III სამყაროს ყველაზე უცნაური ამბავი


ბოლო თავში ხაზი შეგნებულად გავუსვი იმას, რაც დღეს ახალი აღთქმის თითქოს მივიწყებული მხარეა. ვფიქრობ, არავინ არ ჩამითვლის, რომ ეს ამბის ჭეშმარიტად ადამიანური მხარის მისაჩქმალად გავაკეთე. ის, რომ ქრისტე ყველაზე უფრო ლმობიერი მსაჯული და თანამგრძნობი მეგობარი იყო და არის, უმნიშვნელოვანესი ფაქტია პირველ რიგში ჩვენი პირადი ცხოვრებისთვის და არა ვინმეს ისტორიული მსჯელობის მიზნებისთვის. თუმცა ამ წიგნის მიზანი იმის ჩვენებაა, რომ იაფფასიან განზოგადებებში რაღაც განუმეორებელი დაიკარგა; ამიტომაა აუცილებელი ნიადაგ მტკიცება იმისა, რომ აქ უნივერსალურიც კი უკიდურესად თვითმყოფადია. ავიღოთ თანამედროვე განწყობებისთვის სიმპატიური თემა - ბავშვობით აღტაცება - რასაც ვერ ვიტყვით ბოლოს განხილულ ასკეტურ მიდრეკილებებზე. ეს ისაა, რაც მართლა გვესმის და რაც იმ დროს აღტაცებას სრულიადაც არ იწვევდა. თუ სახარებათა თვითმყოფადობის მაგალითი გვჭირდება, უფრო ძლიერსა და გასაოცარს ვერ ვიპოვით. ორი ათასი წლის შემდეგ ვიგრძენით განწყობა, რომლითაც ბავშვის მისტიკურ ხიბლს აღვიქვამთ. ამას რომანტიკითა და სინანულით გამოვხატავთ პიტერ პენსა და ბავშვის ბაღის ლექსებში. ქრისტეს სიტყვებზე შეგვიძლია ძალიან გაბრაზებულ ანტი-ქრისტიანს, სუინბერნს ვათქმევინოთ:
'No sign that ever was given
To faithful or faithless eyes
Showed ever beyond clouds riven
So clear a paradise.
Earth's creeds may be seventy times seven
And blood have defiled each creed
But if such be the kingdom of heaven
It must be heaven indeed.'
(‘არცერთ ნიშანს, ადრე მოცემულს
მორწმუნე თუ ურწმუნო თვალისთვის,
არ უჩვენებია დაფლეთილ ღრუბლების მიღმა
ესოდენ ცხადი სამოთხე.
რწმენა იქნებ შვიდჯერ სამოცდაათია
და ყველა სისხლშია გასვრილი,
მაგრამ თუ ზეციური სასუფეველი ასეთია,
მართლაც სამოთხე ყოფილა.”)
მაგრამ ეს სამოთხე უხილავი იყო, ვიდრე ქრისტიანობამ თანდათან არ გამოაჩინა. წარმართული სამყარო ვერ გაიგებდა მტკიცებას, თითქოს ბავშვი უფრო ამაღლებული და წმინდაა, ვიდრე ზრდასრული ადამიანი. ეს ისევე იქნებოდა აღქმული, როგორც მტკიცება, რომ თავკომბალა ბაყაყზე უფრო ამაღლებული და წმინდაა. რაციონალისტური გონებისთვის ასევე ჟღერს, რომ კვირტი ყვავილზე ლამაზია, მკვახე ვაშლი კი მწიფეს სჯობს. ეს სრულიად მისტიკურია, ისევე, როგორც ქალწულობის კულტი, თუმცა ანტიკურ წარმართობაში ქალწულებრივი სიწმინდე უფრო ესმოდათ, ვიდრე ბავშვური. მრავალ მიზეზთა გამო დღეს ბავშვის თაყვანისცემას დავუბრუნდით, ნაწილობრივ იმის გამოც, რომ გვშურს მისი, რადგან მასსავით მარტივი თამაშებისა და ზღაპრებისგან სიამოვნების მიღებას ვეღარ ვახერხებთ. ამის უკან რეალური და რთული ფსიქოლოგია იმალება, და თუ მაინც ვეცდებით, თანამედროვე აღმოჩენად წარმოვადგინოთ, მოგვიწევს კიდევ ერთხელ აღიარება იმისა, რომ ისტორიულმა იესო ნაზარეველმა ეს ორიათასი წლის წინ გააკეთა. არაფერი მის ირგვლივ ამ აღმოჩენას ხელს არ უწყობდა. ამაში ქრისტე ჭეშმარიტად ადამიანი იყო, მაგრამ უფრო ადამიანური, ვიდრე იმდროინდელი ადამიანი წესით უნდა ყოფილიყო. პიტერ პენი პანის სამყაროს კი არა პეტრეს სამყაროს ეკუთვნის.
