V ადამიანი და მითები


რასაც აქ ღვთაებას ვეძახით, შეიძლება ზმანებაც დაარქვა. ასეთი შედარება სულაც არ გულისხმობს იმის უარყოფას, რომ სიზმარი შეიძლება ახდეს. მოგზაურის ნაამბობთან შედარებაც არ ნიშნავს იმის მტკიცებას, თითქოს არ არსებობს ჭეშმარიტი, ან უფრო სწორად, გულწრფელი ამბავი. სინამდვილეში ეს ისეთი ამბავია, მოგზაური საკუთარ თავს რომ უყვება ხოლმე. მთელი ეს მითიური ამბებიც ადამიანის პოეტური მხარის ნაწილია. დღეს უცნაურადაა მივიწყებული, რომ მითი წარმოსახვის და მაშასადამე, ხელოვნების ქმნილებაა. მის შექმნას პოეტი სჭირდება, მაგრამ პოეტი სჭირდება მის კრიტიკასაც. ქვეყანაზე პოეტი უფრო მეტია, ვიდრე არაპოეტი; ამას ამ ლეგენდების ხალხური წარმომავლობა ადასტურებს. თუმცა სწორედ ეს არაპოეტური უმცირესობაა, ხალხური პოეზიის ამ ქმნილებების კრიტიკული კვლევა რომ აბარია. სონეტის განხილვას მათემატიკოსს ხომ არ ვთხოვთ, ან სიმღერისას – ფენომენალურ მოანგარიშეს? ზუსტად ასეთივე ფანტასტიკური იდეაა ფოლკლორის მეცნიერებად გამოცხადება. ის ან ხელოვნებად უნდა ჩაითვალოს, ან ამ საქმეს საერთოდ თავი უნდა ვანებოთ. როდესაც პოლინეზიელი უყვება პროფესორს, რომ ერთ დროს არაფერი არსებობდა, გარდა დიდი, ბუმბულიანი გველისა, სწავლული ჟრჟოლამ და დაჯერების ცდუნებამ უნდა შეიპყროს - სხვანაირად ამ ამბის მსაჯულად არ გამოდგება. როდესაც წითელკანიან ინდიელითა საუკეთესო ავტორიტეტი არწმუნებს, რომ პირველყოფილი გმირი მზეს, მთვარეს და ვარსკვლავებს ყუთით ატარებდა, თუ ის ბავშვივით ტაშს არ შემოკრავს და ფეხებს არ გაასავსავებს, ამ საქმის არაფერი გაეგება. ეს გამოცდა უაზრო არ გეგონოთ; პირველყოფილი და ველური ბავშვებიც ზუსტად სხვა ბავშვებივით შემოკრავენ ხოლმე ტაშს და ფეხებსაც კმაყოფილებისგან მათნაირად იქნევენ. სამყაროს ბავშვობის წარმოსადგენადაც უბრალოება აუცილებელია. როდესაც ჰაიავათას გადიამ უთხრა, რომ მეომარმა თავისი ბებია მთვარეზე აისროლა, მან გულიანად იცინა – ზუსტად ისევე, როგორც ნებისმიერი ინგლისელი ბავშვი იცინის, როცა გადია მთვარეზე გადამხტარი ძროხის ამბავს უყვება. ბავშვს ხუმრობა ზუსტად ზრდასრული ადამიანების უმრავლესობასავით და ზოგიერთ მეცნიერზე ბევრად უფრო უკეთესად ესმის. ფანტასტიკურის საუკეთესო შემოწმებაც ისაა, მისაღებია თუ მიუღებელი და ეს უბრალოდ ხელოვნებაა. თუ რომელიმე მკვლევარი მეტყვის, რომ ჰაიავათას სიცილი ეკონომიკური მოსაზრებების გამო მოხუცებულთა გაწირვის ტომობრივი ჩვეულების პატივისცემის გამომსატველია, არ დავეთანხმები. თუ სწავლული იტყვის: ძროხა მთვარეს იმიტომ გადაახტა, რომ დიანას დეკეული შესწირეს, ვიტყვი, რომ სისულელეა: აბა ძროხამ ამაზე უკეთესი რა შეიძლება, რომ მოიმოქმედოს? მითოლოგია მივიწყებული, მაგრამ ჭეშმარიტი ხელოვნებაა. რქიანი მთვარე და რქიანი ძროხა ჰარმონიული და მშვიდი წყვილია. საკუთარი ბებიის მთვარეზე ასროლა ვერაა შესანიშნავი საქციელი, თუმცა შესანიშნავი გემოვნების ნიშანია.
მეცნიერს ხელოვანისგან განსხვავებით არ ესმი, რომ მახინჯი მშვენიერის ერთი განშტოებაა, რომ გროტესკის თავისუფლებაც კანონიერია. ამის გამო ველურ მითს უბრალოდ უგულებელყოფ, როგორც დეგრადაციის უხეშ ნიშანს, რადგან ზესკნელის მოამბორე მთაზე მაცნე მერკურის გამოცხადების მშვენიერებასაა მოკლებული, არადა კეროლის ცრუ კუს და შეშლილი მექუდის მშვენიერებას ატარებს. თუ ადამიანი ითხოვს, რომ პოეზია ყოველთვის პოეტური იყოს, ეს მისი პროზაულობის უტყუარი ნიშანია. ზოგერ იუმორი თვით იგავის შინაარსში ან სტილშია. ავსტრალიელი აბორიგენები, ყველაზე დაბალგანვითარებულ ველურებად რომ ითვლებიან, გიგანტური ბაყაყის ამბავს ყვებიან, რომელმაც ზღვა და მასთან ერთად სამყაროს მთელი წყალი გადაყლაპა და მხოლოდ მაშინ ამოუშვებს, თუ ვინმე მის გაცინებას მოახერხებს. მთელი ცხოველები მის წინაშე ყირაზე გადადიან და ათასნაირ ხრიკს მიმართავენ, ის კი დედოფალ ვიქტორიასავით სერიზული და აუღელვებელი რჩება. ბოლოს კუდის წვერზე შემდგარი გველთევზა გამოივლის, რომელიც წონასწორობასთან ერთად, ღირსების შენარჩუნებასაც ამაოდ ცდილობს და ბაყაყსაც ეს მოუღებს ბოლოს. ამ იგავისგან ნებისმიერი მოცულობის ფანტასტიკურ ლიტერატურას შექმნი. განა ფილოსოფიური არაა გვალვით გამომშრალი სამყაროს ხედვა, სიცილით გამოწვეული კეთილისმყოფელ წარღვნას რომ ელოდება, ან მდიდარი წარმოსახვის ნაყოფი არაა ვეება ურჩხული, წყლის ვულკანივით რომ ამოიფრქვევა? რა სასაცილოა ეს გადმოკარკლული მზერა, პელიკანს და პინგვინს რომ მიაცილებს. მოკლედ ბაყაყს გაეცინა, ფოლკლორის მკვლევარი კი სერიოზულობას ინარჩუნებს.
