ამ
თავის ხასიათში გასარკვევად,
კვლავ წიგნის ხასიათის
გახსენებაა
აუცილებელი,
რომლის
ხერხემალი
reductio ad absurdum სახელით ცნობილი
არგუმენტია.
ის
გვიჩვენებს,
რომ რაციონალისტურ თვალსაზრისს
ირაციონალურ შედეგებამდე
მივყავართ, თუმცა ამისთვის
ჯერ
ეს თვალსაზრისი
უნდა გავიზიაროთ.
წიგნის
პირველ
ნაწილში ადამიანს ხშირად
ცხოველად
განვიხილავდი, რაც
უფრო დაუჯერებელ
შედეგს იძლეოდა, ვიდრე ანგელოზად
რომ ჩამეთვალა. ზუსტად
ამ მიზნითაა აუცილებელი, რომ
ახლა
ქრისტე
ჩავთვალოთ უბრალოდ ადამიანად.
ამისთვის მე ვაჩერებ საკუთარი
რწმენის
მოქმედებას.
მივმართავ
ამ შეზღუდვას, რათა საბოლოოდ
მოვიცილო. მე უნდა ვცადო იმის
წარმოდგენა, რა დაემართება
ადამიანს, რომელიც ქრისტეს
ამბავს ადამიანის ამბად
წაიკითხავს, თანაც ისეთი
ადამიანისა, ვისზეც მანამდე
არაფერი სმენია. ვფიქრობ,
ასეთი
წაკითხვა, ოღონდ მართლა
მიუმხრობელი,
მას
უშუალოდ
რწმენამდე თუ არა, ისეთ
დაბნეულობამდე
მიიყვანს,
რომლიდანაც ერთადერთი გამოსავალი
რწმენაა. ამ თავში ჩემი საკუთარ
მრწამსის ნატამალსაც
კი
ვერ ნახავთ.
მეტიც, ვეცდები საკუთარი სტილი
და თვით წერის მანერაც კი
შევცვალო, რომლითაც ასეთ
თემაზე საკუთარი
სახელით ვისაუბრებდი. ვილაპარაკებ
გულწრფელად,
წარმოსახვითი
წარმართის პირით,
რომელმაც სახარება პირველად
გადაშალა.
მოდი
ვთქვათ,
რომ
სულაც
არაა ადვილი ახალი აღთქმა
ახლად აღიქვა. კარგია
თუ ცუდი, ასოციაციებით
და წინასწარგანწყობით
ისე
ვართ
დატვირთულნი,
რომ
ჩვენი ცივილიზაციის ვერცერთი
ადამიანი, მიუხედავად იმისა,
თუ რას ფიქრობს ჩვენს რელიგიაზე,
ვერ
წაიკითხავს მას ისე, თითქოს
მასზე ადრე არაფერი სმენია.
სრულიად ანტიისტორიული
იქნებოდა ის აზრი, თითქოს
ახალი აღთქმა ციდან ჩამოვარნილი
ფაქიზად აწყობილი წიგნია. ეს
უბრალოდ ადრეული ქრისტიანული
ლიტერატურის მასიდან ეკლესიის
ავტორიტეტით შერჩეული კრებულია.
ასეთ საკითხებს კიდევ
ფსიქოლოგიური ხასიათის
სირთულეც
ემატება, რომელიც აძნელებს
ახალი აღთქმის
სიახლის შეგრძნებას, ცნობილი
სიტყვების უბრალოდ მოსმენას
და
მათ
ხალას,
ყოველგვარი
წიაღსვლების გარეშე აღქმას.
ეს სირთულე მართლაც დიდია და
შედეგიც ძალიან
საინტერესო ახლავს:
თანამედროვე კრიტიკოსებისა
და კრიტიკის, მათ შორის
საყოველთაოდ აღიარებული
კრიტიკის დიდი ნაწილის კომენტარი
თითქმის
მთლიანად
შებრუნებული
ჭეშმარიტებაა – იმდენად
შებრუნებული,
რომ
ეჭვი შეგეპარება, რომ ახალი
აღთქმა
საერთოდ წაუკითხავთ.
ათასჯერ
მოგვისმენია, და ამის მთქმელებიც
დაუღალავად იმეორებენ, რომ
ახალი აღთქმის
იესო მართლაც ყველაზე უფრო
მიმტევებელი და ადამიანური
მოყვარულია კაცობრიობისა,
ეკლესიამ კი მისი ადამიანური
ხასიათი საზიზღარ დოგმებში
მიჩქმალა და საეკლესიო ტერორით
გააშეშა,
ვიდრე არაადამიანური სახე
არ მიაღებინა. ესაა, გავბედავ
და გავიმეორებ, თითქმის მთლიანად
შებრუნებული ჭეშმარიტება.
ჭეშმარიტება
კი ისაა, რომ სწორედ ქრისტეს
საეკლესიო ხატია სრულიად
სათნო და მიმტევებელი.
სახარებისეულ ქრისტეს ბევრი
სხვა თვისება აქვს. სახარების
პერსონაჟი მართლაც გულისგანმგმირავად
მშვენიერი სიტყვებით გამოხატავს
სიბრალულს ჩვენი გატეხილი
გულების მიმართ, მაგრამ ეს
სულაც არ ნიშნავს,
რომ ის მხოლოდ ასეთ სიტყვებს
წარმოთქვამს. ამის მიუხედავად,
ეკლესია ძირითადად ასეთ
სიტყვებს ეყრდნობა მის
საყოველთაო წარმოსახვაში.
ეს წარმოსახვა
სრულიად გასაგები სახალხო
განწყობითაა განპირობებული.
უპოვართა უმრავლესობა
გატეხილია, ხალხის უმრავლესობა
კი უპოვარია,
ამიტომ კაცობრიობის დიდი
ნაწილისთვის უმთავრესი ღმერთის
უკიდეგანო თანაგრძნობის
განცდაა.