ლიტერატურულ სტილშიც კი, თუკი ჩავთვლით, რომ მის დასანახად საკმარისად დაშორებული ხედვა გვაქვს, არის ისეთი საინტერესო რამ, რაც არცერთ კრიტიკოსს არ შეუმჩნევია: გოდოლის გოდოლზე დაშენებასავით a fortiori არგუმენტის გამოყენება, ხარისხთა პაგოდის შვიდ ზეცასავით აგების მსგავსი. უკვე ავღნიშნე ის თითქმის შებრუნებული წარმოსახვითი ხედვა, რომლითაც სოდომისა და გომორის შებრალების შეუძლებელობაა დახატული. ალბათ მთელ ლიტერატურაში სრულყოფილებით არაფერი შეედრება სამი განსხვავებული ხარისხის გამოყენებას მინდვრის შროშანების იგავში, სადაც ის ერთ პატარა ყვავილს იღებს და მის უბრალოებასა და სისუსტეს აღწერს; შემდეგ უეცრად მის ფერადოვნება ეროვნული ლეგენდისა და დიდების სასახლეებამდე აჰყავს; შემდეგ კი, მესამე შემობრუნებით, გვერდზე მოისვრის და კვლავ არარაობად აქცევს: “ კუეთუ თივაჲ იგი ველისაჲ, რომელი დღეს არს და ხვალე თორნესა შთაეგზნის, ღმერთმან ესრეთ შემოსის, არა-მე უფროჲს თქუენა, მცირედ-მორწმუნენო?” ეს ჰგავს თეთრი მაგიით ბაბილონის კეთილი გოდოლის ხელის ერთი მოძრაობით აგებას. გოდოლის, რომელიც ზეცაშია აჭრილი და მის თავზე, უფრო მაღლა, ვიდრე ჩვენს წარმოდგენას შეუძლია მიწვდომა, ადამიანის ფიგურაა, ვარსკვლავური კიბით, ნათელი ლოგიკითა და სწრაფი წარმოსახვით ყველაფერ სხვაზე სამი უსასრულობით უფრო ზეაწეული. უბრალო ლიტერატურული თვალსაზრისით ეს მეტია, ვიდრე ბიბლიოთეკის ყველა შედევრი ერთად, არადა შემთხვევით ნათქვამივითაა, ვიდრე ადამიანი ყვავილს წყვეტდა. შედარებითი ხარისხების ასეთი გამოყენებაც, ვფიქრობ, ბევრად უფრო მაღალს რასმე მიანიშნებს, ვიდრე პასტორალური და სათემო ზნეობის გაკვეთილია. არაფერი ისე ნათლად არ მეტყველებს დახვეწილ და ჭეშმარიი თვალსაზრისით აღმატებულ გონებაზე, ვიდრე დაბალის მაღალთან და შემდეგ ამ მაღლის კიდევ უფრო მაღალთან კვლავ შედარების ასეთი ძალა; სამ დონეზე ერთდროულად აზროვნების ეს უნარი. არაფერს არ სჭირდება სიბრძნის ისეთი უიშვიათესი სახეობა, როგორც იმის დანახვას, რომ მოქალაქე მონაზე მეტია, მაგრამ სული უსასრულოდ უფრო მაღლაა ვიდრე მოქალაქეც და ქალაქიც. ასეთ უნართან არაფერი ესაქმებათ სახარების გამარტივების მომხრეთ, მარტივი თუ სენტიმენტალურ ზნეობა რომ დაუინებიათ. არც მათ, ვინც საყოველთაო სიმშვიდის მოწოდებებით კმაყოფილდება. პირიქით, ამის გამაოგნებელი მაგალითია ხილული წინააღმდეგობა ქრისტეს სიტყვებში მშვიდობასა და მახვილზე. სწორედ ეს ძალაა, რომელიც აღიქვამს, რომ სამართლიანი მშვიდობა სამარლიან ბრძოლას სჯობს, სამარლიანი ბრძოლა კი უსამართლო მშვიდობას. ეს ძლიერ განტოტვილი შედარებები არსად არაა ასე ხშირი, როგორც სახარებაში და ჩემთვის ისინი რაღაც უზარმაზარის მინიშნებებია. ასე აღმართულა განცალკევებული და მყარი რამ, რასაც დამატებით მესამე, სიმაღლისა თუ სიღრმის განზომილება აქვს, ბრტყელ არსებებზე, ერთ სიბრტყეში რომ არსებობენ.
დახვეწილისა და აღმატებულის ეს თვისება, რასაც შორს ხედვა და ორმაგი მნიშვნელობები ხელეწიფება, აქ მხოლოდ კეთილგანწყობისა და იდეალიზმის გაცვეთილ გადაჭარბებათა საპირწონედ არაა მოყვანილი, არამედ იმ უზარმაზარ ჭეშმარიტებასთან დაკავშირებით, რომელსაც წინა თავის ბოლოს შევეხე: მეგალომანიასთან ასეთი პიროვნების დაკავშირება თითქმის შეუძლებელია, თანაც ასეთ მძაფრსა და გამაოგნებელის, რომელიც ამ განცხადებაში ისმის. ინტელექტუალური გამორჩეულობა, რომელიც ამ თვისებას შეიძლება ვუწოდოთ, თავისთავად ღვთაებრიობის მაჩვენებელი ვერანაირად ვერ გახდება, თუმცა ნამდვილად გამოდგება, როგორც ღვთაებრიობის ვულგარულ და ფუჭ პრეტენზიასთან შეუთავსებლობის წონადი საბუთი. ასეთ ადამიან, თუკი მხოლოდ ადამიანი იყო, ვერაფრით ვერ დაათრობდა არსაიდან აღებული იდეა, რომელიც რელიგიაშთვითმოტყუებული ზემგრზნობიარე ადამიანის ნიშანია. ამის ავიდან აცილება არც იმის უარყოფით მოხერხდება, რომ ქრისტემ მსგავსი რამ არ უთქვამს. არცერთ ასეთ ადამიანს, სადარი ინტელექტუალური რიგის არცერთ წინასწარმეტყველსა თუ ფილოსოფოსს არასდროს გამოუთქვამს მსგავსი რამ. თუ ეკლესიამ შეცდომით გაიგო, ის მაინც სიმართლედ რჩება, რომ არცერთ სხვა ისტორიულ ტრადიციაში, ეკლესიის გარდა, ასეთი შეცდომა არაა დაშვებული. მაჰმადიანთ არ შეშლიათ და მუჰამედი ალაჰად არ წარმოუდგენიათ. იუდეველებს მოსე არასწორად არ გაუგიათ და იაღვედ არ ჩუთვლიათ. რატომაა მხოლოდ ერთი განცხადება გადაჭარბებული, იქნებ მხოლოდ ერთია გაკეთებული? თუ ქრისტიანობა ერთი საყოველთაო შეცდომაა, ეს შეცდომა ისეთივე განმარტოებულია, როგორც ხორცშესხმა.