აშინაც კი, როცა მითი არასრულფასოვანი ხელოვნებაა, მას მეცნიერულად მაინც ვერ განსჯი. კიდევ უფრო არასწორია მისი, როგორც მეცნიერების განსჯა. ზოგიერთი მითი ბავშვის ადრეული ნახატივით ნედლი და უცნაურია, მაგრამ ბავშვი ხომ ხატვას ცდილობს და არა დიაგრამის შექმნას. მკვლევარი არ უნდა აფასებდეს მეცნიერულად ველურს, რადგან ველური არ აფასებს სამყაროს მეცნიერულად. ის სრულიად განსხვავებული რამითაა დაკავებული; ამას ღმერთებზე ჭორაობა ჰქვია. შეიძლება ითქვას, რომ ვიდრე კვლევას შეუდგებოდა, მან ირწმუნა. კიდევ უფრო ახლოსაა ჭეშმარიტებასთან იმის თქმა, რომ ვიდრე ირწმუნებდა, მიიღო.
ვაღიარებ – მითების (ან ერთი მითის) გავრცელების თეორია ჩემთვის მიუღებელია. ჩვენი ბუნება და პირობები ხელს უწყობს ამბების დამსგავსებას, მაგრამ თითოეული ამბავი შეიძლება სავსებით თავისთავადი იყოს და არა ნასესხებ. ეს მოსაზრებები შიძლება ლიტერატურაზეც გავავრცელოთ და ის მანიაკალური პლაგიატის ნაკადად
გამოვაცხადოთ. ყვავილების კონა ლამის ყველგან ფიგურურებს, ბეკი შარპის სასიკვდილო თაიგულიდან მოყოლებული რურიტანიის პრინცესისთვის გაგზავნილი ვრდთა ნაკადამდე. ეს ერთ ნიადაგზე გაზრდილი ყვავილებია და არა ხელიდან ხელში გადაცემით გაცვეთილი ერთი ყვავილი. ასეთი ყვავილები ყოველთვის ცინცხალია.
ვინ მოსთვლის, მერამდენედ აღმოაჩინეს ითების საერთო წარმოშობა. შექსპირის კრიპტოგრამებისა არ იყოს, გასაღებიც უამრავია ნაპოვნი. ყველაფერი ფალოსურია; ყველაფერი ტოტემურია; ყველაფერი თესვა და მოსავალია: ყველაფერი მოჩვენებები და დაკრძალვის რიტუალია, ყველაფერი მსხვერპლშეწირვის ოქროს ტოტია, ყველაფერი ყველაფერია. ყველა ფოლკლორისტი, ვინც საკუთრ აკვიატებაზე ცოტა უფრო მეტი იცის, ნებისმიერი ნაკითხი და კრიტიკული კულტურის მქონე ადამიანი, მაგალითად ენდრიუ ლენგი პრაქიკულად აღიარებს, რომ ამ საგანში გარკვევისას ტვინს იღრძობ. მთელი ეს სირთულე ისევ ადამიანისგან მომდინარეობს, რომლიც ამ ამბებს გარედან უყურებს, თითქოს მეცნიერულ ობიექტებთან ჰქონდეს საქმე, არადა სრულიად საკმარისია შიგნიდან შეხედოს და საკუთარ თავს ჰკითხოს, თავად როგორ დაიწყებდა ამბავს. დაწყება ხომ ყველაფრით შეიძლება და გაგრძელებაშიც არავინ გზღუდავს. ამიტომ შეიძლება, რომ ამბავი ჩიტით დაიწყოს, რომელიც არაა ტოტემი, ან მზით, რომელიც არაა ღვთაება. ამბობენ, რომ მსოფლიოში სულ ათიოდე ფაბულა არსებობს და რა თქმა უნდა, საერთო და გამეოებადი ელემენტების არსებობამ არ უნდა გაგვაკვირვოს. დასვით ერთდროულად ათი ათასი ბავშვი, ტყეში თავს გადამხდარ ამბებ მოოლეთ და იქ ადვილად იპოვით მზის ან ცხოველთა თაყვანისცემის მიმანიშნებელ პარალელებს. ამ ამბების ნაწილი მშვენიერი იქნება, ნაწილი ბრიყვული და შეიძლება უხამსიც კი; მაგრამ მათზე ისე უნდა ვიმსჯელოთ, როგორც ამბებზე – ანუ თანამედროვე არგონით – ვიმსჯელოთ ესთეთიკურად. უცნაურია, რომ ესთეთიკას, ანუ უბრალო გრძნობას, რომელსაც უზურპირებული აქვს ის, სადაც არაფერი ესაქმება, რომელიც ანგრევს გონებას პრაგმატიზმით და ზნეობას – ანარქიით, გასაქანს არ აძლევენ წმინდად ესთეტიკურ საკითხში. მოკლედ, სადაც გინდა, იქ იოცნებე – ზღაპრის გარდა.
ახლა ოდი ვთქვათ, რომ ყველაზე მარტივ ადამიანს ყველაზე უფრო სათუთი იდეები აქვს. ეს ყველამ უნდა იცოდეს, რადგან ბავშვი ყველა ყოფილა. უცოდინარმა ბავშვმა ბევრად უფრო მეტი იცის, ვიდრე თქმა შეუძლია და არა მხოლოდ განწყობას, არამედ მის ფაქიზ ნიუანსებსაც კი აღიქვამს. აქაცაა ფაქიზი ნიუანსები. ამას ვერ მიხვდება ის, ვისაც არ უგრძვნია ხელოვანის სწრაფვა დანახულ მშვენიერებას აზრი და ახსნა მოუძებნოს, წყურვილი, აღმოაჩინოს იდუმალი, ბრაზი, როდესაც კოშკი ან ხე ამბის უთქმელად გაურბის. მან იცის, რომ სრულყოფილებას პიროვნულობა სჭირდება. ამის გარეშე ბრმა, გაუცნობიერებელი სამყაროსეული მშვენიერება ბარში მდგომ თავმოტეხილ ქანდაკებას ჰგავს. ძალიან უმნიშვნელო პოეტი თუ შეეიდება კოშკს ან ხეს, ვიდრე მათში ტიტან ან დრიადა არ აალაპარაკებს. ხშირად ამბობენ, რომ წარმართული მითი ბუნების ძალთა გაპიროვნულებაა; ეს თითქოს სწორი, მაგრამ სრულიად არადამოკმაყოფილებელი აზრია, რადგან გულისხმობს, რომ ძალა აბსტრაქტულია, პერონიფიკაცია კი ხელოვნური. მითი ალეგორია არაა. არც ბუნების ძალებია ამ შემთხვევაში აბსტრაქცია. ისე არაა, თითქოს გრავიტაციის ღვთაებასთან გვქონდეს საქმე. ჩანჩქერის სული უბრალოდ ვარდნა არაა და კიდევ უფრო ნაკლებადაა წყალი. არსი ისაა, რომ გაპიროვნულება წყალს მნიშვნელოვანებით სრულყოფს. არც თოვლის ბაბუაა (Father Christmass) თოვლისა და სიწმინდის ალეგორია. ეს არაა თოვლისგან გამოძერწილი ადამიანის ხელოვნური ფორმა. ესაა ის, რაც მარადმწვანესა და თეთრ სამყაროს ახალ აზრს სძენს ისე, რომ თვით თოვლიც კი თბილი გვეჩვენება. ეს შემოწმება წმინდად წარმოსახვითია, თუმცა წარმოსახვითი არ ნიშნავს არარსებულს. ეს ის არაა, რასაც თანამედროვენი სუბიექტურს ეძახიან, როცა უნდათ ცრუ გულისხმონ. ყველა ჭეშმარიტი ხელოვანი ხვდება ცნობიერად თუ არაცნობიერად, რომ ტრანსცედენტულ ჭეშმარიტებებს ეხება; რომ მისი სახეები საფარველს მიღმა დანახულ საგანთა ლანდებია. ბუნებრივ მისტიკოსს ესმის, რომ იქ რაღაც არის; რაღაც, ღრუბლის მიღმა და ხეების შიგნით. მას სწამს, რომ ჭეშმარიტების ძიება ამის პოვნის საშუალებაა; რომ წარმოსახვა ის ჯადოქრობაა, რომელსაც ამის გამოძახება ძალუძს.