და თუ თვალები დახუჭული არ
აქვს, ადამიანი უნდა ხედავდეს,
რომ სწორედ თანაგრძნობის ეს
იდეაა, რასაც
ეკლესია
ყველაზე უფრო მეტად ავრცელებს.
ხალხური წარმოდგენა გადაჭარბებამდე
გაჯერებულია 'Gentle Jesus, meek and mild'
ემოციით. ესაა პირველი, რასაც
გარეშე გრძნობს და აკრიტიკებს
Pieta -ში და
უწმინდეს
გულში
. ხელოვნება იქნებ
ცალმხრივიცაა,
მაგრამ განწყობა, ვფიქრობ,
სწორია. ყოველ შემთხვევაში,
არის რაღაც საშინელი, რაღაც,
რაც
ძარღვებში სისხლს გაგიყინავს
განრისხებული ქრისტეს ქანდაკების
წარმოდგენისას. წარმოდგენაც
კი ძნელია, რომ
მოსახვევს გაივლი და მოედანზე
გამაქვავებელ ქვის ფიგურას
დაინახავ,
რომელიც იქედნეს
ნაშობთ
მიმართავს, ან სახეს, რომელიც
ფარისეველს უცქერს. მაშ გონიერი
ყოფილა
ეკლესიის
გამართლება,
რომელსაც
ადამიანისკენ მისი
მოწყალე
მხარე მიუმართავს. თუმცა
ეს ყველაზე უფრო მიმტევებელი
და მოწყალე მხარეა და
საქმეც ესაა:
ეს მხარე ბევრად
უფრო მოწყალეა,
ვიდრე შთაბეჭდილება,
რომელიც ახალი აღთქმის
პირველად წამკითხველ ადამიანს
შეექმნებოდა. ამ
ამბის სიტყვასიტყვით გამგები
ადამიანის შთაბეჭდილება
სრულიად განსხვავებული
იქნებოდა, სავსე იდუმალებითა
და შესაძლოა, არათანმიმდევრულობის,
მაგრამ
ნამვილად
არა უბრალოდ სირბილის განცდით.
ეს ძალიან საინტერესო იქნებოდა,
თუმცა
საინტერესო ასახსნელისა და
მისახვედრის გამო.
ამბავი სავსეა უეცარი და
უსათუოდ
მნიშვნელოვანი ჟესტებით,
რომელთა
მნიშვნელობა
ჩვენ არ
გვესმის,
მისტიკური
დუმილით, ირონიული პასუხებით.
უეცარი რისხვა, რომელიც
ატმოსფეროს თავზე ქარიშხალივით
მოულოდნელად
დატრიალდება ხოლმე, თითქოს
საკუთარ, მიუწვდომელ ამინდის
რუკას მისდევს. პეტრე, რომელსაც
ეკლესია თავის
სწავლებაში
წარმოგვიდგენს, ზუსტად
ის პეტრეა, ქრისტე მიტევებით
რომ
ეტყვის:
“აძოენ კრავნი ჩემნი.” ეს
ის პეტრე არაა, რომელსაც
ეშმაკივით ზურგს
აქცევს
და გაუგებარი რისხვით მიაძახებს:
“წარვედ ჩემგან, სატანა.”
იერუსალიმს,
რომელმაც უნდა მოკლას, ქრისტე
ოდენ სიყვარულით და სიბრალულით
დასტირის. ჩვენ არ ვიცით,
როგორია ის უცნაური სულიერი
ატმოსფერო თუ ხედვა,
რომელიც მას ბეთსაიდას
ქვესკნელში სოდომზე უფრო
დაბლა ჩააძირინებს. მე დროებით
გვერდს
ვუვლი
ორთოდოქსული თუ არაორთოდოქსული
დოქტრინალური ჩარევებისა
და ინტერპრეტაციების საკითხებს;
უბრალოდ ვცდილობ, წარმოვიდგინო,
რა გავლენას იქონიებდა ადამიანის
გონებაზე ის, რასაც ეს კრიტიკოსები
ვითომდა გამუდმებით აკეთებენ:
ახალი აღთქმის რეალური წაკითხვა
ორთოდოქსიის
და დოქტრინის მოშველიების
გარეშე. ეს
ადამიანი
აღმოაჩენდა
ბევრ ისეთ რამეს, რაც
სწორედ
ორთოდოქსიას უფრო შეესაბამება,-
მაგალითად
იმას, რომ ყველა აღწერა, რომელსაც
შესაძლებელია რეალისტური
ვუწოდოთ, მხოლოდ
ზებუნებრივის
აღწერაა.
ახალი აღთქმის იესოს ერთადერთი
მხარე, რომელიც შეიძლება
ჩაითვალოს
პრაქტიკული
პიროვნების უმაღლეს
გამოვლინებად, მის ეგზორციზმში
ჩანს.
არაფერი მშვიდი და რბილი, არც
ჩვეულებრივი თვალსაზრისით
მისტიკური არაა
ხმის
ტონში, რომელიც ამბობს: ”პირი
დაიყავ და განვედ მაგისგან!”
ეს
ლომების საქმიანი მომთვინიერებლის
ან მანიაკალურ მკვლელთან
მოპყრობის მცოდნე ენერგიული
ექიმის ტონს უფრო ჰგავს. მაგრამ
ეს
ისე, ილუსტრაციისთვის ვთქვი
და არა საკამათოდ; ჩვენ ხომ
მთვარიდან ჩამოვარდნილი
წარმოსახვითი ადამიანის
შემთხვევას ვიხილავთ, რომლისთვისაც
ახალი აღთქმა ახალია.