ვენი მიზანი ბუნდოვანი და ვულგარული ვარაუდების სიცრუის მხილებაა და აი ერთი ყველაზე უფრო ცრუ - მოარული მოსაზრება, თითქოს ყველა რელიგია ერთია, მათი დამფუძნებლები კი ერთი, ვარსკვლავური გვირგვინის მოსაპოვებლად მებრძოლი მოწინააღმდეგენი არიან. ეს სრული სიცრუეა. ამ გვირგვინის მაძიებლობა უიშვიათესია, უნიკალურიც კი. მუჰამედი მას მიქიაზე და მალაქიაზე მეტად არ ესრაფოდა, კონფუცი კი მარკ აურელიუსსა თუ პლატონზე მეტად. ბუდას არასდროს უთქვამს, რომ ბრაჰმაა. ზოროასტრს არც ორმუზდობა დაუჩემებია და არც აჰრიმანობა. ჩვეულებრივ შემთხვევებში საქმე ზუსტად ისეა, როგორც ეს მოსალოდნელია. რაც უფრო დიდია ადამიანი, მით უფრო ნაკლებად სავარაუდოა, რომ უდიდესის მაძიებლად მოგვევლინოს. იმ უნიკალური შემთხვევის გარდა, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ, ასეთ პრეტენზიას მხოლოდ უმცირესი ადამიანი – თავის თავზე კონცენტრირებული მონომანიაკი თუ განაცხადებს. ვერავინ წარმოიდგენს, რომ არისტოტელე დაიჩემებდა ადამიანთა და ღმერთთა მამობას; ასეთ რამ კალიგულას მსგავსი რომელიმე შეშლილი რომაელი იმპერატორისგან უფროა მოსალოდნელი. ვერავინ წარმოიდგენს, რომ შექსპირი ამბობს, თითქოს ღვთაებრივია; ადვილი წარმოსადგენია შერეკილი ამერიკელი, რომელიც ასეთ კრიპტოგრამას შექსპირის, ან უფრო სწორად საკუთარ ნაშრომებში აღმოაჩენს. აქა-იქ მოიძებნება ადამიანი, ვინც ასეთ ზეადამიანურ რასმე იჩემებს – შეშლილთა თავშესაფარში, მაგალითად. თუმცა ჩვენს ძალიან მატერიალისტურ საზოგადოებაში, შეშლილობის შესახებ თავისი ნედლი და მოუხეშავი კანონებით მათ მატერიალისტურ ხვედრზე უფრო საინტერესო ამჟამად ისაა, რომ ამისკენ მიდრეკილ ტიპ ერთდროულად მაღალფარდოვანიცაა და ვიწრო. ასეთი ადამიანები არა ბრძენთა, წინასწარმეტყველთა და რელიგიათა დამფუძნებლებს, არამედ საცოდავ შეშლილთა შორის უნდა ეძებო. სწორედ აქ ხდება ეს მსჯელობა განსაკუთრებით საინტერესო, რადგან შეუძლებელს ეჭიდება. არავის გამოუთქვამს ვარაუდი, რომ იესო ნაზარეველი ამ ტიპის ადამიანია. არცერთი ჭკვათამყოფელი თანამედროვე კრიტიკოსი არ ფიქრობს, რომ ის, ვინც აღვიდა მთასა და იქადაგა, ჭკუასუსტია, რომელიც საკნის კედლებზე ვარსკვლავებს ხატავს. არცერთ ათეისტს და ღვთისმგმობელს არ სჯერა, რომ უძღები შვილის იგავის ავტორი ერთი შეშლილი იდეის ტყვეობაში მოქცეული ურჩხულია. ყველა შესაძლო ისტორიული კრიტიციზმის მიხედვით ადამიანური არსებების სკალაზე ის უფრო მაღალ ადგილზე უნდა მოთავსდეს. არადა ლოგიკა მოითხოვს, რომ აქ მოვათავსოთ – ან არადა უმაღლეს ადგილას.
მათ, ვინც ამას სინამდვილეში სრულიად განყენებულად და წყანარად უყურებს (როგორც მე აქ ვცდილობ ჰიპოთეტურად), ყველაზე საინტერესო ადამიანურ პრობლემასთან აქვს საქმე. ეს იმდენად საინტერესოა, რომ ვთავაზობ, მიუკერძოებლად ეცადონ ეს რთული პრობლემა ადამიანურ პორტრეტად გარდაქმნან და წარმოიდგინონ. თუ ქრისტე მხოლოდ ადამიანი იყო, ის ძალიან რთული და წინააღმდეგობრივი ადამანი ყოფილა, რადგან გამოდის, რომ ადამიანის ხასიათის სრულიად საპირისპირო, შეუთავსებელ თვისებებს აერთიანებდა. აკვიატების ტყვეობაში მყოფი ვერასდოს იქნება ისეთი, როგორც ის იყო: ბრძენი, შესანიშნავი მსაჯული. მისი ნათქვამი ყოველთვის მოულოდნელია, თანაც ყოველთვის მოულოდნელად დიდსულოვანი და ხირად მოულოდნელად ზომიერი. ღვარძლისა და იფქლის იგავი ნახეთ - ის საღი აზრისა და დახვეწილობის ერთიანობაა, მასში არაა შლეგის სიმარტივე. მასში ფაატიკოსის სიმარტივეც კი არაა. ეს იგავი შეიძლება ასი წლის ფილოსოფოსს ეთქვა უტოპიათა საუკუნის ბოლოს. თვალსაჩინოს მიღმა ხედვის ამ თვისებასავით უცხო არაფერია ეგომანიაკის ტვინისთვის. მე მართლა ვერ ვხედავ, როგორ შეიძლება ამ ორი ხასიათის გაერიანება, გარდა იმ გასაოცარი გზისა, რომლითაც მათ მამსი აერთიანებს, რადგან ვიდრე ფაქტს, რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, ფაქტად არ ვაღიარებთ, მასთან ებისმიერი მიახლოებ პირიქით - უფრო და უფრო დაგვაშორებს. ღვთაებრიობა საკმარისად დიდია, რათა ღვთაებრივი იყოს; ის საკმარისად დიდია, რათა თავის თავს ღვთაებრივი უწოდოს. აი ადამიანური კი, რაც უფრო დიდია, მით უფრო ნაკლებად სავარაუდოა, რომ ასე მოიქცეს. ღმერთი ღმერთია, ამბობენ მუსლიმები; თუმც დიდმა ადამიანმა იცის, რომ ღმერთი არაა, და რაც უფრო დიდია - მით უფრო კარგად. პარადოქსია: ყველაფერი, რაც ამ წერტილს უახლოვდება, უბრალოდ უკან იხევს. სოკრატემ, ბრძენთაბრძენმა, იცის, რომ არაფერი არ იცის. შეშლილმა ეიძლება იფიქროს, რომ ყოვლისმცოდნეა და ბრიყვმა შეიძლება ყოვლისმცოდნესავით ილაპარაკოს. მაგრამ ქრისტე სხვანაირად ყოვლისმცოდნეა, რადგან არა მარტო იცის, არამედ იცის, რომ იცის.