ვენ ვეღარ ვაცნობიერებთ ამ პროცესს ვერც საკუთარ თავში და ვერც, მითუმეტეს, სხვა, ჩვენგან ძალიან დაშორეულ არსებებში. ამ ამბების კლასიფიცირების საფრთხე კი ისაა, რომ შესაძლოა მოგვეჩვენოს, თითქოს გავაცნობიერეთ. ფოლკლორისტიკის მართლაც დახვეწილი ნაშრომი, როგორიცაა „ოქროს ტოტი,“ მაგალითად, ბევრ მკითხველს გაუჩენს აზრს, რომ გოლიათის ან ადოქრის კასრში თუ გამოქვაბულში მოქცეული გულის რომელიღაც ამბავი მხოლოდ „გარეგანი სულის“ სულელური ცრურწმენის არსებობას „ნიშნავს.“ სიამდვილეში არაფერი ვიცით იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს ეს, ზუსტად ისევე, როგორც არ ვიცით, რატომ მოქმედებს ეს ჩვენზ. წარმოიდგინეთ, რომ ზღაპარში ვიღაც ამბობს: „მოწყვიტე ეს ყვავილი და ზღვის გადაღმა კოშკში მზეთუნახავი მოკვდება.“ არ ვიცით, რატომ აიშალა რაღაც ქვეცნობიერში და რატომ გვეჩვენება რომ ის, რაც შეუძლებელია, თითქმის გარდაუვალია. ან როცა ვკითხულობთ:“ ჩააქრო თუ არა მეფემ სანთელი, მისი ხომალდები შორს, ჰებრიდის სანაპიროსთან ჩაიძირა,“ ვერ ვხვდებით, რატომ ეთანხმება წარმოსახვა იმას, რაც გონებამ უნდა უკუაგდოს; ან რა სულიერი უხილავი კავშირი გვაქვს ამასთან. ჩვენი ბუნების უღრმესი ნაწილი, ბუნდოვანი განცდა იმისა, რომ დიდი რამ მცირეზეა დამოკიდებული, რომ ჩვენგან უახლოესი რამ დაშორებული და ხელმიუწვდომელია, ნივთიერში ჩამალული მაგიის იდუმალი შეგრძნება და ბევრი სხვა მსგავსი მილეული ემოციაა მოქცეული გარეგანი სულის მსგავს იდეაში. თვით ველურთა მითის სიმძლავრეც კი პოეტთა მეტაფორისას უტოლდება. ასეთი მეთაფორის სული ხშირად ძლიერად გამოხატულ გარეგანი სულია. საუკეთესო კრიტიკოსებს შეუნიშნავთ, რომ საუკეთესო პოეტებს სურათისა და ტექსტის ხშირი და სრული შეუსაბამობა ამსგავსებს, შორეული ციხესიმაგრისა და ყვავილის, ან ჰებრიდის სანაპიროსა და სანთლის მსგავსი. შელი ტოროლას ხან შეყვარებულ ყმაწვილ ქალს ადარებს, ხან მწვანე ფოთლებში ჩაძირულ ვარდს და კიდევ ბევრ ისეთ რასმე, რასაც ცაში მონავარდე ტოროლა არაფრით მოგვაგონებს. ვფიქრობ, ინგლისურ ლიტერატურაში მაგიის უმძლავრესი მაგალითი კიტსის „ბულბულის“ ხშირად ციტირებული ზღვის ტალღებისკენ გახსნილი სარკმლის პასაჟია. ვერავინ ამჩნევს, რომ ეს ხატი არსაიდანაა მოტანილი და უეცრად ჩნდება რუთის შესახებ გაკეთებული თითქმის ასეთივე შეუსაბამო შენიშნების შემდეგ; რომ ლექსის შინაარსთან ამას საერთოდ არაფერი ესაქმება. და თუ რამ ადგილი არსებობს, სადაც ბულბულს ყველაზე უფრო ნაკლებად იპოვი, ზღვის ნაპირზე გამავალი ფანჯრის რაფაა. თუმცა ზუსტად ასევე არავინ ელის გოლიათის გულის ზღვის ფსკერზე მყოფ ზარდახშაში აღმოჩენას. პოეტთა მეთაფორების კლასიფიცირებაზე სახიფათო საქმე ძნელად წარმომიდგენია. როდესაც შელი ამბობს, რომ ღრუბელი ადის 'like a child from the womb, like a ghost from the tomb,' („როგორც ბავვი აშოდან, როგორც მოჩვენება საფლავიდან“) პირველი უხეშ და პრიმიტიული დაბადების მითს უნდა შევადაროთ, მეორე კი მოჩვენებათა თაყვანისცემის ნარჩენებს, რომელიც წინაპართა თაყვანისცემაში გადაიზარდა. თუმცა ღრუბელი ასეთ მომპყრობას არ გვაპატიებს და პოლონიუს დავემსგავსებით, მას ხან კვერნას რომ ამსგავსებს, ხან კიდევ კი ვეშაპს.