ეს
ამბავი ბევრი თვალსაზრისითაა
ძალიან უცნაური – აი პირველი
რამ,
რაც თვალში ეცემა ადამიანს,
რომელიც მას უბრალოდ ადამიანურ
ამბად აღქმას ეცდება. არ
ვგულისხმობ მის უზარმაზარ
ტრაგიკულ კულმინაციას ან
რომელიმე შედეგს, ამ ტრაგედიაში
ტრიუმფის ნიშნები რომ
შეაქვს;
არც
იმას,
რასაც ზოგადად სასწაულის
ელემენტს უწოდებენ; ამ საკითხზე
ფილოსოფიაში
განსხვავებული შეხედულებებია,
თანამედროვე ფილოსოფიაში
კი მხოლოდ მერყეობაღა
დარჩა.
მართლაც, დღევანდელი განათლებული
ინგლისელი ძველი მოდიდან,
როდესაც
სასწაულს სარწმუნოდ
მხოლოდ
მისი სიძველის შემთხვევაში
მიიჩნევდნენ, გადავიდა ახალ
მოდაზე, როდესაც ამისთვის
მისი სიახლეა აუცილებელი; თუ
ადრე თვლიდა, რომ სასწაულებრივი
კურნებანი ძველ ქრისტიანებთან
ერთად გაქრა, ახლა ჰგონია,
რომ ქრისტიანულ
მეცნიერებასთან
ერთად დაიწყო. მაგრამ
აქ უცნაურში
ამ
ამბის სწორედ არასასწაულებრივ,
ნაკლებად შემჩნეულ
და ხაზგასმულ ნაწილებს
ვგულისხმობ.
მასში ბევრი რამაა ისეთი,
რასაც არავინ გამოიგონებდა,
რადგან პრაქტიკული გამოყენებისთვის
სრულიად უსარგებლოა; ისეთი
რამ, რაც თუ შეუმჩნევიათ კიდეც,
მხოლოდ გამოცანად დარჩა.
მაგალითისთვის
ავიღოთ ის ხანგრძლივი
დუმილი, რომელიც ქრისტეს
ცხოვრებას
ოცდაათ წლამდე გასდევს. ეს
ყველა დუმილზე უფრო უფრო
უზარმაზარი და შთამბეჭდავი
დუმილია. არა მგონია, რომ ეს
ვინმეს რაიმეს დასამტკიცებლად
გამოეგონებინოს. არც ის მსმენია,
რომ ვინმეს ოდესმე ასეთი
გამოყენება
უცდია.
ეს შთამბეჭდავი ფაქტია და
მორჩა. არაფერია მის ირგვლივ
განსაკუთრებით პოპულარული
ან ლეგენდარული. გმირის
თაყვანისცემის და მითების
შექმნის ჩვეულებრივი ტრადიცია
სულ
სხვანაირად იმოქმედებდა. ის
იტყოდა
(ვეჭვობ,
რომ სახარებათა ეკლესიის
მიერ უარყოფილ
ნაწილმა
თქვა კიდეც), რომ
იესომ საოცრად
ადრეულ ასაკში გამოამჟღავნა
ღვთაებრივი სიმწიფე და შეუდგა
საკუთარი
მისიის აღსრულებას. განა
უცნაური
არაა,
რომ ის, ვისაც ადამიანთა შორის
მოსამზადებლად უმოკლესი დრო
სჭირდება, ყველაზე ხანგრძლივად
ემზადება? ღვთაებრივი თავმდაბლობის
გამოვლინებაა თუ ჭეშმარიტების
ანარეკლი,
რომელიც
უმაღლესი განვითარების მიწიერ
არსებათა ხანგრძლივი
მეურვეობის აუცილებლობაში
აისახა? საკამათოდ
არც
ეს
მითქვამს,
უბრალოდ ეს მაგალითი იმის
მაჩვენებელია, რომ ბევრი რამაა
საკამათო, გარდა იმისა, რაც
ისედაცაა
რელიგიური
მსჯელობის საგანი. მთელი
ამბავი სავსეა ასეთი უცნაურობებით.
არავითარ შემთხვევაში ეს
არაა ადვილად გასაგები ამბავი
და სწორედ საპირისპიროა იმისა,
რასაც ეს ხალხი “მარტივ
სახარებას” ეძახის. ფარდობითად
რომ შევაფასოთ,
სახარება მისტიციზმია
და ეკლესია – რაციონალიზმი;
სახარება გამოცანაა
და ეკლესია – პასუხი. როგორიც
არ უნდა იყოს პასუხი, სახარება
გამოცანათა კრებულად რჩება.
სახარებისეულ
გამოთქმათა შორის მკითხველი
ვერ იპოვის ვერცერთ გაცვეთილ
ჭეშმარიტებას. უძველესი
ფილოსოფოსებისა და თანამედროვე
მორალისტების უმრავლესობაზე
მსგავს ვერაფერს იტყვი. ეს
ძნელი სათქმელია პლატონზეც
კი. კიდევ უფრო ძნელი ეპიქტეტუსსა
თუ სენეკაზე, მარკუს აურელიუსსა
თუ აპოლონიოს ტიანელზე.
აღარაფერს ვამბობ აგნოსტიკოს
მორალისტებსა თუ ეთიკური
საზოგადოებების მქადაგებლებზე,
თავიანთი სიმღერებითა და
ძმობის რელიგიით. უძველეს თუ
თანამედროვე მორალისტთა
ზნეობა გაცვეთილ ჭეშმარიტებათა
ერთი, მყარი და გაპრიალებული
ნაკადია, უწყვეტად რომ მოედინება.
ჩვენს წარმოსახვით მკითხველს
სულ სხვა შთაბეჭდილება
შეექმნებოდა. ახალ აღთქმაში
მსგავსს ვერაფერს იპოვიდა.