ადამიანური და თანამგრძნობი მხრივაც კი, ახალი აღთქმის იესო ნაზარეველი ზეადამიანურობის მრავალ ნიშანს ატარებს. ეს ადამიანურიცაა და ზეადამიანურიც. თუმცა არის კიდევ ერთი თვისება, რომელიც მთელ მის სწავლებას გასდევს და რომელიც თანამედროვე საუბრებში საეროდ უგულებელყოფილია, როგორც სწავლება. ესაა მუდმივი მტკიცება იმისა, რომ ის სასწავლებლად არ მოსულა. პირადად მე ერთი შემთხვევა ჩანაწერებიდან ყველაზე უფრო დიდებულ ადამიანურ გამოვლინებად მესახება. ესაა ქორწილისთვის ღვინის მიცემა. აქ ისეთი ადამიანურობა ჩანს, რომლის ნატამალი გაბღენძილი ჭკუის კოლოფების მთელ ბრბოსაც კი არ გააჩნია. ეს მაღალს კიდევ უფრო აამაღლებს. ეს ჰერიკივით ჰუმანური და დიკენსივით დემოკრატიულია. თუმცა ამ ამბავსაც კი ახლავ რაღაც ისეთი, რასაც ბოლომდე აუხსნელის ელფერი დაჰკრავს. ვგულისხმობ იმ პირველ მერყეობას, რომელიც სასწაულის ხასიათს კი არა, არამედ მთლიანად სასწაულების მართებულობას უკავშირდება, ყოველ შემთხვევაში იმხანად. არღა მოწევნულ არს ჟამი ჩემი”- რას ნიშნავს ეს? სულ მცირე, გონებაში ზოგადი გეგმის ან მიზნის არსებობას, რომელსაც ზოგი რამ ეთანადება, ზოგი რამ – არა. და თუ ამ განცალკევებულ სტრატეგიულ გეგმა გამოვტოვებთ, არამარო ამბის აზრი – თვით მთელი ამბავიც გვერდზე დაგვრჩება.
იესო ნაზარეველს ხშირად მოიხსენიებენ მოხეტიალე მასწავლებლად და ეს შეხედულება ჭეშმარიტია ფუფუნებასთან და პირობითობებთან მისი დამოკიდებულების თვალსაზრისით, რომელსაც ყველაზე რესპექტაბელური ხალხი ახლაც მაწანწალას დამოკიდებულებად ჩათვლიდა. ეს მისსავე დიდ სიტყვებშია მელათა სოროებისა და ფრინველთა ბუდეების შესახებ და ბევრი მისი დიდი გამონათქვამის მსგავსად, ნაკლები სიმძლავრით აღიქმება, ვიდრე სინამდვილეში აქვს, იმ დიდი პარადოქსის შეუფასებლობის გამო, რომლითაც ის საკუთარ ადამიანურობაზე, როგორც კოლექტიურსა და წარმომადგენლობითზე ლაპარაკობს, როდესაც თავის თავს “ძე კაციცას” უწოდებს. ეს ესადაგება ახალი ადამიანის ანუ მეორე ადამის მიერ იმ უდიდესი ფაქტის გამეორებას, რომლითაც ამბავი დაიწყო - რომ ადამიანი პირუტყვისაგან გამორჩეულია ყველაფრით, თვით ნაკლები შეგუების უნარით, რომ რაღაც თვალსაზრისით ნაკლებად ჩვეულებრივი და ნაკლებად აქაურიც კია – თითქოს უცხო დედამიწისთვის. ხეტიალზე საუბარი მართებულია ამ თვალსაზრისით და კიდევ იმიტომ, რომ ის უსახლკარო და უსასოო ხალხის ცხოვრებას იზიარებდა. კარგი იქნება თუ იმასაც გავიხსენებთ, რომ ჩვენს დროში პოლიცია მას აუცილებლად დააპატიმრებდა არსებობის ცხადი წყაროს უქონლობისთვის. ჩვენი კანონი ხომ ისეთი იუმორით და ფანტაზიით გამოირჩევა, რომელიც არც ნერონს და არც ჰეროდეს თავში აზრადაც კი არ გაუვლიათ: სჯის უსახლკაროს ადამიანს იმისთვის, რომ ღამეს სახლში არ ათევს.
თუმცა სხვა თვალსაზრისით სიტყვა “ხეტიალი” მის ცხოვრებასთან მიმართებით კვალისამრევია. მრავალი წარმართი ბრძენი და არანაკლები წარმართი სოფისტი შეიძლება მოხეტიალე მასწავლებლად ჩაითვალოს. ზოგიერთის ქაოსური მოგზაურობა კარგად ეთანადება გამონათქვამების ქაოსურობას. აპოლონიოს ტიანელს, რომელსაც ზოგიერთ მოდურ კულტში იდეალურ ფილოსოფოსად წარმოადგენენ, განგამდე და ეთიოპიამდე მიუღწევია და როგორც ჩანს, თითქმის შეუსვენებლად ლაპარაკობდა. არსებობდა პერიპათეტიკოსთა ფილოსოფიური სკოლაც და ფილოსოფოსთა, მათ შორის დიდთა, მნიშვნელოვანი ნაწილს სხვა არაფერი უკეთებია, გარდა სიარულისა და ლაპარაკისა. დიდი საუბრები, რომლებშიც სოკრატეს, ბუდას და კონფუცის დიდ გონებათა ანარეკლს ვხედავთ, ხშირად ერთი გაუთავებელი გასეირნების შთაბეჭდილებას ტოვებს და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, თითქოს არც დასაწყისი აქვს და არც ბოლო. სოკრატეს საუბარი სიკვდილით დასჯამ შეაწყვეტინა. სოკრატეს პოზიციის მთელი აზრი და დამსახურება ისაა, რომ სიკვდილი მისთვის მხოლოდ შემთხვევა და შეფერხებაა. დიდი ფილოსოფოსის ჭეშმარიტ ზნეობრივ მნიშვნელობას