ზმანებათა ამ ფსიქოლოგიიდან ორი ფაქტი გამომდინარეობს, რაც მუდამ გასათვალისწინებელი მითოლოგიისა და რელიგიის განვითარებაში: ასეთი წარმოსახვითი შთაბეჭდილებები ხშირად მკაცრად ლოკალურია. ალეგორიად ქცეული აბსტრაქციისგან ძალიან დაშორებული, ეს ხშირად კერპში მოქცეული ხატი უფროა. პოეტი ერთი რომელიღაც ტყის იდუმალებას აღიქვამს და არა სატყეო დეპარტამენტის გატყევების მეცნიერული გეგმისას. ის ერთი რომელიმე მთის მწვერვალს ეთაყვანება და არა სიმაღლის ზოგად იდეას. ასევე ვპოულობთ ღვთაებას არა წყალში ზოგადად, არამედ ერთ განსაკუთრებულ მდინარეში. ის ეიძლება ზღვაც იყოს, რადგან ზღვაც ერთი ნაკადია - ერთი მდინარე, რომელიც სამყაროს გარშემო უვლის. უდავოა, საბოლოოდ ბევრი ღვთაება ელემენტამდე ფართოვდება, მაგრამ ის უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ყოვლისმომცველი. აპოლონი ყველგან არ ბინადრობს, სადაც კი მზის სინათლე, მისი სახლ დელფოს კლდეზეა. დიანა საკმარისად დიდია, რათა სამ ადგილას – მიწაზე, ზესკნელსა და ქვესკნელში ერთდროულად იყოს,თუმცა ყველაზე დიდი მაინც ეფესელთა დიანაა. ლოკალურობის ეს შეგრძნება უმდაბლესი ფორმით ის ფეტიში ან თილისმაა, მილიონერები რომ ავტომობილებზე ამაგრებენ. თუმცა ეს შეიძლება მაღალ და სერიოზულ რელიგიაშიც გადაიზარდოს, თუ მაღალ და სერიოზულ ვალდებულებებს უკავშირდება – მაგალითად ქალაქის, ან სულაც კერის ღვთაებაში.
ეორე ფაქტი ისაა, რომ ამ წარმართულ კულტებში გულწრფელობის ყველა ნიუანსიც გვხდება და არაგულწრფელობისაც. რა თვალსაზრისით თვლიდა ათენელი, რომ ათინა პალადას მსხვერპლი უნდა შესწიროს? რომელი მეცნიერი გიპასუხებთ ამაზე ზუსტად? რა თვალსაზრისი თვლიდა დოქტორი ჯონსონი, რომ ქუჩაში ყველა ბოძს უნდა შეეხოს ან ფორთოხლის ქერქი უნდა შეაგროვოს? რა თვალსაზრისით თვლის ბავსვი, რომ ქვაფენილზე თითო ქვის გამოტოვებით უნდა დააბიჯოს? ორი რამაა სავსებით ცხადი: მეტი სიმარტივისა და ნაკლები თვითჩაღრმავების ეპოქაში ასეთი საქციელს მეტი სოლიდურობით ეხედავდნე, მაგრამ არა მეტი სერიოზულობით. ზმანება დღის სინათლეზეც შეიძლება გათამაშდეს, მეტი თავისუფლებით და არტისტული გამომსახველობით, მაგრამ მაინც მთვარეულის მსუბუქი ნაბიჯის შეფერილობით. გაახვიეთ დოქტორი ჯონსონი ანტიკურ მოსასხამში, შეამკეთ მისი შუბლი (მისივე კეთილი ნებართვით) ყვავილების გვირგვინით და ის საზეიმო მსვლელობას შეუდგება იმ უძველესი დილის ცის ქვეშ; ჩამოუვლის და სათითაოდ შეეხება უცნაური ტერმინალური ღმერთებით შემკულ საკრალურ ბოძებს, მიწის და ადამიანის სიცოცხლის საზღვრებთან რომ დაუდგამთ. თავისუფლად გაუშვით ბავშვი რომელიმე კლასიკური ტაძრის შავ-თეთრი მარმარილოს კვადრატებით მოპირკეთებულ იატაკზე სათამაშოდ და ის სიამოვნებით შეასხამს ხორცს თავის მდორე, ზანტ ზმანებას და მას სერიოზულ, მოხდენილ ცეკვად აქცევს. მაგრამ ბოძებიც და ქვაფენილიც მეტად რეალურიცაა და ნაკლებად რეალურიც,ვიდრე თანამედროვე შეზღუდვების ქვეშ, მაგრამ არც იმდენად სერიოზულია, რომ სერიოზულად აღიქმებოდეს. მათში არის გულწრფელობა, რომლებიც ყოველთვის არსებობდა; გულწრფელობა ხელოვნების, რომელიც სიცოცხლის ზედაპირის ქვეშ არსებული სრულიად რეალური სულიერების გამოხატვის სიმბოლოა. თუმცა ეს გულწრფელობა ხელოვნების გულწრფელობის სადარია და არა მაგალითად, ზნეობის. ფორთოხლის ქერქის ექსცენტრიკული გროვა შესაძლოა ფორთოხლებად იქცეს მედიტერანულ ფესტივალზე, ან ოქროს ვაშლებად მედიტერანულ მითში. მაგრამ ეს განსხვავება სულ სხვა სიბრტყეზეა, ვიდრე განსხვავება ბრმა მათხოვარისთვის ფორთოხლის მიცემასა და ფოროხლის ქერქის ისეთნაირად დაგდებაში, რომ მათხოვარი დაეეს და ფეხი მოიტეხოს. ეს განსხვავება თვისებრივია და არა რაოდენობრივი. ბავშვს არ ჰგონია, რომ ქვაფენილის არასწორ ქვაზე და ძაღლის კუდზე დაბიჯება ერთნაირად არასწორია. ისიც დესავით ნათელია, რომ სახუმრარო განწყობას თუ ფანტაზიას, რომელმაც პირველად უბიძგა ჯონსონს ხის ბოძების შეხებისაკენ, არაფერი ესაქმება გრძნობასთან, რომლითაც ის აღაპყრობდა ხელებს იმ საინელი ხის ძელისკენ, ღმერთის სიკვდილი და კაცობრიობის სიცოცხლე რომაა.
