიც მართლა საბოლოო დასასრულად გვეჩვენებოდა, დაუჯერებელი რამ კვლავ განმეორდა: რწმენას მეტი მიმდევარი ჰყავს ახალგაზრდებში, ვიდრე ასაკოვან ხალხში. როდესაც იბსენმა თქვა, ახალი თაობა კარზე აკაკუნებსო, ვერაფრით იფიქრებდა, რომ ეს ეკლესიის კარიბჭეა.
მაშასადამე, სულ მცირე ხუთჯერ, არიანესა და ალბიგოელების, ჰუმანისტი სკეპტიკოსების, ვოლტერისა და დარვინის შემდეგ რწმენა ძაღლებს მიუგდეს. ხუთივე შემთხვევაში ძაღლები დაიხოცნენ. რაოდენ ღრმა იყო დაცემა და რამდენად უცნაური – შემობრუნება, დაწვრილებით მხოლოდ ჩვენთან დროში ახლომდებარე შემთხვევაში შეგვიძლია დავინახოთ.
ათასი რამაა ნათქვამი ოქსფორდის მოძრაობასა და ფრანგულ კატოლიკურ გამოცოცხლებაზე; არ თქმულა მხოლოდ ის, რომ ეს მოულოდნელი იყო. ეს თავსატეხიც იყო და მოულოდნელობაც. უმრავლესობისთვის ეს მდინარის აღმა დინებას ჰგავდა. მე-18 და მე-19 საუკუნეების ლიტერატურის კითხვისას ვრწმუნდებით: უკლებლივ ყველა თვლიდა, რომ რელიგია მდინარესავით ფართოვდება და საცაა უსასრულო ზრვას შეუერთდება. ზოგიერთი ელოდებოდა, რომ ის ჩანჩქერივით კატასტროფულად დასრულდება, უმრავლესობა ელოდებოდა, რომ თანასწორობისა და ზომიერების დელტად გაიშლება. მისი დაბრუნება ყველასთვის სასწაული იყო, ისეთივე დაუჯერებელი, როგორიც ჯადოქრობაა. მოკლედ ყველაზე უფრო ზომიერი ხალხი თვლიდა, რომ რწმენა თავისუფლებასავით ნელა გაფართოვდება, დაწინაურებული ადამიანები კი თვლიდნენ რომ გაფართოება სწრაფი იქნება და მას გათხელებაც მოჰყვება. მთელი ეს გიზოს და მაკოლეის სამყარო, კომერციული და მეცნიერული ლიბერალობა დარწმუნებული იყო, როგორც არავინ მანამდე და შემდეგ, რომ იციან, საით მიემართება სამყარო. საკამათო მხოლოდ ამ მოძრაობის სიჩქარეღა იყო. ბევრი შეშფოთებით ელოდებოდა, ბევრი კი თანაგრძნობით, რომ იაკობინური რევოლუცია კენტერბერის არქიეპისკოპოსს გილიოტინაზე თავს ცააცლიდა, ან რომ ჩარტისტული მღელვარება ანგლიკან მღვდლებს განათების ბოძებზე ჩამოკიდებდა. მაგრამ ბუნება თითქოს კრუნჩხვა დაემართა და არქიეპისკოპოსი თავის დაკარგვის ნაცლად მიტრის ძიებაშია, ხოლო ანგლიკანი მოძღვრების მიმართ პატივისცემის შემცირების ნაცვლად მას კათოლოკე მოძღვრების მიმართ ვაძლიერებთ. ამან მათი რევოლუციური ხედვის რევოლუცია და თავდაყირაობის ამოყირავება მოახდინა.