დავკარგავთ, თუ ეს ვერ გავიგეთ: ის ჯალათს უდანაშაულო გაოცებით და მცირეოდენი გაღიზიანებითაც უცქერს, რადგან აღმოაჩინა უგუნური, რომელიც აწყვეტინებს საუბარს, სადაც ჭეშმარიტება უნდა დადგენილიყო. ის ეძებს ჭეშმარიტებას, მაგრამ არა სიკვდილს. სიკვდილი ქვაა შარაზე, რომელსაც ფეხი შეიძლება წამოსდო. მისი ცხოვრების საქმე შარაზე სიარული და ჭეშმარიტებაზე დაუსრულებელი საუბარია. ბუდა, თავის მხრივ, სხვა ჟესტით იპყრობს ყურადღებას: ესაა უარყოფის ჟესტი. თუმცა ერთი დრამატული უარყოფით ის უარყოფის სამყაროში გადავიდა, რომელიც სრულიად არაა დრამატული; ამას პირველი თავად დაგიდასტურებდათ. აქაც დიდი მისტიკოსის განსაკუთრებული ზნეობრივი მნიშვნელობა გამოგვეპარება, თუ ვერ დავინახავთ განსხვავებას: ის, რაც მან დრამატულად მოიმოქმედა, შედგება სურვილისა და ბრძოლისგან და ზოგადად დამარცხებისა და გულგატეხილობისგან. ის ინაცვლებს სიმშვიდეში და ცხოვრობს, რათა სხვებსაც ასწავლოს ეს გადანაცვლება. აქედან მოყოლებული მისი ცხოვრება იდეალური ფილოსოფოსის ცხოვრებაა, ჭეშმარიტად იდეალურის აპოლონიოს ტიანელტან შედარებით, მაგრამ მაინც ფილოსოფოსის იმ თვალსაზრისით, რომ მისი საქმე რამის კეთება კი არა, ყველაფრის ახსნაა - ყველაფრის რბილი და ფაქიზი შესწავლა. გზავნილები ძირეულად განსხვავებულია. ქრისტემ თქვა: “ ეძებეთ სასუფეველი და ყოველივე ეს მოგეცემათ თქვენ.” ბუდამ კი თქვა: “ეძებეთ სასუფეველი და ყოველივე ეს აღარ დაგჭირდებათ თქვენ.”
მ მოგზაურებთან შედარებით ქრისტეს ცხოვრება ელვისებურია ; ის პირველ ყოვლისა დრამატულია; ის პირველ ყოვლისა იმის კეთებაა, რაც გასაკეთებელია. ეს ვერავითარ შემთხვევაში ვერ გაკეთდებოდა, იესოს რომ მთელი ცხოვრება ევლო და ჭეშმარიტება ექადაგა. მისი გარეგნული მხარეც კი არა იმდენად ხეტიალი, არამედ მოგზაურობაა. ეს მითის აღსრულება უფროა, ვიდრე ფილოსოფიის. ესაა მოგზაურობა მიზნით და დანიშნულებით, მსგავსი იასონის მიერ ოქროს საწმისისა თუ ჰერაკლეს მიერ ჰესპერიდების ოქროს ვაშლთა ძიებისა. ოქრო, რომელსაც ის ეძებდა, სიკვდილი იყო. ის სხვა, ასეთივე განსაზღვრულისა და ობიექტურის შესრულებასაც აპირებდა, რასაც გარეგანი და მატერიალური შეიძლება ეწოდოს, მაგრამ თავიდან ბოლომდე უპირველესი, ასაც ის აპირებდა, სიკვდილი. ძნელია ორი ესოდენ განსხვავებული რამ წარმოიდგინო, როგორიც სოკრატეს და ქრისტეს სიკვდილი. ვგრძნობთ, რომ სოკრატეს სიკვდილი, ყოველ შემთხვევაში, მისი მეგობრების აზრით, მართლმაჯულების შეცდომაა, რომელიც ჰუმანური და ნათელი ფილოსოფიის დინებაში ერევა. ქრისტესთვის კი სიკვდილი სარძლოა, ისევე, როგორც წმინდა ფრანცისკისთვის – სიღარიბე. ვგრძნობთ, რომ მისი სიცოცხლე სიკვდილთან გამიჯნურებაა, უმაღლესი მსხვერპლშეწირვის ძიების რომანი. დაბადების აღმნიშვნელი შუშხუნასავით ავარდნილი ვარსკვლავით დაწყებული, სამგლოვიარო მაშხალასავით ჩამქრალ მზემდე მოყოლებული, მთელი ამბავი ფრთაშესხმული დრამატულობით მოძრაობს ენით აღუწერელი დასკვნითი აქტისკენ.
ქრისტეს ამბავი სამხედრო ლაშქრობის მსგავსია, გმირის ძიების მსგავსი, მიზნისკენ თუ დაღუპვისკენ რომ მიიწევს, ამბავი, რომელიც გალილეის სამოთხეში იწყება, პასტორალურსა და მშვიდში, ედემის მინიშნებებს რომ შეიცავს და შემდეგ თანდათან ზევით, საავდრო ღრუბლებისა და ვარსკვლავებისკენ, თითქოს განსაწმენდელის მთისკენ მიიწევს. მას შეიძლება შეხვდე უცნაურ ადგილებში, თითქოს გზაააბნეულს, ან გზად განსჯისა თუ კამათისთვის შეყოვნებულს, თუმცა მისი სახე ყოველთვის მთაზე მდებარე ქალაქისკენაა მიმართული. ესაა იმ დიდი კულმინაციის აზრი, როდესაც ქედზე ააღწია, მოსახვევში შეჩერდა და უეცრად იერუსალიმი ხმამაღალი მოთქმით გამოიგლოვა. ამ გლოვის მსუბუქი გამოძახილი ყველა პატრიოტულ ლექსშია, და თუ არაა, ასეთ პატრიოტიზმს ვულგარულობის სუნი ასდის. ამაშია ტაძრის კარიბჭის ამაღელვებელი და გამაოგნებელი შემთხვევის აზრი, კიბის საფეხურებზე მიმოფანტული ტაბლებით და