უკვე ვთქვი კიდეც, ასეთი განწყობა არც რეალობას იყო მოკლებული და არც რელიგიურობას. სინამდვილეში კათოლოკურმა ეკლესიამ ხმაურიანი წარმატებით აითვისა ადამიანებისთვის ადგილობრივი ლეგენდებისა და მსუბუქი ადათების მიცემის პოპულარული საქმე. როდესაც ასეთი წარმართობა უწყინარი და ბუნებასთან დაკავშირებულია, რატომაც არ უნდა პატრონობდნენ მას წმინდანები ისევე, როგორც ამას ადრე ღვთაებები აკეთებდნენ? წარმოსახვის ყველაზე ბუნებრივი ნაყოფიც კი განსხვავებული სერიოზულობისაა. იმის წარმოდგენა, რომ ტყეში ფერიები ცხოვრობენ, ძალიან განსხვავდება საკუთარი თავის დაშინებისაგან, ვითომდაც მოჩვენებებით დასახლებულ სახლისთვის კილომეტრით რომ გვერდს აგვაქცევინებს. ამ ყველაფრის უკან ის სინამდვილეა, რომ მშვენიერებაც და შიშიც რეალურია, რეალურ სულიერ სამყაროსთანაა დაკავშირებული და მათთან შეხება სულის სიღრმეებს აფორიაქებს. ეს ჩვენ გვესმის, და ეს წარმართებსაც ესმოდათ. საქმე ისაა, რომ წარმართობა სულს მხოლოდ ამ ეჭვებით და ფანტაზიებით ეხებოდა და ამის შედეგია, რომ დღეს წარმართობაში ჩვენთვის ამ ეჭვებისა და ფანტაზიების მიღმა აღარაფერი დარჩა. ყველა საუკეთესო კრიტიკოსი თანხმდება, რომ წარმართული ელადის ყველა უდიდესი პოეტის დამოკიდებულება საკუთარი ღვთაებების მიმართ სრულიად უჩვეულო და დამაბნეველია ქრისტიანული ეპოქის ადამიანისთვის. აქ ადამიანსა და ღვთაებას შორის აღიარებული კონფლიქტია, თუმცა ვერავინ გარკვეულა, სადაა გმირი და სად – ავაზაკი. ეს ეჭვი არამარტო ევრიპიდესნაირ სკეპტიკოსს ახასიათებს „Bacchae-ში,“ არამედ ზომიერ კონსერვატორ სოფოკლეს „ანტიგონეში“ და თვით არისტოფანესნაირ რეაქციონერ კონსერვატორს „ბაყაყებში.“ შეიძლება მოგეჩვენოს, რომ ბერძნებს ყველაზე მეტად თაყვანისცემისა სწამდათ, მაგრამ სათაყვანებელი არავინ ჰყავდათ. ამ გამოცანის გასაღები კი ისაა, რომ ყველაფერი ფანტაზიითა და ოცნებით დაიწყო, ღრუბლის ციხე-კოშკს კი არქიტექტურულ წესების დაცვას ვერ მოსთხოვ.
ესაა მითოლოგიად წოდებული მძლავრად განტოტვილი ხე, რომელიც მთელ მსოფლიოს ფარავს. სხვადასხვა ცის ქვეშ მის ტოტებზე ფერადი ფრინველებივით შემომსხდარან ძვირფასი აზიური კერპები და ნახევრადგამომწვარი აფრიკული ფეტიშები, ტყის თქმულებათა მეფეები და მშვენიერი მეფის ასულები, ვაზსა და ზეთისხილს შორის ჩამარხული ლათინთა ლარები და ოლიმპოს ღრუბლებში მცურავი ბერძენთა აღმატებული ღმერთები. ეს მითოსია: ვისაც მის მიმართ თანაგრძნობა არ გააჩნია, ის არც ადამიანს თანაუგრძნობს. თუმცა მითის მიმართ ძლიერი თანაგრძნობა იმის სრულ განცდასაც იძლევა, რომ ის არ არის და არც არასდროს ყოფილა რელიგია იმ თვალსაზრისით, როგორითაც ქრისტიანობაა, ან თუნდაც ისლამი. ზოგიერთ მოთხოვნილებებს ის რელიგიის მსგავსად აკმაყოფილებს, კერძოდ გარკვეულ დროს გარკვეული ქმედებების მოთხოვნილებას – ზეიმისა და ოფიციალურობის ტყუპისცალ იდეათა მოთხოვნილებას. ის იძლევა კალენდარს, მაგრამ არ იძლევა რწმენას. ადამიანი არ წამოდგება და არ იტყვის: „მწამს იუპიტერი, იუნონა და ნეპტუნი,“ როგორც დგება და ამბობს: „მწამს ერთი ღმერთი, მამა ყოვლისა მპყრობელი...“ ბევრს ზოგი ღვთაება სწამდა და სხვა არა, ან ზოგი მეტად და სხვა ნაკლებად, ან სწამდა ბუნდოვანი, პოეტური თვალსაზრისით. არასდროს განლაგებულან ისინი მართლმორწმუნე წესით, რომლის ხელშეუხებლობისთვისაც ადამიანი იბრძოლებდა და ეწამებოდა. კიდევ უფრო წარმოუდგენელია, რომ ვინმეს წარმოეთქვა „მწამს ოდინი, ტორი და ფრეა,“ რადგან ოლიმპოს გარეთ თვით ოლიმპიური წესრიგიც კი ნისლოვანი და ქაოსური ხდება. ჩემთვის ცხადია, რომ თორი ღმერთი კი არა, გმირია. რელიგიას თუნდაც ოდნავ მიმსგავსებული რამ არ გამოსახავს ღმერთს ხელის ცეცებით მოსიარულე ქონდრისკაცად დიდ გამოქვაბულში, რომელიც გოლიათის ხელთათმანი აღმოჩნდება. ეს დიდებული გაუგებრობაა, სახელად თავგადასავალი; თორიც თავგადასავლის თავზეხელაღებული მაძიებელია; თუმცა მისი ღმერთად შერაცხვა იგივეა, იეღოვა გოლიათების მხოცველ ჯეკს რომ შეადარო. ოდინი ალბათ ბარბაროსთა რეალური ბელადი იყო, ქრისტიანობის შემდგომი ბნელი საუკუნეებიდან. პოლითეიზმი დასასრულისკენ ჭკნება და ზღაპრებად და ბარბაროსთა მოგონებებად გარდაიქმნება; ეს არაა მონოთეიზმი, რომელსაც სერიოზული მონოთეისტი ეჭიდება. თუმცა ის კვლავ აკმაყოფილებს მოთხოვნილებას რომელიმე ამაღლებული სახელის წამოძახებისა ისეთ მომენტებში, რომლებიც თავისთავად