მოკლედ, მთელმა მსოფლიომ, რომელიც დინების სიჩქარის გამო კამათობდა, შეამჩნია, რომ რაღაც ბუნდოვანი და უზარმაზარი დინების საპირისპიროდ მიცურავს. ეს ფორმითაც და ფაქტითაც შემაშფოთებელია და ამას არსებითი მიზეზი აქვს. დინებას მკვდარი რამ შეიძლება გაჰყვეს, მაგრამ დინების საწინააღმდეგოდ მხოლოდ ცოცხალს შეუძლია მოძრაობა. მკვდარ ძაღლს მოჩუხჩუხე წყალი მწევრის სიჩქრით გაიტაცებს ხოლმე, მაგრამ საწინააღმდეგოდ ცურვა მხოლოდ ცოცხალ ძაღლს შეუძლია. მათ შორის, ვინც მოჩვენებითი პროგრესისა და გაფართოების ტალღას გაჰყვა, ბევრი დემაგოგი და სოფისტი იყო, რომელთა ენერგიული ჟესტიკულაცია სინამდვილეში ისეთივე უსიცოცხლო იყო, როგორც მკვდარი ძაღლის მოძრაობა მორევში, გაჰყვა ბევრი ფილოსოფიაც, ქაღალდის ნავივით, რომლის სამკუთხა ქუდად გადაკეთებას დიდი გარჯა არ სჭირდება. მაგრამ მართლაც ცოცხალმა და სიცოცხლის მომცემმაც კი, რაც ამ ნაკადს გაჰყვა, ვერ დაამტკიცა, რომ ცოცხალი ან სიცოცხლის მომცემია. ეს სხვა ძალა იყო უეჭველად და აუხსნელად ცოცხალი; იდუმალი და განუზომელი ენერგია, რომელიც მდინარეს ებრძოდა. ის უზარმაზარი ურჩხულივით მოძრაობდა; თან ცოცხალი ურჩხულივით, რადგან ადამიანთა უმრავლესობას პრეისტორიული ურჩხული ეგონა. ეს იყო არაბუნებრივი , შეუსაბამო, ზოგისთვის კომიკური გადატრიალება, თითქოს ზღვის დიდი გველეშაპი უეცრად კენსინგტონ გარდენში მრგვალი ტბორიდან ამოიმართა – რა თქმა უნდა,თუ არ ვთვლით, რომ მისთვის უფრო შესაფერისი ადგილი სერპენტაინია. ამ ფანტაზიის ქარაფშუტული ელემენტი ყუდადღებამისაქცევია, რადგან ამ შემობრუნების მოულოდნელობის ერთერთი უცხადესი საბუთია. იმხანად მართლა ითვლებოდა, რომ ისტორიული რიტუალები პრეისტორიული ცხოველებივით დრომოჭმული და შეუსაბამოა,რომ მიტრა და ტიარა წარღვნამდელი ცხოველების ეშვებივით გამოიყურება; რომ პირველყოფილი ეკლესიისთვის მიმართვა პირველყოფილი ადამიანივით ჩაცმის ტოლფასია.
მსოფლიო ამ მოძრაობით ახლაც დაბნეულია; განსაკუთრებით კი იმით, რომ მოძრაობა კვლავ გრძელდება. სადღაც სხვაგან ვახსენე საყვედურების შემთხვევით ხასიათი, რომლებიც აძლაც გაისმის. საკმარისია ითქვას, რომ ეს კრიტიკოსები რაც უფრო მეტად საყვედურობენ, მით უფრო ნაკლებად განმარტავენ. ჩემი საზრუნავი ისაა, რომ ახსნა თუ არა, ახსნის მიმართულების ჩვენება მაინც შევძლო. თუმცა მთავარი ერთი განსაკუთრებული რამაა: ის, რომ ყველაფერი ეს მანადმდეც მომხდარა, თანაც ბევრჯერ.
რომ შევაჯამოთ, როდესაც უკანასკნელ საუკუნეებში ქრისტიანული დოქტრინის შესუსტება ხდება, უკანასკნელი საუკუნეეები მხოლოდ იმას ხედავენ, რაც უძველეს საუკუნეებს უნახავთ. თანამედროვე მაგალითიც ისევე დასრულდა, როგორც შუასაუკუნოვანი და შუასაუკუნოვანისწინა. უკვე ცხადია, და ეს სიცხადე დღითიდღე მატულობს, რომ რწმენას შემცირება და გაქრობა კი არ ემუქრება, არამედ იმ ნაწილების დაბრუნება, რომლებიც გაქრა. ეს დამთავრდება ისე, როგორც არიანული კომპრომისი დამთავრდა, როგორც დამთავრდა ნომინალიზმთან და ალბიგოელობასთან კომპრომისის მცდელობები. თანამედროვე შემთხვევის არსიც ისაა, რაც ყველა წინასი იყო: ის, რაც ბრუნდება, არაა გამარტივებული თეოლოგია და ამ თვალსაზრისის მიხედვით გაწმენდილი თეოლოგია, არამედ უბრალოდ თეოლოგიაა. დოქტრინის ეპოქათა უმრავლესობა სწორედ თეოლოგიის შესწავლის ენთუზიაზმითაა აღნიშნული. ესაა ღვთისმეტყველება. მოხუცი ღვთისმეტყველების დოქტორი მგონი აბეზარი ადამიანის განსახიერებად იქცა, თუმცა არა თეოლოგიით გატაცების გამო, არამედ იმიტომ. რომ საკუთარი თეოლოგია თავად მობეზრდა. ამის მიზეზი ისაა, რომ მას უფრო აინტერესებს პლავტუსის ლათინური, ვიდრე ავგუსტინესი და ქსენოფონტის ბერძნული – ვიდრე იოანე ოქროპირისა. მკვდარი გადმოცემა მას უფრო იზიდავს, ვიდრე არსებითად ცოცხალი. მოკლედ, ის თავადაა იმ დროის ტიპი, როდესაც ქრისტიანული რწმენა სუსტია და ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ხალხი, შესაძლებლობა რომ გაუჩნდეს, არ მიესალმებოდა ცოცხალ და შესანიშნავ ღვთისმეტყველების დოქტორს.