გამოყრილი ვაჭრებით, შემთხვევისა, რომელიც პაციფისტებისთვის იმდენსავე გამოცანას შეიცავს, როგორც წინააღუდგომლობის პარადოქსები – მილიტარისტებისტვის. მე ეს ძიება იასონის მოგზაურობას შევადარე, თუმცა უფრო ღრმა თვალსაზრისით იქნებ ულისესთან შედარება სჯობდეს. აქ არამარტო მოგზაურობის, არამედ დაბრუნების რომანტიკაცაა; და უზურპაციის დასრულებისაც. ნებისმიერი ჯანსაღი ბიჭუნა იტაკელი პრეტედენტების დამარცხების ამბავს ბედნიერ დასასრულად აღიქვამს. თუმცა ბევრია ისეთი, ვინც ებრაელი ვაჭრებისა და მეკერმეების გარეკვას დახვეწილი ზიზღით უცქერს, რომელსაც მათში ძალადობა ყოველთვის აღძრავს - განსაკუთრებით მდიდრებისაკენ მიმართული. ყველა ეს შემთხვევა მზარდი კრიზისის ნიშნების მატარებელია. სხვანაირად რომ ვთქვათ, ეს შემთხვევევბი სულაც არაა შემთხვევითი. აპოლონიუს - იდეალური ფილოსოფოსის დომიციანეს სასამართლოს წინაშე წარდგომა და მაგიური გაუჩინარება შემთხვევითი სასწაულია. ის შეიძლებოდა ტიანელის მოხეტიალე ცხოვრების ნებისმიერ დროს მომხდარიყო. ჩემთვის ამ სასწაულის თარიღიც საეჭვოა და არსიც. იდეალური ფილოსოფოსი უბრალოდ გაქრა და იდეალური არსებობა სადღაც სხვაგან, განუსაზღვრელი დროით გააგრძელა. კონტრასტის დამახასიათებელია, რომ აპოლონიუსმა, სავარაუდოდ, სასწაულებრივად ხანგრძლივი ცხოვრება იცხოვრა. იესო ნაზარეველის სასწაულები ბევრად უფრო მოკრძალებული იყო. პონტოელი პილატეს სამსჯავროდან ის არ გაუჩინარებულა. ეს კრიზისი მიზანია. ეს უკუნეთის მეფობის საათია. ის არ გაუჩინარებულა, და ეს მისი სასწაულებრივი ცხოვრების ყველაზე უფრო ზებუნებრივი ქმედებაა.
ამ ამბის გაძლიერების ყველა მცდელობა მისი დაკნინებით დამთავრდა; არადა ბევრმა სცადა, მჭევრმეტყველი გენიოსებიდან ვულგარულ სენტიმენტალისტებამდე. ამბავი ხელახლა მოუყოლიათ ელეგანტურ სკეპტიკოსებს - მფარველური სიბრალულით, მკვეხარა ბესტსელერების ავტორებს – მკვირცხლი აღმაფრენით. აქ ამას არ გავაკეთებთ. სახარების უბრალო სიტყვები წისქწვილის დოლაბების დამფქველი ძალისაა. ვისაც მათი უბრალოდ წაკითხვა ძალუძს, საკუთარ თავზე იგრძნობს, როგორ გადაუარა კლდის ნამსხვრევებმა. კრიტიკა სიტყვებზე ნათქვამი სიტყვაა. ასეთ სიტყვებზე სიტყვამ რაღა უნდა თქვას? როგორ უნდა დახატოს სიტყვამ ბნელი ბაღი, უეცრად ჩირაღდნებითა და მრისხანე სახეებით ავსებული? “ვითარცა ავაზაკსა ზედა გამოხუედით მახჳლითა და წათებითა შეპყრობად ჩემდა. დღითი-დღე თქუენ თანა ტაძარსა მას შინა ვჯედ და გასწავებდ, და არა შემიპყართ მე.” რა შეიძლება დაემატოს ამ დამცინავი სიტყვის მასიურ და კონცენტრირებულ შემაკავებელ მოქმედებას? თითქოს უზარმაზარი ტალღა ცას ასწვდა და დაცემას აღარ აპირებს. “ასულნო იერუსალჱმისანო, ნუ სტირთ ჩემ ზედა, არამედ თავთა თქუენთა სტიროდეთ და შვილთა თქუენთა.” მღვდელმთავარისა არ იყოს, რომ იკითხა, რაღად გვინდა მოწმენიო, ჩვენც ვიკითხოთ: რაღად გვინდა სიტყვები? პეტრემ შიშით უარყო “და მოიქცა უფალი და მიხედა პეტრეს. და მოეჴსენა პეტრეს სიტყუაჲ იგი უფლისაჲ, რომელ ჰრქუა მას, ვითარმედ: ვიდრე ქათმისა ჴმობადმდე სამ-გზის უვარ-მყო მე.და განვიდა გარე და ტიროდა მწარედ.” ვინ რა უნდა დაამატოს? სიკვდილის წინ ადამიანთა მთელი კაცისმკვლელი მოდგმისთვის ილოცა: მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან.” რა დავუმატოთ გარდა იმისა, რომ ჩვენც რომ არა ვიცით, რას ვამბობთ? არის კი საჭირო ვია დოლოროსას გზის ტრაგედიის მოყოლო, ან იმისა, როგორ ნაჩქარევად, რიგითი წესით, ორ ავაზაკთან ერთად მოხდა მისი სიკვდილით დასჯა; ამ საშინელ და მძვინვარე უდაბნოში როგორ გაისმა თაყვანისცემით აღსავსე ერთადერთი ხმა ყველაზე მოულოდნელი ადგილიდან – სახრჩობელიდან; და მან უთხრა უსახელო ავაზაკს: “დღეს ჩემ თანა იყო სამოთხესა.” კიდევ რა სჭირდება ამას, გარდა წერტილის დასმისა? ან იქნებ ვინმე მზადაა ახსნას ყოველგვალ ხორციელთან დამვიდობების ეს ჟესტი, რომლითაც მისმა დედამ ახალი შვილი შეიძინა?