იქ შეიძლება ენახა რამდენიმე
უცნაური პრეტენზია, რომელიც
დაახლოებით მზის ან მთვარის
ძმობასავით ჟღერს, ძალიან
უცნაური რჩევები და გამაოგნებელი
საყვედურები, რამდენიმე
უცნაურად მშვენიერი ამბავი.
ნახვდა გიგანტურ გადაჭარბებებს
აქლემისა და ნემსის ყუნწის,
ან ზღვაში მთის ჩაგდების
შესახებ, ნახავდა ცხოვრებისეულ
სიძნელეთა რამდენიმე ძალიან
გაბედულ გამარტივებას, მაგალითად
მზესავით ყველას განურჩევლად
რომ უნდა გაუნათო და მომავალზე
ჩიტებივით რომ უნდა იზრუნო.
მეორეს მხრივ, ის აღმოაჩენდა
თავისთვის თითქმის შეუღწეველი
ბუნდოვანების პასაჟებს,
როგორიცაა ორგული მოურავის
იგავი. ზოგი რამ იგავურობით
გააოგნებდა, ზოგი რამ –
ჭეშმარიტებით, მაგრამ ტრუიზმს
იქ ვერ იპოვიდა. მაგალითად,
ვერ იპოვიდა მშვიდობის
სასარგებლოდ გამოთქმულ
ბანალობებს – პარადოქსს კი
რამდენიმეს; იპოვიდა
წინააღუდგომლობის რამდენიმე
იდეალს, რომელიც ცალკე აღებული
ნებისმიერ პაციფისტის
გადაჭარბებულად მოეჩვენება.
ერთგან აღმოაჩენდა, რომ
მძარცველს არა თუ არ უნდა
შეეწინააღმდეგოს, არამედ
წაახალისოს კიდეც, თუ მდგომარეობას
სიტყვასიტყით გავიგებთ და
წართმეულს ნაჩუქარი უნდა
დაუმატოს. სამაგიეროდ ნატამალსაც
ვერ იპოვიდა ცხადი ანტისაომარი
რიტორიკისა, რომლითაც უთვალავი
წიგნი, ოდა და გამოსვლაა სავსე;
ვერცერთ სიტყვას ომის ბოროტების,
დამანგრეველობისა და ჟლეტის
საშინელი მასშტაბის შესახებ
– საერთოდ ვერცერთ სიტყვას;
ვერაფერს, რაც პრაქტიკულ
ნათელს მოჰფენდა ქრისტეს
დამოკიდებულებას ორგანიზებული
საომარი მოქმედებების მიმართ,
გარდა იმისა, რომ სავარაუდოდ,
მას მოსწონდა რომაელი ჯარისკაცები.
მართლაც დამაბნეველია, კვლავ
იგივე, გარეშე ადამიანის
თვალსაზრისით, რომ ის, სავარაუდოდ
უკეთესად ეწყობოდა რომაელებს,
ვიდრე ებრაელებს. თუმცა ჩვენ
აქ ვლაპარაკობთ იმ განწყობაზე,
რომელიც გარკვეული ტექსტის
კითხვას მოსდევს და ამის
უამრავი მაგალითის მოყვანა
შეიძლება.
მშვიდნი
რომ ქვეყანას დაიმკვიდრებენ,
სულაც არაა მშვიდი განცხადება
– ვგულისხმობ ჩეულებრივი
მნიშვნელობით მშვიდს: რბილს,
ზომიერსა და უწყინარს. ამის
გასამართლებლად ისტორიაში
ჩაღრმავება და ისეთი რამის
წინასწარ განჭვრეტაა აუცილებელი,
რაც წარმოუდგენელი იყო მაშინ
და ბევრისთვის ახლაც გაუგებარია;
როგორც მისტიკური ბერების
მიერ იმ მიწის დაბრუნება,
რომელიც პრაქტიკულმა მეფეებმა
დაკარგეს. თუ ეს
ჭეშმარიტებაა,
მხოლოდ
იმიტომ, რომ წინასწარმეტყველებაა,
მაგრამ არავითარ შემთხვევაში
– ტრუიზმი. მშვიდთა ნეტარება
ძალიან ძალუმი განცხადებაა,
იმ თვალსაზრისით, რომ ძალას
ატანს გონებასა და შესაძლებლობას.
აქ ჩვენ მსჯელობის სხვა ეტაპს
მივადექით. ეს წინასწარმეტყველება
აღსრულდა, მაგრამ დიდი ხნის
შემდეგ. ბარბაროსული წარღვნის
შემდეგ
მონასტრები აღმშენებლობის
ყველაზე უფრო პრაქტიკული და
აყვავებული მაგალითებია.
მშვიდთა მართლაც დაიმკვიდრეს
ქვეყანა. მაგრამ მაშინ მსგავსი
რამ არავის უნდა სცოდნოდა –
გარდა ერთისა, ვინც იცოდა.
მსგავსი რამ შეიძლება მართას
და მარიამის შემთხვევაზეც
ითქვას. მისი
ინტერპრეტაცია რეტროსპექტულად,
შიგნიდან, ქრისტიანული
ჭვრეტითი ცხოვრების მისტიკოსების
მიერ
მოხდა. ეს
სრულებითაც არ იყო ჩვეულებრივი
თვალსაზრისი. მორალისტების
უმრავლესობა, უძველესი თუ
ახალი, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივს
წაეტანებოდა. ძალდაუტანებელი
მჭევრმეტყველების რა ნაკადები
გადმოიღვრებოდა მართას თუნდაც
უმცირესი უპირატესობის
გასაბუქებლად!
რა
დიდებული ქადაგებები მიეძღვნებოდა
“მსახურების სიხარულს,”
“შრომის სახარებას,” და ათასგვარ
“სამყარო უკეთესია ჩვენს
შემდეგ” ტიპის ბანალობას
გარჯის
სასარგებლოდ იმ ხალხისგან,
რომლებსაც მათ წარმოსათქმელად
არანაირი გარჯა არ სჭირდება.