ზოგიერთები ამბობენ, რომ სურთ, ქრისტიანობა დარჩეს, როგორც განწყობა. ამათ სურთ, თანაც სრულიად დაუფარავად, რომ ქრისტიანობა დარჩეს როგორც აჩრდილი. მაგრამ ამ მოჩვენებით სიკვდილს ჩრდილები კი არ მოსდევს, არამედ სხეულის აღდგომა. ეს ხალხი მზადაა, რომ ძე ადამიანისა ღვთისმოსავი და პატივისმცემელი ცრემლით გამოიგლოვოს, მაგრამ რასაც სრულებით არ მოელიან, ესაა დილის ბორცვებზე კვლავ მოსეირნე ძე ღვთისა. ეს ხალხი, და ბევრი სხვაც ამ დროისათვის უკვე შეეჩვია, რომ ძველი ქრისტიანული სანთლის შუქი დღის სინათლეზე გაუფერულდა. რა მოულოდნელია და ამიტომაც რაოდენ უფრო დამაჯერებელი, როცა შვიდტოტა სასანთლე ზეცაში ზღაპრულ ხესავით იჭრება და ალდება ისე, რომ მზეს აფერმკრთალებს. სხვა ეპოქებსაც უნახავთ დის სინათლით გაუფერულებული სანთლის ალი და შემდეგ კვლავ სანთლის ალით გაფერკმრთალებული დღე. კვლავ და კვლავ, ჩვენს დრომდე, ადამიანები გაზავებულ დოქტრინას ეჩვეოდნენ; კვლავ და კვლავ, თითქოს სიბნელიდან მეწამული ჩანჩქერივით ამოხეთქავს ხოლმე პირველადი, წითელი ღვინო. დღეს, ისევე როგორც არაერთხელ ჩვენამდე, ჩვენი მამების მსგავსად ჩვენც ვამბობთ: ”საუკუნეების წინ მამები და დამფუძნებლები ჩვენი ხალხისა სვამდნენ საოცნებო სისხლს ღვთისა. საუკუნეების წინ კათოლოციზმის ღვინო კალვინიზმის ძმრად აქციეს, რომელსაც გაუთავებლად აზავებდნენ; შემდეგ დავიწყების წყლით გამორეცხეს და მსოფლიო ტალღა გამოავლეს. გვეგონა, ვეღარასდროს ვიგემებდით გულწრფელობისა და სულიერების ამ ძელგ სასმელსაც კი; კიდევ უფრო ნაკლებად - მდიდარ და ტკბილ სიმაგრეს ოქროს ხანის საოცნებო მეწამული ვენახებიდან. დღითიდღე, წლიდან წლამდე ვამცირებდით იმედსა და რწმენას, შევეგუეთ ამ ვენახების წალეკვის სურათს, ამ საგანგებო ელემენტის ნაცრისფერ ზღვაში მეწამულ ლაქასავით მინავლება-გაქრობას. შევეჩვიეთ ამ გაუთავებელ გაზავებას, გახსნას, გაწყალებას, მაგრამ “შენ დაჰმარხე ღჳნოჲ კეთილი აქამომდე.”
საა საბოლოო და ყველაზე საინტერესო ფაქტი: რწმენა ხშირად მომკვდარა, და მომკვდარა სიბერითაც. მართალია, ხშირად მოუკლავთ, თუმცა ბუნებრივადაც აღსრულებულა. მან გაუძლო ყველაზე უფრო ველურ და საყოველთაო დევნას დიოკლეტიანედან ფრანგულ რევოლუციამდე. თუმცა მისი გამძლეობა ძალიან უცნაურია. მან გაუძლო ომსაც და მშვიდობასაც. ის ხშირად გადაგვარებულა და დაკნინებულა, გაუძლია საკუთარი სისუსტისა და დანებებისათვისაც კი. ზედმეტია იმის გამეორება, რაოდენ მშვენიერია ქრისტეს აღსასრულ ახალგაზრდობისა და სიკვდილის ქორწინებით. ეს კი იმას ჰგავს, თითქოს ქრისტემ ბოლომდე იცხოვრა, ასი წლის ბრძენი აღესრულა, შემდეგ კი ახალგაზრდა აღდგა. საკმარისი სიმართლეა იმაში, რომ ადამიანური ქრისტიანობა თავის გამეორებად სისუსტეში ბევრჯერ დაქორწინებულა ძლიერებზე ამა ქვეყნისა; მაგრამ ბევრჯერაც დაქვრივებულა - უკვდავი ქვრივის უცნაური ტიპი. მტერი იტყვის, კეისართა ხელისუფლების ნაწილი იყოო, მაგრამ დღეს ეს ისევე უცნაურად ჟღერს, როგორც ფარაონთა ხელისუფლების ნაწილი რომ დაარქვა. მტერი იტყოდა, რომ ფეოდალიზმის ოფიციალური რელიგია იყო, მაგრამ ეს ისეთივე დამაჯერებელია, როგორც იმის მტკიცება, რომ რომაულ ვილასთან ერთად უნდა გამქრალიყო. ყველაფერი ეს ბუნებრივ დასასრულ აღწევდა. ყველანაირი მოსაზრებით რელიგიაც ამასთან ერთად უნდა დასრლებულიყო. ის სრულდებოდა და თავიდან იწყებოდა.