ჩემს შესაძლებლობებსა და უშუალო მიზნებთან უფრო ახლოს იმის შემჩნევაა, რომ ამ სცენაში სიმბოლურად თავი მოიყარა ყველა იმ ძალამ, რომელიც ბუნდოვნად გამოვსახე ამ ამბის თხრობისას. მეფეები, ფილოსოფოსები და ხალხური ელემენტი, რომლებიც სიმბოლურად ესწრებოდნენ მის დაბადებას, უფრო პრაქტიკულ მონაწილეობას იღებდნენ მის სიკვდილში. ამას კი არსებითი მნიშვნელობის ფაქტთან მივყავართ. ყველა დიდი ჯგუფი, რომელიც წარმოდგენილია ჯვარცმასთან ამა თუ იმ სახით იმ დროის დიდი ისტორიული სიმართლის ილუსტრაციაა: სამყარო თავს თვითონ ვერ გადაირჩენდა. ადამიანს აღარაფერი შეეძლო. რომი, იერუსალიმი, ათენი და ყველაფერი სხვა დანარჩენიც გადაგვარება მოიცვა, ზღვა თითქოს ღელედ იქცა. გარეგნულად ანტიკური სამყარო ისევ ყვაოდა - სწორედ აქედან იღებს ხოლმე სათავეს შინაგანი, სიღრმისეული სისუსტე. თუმცა მის ამოსაცნობად კვლავ უნდა გავიმეოროთ უკვე არაერთგზის თქმული: ეს არ იყო თანდაყოლილი სისუსტე: ეს ხაზგასმული ძლიერებაა, რომელიც სისუსტედ იქცა; ეს სამყაროსეული სიბრძნეა, რომელიც სისულელე დაისადგურა.
წითელი პარასკევის ამბავი სამყაროში საუკთესოსაც კი – მაგალითად, ჭეშმარიტი მონოთეიზმის მღვდელმსახურებს თუ საერთაშორისო ცივილიზაციიის ჯარისკაცებს - უმდარესი სახით წარმოგვიდგენს. ესაა სამყაროს მძიმე მდგომარეობის უპირველესი მაჩვენებელი. რომი – ლეგენდა, დაცემულ ტროაზე დაფუძნებული და კართაგენის მძლეველი – გმირობს განსახიერებდა, წარმართულისგან რაინდობასთან ყველაზე უფრო მიახლოებულს. რომმა კერის ღმერთები დ ადამიანური ღირსება აფრიკული კაციჭამიობისგან და საბერძნეთის გერმაფროდიტულ საშინელებათაგან დაიცვა. თუმცა ამ გაელვებაში ვხედავთ, როგორ ეშვება დიდი რომის იმპერიული რესპუბლიკა ლუკრეციუსის მიერ აღწერილი საშინელი დასასრულისკენ. სკეპტიციზმა გამოხრა მსოფლიოს დამპყრობელთა თავდაჯერებული საღი აზროვნება. ის, ვინც სიმართლის სათქმელად აღსაყდრებულა, მხოლოს კითხვას სვამს: "რა არის ჭეშმარიტება?" ამ დრამაში, ანტიკური სამყაროს ბედი რომ გადაწყვიტა, ერთერთ მთავარ მოქმედ პირს საკუთარი ჭეშმარიტი ადგილის ნაცვლად თითქოს საპირისირო დაუკავებია. რომმა, ლამის პასუხისმგებლობის სინონიმი რომ იყო, აქ უპასუხისმგებლობის მერყევი ძეგლის საუკუნო როლი იკისრა. ადამიანს აღარაფერი შეეძლო. პრატიკულიც კი განუხორციელებელი გახდა. კოლონებს შორის მოქცეულ მოსამართლის ადგილზე მყოფმა რომაელმა ხელებიდან მსოფლიო ჩამოიბანა.
იმ წმინდა და პირველყოფილი ჭეშმარიტების მსახურნიც აქ არიან, რომელიც მითოლოგიების უკან ისე მოჩანს, როგორც ცა ღრუბლებს მიღმა. ეს სამყაროს ყველაზე მნიშვნელოვანი ჭეშმარიტებაა, მაგრამ სამყარო ვერც მან გადაარჩინა. როგორც ჩანს, წმინდად პიროვნულ თეიზმში არის რაღაც დამთრგუნველი – თითქოს მზე, მთვარე და ზეცა ერთ, ბრწყინვალე სახედ გაერიანებულა. როგორ ჩანს, ჭეშმარიტება უზარმაზარია აღსაქმელად, თუ საშუალედო ღვთაებრივით და ადამიანურით დანაწევრებული არაა. ალბათ ის ძლიერ წმინდა და დაშორებულია. ასეა თუ ისე, მას არ შეეძლო სამყაროს გადარჩენა; მას სამყაროს დაპყრობაც კი არ შეეძლო. იყვნენ ფილოსოფოსებიც, რომლებიც მას უმაღლესი და უკეთილშობილესი ფორმით ფლობდნენ, მაგრამ მათ არათუ ვერ მოაქციეს სამყარო, არამედ არც კი უცდიათ ამის გაკეთება. კერძო შეხედულებით ხალხური მითების ჯუნგლთან ბრძოლაზე იოლი ჯაყვა დანით ტყის გაჩეხვაა. ებრაელი მღვდელმსახურები მას გააფთრებულნი იცავდნენ, კარგი და ცუდი გაგებით. იცავდნენ, როგორც უზარმაზარ საიდუმლოს. როგორც ველური გმირი იცავს მზეს სკივრში, ისე იცავდნენ მარადიულს კიდობანში. ამაყობდნენ, რომ მხოლოდ მათ შეუძლიათ ერთი ღვთაების დამაბრმავებელი მზის შეხედვა და ვერ შეამჩნიეს, როგორ დაბრმავდნენ. იმ დღიდან მათი წარმომადგენლები მზის სინათლეზე გამოსულ უსინათლოებს დაემსგავსნენ, კვერთხის ქნევით აქეთ-იქით რომ აწყდებიან და სიბნელეს რომ წყევლიან. თუმცა მათი მონუმენტალური მონოთეიზმი უკანასკნელ მონუმენტად მაინც დარჩა, უძრავი მოუსვენარ სამყაროში, რომელსაც ის ვეღარ დააკმაყოფილებდა. იმ დღიდან მოყოლებული აღარაა საკმარისი იმის თქმა, რომ ღმერთი თავისთან, ზეცაშია და სამყარო წესრიგშია, რადგან ხმა გავარდა, რომ ღმერთმა ზეცა მიატოვა, რათა სამყარო მოეწესრიგებინა.