თუ მარიამში.
სიყვარულის
ნაყოფსა და მისტიკოსში,
ქრისტე რამე
უფრო
აღმატებულის
მარცვალს ინახავდა, ვის შეეძლო
მაშინ ამის გაგება?
სხვა
ვერავინ დაინახავდა, როგორ
ბრწყინავენ კლარა, ეკატერინე
და ტერეზა ბეთანიის პატარა
სახურავის ზემოთ.
ასევეა
იმ
გამაოგნებელი მუქარის ამბავიც,
ქვეყანაზე
მახვილის
მოტანით
დაშორების და დაყოფის შესახებ.
მაშინ ვერვინ მიხვდებოდა,
როგორ შეიძლება ამის აღსრულება
ან გამართლება. ზოგიერთი
თავისუფლად
მოაზროვნე (free thinkers) ახლაც ბრიყვულად
ებმება
მახეში, ამ შეგნებულად მეამბოხე
სულისკვეთების ფრაზის გამო
შოკს განიცდის
და
ჩივის,
რადგან
ეს პარადოქსია
და არა ტრუიზმი.
სახარებისეული
ამბების საგაზეთო ამბავივით
წაკითხვა დამაბნეველი
და ალბათ შემაშინებელიც
იქნებოდა
– ბევრად
უფრო
მეტად, ვიდრე ისტორიულ
ქრისტიანობაში მათი
განვითარების
შედეგი.
მაგალითად,
აღმოსავლურ კართა საჭურისებზე
ცხადი მინიშნების შემდეგ,
ქრისტე ამბობს, რომ იქნებიან
ცათა სასუფეველის საჭურისები.
თუ ეს უბიწოებისკენ ნებაყოფლობით
მისწრაფებას არ ნიშნავს, მაშინ
რაღაც არაბუნებრივს და ველურს
უნდა მოასწავებდეს. ისტორიული
რელიგიაა, რამაც ეს გააადამიანურა
ფრანცისკანელთა და მოწყალების
დათა გამოცდილებით. ცალკე
აღებული ეს განცხადება შეიძლება
აზიური ჰარემისა და დივანის
სიჩუმის მსგავსი დეჰუმანიზებული
ატმოსფეროს ნიშნად იქნას
აღქმული. ეს მხოლოდ ერთი
მაგალითია ბევრიდან; აზრი კი
ისაა, რომ სახარებისეული
ქრისტე შესაძლოა
უფრო უცნაური და საშიში
მოგვეჩვენოს, ვიდრე ეკლესიური.
სახარების
სიტყვათა ბუნდოვან, დამაბნეველ,
გამომწვევ
თუ იდუმალ
მხარეებზე იმიტომ კი არ
შევჩერდი, რომ მათ ცხადი და
გასაგები მხარეები არ გააჩნიათ,
არამედ იმიტომ, რომ სასიცოცხლოდ
მნიშვნელოვანი აზრის გავრცელებულ
კრიტიკას პასუხობს. თავისუფლად
მოაზროვნე (free thinker) ხშირად
იმეორებს, რომ იესო ნაზარეველი
თუნდაც დაწინაურებული, მაგრამ
მაინც თავისი დროის ადამიანია,
ამიტომ მის ეთიკას კაცობრიობა
ვერ მიიღებს, როგორც საბოლოოს.
ამის
შემდეგ
ის საკმაოდ დამაჯერებლად
აკრძელებს
ამ ეთიკის კრიტიკას და ამბობს,
რომ კაცი ვერ შეუშვერს მეორე
ლოყას, რომ ხვალინდე დღეზე
ფიქრი აუცილებელია, რომ
თვითუარყოფა ზედმეტად ასკეტურია,
მონოგამია კი ზედმეტად მკაცრი.
მაგრამ განა ზელოტები და
ლეგიონერები ჩვენზე მეტად
უშვერდნენ მეორე ლოყას? ებრაელი
ვაჭრები
და რომაელი მეზუერენი ხვალინდელ
დღეზე განა ჩვენდენს და უფრო
მეტს არ ფიქრობდნენ?
ჩვენ თავს ვერ მოვიკატუნებთ,
რომ წარსულის ზნეობაზე ვიღებთ
ხელს დღევანდელობასთან
უფრო შესაფერისის სასარგებლოდ.
ეს
არაა სხვა ეპოქის ზნეობა, თუმც
კი შეიძლება სხვა სამყაროსი
იყოს.
მოკლედ,
თუ გნებავთ, ვთქვათ, რომ ეს
იდეალები თავისთავადაა
შეუძლებელი, ოღონდ ნუ ვიტყვით,
რომ ჩვენთვისაა შეუსრულებელი.
თუ
მისტიციზმი,
რომლითაც
ისინი ცხადადაა აღნიშნული,
შეშლილობაა, ყოველთვის ერთნაირ
ადამიანებს შეეყრებოდა
ხოლმე.ავიღოთ,
მაგალითად, ქორწინება და
სქესთა შორის ურთიერთობა.
გალილეველ მასწავლებელს
წესით გალილეისთვის ბუნებრივი
რამ უნდა ექადაგა, მაგრამ ეს
ასე არაა. რაციონალური მოლოდინია,
რომ ტიბერიუსის თანამედროვე
ტიბერიუსის ეპოქისთვის
შესაფერის თვალსაზრისს
წამოწევდა, მაგრამ ასე არ
მოხდა. ის რაც მან წამოწია,
სრულიად განსხვავებული და
ძალიან ძნელია. მაგრამ ეს არაა
უფრო ძნელი ახლა, ვიდრე მაშინ
იყო. მუჰამედი
პოლიგამიურ
კომპრომისს დასჯერდა და
გონივრული იქნება ვთქვათ,
რომ ეს პოლიგამიურმა საზოგადოებამ
განაპირობა. როდესაც მან კაცს
ოთხი ცოლის ყოლის ნება დართო,
გარემოებებთან დაკავშირებული
რამ მოიმოქმედა, რაც შესაძლოა
განსხვავებულ გარემოებებში
ნაკლებად მისაღები ყოფილიყო.