ცანი და ქუეყანაჲ წარჴდენ, ხოლო სიტყუანი ჩემნი არა წარჴდენ." ანტიკური ცივილიზაცია მთელი სამყარო იყო. ადამიანები ისევე არ ფიქრობდნენ მის დასასრულზე, როგორც დღის სინათლის დასრულებაზე. მათ ვერ წარმოედგინათ სხვა წესრიგი. ეს სამყარო წარჴდა, ეს სიტყვები კი არა. ბნელი საუკუნეების გრძელ ღამეში ფეოდალიზმი ისეთი შესისხლხორცებული რამ იყო, რომ ადამიანი თავს ბატონის გარეშე ვერ წარმოიდგენდა. რელიგია იმდენად იყო ქსელში ჩაწნული, რომ ვერავინ წარმოიდგენდა მათ დაცალკევებას. ფეოდალიზმი თავად ნაკუწებად იქცა და გაქრა ჭეშმარითი შუა საუკუნეების სახალხო ცხოვრებაში და ამ ახალი თავისუფლების პირველი და ცინცხალი მამოძრავებელი ძალა ძველი რელიგია აღმოჩნდა. ფეოდალიზმი წარჴდა, სიტყვები კი არა. მთელი შუასაუკუნოვანი წესრიგი, ბევრი თვალსაზრისით სრული და თითქმის სამყაროსეული სახლი ადამიანისა, თანდათან გაცვდა და აქ კი ყველამ იფიქრა, რომ ეს სიტყებიც დაიღუპა. მათ კი გაიარეს რენესანსის მბრწყინავი უფსკრული და ორმოცდაათი წლის შემდეგ მთელი მისი სინათლე და ცოდნა ახალი რელიგიურ საფუძვლებს, აპოლოგეტიკასა და წმინდანებს მოახმარეს. ბოლოსდაბოლოს გონების ეპოქის შეუბრალებელ სინათლეზე მაინც ხომ უნდა დამჭკნარიყო, ან რევოლუციათა ეპოქის მიწისძვრაში გამქრალიყო? მეცნიერებამ გააცამტვერა და ისევ აქაა; ისტორიამ წარსულში ამოთხარა , მან კი მომავალი ამოჰყო თავი; დღეს ის ისევ ჩვენს წინ დგას და თვალსა და ხელს შუა იზრდება.
ჩვენი საზოგადოებრივი ურთიერთობები და ჩანაწერები მემკვიდრეობითობას რომ ინარჩუნებდეს, ადამიანმა მართლა რომ შეძლოს გონივრულად ამ გამაგნებელი ამბის ფაქტების დაგროვება, ადრე თუ გვიან მისი მტრებიც კი მიხვდებოდნენ კოვზის ნაცარში გაუთავებელი ჩავარდნის გამო, რომ არ უნდა ელოდონ ისეთ მარტივ რასმე, რაც მისი სიკვდილია. შეუძლიათ მასთან ომის გაგრძელება, მაგრამ ეს ომი ბუნებასთან ომს ჰგავს, ცასთან და მიწასთან ომს. “ცანი და ქუეყანაჲ წარჴდენ, ხოლო სიტყუანი ჩემნი არა წარჴდენ." შეუძლიათ დააკვირდნენ, როდის წაბორძიკებ, ან როდის შეცდება, მაგრამ აღარ დაელოდებიან მის დასასრულს; გაუაზრებლად, არაცნობიერად, საკუთარი მდუმარე მოლოდინით თავად აღასრულებენ ამ გამაოგნებელი წინასწარმეტყველების ნაწილს; დაავიწყდებათ იმის განადგურების ლოდინი, რასაც ასე ფუჭად აქრობდნენ და ინსტინქტურად ისწავლიან მოახლოებული კომეტის ან ვარსკვლავის გაყინვის მოლოდინს.




No comments:

Post a Comment