კეთილშობილი და ამაღლებულია, მაგალითად ბავშვის დაბადებისას ან ქალაქის გადარჩენისას. მაგრამ ასეთი სახელი ბევრისთვის მხოლოდ სახელად რჩებოდა. ბოლოსდაბოლოს ის ნაწილობრივ მაინც აკმაყოფილებდა ადამიანის ერთ ურღმეს მისწრაფებას: უცნობი ძალაუფლებისთვის ნაწილის დათმობის, მიწაზე ღვინის დაქცევის, ზღვაში ბეჭდის გადაგდების – ერთი სიტყვით, მსხვერპლშეწირვის იდეას. ჩვენი უპირატესობის ბოლომდე გამოუყენებლობის, ჩვენი საეჭვო სიამაყის გაწონასწორების, ნაბოძები მამულისთვის ბუნებისთვის გადახდილი გადასახადის იდეა ბრძნული და ფასეულია. ამპარტავნებისგან, საკუთარ ტყავში ვერჩატევისგან მომდინარე საფრთხის სირღმისეული ჭეშმარიტება ყველა დიდ ბერძნულ ტრაგედიას გასდევს და დიდადაც სწორედ ეს აქცევს. თუმცა მას კვალდაკვალ მისდევს მოსამადლიერებელი ღმერთების რეალური ბუნების ამოუცნობი იდუმალება. იქ, სადაც დათმობის ეს სწრაფვა ყველაზე უფრო შესანიშნავია, როგორც მაგალითად დიდ ბერძნებთან, ის აზრიც ჩანს, რომ ადამიანი ბევრად უფრო ისარგებლებს ხარის დაკარგვით, ვიდრე ღმერთი მისი მოპოვებით. ამბობენ, რომ ხშირად უხეში ფორმის ქმედება გროტესკულ ხასიათს იძენს იმის წარმოდგენით, თითქოს ღმერთი მართლაც შეექცეოდეს შესაწირს. ეს ფაქტი იმ შეცდომითაა გაყალბებული, თავიდანვე რომ მოვიყვანე მითოლოგიის ამ ნარკვევში. ეს ზმანებათა ფსიქოლოგიაში გაურკვევლობისგანაა. ბავშვი, რომელიც წარმოიდგენს, რომ ხის ფუღუროში გობლინი ბინადრობს, უხეშ და მატერიალურ რასმე მოიმოქმედებს ხოლმე – მაგალითად ღვეზელის ნაჭერს უტოვებს. პოეტი უფრო კეთილშობილურად და მოხდენილად იქცევა, როდესაც ღვთაებას ხილს და ყვავილებს სწირავს. თუმცა სერიოზულობის ხარისხი ორივე შემთხვევაში შეიძლება ერთნაირიც იყოს და განსხვავებულიც. წარმართი პოეტი არც ათეისტივით უეწმუნოა და არც ქრისტიანივით მორწმუნე. ის გრძნობს იდუმალი ძალის არსებობას, რომელსაც ვარაუდობს ან იგონებს. წმ. პავლე ამბობს, რომ ბერძნებს ერთი საკურთხეველი უცნობი ღმერთისთვის მოეწყოთ. სინამდვილეში ყველა მათი ღმერთი უცნობი იყო. ისტორიაშიც რეალური გარღვევა მაშინ მოხდა, როცა წმ. პავლემ მათ გამოუცხადა, თუ ვის ეთაყვანებოდნენ ამის უცოდინრად.
მთელი ასეთი წარმართობის შეჯამება შემდეგნაირადაა შესაძლებელი: ესაა ღვთიური რეალობის მიღწევის მცდელობა ოდენ წარმოსახვის საშუალებით; გონება მას ამ სარბიელზე საერთოდ არ ზღუდავს. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმის დანახვა, რომ გონება რელიგიისგან განცალკევებულია მთელი ისტორიის მანძილზე ამ ცივილიზაციათა შორის ყველაზე უფრო მეტად რაციონალურებშიც კი. რამდენიმე ნეოპლატონიკოსის ან ბრამინის მცდელობანი ამ კულტების რაციონალიზაციისა მათი დაცემისა და თავის მართლების ეტაპზე დაგვიანებული გამოძახილია და ისინიც მხოლოდ ალეგორიზებით იფარგლებიან. სინამდვილეში მითოლოგიისა და ფილოსოფიის მდინარეები პარალელურად მიედინებოდა, ვიდრე ქრისტიანობის ზღვაში არ შეერთდა. გულუბრყვილო სეკულარისტები ახლაც ამტკიცებენ, თითქოს ეკლესიამ გონებასა და რწმენას შორის სქიზმა ჩამოაგდო. ჭეშმარიტება კი ისაა, რომ ეკლესიამ საერთოდ პირველმა სცადა გონებისა და რწმენის გაერთიანება. ღვთისმსახურთა და ფილოსოფოსთა მსგავსი ერთობა მანამდე არასდროს არსებულა. მითოლოგია ღმერთს წარმოსახვის საშუალებით, ანუ ჭეშმარიტებას მშვენიერების საშუალებით ეძებდა, მშვენიერება კი ამ გზაზე ბევრ ყველაზე უფრო გროტესკულ სიმახინჯესაც მოიცავს. თუმცა წარმოსახვას საკუთარი კანონები და შესაბამისად, გამარჯვებებიც აქვს, რომლებსაც ვერც ლოგიკოსი ჩასწვდება და ვერც სწავლული. ის მართალია წარმოსახვითი ინსტიქტის წინაშე ათასნაირ ზედმეტობაში, უხეშ კოსმოსურ პანტომიმაში, სადაც ღორი მთვარეს ყლაპავს, სამყაროს კი ძროხისგან გამოჭრიან, აზიური ხელოვნების თავბრუდამხვევ კონვულსიებში და მისტიკურ დეფორმაციებში, ეგვიპტური და ასირიული გამოსახულებების უძრავ და მიშტერებულ მოუქნელობაში, გიჟური ხელოვნების ყველანაირ გაბზარულ სარკეში, რომელიც ფორმას უცვლის სამყაროს და წაანაცვლებს ცას. ის ინარჩუნებდა სიმართლეს იმასთან, რასთანაც არ კამათობენ, რაც რომელიმე სკოლის რომელიმე ხელოვანს უეცრად გააშეშებს რაიმე უფორმო უცნაურობის წინაშე და ათქმევინებს: „ჩემი ოცნება ასრულდა.