და იმ კეთილ, ან ერთ დროს კეთილ ძალთა მსგავსად, ალბათ საუკეთესო ელემენტსაც, რომელსაც თვით ქრისტე თვლიდა ასეთად, იგივე დაემართა. უპოვართა, რომელთაც უქადაქა, ჩვეულებრივმა ადამიანებმა, რომლებიც სიხარულით უსმენდნენ, მოსახლეობამ, რომელმაც ამდენი სახალხო გმირი და ნახევრად ღმერთი შექმნა ძველ, წარმართულ სამყაროში, იგივე სისუსტე გამოავლინეს, რაც თავად სამყაროს შეეყარა. მათ მიერ გამოვლენილი ბოროტება ქალაქის, მეტადრე დედაქალაქის ბრბოსთვისაა დამახასიათებელი, განსაკურებით საზოგადოებრივი დაცემის ეპოქაში. იქ, სადაც სოფლის მოსახლეობა ტრადიციას მისდევს, ქალაქის ჭორით არსებობს. ისევე,როგორც მისი მითებია საუკეთესო შემთხვევაში ირაციონალური, მისი სიმპატია და ანტიპატია ადვილად იცვლება უსაფუძვლო განცხადებებით, რომლებიც უპასუხისმგებლო და განუკითხავია. ვიღაც ავაზაკი კლორიტულ და პოპულარულ ფიგურად ხელოვნურად აქციეს და ქრისტეს დაუპირისპირეს. ველაფერ ამაში ქალაქის ჩვენთვის ნაცნობი მოსახლეობა გამოსჭვივის, საგაზეთო შიშებითა და სენსაციებით. თუმცა იმ ანტიკურ მოსახლეობას თავისებური, დამახასიათებელი ბოროტებაც ახლავს, რომელიც უკვე ავღნიშნეთ: პიროვნების საერთო უგულებელყოფა, მსჯავრდამდები პიროვნებისა და კიდევ უფრო მეტად – მსჯავრდებულის პიროვნების. ეს სკის სული – წარმართული რამ. ამ სულისკვეთებამ ამოიძახა: “უმჯობეს არს ჩუენდა, რაჲთა ერთი კაცი მოკუდეს ერისათჳს.” მართლაც, ქალაქისა და სახელმწიფოს ერგულების ეს სულისკვეთება თავისთავად და თავის დროს კეთილშობილი სულისკვეთებაა. მას საკუთარი პოეტებიც ჰყავდა და მოწამენიც – სამუდამოდ დაფასებული ადამიანები. მაგრამ ეს სულისკვეთებაც წახდა, რადგან ვეღარ ამჩნევდა მთელი მისტიციზმის ტაძარს - ცალკეული ადამიანის სულს; წახდა ყველაფერ დანარჩენთან ერთად. ბრბო სადუკეველებს და ფარისევლებს – ფილოსოფოსებსა და მორალისტებს გაჰყვა. ის გაჰყვა იმპერიის სასამარლოებს და წმინდა მღვდელმთავრებს, მწიგნობრებსა და ჯარისკაცებს, რათა საყოველთაო ადამიანური სულისთვის საყოველთაო მსჯავრი დაედო, რათა ერთიან, ღრმა, ჰარმონიულ გუნდს კვერი დაეკრა კაცთა მიერ კაცის უაროფისათვი.
რსებობს მარტოობა, რომლის მიღმა ვერავინ შეაღწევს. ამ დრამის უხილავი სიღრმის საიდუმლოება აღმნიშვნელი სიმბოლოები უცნობია მეტყველებისთვის. არც ისაა ადვილი, ამ შიშველი თხრობის სიტყვებზე ნაკლებად უბრალო და ხისტი სიტყვებით იმ შემაძრწუნებელი ეგზალტაციის აღწერა, რომელმაც ბორცვზე აინაცვლა. ინტერპრეტაციის გაუთავებელი მცდელობები ბოლოს ვერ წვდება, არსებითად კი ვერც დასაწყისს. და რომ არსებობდეს ბგერა, რომელიც დუმილს წარმოქმნის, ჩვენც დავდუმდებოდით დასასრულსა და უკიდურესობაზე; როდესაც უკუნეთიდან ხმა გაისმა, შემზარავად მკვეთრი და გაუგებარი სიტყვებით, ვერასდროს რომ ვერ ჩაწვდებით იმ უსასრულობაშიც კი, რომელიც ამ სიტყვებმა შეგვძინა; როდესაც მყისიერად გაიხსნა ფიქრმიუწვდომელი უფსკრული თვით აბსოლუტურის ერთიანობაში და ღმერთი ღმერთმა მიატოვა.
ხეული ჯვრიდან ჩამოხსნეს და პირველ ქრისტიანთა შორის იშვიათმა ერთმა მდიდარმა ადამიანმა მისი დაკრძალვის ნებართვა მიიღო საკუთარ ბაღში, კლდეში ნაკვეთ სამარხში. რომაელებმა გუშაგები დააყენეს, რათა არეულობა არ მომხდარიყო და სხეულის გატაცებაც აეცილებინათ. აქ კიდევ ერთი ბუნებრივი სიმბოლიზმი იჩენს თავს: კარგია, რომ სამარხი მთელი აღმოსავლური იდუმელებით დაიბეჭდა და მას კეისართა ავტორიტეტი სდარაჯობდა, რადგან მეორე გამოქვაბულთან ის დიდი კაცობრიობა, რომელსაც ანტიკურს ვუწოდებთ, ერთიანად შეიკრიბა და იქვე დაიმარხა კიდეც. ეს უზარმაზარი რამის დასასრულია, რასაც კაცობრიობის ისტორია ჰქვია. ისტორიისა, რომელიც უბრალოდ ადამიანურია. აქ დაიმარხა მითები, ფილოსოფიები, ღვთაებანი, გმირები და ბრძენნი. დიდ რომაული გამოთქმის მიხედვით, მათ იცხოვრეს. მაგრამ რადგან მხოლოდ ცხოვრება შეეძლოთ, დაიხოცნენ კიდეც.
მესამე დღეს, გარიჟრაჟზე მოსულმა ქრისტეს ახლობლებმა ქვა გადაგორებული იპოვეს, სამარხი კი ცარიელი. ახალი სასწაული სხვადასხვანაირად გაიგეს; თუმცა ისინიც კი ვერ მიხვდნენ, რომ იმ ღამით სამყარო მოკვდა და ის, რასაც ახლა უყურებდნენ, ახალი ქმნილების პირველი დღე იყო, ახალი დედამიწითა და ახალი ზეცით; ღმერთი კი მებაღესავით კვლავ ბაღში სეირნობდა; დილის, და არა საღამოს სიგრილეში.

No comments:

Post a Comment