არავინ დაიწყებს იმის მტკიცებას,
რომ
ოთხი
ცოლი ოთხი ქარივითაა,
და
ბუნების ნაწილია; არავინ
იტყვის, რომ რიცხვი ოთხი ცაზე
ვარსკვლავებითაა სამუდამოდ
გამოყვანილი, ან რომ რიცხვი
ოთხი გონებისთვის
მიუწვდომელი იდეალია. ეს
პრაქტიკული კომპრომისია,
რომელიც გარკვეული საზოგადოების
ხასიათს ატარებს. მუჰამედი
მეცხრამეტე საუკუნის ექტონში
რომ დაბადებულიყო, ვეჭვობ,
ეს გარეუბანი დაუყოვნებლივ
ოთხცოლიანი ჰარემებით რომ
აევსო. რადგან მეექვსე საუკუნის
არაბეთში გაჩნდა, ქორწინებაც
მეექვსე საუკუნის არაბეთის
შესაფერისად
მოაწესრიგა. ქრისტე კი ქორწინებას
სრულიად განსხვავებულად
უყურებს, ვიდრე პირველი საუკუნის
პალესტინური პირობები მოითხოვს.
ის საერთოდ არაფერს გვთავაზობს,
გარდა საკრამენტალური
შეხედულებისა, რომელიც დიდი
ხნის შემდეგ კათოლიკურმა
ეკლესიამ განავითარა. ეს
ადამიანებს მაშინ ბევრად
უფრო
მეტად
აბნევდა, ვიდრე დღეს აბნევს.
ებრაელებს, რომაელებს და
ბერძნებს არ სწამდათ და არც
საკმარისად ესმოდათ საიმისოდ,
რომ არ ერწმუნათ მისტიკური
იდეა, თითქოს კაცი და ქალი
ერთი საკრამენტალურ სხეულად
ერთდება. ჩავთვალოთ ეს დაუჯერებელ
ან შეუძლებელ იდეალად, მაგრამ
მათზე უფრო დაუჯერებლად და
შეუძლებლად ვერასგზით ვერ
ჩავთვლით. სადაც არ უნდა იყოს
ჭეშმარიტება, ერთი რამ ტყუილია
- თითქოს ეს დაპირისპირება
დრომ შეცვალა. რაც არ უნდა
იყოს ჭეშმარიტი, ერთი რამ
ტყუილია – თითქოს იესო ნაზარეველის
იდეები მის დროს იყო მორგებული,
ახლანდელს კი აღარ ერგება:
როგორც იყო მორგებული მის
დროს, ალბათ ყველაზე უფრო
ზუსტად მისი ამბის დასასრული
გვიჩვენებს.
იგივე
ჭეშმარიტება სხვაგვარადაც
შეიძლება ჩამოყალიბდეს: თუ
ეს ამბავი უბრალოდ ადამიანური
და ისტორიულია, გასაოცარია,
ქრისტეს ჩაწერილი სიტყვების
მიხედვით რაოდენ მიუბმელია
ის საკუთარ დროსთან. აქ არ
ვგულისხმობ ეპოქის დეტალებს,
თანამედროვეც რომ ხედავს,
როგორც წარმავალს. ვგულისხმობ
საფუძვლებს, რაც ბრძენსაც კი
მარადიულად ეჩვენება. ოდესმე
დაბადებულთაგან არისტოტელე
ალბათ უგონიერესი და უფართოესი
თვალსაწიერის ადამიანი იყო
და საკუთარი თავი მთლიანად
საფუძვლებს მიუძღვნა, რომლებმაც
ძირითადად შეინარჩუნეს
გონივრულობა და სიმყარე მთელი
საზოგადოებრივი და ისტორიული
ცვლილებების მიუხედავად. და
მაინც, რადგან ისეთ სამყაროში
ცხოვრობდა, სადაც მონების
ყოლა ისეთივე ბუნებრივი იყო,
როგორც ბავშვების, თავს იმის
სერიოზულად აღიარების უფლება
მისცა, რომ მონასა და თავისუფალ
ადამიანს შორის სხვაობა
არსებობს. ქრისტეც არისტოტელეს
მსგავსად ისეთ საზოგადოებაში
ცხოვრობდა, სადაც მონობა
მოცემულობა იყო. მას საგანგებოდ
არ უარყვია მონობა. მან დაიწყო
მოძრაობა, რომელსაც შეეძლო
ეარსება მონებიან სამყაროში,
თუმცა ამ მოძრაობას შეეძლო
ეარსება უმონებო სამყაროშიც.
მას არასდროს უთქვამს ფრაზა,
რომელიც მის ფილოსოფიას
რამენაირად მიაბამდა იმ
სოციალურ წესრიგს, რომელშიც
ის ცხოვრობდა. ის ლაპარაკობდა
ისე, როგორც ლაპარაკობს მცოდნე
ყველაფრის ეფემერულობისა,
მათ შორის იმისაც, რაც არისტოტელესაც
კი მარადიული ეგონა. იმ დროისთვის
რომის იმპერია უბრალოდ orbis
terrarum – სამყაროს სახელად იქცა,
თუმცა მას ზნეობა რომის იმპერიის
არსებობასთან არასდროს
დაუკავშირებია. არც თვით
სამყაროს არსებობასთან: “ცანი
და ქუეყანაჲ წარჴდენ, ხოლო
სიტყუანი ჩემნი არა წარჴდენ.”