“ ამიტომაც ვგრძნობთ ყველა, რომ წარმართული თუ პრიმიტიული მითოლოგია უსასრულოდ მრავლისმეტყველია, ვიდრე ჭკუა გვყოფნის, რომ არ ჩავეძიოთ, თუ რაზე მეტყველებს; ამიტომ გვესმის ყველას, თუ რას ნიშნავს პრომეთეს მიერ ზეციდან ცეცხლის მოტაცება, ვიდრე რომელიმე პესიმისტი ან პროგრესული ჭკუის კოლოფი ამის ახსნას არ დაგვიწყებს. ასევე გვესმის ჯეკის და ლობიოს მარცვლის ამბის მნიშვნელობაც, ვიდრე გვეტყვიან. ამ თვალსაზრისით მართალია, რომ მითი უცოდინარისთვისაა მისაღები, რადგან უცოდინარია ლექსის ჭეშმარიტი დამფასებელი. წარმოსახვას თავისი კანონები და ტრიუმფი აქვს; უზარმაზარი ძალა მოსავს მის ხატებს, გონებაში არსებულს თუ ტალახიდან გამოყვანილს, პოლინეზიური ბამბუკისა თუ ელადის მარმარილოსგან შექმნილს. თუმცა ტრიუმფს ყოველთვის ახლავს სიძნელე, რომლის გაანალიზებასაც აქამდე ამ ფურცლებზე უშედეგოდ ვცდილობდი. იქნებ საბოლოოდ მაინც ასე ჩამოვაყალიბო:
საქმე ისაა, რომ ადამიანს თაყვანისცემა ბუნებრივად მიაჩნია, თვით არაბუნებრივისაც კი. კერპი შეიძლება უცნაურად გახევებული იყოს, სამაგიეროდ მლოცველის მოძრაობაა კეთილშობილი და მშვენიერი; ის გრძნობს, რომ არამარტო თავისუფლდება, არამედ მაღლდება კიდეც, როცა ქედს იხრის; თაყვანისცემის წართმევა მას ამუხრუჭებს, მეტიც - სამუდამოდ ამახინჯებს. მხოლოდ საერო ყოფა დამაბრკოლებელი და მონურია; თუ ვერ ლოცულობს, პირი ჰქონია აკრული; თუ ვერ იჩოქებს – შეუბორკავთ. ამიტომაა, რომ წარმართობას რწმენის და ურწმუნობის უცნაური, გაორებული გრძნობა გასდევს. მისალმების ან მსხვერპლშეწირვის ჟესტი, მახვილის აღმართვა და მიწაზე ღვინის დაღვრა ადამიანისთვის ფასეული და ვაჟკაცურია - ერთი იმ მიზანთაგანია, რისთვისაც ის შეიქმნა. ამიტომაა, რომ მისი წარმოსახვითი მცდელობა გამართლებულია. მაგრამ ზუსტად იმის გამო, რომ ის წარმოსახვით იწყება, მას რაღაც დამცინავიც ერევა, რაც ბერძნულ ტრაგედიაში აუტანელი ირონიის ფორმას იღებს. აქ იჩენს თავს დისპროპორცია ქურუმსა და საკურთხეველს თუ საკურთხეველსა და ღვთაებას შორის. ქურუმი უფრო ამაღლებული და თითქოს უფრო წმინდაა, ვიდრე ღვთაება. ტაძრის მთელი მოწყობა ჩვენი ბუნებისთვის მისაღები და სოლიდურია, გარდა თვით ცენტრისა, რომელიც ცეცხლის მოცეკვავე ალივით უცნაურად ცვალებადი და საეჭვოა. ყველაფერი იმ პირველი აზრის ირგვლივაა აგებული, პირველი აზრი კი ფანტაზიად და ლამის ქარაფშუტობად რჩება. შეხვედრის ამ უცნაურ ადგილას ადამიანი უფრო სკულპტურული ჩანს, ვიდრე თვით ქანდაკება. მას თავისუფლად შეუძლია „მლოცველი ყრმის" კეთილშობილი და ბუნებრივი პოზა სამუდამოდ მიიღოს, თუმცა ვისი სახელიც არ უნდა ეწეროს პიედესტალს – ზევსის, ამონის თუ აპოლონის – ის მაინც პროტეუსს ეთაყვანება.
„მლოცველი ყრმა“ მოთხოვნილებას უფრო გამოხატავს, ვიდრე მის დაკმაყოფილებას; ზეაწეული ხელები ბუნებრივი და აუცილებელი ქმედების შედეგია, მაგრამ არანაკლებად მანიშნებელი ამ ხელების სიცარიელეა. ამ მოთხოვნილების ბუნებას კიდევ დავუბრუნდები, ახლა კი მხოლოდ ვიტყვი: ეს ჭეშმარიტი განცდა, რომ ლოცვა და მსხვერპლი თავისუფლება და ზრდაა, ალბათ უკან, საყოველთაო მამობის განუზუმელი და ნახევრადმივიწყებული იდეისკენა იყო მიმართული, რომელიც განთიადის ცაზე ყველგან უკვე მიმქრალიყო. ეს ჭეშმარიტებაა, მაგრამ არასრული. პოეტში, როგორადაც მას წარმართი წარმოადგენს, არის ურღვევი განცდა, არც თუ მთლად მცდარი, რომელიც საკუთარი ღვთაების შემოფარგვლისკენ ისწრაფის. ესაა პოეტურობისა და თუ გნებავთ, ღვთისმოსავობის სულის ნაწილი. პოეტთა შორის უდიდესი, როდესაც პოეტს განმარტავს, არ ამბობს, რომ ის ან სამყაროს, ან აბსოლუტურს, ან უსასრულოს გვაძლევს, არამედ, მისივე დიდ ენაზე, ადგილობრივ საცხოვრებელს და სახელს გვთავაზობს. არცერთი პოეტი არაა უბრალოდ პანთეისტი; ყველაზე უფრო პანთეისტიც კი, შელლის მსგავსად, ადგილობრივი, კონკრეტული ხატებით იწყებს, როგორც ამას წარმართნი შვრებოდნენ. ბოლოსდაბოლოს, შელლი ტოროლას იმიტომ უმღერდა, რომ ის ტოროლაა. სამხრეთ ამერიკაში მოხმარებისთვის განკუთვნილ თარგმანში ტოროლას სირაქლემათი ვერ ჩაანაცვლებ. ასეა მითოლოგიური წარმოსახვაც – წრიულად გარს უვლის, რათა ადგილი იპოვოს და დაუბრუნდეს მას. ერთი სიტყვით, მითი ძიებაა. ეს განახლებადი სურვილისა და გამეორებადი ეჭვის ერთობლიობაა, რომელშიც ადგილის პოვნის გულწრფელი წყურვილი უკვე ნაპოვნთა მიმართ ამჩატების ღრმა, ბნელ და იდუმალ დამოკიდებულებას ერევა. ეულ წარმოსახვას მხოლოდ აქამდე მივყავართ, ეულ გონებას კი მოგვიანებით მივუბრუნდებით. ამ გზაზე ორივე ერთად ვერ იმოგზაურებს.
ეს განასხვავებს ყველაფერ ამას რელიგიისაგან, ანუ იმ რეალობისაგან, სადაც ყველა ეს განზომილება ხვდება და მყარდება. ეს განსხვავდება რეალობისაგან არა გარეგნულად, არამედ არსით. სურათი შეიძლება ლანდშაფტს ჰგავდეს, ჰგავდეს ყველა წვრილმანით. განმასხვავებებლი ერთადერთი წვრილმანია – ის არაა ლანდშაფტი. ასეთივე რამ განასხვავებს დედოფალი ელისაბედის პორტრეტს დედოფალ ელისაბედისგან. მხოლოდ ამ მითიურ და მისტიკურ სამყაროში პორტრეტი შესაძლოა ადამიანს უწინ არსებობდეს; ამიტომ პორტრეტი უფრო ბუნდოვანი და საეჭვოა. თუმცა ყველა, ვისაც უგრძვნია და უსაზრდოვია ამ მითების ატმოსფეროთი, მიხვდება, თუ რას ვგულისხმობ, როცა ვამბობ, რომ რაღაც თვალსაზრისით მათ არც გააჩნდათ რეალობის პრეტენზია. წარმართებს რეალობა მხოლოდ ეზმანებოდათ და ისინი პირველნი თავად აღიარებდნენ, რომ ზმანებათა ნაწილი, მათი საკუთარი სიტყვებით, სპილოსძვლის, ნაწილი კი რქის კარიბჭეთაგან მოდიოდა. ზმანება ძალიან ცოცხალია, როდესაც ისეთ მგრძნობიარე და ტრაგიკულ საგნებს ეხმიანება, მძინარეს რომ გულგატეხილს გააღვიძებს. ის განუწყვეტლად დასტრიალებს ისეთ სულისშემძვრელ თემებს, როგორიც შეხვედრა და განშორებაა, სიცოცხლის სიკვდილით დასრულება თუ სიკვდილით სიცოცხლისათვის დასაბამის დადებაა. დემეტრა დამსხვრეულ სამყაროში შვილს დაეძებს, იზიდას ამაოდ გაუშლია ხელები ოსირისის სხეულის ნაწილთა მოსაგროვებლად; ბორცვები ატისის გლოვას მოუცავს, ტყეები ადონისზე მოთქმას. და მთელ ამ გოდებას უღრმესი მისტიკური განცდა ერევა - რომ სიკვდილი შესაძლოა ხსნა და შვებაა; რომ ასეთი სიკვდილი ღვთიურ სისხლს გვაძლევს განმაახლებელი მდინარისათვის და მთელი სიკეთე დანაწევრებული ღვთიური სხეულის შეგროვებაშია. ამას ჭეშმარიტად შეიძლება მომავლის დალანდვა ვუწოდოთ თუ გვემახსოვრება, რომ დალანდვა ლანდებს მოიცავს მხოლოდ. ლანდების მეტაფორა მართლაც მრავლისმეტყველია, რადგან აქ სასიცოცხლო მნიშვნელობის ჭეშმარიტებას ეხმიანება: ლანდი ხომ მხოლოდ ფორმაა – ფორმა და არა შიგთავსი. ეს ამბები რეალობის მაგვარია და ასე თქმა ნიშნავს განსხვავების აღიარებასაც. თქმა იმისა, რომ რაღაც ძაღლს მოგაგონებს, სხვა სიტყვებით თქმაა იმისა, რომ ეს რაღაც ძაღლი არაა. ასეთია მითისა და და ადამიანის ურთიერთმიმართებაც. არავის უფიქრია, რომ ისიდა ადამიანური არსებაა, ან დემეტრა - ისტორიული პერსონაჟი, არც ადონისი ჩაუთვლია ვინმეს ეკლესიის დამაარსებლად. არცერთი მათგანისთვის სამყაროს შეცვლის იდეა არ დაუკავშირებიათ - მათი სიკვდილისა და სიცოცხლის გამეორებდი მონაცვლეობა სამყაროს უცვლელობის სევდიანი და მშვენიერი ტვირთის მატარებელი უფროა და არცერთი არაა გადატრიალება. მთელი მათი მნიშვნელობა დაიკარგება, თუ ვერ დავინახავთ, რომ ისინი ლანდებია, რომლებსაც მივსდევთ და რომლებიც თავად ვართ. გარკვეული სამსხვერპლო თუ საზოგადო თვალსაზრისით ისინი ბუნებრივად მიგვანიშნებენ, თუ როგორი ღმერთი დააკმაყოფილებდათ, მაგრამ ამავე დროს არანაირ კმაყოფილებას თავად არ გამოხატავენ. ვინც სხვანაირად ფიქრობს, პოეზიის ცუდი მცოდნეა.
ის, ვინც წარმართ ქრისტეზე ლაპარაკობს, წარმართობას კიდევ უფრო ნაკლებად თანაუგრძნობს, ვიდრე ქრისტიანობას. მათ, ვისაც ეს კულტები „რელიგიად“ მიაჩნია და ეკლესიის უდაობასა და გამოწვევებს „ადარებს,“ შეუდარებლად აკნინებს წარმართობის ჰუმანიზმს და კლასიკური ლიტერატურის მნიშვნელობას, რომელიც დღესაც ჰაერში სიმღერასავით გაისმის. ვერაფერი თანაგრძნობაა, მშიერს უმტკიცო, რომ შიმშილი სიმაძღრის ნაირსახეობაა, ან ახალგაზრდა დაარწმუნო, რომ იმედი ბედნიერების მოთხოვნილებას ანაცვლებს. და სავსებით არარეალურია იმის მტკიცება, რომ წარმოსახვის ამ ნაყოფ, სრულიად აბსტრაქტული აღტაცების საგანს, კონკრეტულობის გამო სცემდნენ თაყვანს – ისეთივე არარეალური, როგორც ყაჩაღობანას მოთამაშე ბიჭის სანგარში პირველად მოხვედრილ ჯარისკაცთან, ან პირველი ყმაწვილური ოცნების ქორწინების საიდუმლოსთან გაიგივება. განსხვავება არსებითია სწორედ იქ, სადაც მსგავსებაა. ერთი რეალურია, მეორე კი არა. არ ვგულისხმობ, რომ ერთი უბრალოდ ჭეშმარიტია, მეორე კი არა. ვგულისხმობ, რომ ერთი არასდროს ჩაუთვლიათ ჭეშმარიტებად იმ თვალსაზრისით, როგორც მეორე. თვალსაზრისზე, რომლითაც მითს შეშმარიტებად თვლიდნენ, ბუნდოვნად მივანიშნე, თუმცა ეს წარმოუდგენლად მოუხელთებელი და აღუწერელია – იმდენად, რომ მკვლევარებს, რომლებიც მითს ჩვენს რელიგიას უპირისპირებენ, საკუთარი კვლევის თვით არსი და საგანი ხელიდან ეცლებათ. ჩვენ, არამკვლევარებს, მკვლევარებზე უკეთ გვესმის, რა ისმის ადონისის დატირებაში და რატომაა დიდი დედის ქლიშვილი სიკვდილთან შეუღლებული. ჩვენ მათზე უფრო ღრმად შევაღწიეთ ელევსინურ მისტერიებში და უმაღლესი საფეხურები გავიარეთ, სადაც კარიბჭენი ორფეოსის სიბრძნეს იცავენ. ჩვენ ყველა მითის მნიშვნელობა ვიცით, ჩვენ სრულყოფილი ხელდასხმის უკანასკნელ საიდუმლოს ვფლობთ და ეს არაა ღვთისმსახურის ან წინასწარმეტყველის წარმოთქმული „ეს არის,“ არამედ მეოცნებისა და იდეალისტის წამოძახებული „რატომაც არ უნდა იყოს?“

No comments:

Post a Comment