როდესაც
კრიტიკოსები გალილეველის
ადგილობრივ შეზღუდულობაზე
ლაპარაკობენ, სინამდვილეში
ეს ყოველთვის კრიტიკოსთა
ადგილობრივი შეზღუდულობა
აღმოჩნდება ხოლმე. მას უეჭველად
სწამდა გარკვეული რამ, რაც
მატერიალისტთა ერთ გარკვეულ
თანამედროვე სექტას არ სწამს,
მაგრამ ეს არ იყო საგანგებოდ
მისი დროისთვის დამახასიათებელი
რამ. ჭემარიტებასთან უფრო
ახლოს იქნება, თუ ვიტყვით, რომ
მათი უარყოფაა საგანგებოდ
ჩვენი დროისთვის დამახასიათებელი.
ჭეშმარიტებასთან კიდევ უფრო
ახლოსაა ის, რომ ამ უარყოფის
დიდი ამბით მატარებელი
უმცირესობაა ჩვენი დროისთვის
დამახასიათებელი. მას სწამდა
მაგალითად, ავი სულების არსებობა
ან ხორციელ დაავადებათა
სილიერი კურნება, მაგრამ ამის
მიზეზი აუგუსტუსის მმართველობისას
გალილეაში დაბადება არ ყოფილა.
ეს აბსურდია, რადგან იგივე
რამ შეიძლება ეწამა ტუტანჰამონის
დროინდელ ეგვიპტელს ან
ჩინგის-ყაენის დროინდლ ინდოელს.
თუმცა შავი მაგიისა და ღვთაებრივი
სასწაულის ამ ზოგად ფილოსოფიურ
პრობლემებს სხვა დროს შევეხები.
მატერიალისტებს უწევთ სასწაულის
შეუძლებლობის მტკიცება მთელი
კაცობრიობის მტკიცებულებების,
და არა ჩრდილოეთ პალესტინის
პირველ რომაელ იმპერატორთა
დროინდელ პროვინციალთა ცრუ
რწმენების წინააღმდეგ. რითიც
უნდა დაეწყოთ ამ კონკრეტული
შემთხვევაში, ესაა სახარებაში
ამ კონკრეტულ პროვინციალთა
კონკრეტული ცრუ რწმენების
მოძიება. ადამიანურად გასაოცარიც
კია, რა ცოტა რამ არის აქამდე
მოძიებული ასეთი მტკიცების
დასაწყებადაც კი.
ასეთივე
მდგომარეობაა ქორწინების
საიდუმლოსთან დაკავშირებითაც.
შეიძლება არ გვწამდეს საიდუმლო,
როგორც არ გვეჯერება სულების
არსებობა, მაგრამ ქრისტეს
სწამდა ეს საიდუმლო თავისებურად
და არა იმდროინდელი, ან
თანამედროვე სახით. მას გაყრის
საწინააღმდეგო მოსაზრება
არც მოსეს რჯულიდან უსესხებია,
არც რომაული კანონიდან და
არც იმდროინდელი პალესტინელების
ადათით უსარგებლია. იმდროინდელი
მისი კრიტიკოსებისთვის ეს
ისეთნაირადვე გამოიყურება
როგორც ახლანდელებისთვის:
არსაიდან მოსული (თუ არ ჩავთვლით
მას, ვისგანაც მოვიდა)
ტრანსცენდენტური დოგმა. აქ
დოგმის დაცვას არ ვაპირებ.
უბრალოდ ცხადია, რომ მისი
დაცვის სირთულე ახლაც ისეთივეა,
როგორც მაშინ იყო. ესაა დროის
სრულიად გარეთ მყოფი იდეალი,
ყოველ დროში ძნელი და არასდროს
– შეუძლებელი. თუ ვინმე იტყვის,
რომ ეს მოსალოდნელი იყო
იმდროინდელი და იქაური
ადამიანისგან, შეგვიძლია
სრულიად გულწრფელად ვუპასუხოთ,
რომ ეს ბევრად უფრო ჰგავს
იდუმალ ნათქვამს ადამიანზე
მაღალი არსებისა, ადამიანებს
შორის რომ დააბიჯებდა.
დარწმუნებული
ვარ, რომ ახალი აღთქმის
გულწრფელი და ხალასი მკითხველი
ვერ მიიღებს შთაბეჭდილებას
სახელად “ადამიანი ქრისტე.”
ქრისტე - უბრალო ადამიანი
შეკოწიწებული ფიგურაა, ხელოვნური
შერჩევა – უბრალო ევოლუციური
ადამიანივით. მეტიც, ეს ადამიანი
ქრისტეები ერთსა და იმავე
ამბავში
ზედმეტად ბევრიც კია ნაპოვნი,
მითების
გასაღებებისა არ იყოს. სამმა
თუ ოთხმა განსხვავებულმა
რაციონალისტურმა სკოლამ
ადგილზე იმუშავა და მისი
ცხოვრების სამი თუ ოთხი
ერთნაირად რაციონალური ახსნა
წარმოადგინა. პირველი
რაციონალისტური ახსნა ის
იყო, რომ მას არასდროს უცხოვრია.
აქედან აღმოცენდა
სამი-ოთხი დამატებითი ახსნა
მზის მითის და მარცვლის მითის,
თუ ნებისმიერი სხვა მონომანიის
მსგავსი. ამის შემდეგ იდეა
ღვთაებრივი არსებისა რომელიც
არასდროს არსებულა ჩაანაცვლა
არსებული ადამიანური არსების
იდეამ. ჩემს
ახალგაზრდობაში მოდაში იყო
იმის თქმა, რომ ის უბრალოდ
ესენების
მსგავსი
მოძღვარი იყო,
რომლებსაც ბევრი არაფერი
უთქვამთ ისეთი, რაც ჰილელი
ან ასი სხვა ებრაელი ვერ იტყოდა:
რომ
კარგია, როცა კარგი ხარ და რომ
განწმენდა
სიწმინდეში გეხმარება. მერე
ვიღაცამ თქვა, რომ ის მესსიანიზმით
შეპყრობილი შელილი იყო. მერე
სხვებმა თქვეს, რომ მართლაც
თვითმყოფადი მასწავლებელი
იყო, რომელსაც მხოლოდ სოცილიზმი
აღელვებდა, ან მხოლოდ პაციფიზმი
(როგორც სხვები ამბობდნენ).
მერე ვიღაც პირქუშად მეცნიერული
პეტსონაჟი გამოჩნდა, რომელმაც
თქვა, რომ იესოს მხოლოდ სამყაროს
დასასრულის შესახებ
წინასწარმეტყველებათა გამო
უგდებდნენ ყურს, რომ ის უბრალოდ
მილენარიანელია - ისეთივე
მნიშვნელობის, როგორც მაგალითად
დოქტორი ქამინგი
– რომელმაც
პროვინციული პანიკა ატეხა
სამყაროს დასასრულის ზუსტი
თარიღის გამოცხადებით. იგივე
თემაზე სხვა ვარიანტებს
შორისაა თეორია, რომ ის
სპირიტუალური მკურნალია და
სხვა არაფერი – ეს ქრისტიანული
მეცნიერების მოწოდებული
აზრია, რომელიც ქრისტიანობას
ჯვარცმას აცილებს და მხოლოდ
პეტრეს სიდედრისა და ცენტურიონის
ქალიშვილის განკურნვის
ასახსნელად სჭირდება. არის
კიდევ ერთი თეორია, რომელიც
მთლიანად შავ მაგიას და
დემონიაკების შესახებ
თანამედროვე ცრურწმენას
ეფუძნება, რომლის მიხედვითაც
ქრისტემ,
ახალგაზრდა დიაკვანივით,
პირველ ბრძანებებს რომ იღებს,
ეგზორციზმს
მოეკიდა და ვერ გასცდა. ყველა
ეს ახსნა ცალ-ცალკე განსაკუთრებულად
არაადეკვატურად მეჩვენება.
თუმცა ყველა ერთად აღებული
რაღაც იდუმალზე მეტყველებს,
რომელიც თითოეულს
გამორჩა. ნამდვილად უნდა იყოს
ქრისტეში რაღაც არა მხოლოდ
იდუმალი, არამედ მრავალმხრივი,
თუ მისგან ამდენი მცირე ქრისტეს
გამოჭრაა შესაძლებელი. თუ
ქრისტიან მეცნიერს სპირიტუალური
მკურნალი აკმყოფილებს, ქრისტიან
სოციალისტს კი სოციალური
რეფორმატორი, თანაც
იმდენად აკმაყოფილებთ, რომ
არაფერი სხვის გაგონებაც კი
არ უნდათ, მართლაც უფრო დიდი
ყოფილა, ვიდრე ამათგან მოსალოდნელი
მოლოდინია. იქნებ ის სხვა,
იდუმალი ატრიბუტებიც, ეშმაკთა
განდევნისა და დასასრულის
წინასწარმეტყველების მსგავსი
იმაზე მეტს მოიცავს,ამათ რომ
ფანტაზიად ჩათვალეს?
ბოლოსდაბოლოს,
ახალი აღთქმის ახალი მკითხველი
განა არ წაიბორძიკებს იმაზე,
რაც მისთვის
უფრო გამაოგნებელი იქნება,
ვიდრე ჩვენთვის არის? აქ უკვე
არაერთხელ ვცადე დროისა და
ისტორიული მეთოდის შებრუნების
თითქმის დაუძლეველი ამოცანის
ამოხსნა და წარმოსახვაში
ფაქტებისკენ წინ გახედვა
უკან, მოგონებებისკენ ყურების
ნაცვლად. ასე ვეცადე წარმომედგინა
ურჩხული, რომელსაც ადამიანში
თავიდან მისი გარემომცველი
ბუნება დაინახავდა. უარესად
შეგძრავს იმის წარმოდგენა,
თუ როგორ დასახელდა პირველად
ქრისტეს ბუნება. რას ვიგრძნობდით
გარკვეული ადამიანის შესახებ
გარკვეული ვარაუდის ჩურჩულით
პირველად
წარმოთქმისას? ნამდვილად
არ არის ჩვენი საქმე განვსაჯოთ
ის, ვისაც ეს ჩურჩული მკრეხელობად
და სიგიჯედ მოეჩვენა. პირიქით,
ამ სკანდალზე წაბორძიკება
პირველი ნაბიჯია. გაშტერებულ
მზერაში ჩაყინული უნდობლობა
ბევრად უფრო პატიოსანი
ხარკია ამ ჭეშმარიტებისა,
ვიდრე მოდერნისტული მეტაფიზიკა,
რომელიც სანდოობის ხარისხზე
იმსჯელებდა.
უკეთესია
სამსჯავროზე კაიაფასავით
ტანზე სამოსის შემოხევა და
მკრეხელობის ყვირილით გმობა,
ან ნათესავებსა და ბრბოსავით
ადამიანის შეპყრობილი მანიაკივით
დაკავება, ვიდრე ბრიყვივით
ყურყუტი და პანთეიზმის
განსხვავებულ შეფერილობაზე
კამათი ასეთი კატასტროფული
პრეტენზიის პირისპირ. ბევრად
მეტი სიბრძნეა უბრალო ადამიანის
გაოცებაში, რომელიც სიმარტივისთვის
დამახასიათებელი
გონიერებით ელოდება, რომ
ბალახი გადახმება და მკვდარი
ფრინველები ჩამოცვივდებიან,
როდესაც დურგლის შეგირდი
გვერდზე ჩაივლის და წყნარად,
თითქმის უდარდელად წამოისვრის:
“პირველ აბრაჰამის ყოფადმდე
მე ვარ.”
No comments:
Post a Comment